Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირა წინასაარჩევნო პოლიტიკური რეიტინგების ჭრილში


გამოკვლევის პრეზენტაცია
გამოკვლევის პრეზენტაცია

გასულ კვირას საქართველოში გამოქვეყნდა საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს ხალხის განწყობას ქვეყნის განვითარების, ეკონომიკის, საგარეო კურსისა თუ პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით. გამოკვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მიანიჭებს უპირატესობას ოქტომბრის არჩევნებში. გასულ კვირას გამოქვეყნდა „ფრიდომ ჰაუსისა“ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები, რომლებშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული განვითარების მაჩვენებლებზეა საუბარი.

13 აპრილს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი გამოკვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც გამოკვლევიდან ირკვევა, მოსახლეობის უმრავლესობას, 61 %-ს, ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. ვერ გამოიკვეთა ვერც ის პოლიტიკური ლიდერი, ვის საქმიანობასაც უმრავლესობა დადებითად შეაფასებდა. და მაინც, მათ შორის უკეთესი მაჩვენებლები აქვთ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს - 27 %, და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს, - 34 %.

რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? „ქართულ ოცნებას“ აქვს 16 %, „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ - 15%, „თავისუფალ დემოკრატებს“ - 9 %, ხოლო „ლეიბორისტულ პარტიასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ აქვთ 5-5 % მხარდაჭერა“.

ხელისუფლების არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არ მიუღია დადებითი შეფასება უმრავლესობისგან - ასეთია NDI-ის პოლიტიკური რეიტინგის შედეგი. როგორც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს დირექტორი ლორა თორნტონიც შენიშნავს, დასახელებული პოლიტიკური ლიდერებიდან ყველაზე დადებითად ხალხი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას აფასებს. ჯამში, ასეთი გამოკითხულთა 27 %-ია. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას კარგად აფასებს, ჯამში, 34 %. მას მოჰყვება პრეზიდენტი მარგველაშვილი - 27 %, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი - 21 %. უმრავლესობის დადებითი ხმა არც რომელიმე სამინისტროს მიუღია:

„ვერ დავასახელებთ გამორჩეულად რომელიმე სამინისტროს, რომლის საქმიანობაც უმრავლესობამ დადებითად შეაფასა, თუმცა სხვა სამინისტროების ფონზე უკეთესი შეფასება აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩვენი კვლევებითაც ჩანს, რომ მოსახლეობა ყველაზე დადებითად სწორედ ჯანდაცვის რეფორმას აფასებს“.

მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგები, რადგან, მაგალითად, 2012 წელს ჩვენ, მათი კვლევის თანახმად, 12 % გვქონდა მაჩვენებელი. ამ მონაცემის გათვალისწინებით, მას შემდეგ არც ერთი კვლევა არ შეიძლება ჩაითვალოს რეალურად და ამ ორგანიზაციას უკვე მიადგა სერიოზული ჩრდილი...
გიორგი ვოლსკი

როგორ აფასებენ გამოკვლევის შედეგებს პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ექსპერტები, რამდენად მოსალოდნელი იყო მათთვის ასეთი რეიტინგები? „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი, მედიასთან საუბრისას შენიშნავს, რომ NDI-ის კვლევებს არ ენდობა:

„მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგები, რადგან, მაგალითად, 2012 წელს ჩვენ, მათი კვლევის თანახმად, 12 % გვქონდა მაჩვენებელი. ამ მონაცემის გათვალისწინებით, მას შემდეგ არც ერთი კვლევა არ შეიძლება ჩაითვალოს რეალურად და ამ ორგანიზაციას უკვე მიადგა სერიოზული ჩრდილი. არავისთვის დამალული არ არის, რომ ეს ორგანიზაცია უკვე ათეული წელია „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ დაკავშირებული".

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი იმედი აქვთ, რომ ოქტომბერში საქართველოში პოლიტიკური რეალობა შეიცვლება. ასე ფიქრობს პარტიის ერთ-ერთი წევრი, სერგო რატიანი:

„15 %-მაჩვენებლიანი სამთავრობო პარტია ნიშნავს იმას, რომ მათ მხარდამჭერი და ამომრჩეველი, ფაქტობრივად, აღარ ჰყავთ. 15 % რეიტინგში ეს არის მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ ამ მთავრობას ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას და გავაგრძელებთ განვითარებას“.

გასულ კვირაში ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ასევე გამოკითხვის მეორე ნაწილი, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქვეყნის მიმართულება და ეროვნული საკითხები, ეკონომიკური მდგომარეობა და საგარეო პოლიტიკა. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა (42 %) ან საერთოდ არ შეცვლილა (47 %). მოქალაქეების 52 % მიიჩნევს, რომ ქვეყანას პროდასავლური კურსი უნდა ეჭიროს, თუმცა რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მომხრეა გამოკითხულთა 68 %.

ლარის ინფლაციის ფონზე, გამოკითხულთა 56 % ამბობს, რომ უფრო მეტს ხარჯავს საჭირო საგნებზე, 40 % უფრო ნაკლებად ყიდულობს ამ საგნებს, 4 % კი ამბობს, რომ მასზე ინფლაციას გავლენა არ მოუხდენია.

უმუშევრობა არის უცვლელი პრობლემა. 43 % ამბობს, რომ ეძებს სამსახურს, 23 % პენსიონერია და არ არის დაინტერესებული სამსახურის შოვნით. 10 % უმუშევარია და არც ეძებს სამსახურს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ამსახველი ყოველწლიური, რიგით მეორმოცე, ანგარიში გამოაქვეყნა. 13 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარება 199 ქვეყნისა და ტერიტორიის მიხედვითაა მიმოხილული. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც, რომელსაც ანგარიშში 53 გვერდი ეთმობა.

როგორც ანგარიშის წარდგენისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიში ეჭვგარეშე დეპარტამენტის ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგად წასაკითხი პუბლიკაციაა. მისი განმარტებით, ნორმები და სტანდარტები, რომლებსაც ანგარიში მოიცავს, უნივერსალურია და შეთანხმებულია მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანას შორის, მათ შორისაც კი, რომლებიც ამ სტანდარტებს არღვევენ:

ჯონ კერი
ჯონ კერი

“ადამიანის უფლებათა სფეროში ყველა სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა მდგომარეობა გააუმჯობესოს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს. რასაც ჩვენ მუდმივად ვუსვამთ ხაზს, არის ის, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემა მხოლოდ მორალური ვალდებულება არ არის. ეს არის შესაძლებლობა, გამოავლინო ქვეყნის მოსახლეობის სრული ენერგია ერთიანი და დალხენილი საზოგადოების მშენებლობაში და ეს საფრთხეს კი არ უქმნის, აძლიერებს სტაბილურობას“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2015 წელს, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ხარვეზები მართლმსაჯულების ადმინისტრირებაში, მათ შორის, შერჩეულ საქმეებთან დაკავშირებით ზეწოლა სასამართლო სისტემაზე. პირველი რიგის პრობლემათა რიგში დასახელდა ასევე „საეჭვო“ დანიშვნები სასამართლოში და ხელისუფლების „არათანმიმდევრული“ რეაგირება ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაზე. განსაკუთრებით პრობლემურ საკითხებს შორისაა ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთის ან დე ფაქტო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებები.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი გვეუბნება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საკმაოდ მწვავე და კრიტიკულია:

“ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა, კეთდება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოძიების არაეფექტურობაზე, რაც შეეხება პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებს; ასევე საჭიროებაზე, შეიქმნას ეფექტური მექანიზმი, რომელიც მიუკერძოებლად გამოიძიებს პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ ან პენიტენციური აცილების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ასევე ადგილი ეთმობა პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმებს“.

საქართველო 0,03 ქულით დაწინაურდა „ფრიდომ ჰაუსის“ მორიგ ყოველწლიურ ანგარიშში, სახელწოდებით „ქვეყნები გარდამავალ ეპოქაში – 2016“, რომელიც ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ სამშაბათს, 12 აპრილს, გამოაქვეყნა. დემოკრატიული განვითარების მაჩვენებლით საქართველო იკავებს მე-17 ადგილს ყოფილი საბჭოთა კავშირის, ბალკანეთისა და ცენტრალური ევროპის 29 ქვეყანას შორის.

4.61 ქულა – ასეთია საქართველოს მაჩვენებელი „ფრიდომ ჰაუსის“ 2016 წლის ანგარიშში, რომელიც 2015 წლის მდგომარეობას ასახავს (შარშანდელ ანგარიშში ეს მაჩვენებელი 4.64 ქულას შეადგენდა) და ამ რეიტინგში ქვეყნები ფასდებიან 7 კრიტერიუმის მიხედვით, 1-დან 7 ქულამდე საზომით, და რაც უფრო ნაკლებია ქულა, მით უფრო მაღალია შეფასება. კრიტერიუმებს შორის კი არის: ეროვნული დემოკრატიული მმართველობა, საარჩევნო პროცესი, სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა, მედიის დამოუკიდებლობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კორუფცია.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში ამბობს, რომ საქართველოს წინსვლა სასამართლო სისტემის რეფორმირების წარმატებებმა განაპირობა, თუმცა სასამართლო სისტემის მისამართით ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს არასამთავრობო სექტორს. სწორედ 12 აპრილს დაიწყო ახალი კამპანია, სახელწოდებით "სამართალი ითხოვს!", კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის".

მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა გაჩერდეს და იქამდე, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ახალ კანონმდებლობას, ახალი მოსამართლეები არ უნდა დაინიშნონ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ შეიძლება მოვხვდეთ იმ მოცემულობაში, რომ კონკრეტული მოსამართლეები დაინიშნებიან კლანური შეთანხმებების საფუძველზე...
ეკა გიგაური

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია კვლავაც მოსამართლეთა დანიშვნის წესის მანკიერებებს უკავშირდება. კამპანია „სამართალი ითხოვს!“ მანკიერი პროცესის შეჩერების მოთხოვნით გამოდის და სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური:

„მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა გაჩერდეს და იქამდე, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ახალ კანონმდებლობას, ახალი მოსამართლეები არ უნდა დაინიშნონ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ შეიძლება მოვხვდეთ იმ მოცემულობაში, რომ კონკრეტული მოსამართლეები დაინიშნებიან კლანური შეთანხმებების საფუძველზე და არა მათი გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ელექტრონული განაწილების წესის შემოღება რაც შეიძლება სწრაფად“.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის ბოლომდე საქართველოში დაიწყება პირველი გაზსაცავის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება 210-280 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შენახვა. როგორც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ აცხადებენ, უკვე დასრულდა მუშაობა გაზსადენის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტზე. რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაზსაცავი არა აქვს, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის როგორც გაზის მიწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის, ასევე მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის გამო.

საქართველოში პირველი გაზსაცავი თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ საბადოზე, აშენდება. მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საბოლოო ანგარიში მოამზადა საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ფრანგულმა კომპანია „ჯეოსტოკმა“, რომელთანაც ხელშეკრულება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ 2015 წლის ივნისში გააფორმა. კორპორაციის გენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის თქმით, გაზსაცავის პროექტი ორ ფაზად განხორციელდება:

„პირველი ფაზა დაიწყება წელს ზაფხულშივე და გულისხმობს დამატებითი გეოლოგიური ინფორმაციის მოპოვებას, რომელიც საჭირო იქნება საბოლოოდ საინჟინრო პროექტის შესამუშავებლად, რომლის საფუძველზეც უნდა აშენდეს საცავი. მეორე ეტაპი გულისხმობს ჭაბურღილების გაბურღვას საბადოზე და ეს ფაზა, დაახლოებით, 12-15 თვეში დასრულდება. ამის შემდეგ მშენებელი კომპანია ორ-ნახევარი წლის განმავლობაში ააშენებს გაზსაცავს“.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ინფორმაციით, გაზსაცავის მშენებლობა, რომელიც 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს, დაახლოებით, 250 მილიონი დოლარი დაჯდება.

რა თქმა უნდა, მქონდა ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ. ვიცოდი, რომ ის ხშირად დადიოდა სირიაში, იღებდა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში. თან ამბობენ, რომ მანქანით მოძრაობდა ერთი ჯგუფი და პირდაპირ ამ მანქანას მოხვდა რაკეტა...
ხასო ხანგოშვილი

10 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ეთნიკურად ჩეჩენი ვახა ბუგიევის დაღუპვის შესახებ. პანკისის ხეობის მკვიდრთა თქმით, ის, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, ვახა ბუგიევი ექსტრემისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა და სირიაში 2015 წელს წავიდა. როგორც პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მას მხოლოდ გაგონილი ჰქონდა, რომ ეთნიკურად ჩეჩენი ვახა ბუგიევი პერიოდულად სირიაში დადიოდა. პირადად მას არ იცნობდა და ამიტომ დაზუსტებულ ინფორმაციას მისი საქმიანობისა და დაღუპვის მიზეზების შესახებ არ ფლობს:

„რა თქმა უნდა, მქონდა ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ. ვიცოდი, რომ ის ხშირად დადიოდა სირიაში, იღებდა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში. თან ამბობენ, რომ მანქანით მოძრაობდა ერთი ჯგუფი და პირდაპირ ამ მანქანას მოხვდა რაკეტა“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სირიის საბრძოლო მოქმედებებში პანკისის ხეობის 15 მკვიდრი დაიღუპა. ვახა ბუგიევის სიკვდილამდე ბოლო ორი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის იანვარში გავრცელდა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა 2015 წლის გამოკვლევის შედეგები, რამაც ნათელი გახადა თბილისსა და საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხი.

ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველის გამზირი, კონკრეტულად, პირველი საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, პარლამენტის შენობა, ასევე მელიქიშვილის გამზირი, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი - ეს ის ადგილებია, სადაც, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი დაბინძურების ხარისხი გამოვლინდა. სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ ბაგრატიას თქმით, ამ ტერიტორიებზე აღინიშნება ჰაერში აზოტის ორჟანგის მაღალი მაჩვენებელი, უფრო ზუსტად კი, საშუალოს მაღალი მაჩვენებელი.

მიუხედავად ჰაერში აღმოჩენილი აზოტის ორჟანგის მაღალი შემცველობისა, თამარ ბაგრატიას თქმით, ეს მონაცემები საგანგაშო ნიშნულებს ჯერ არ უახლოვდება. რაც შეეხება ქალაქში ყველაზე ნაკლებდაბინძურებულ ტერიტორიებს, თამარ ბაგრატიას თქმით, ესენია ვაჟა-ფშაველას გამზირი, ღრმაღელე, ბერძენის ქუჩა და აღმაშენებლის გამზირის ერთი მონაკვეთი.

თბილისი
თბილისი

გარდა ატმოსფერული ჰაერის გამოკვლევისა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა წყლის, კონკრეტულად კი, მდინარეების, ტბების მონიტორინგიც. მდინარე მტკვრის ოთხ წერტილში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დაბინძურების კუთხით ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. რაც შეეხება მდინარე ვერეს, თამარ ბაგრატიას თქმით, მდინარე ვერეს დაბინძურების ხარისხი დღეს სავალალოა.

კვირის ბოლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისევ განახლდა სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115”-ის აქცია. მათი მოთხოვნა განათლების სისტემის სრული რეფორმირება და მეცნიერების პრიორიტეტად ქცევაა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG