Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აპირებენ ევროკავშირი და თურქეთი მიგრანტთა კრიზისის მოგვარებას


ევროკავშირი სამ მილიარდ ევროს სთავაზობს თურქეთს და ჰპირდება, რომ „გამოაცოცხლებს“ ევროკავშირში მის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას, მიგრანტთა ნაკადის შეკავების სანაცვლოდ. სწორედ თურქეთია მიჩნეული საკვანძო მნიშვნელობის ქვეყნად ევროპაში მიგრაციით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად: საკუთრივ თურქეთში ამჟამად იმყოფება ორ მილიონამდე ლტოლვილი (უმეტესობა სირიიდან და ერაყიდან), ხოლო თურქეთის გავლით ევროპაში ჩასული მიგრანტების რიცხვი მრავალი ასი ათასია. თურქეთის როლი და, ზოგადად, მიგრაციით გამოწვეული კრიზისი იყო ყურადღების ცენტრში ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ხუთშაბათ საღამოს დაიწყო და შუაღამესაც გასცდა.

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ბრიუსელში გამართულ სამიტზე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეუთანხმდნენ „სამოქმედო გეგმაზე“ თურქეთში მყოფი ორ მილიონამდე სირიელი ლტოლვილისთვის პირობების გასაუმჯობესებლად, რათა მათ აღარ მოისურვონ ევროკავშირში ჩასვლა. სამიტზე ასევე გადაწყდა საზღვრების კონტროლის კოორდინირება თურქეთში აზიიდან მიმავალი მიგრანტების შესამცირებლად.

სამიტის შედეგები მედიის წარმომადგენლებს გააცნო ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

„დღეს საღამოს ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის გარშემო საზღვრების დაცვას. მივესალმებით შეთანხმებას ევროკავშირისა და თურქეთის ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე, მიგრაციის ამჟამინდელ კრიზისთან გასამკლავებლად. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენი გააქტიურებული შეხვედრები თურქეთის ლიდერებთან აქ, ბრიუსელში, ანკარასა და ნიუ-იორკში მიმართული იყო ერთი მიზნისაკენ: შეჩერებულ იქნეს მიგრანტთა ტალღა თურქეთის გავლით ევროკავშირისაკენ. სამოქმედო გეგმა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. მაგრამ, როგორც დასაწყისშივე ვთქვი, თურქეთთან შეთანხმებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ეფექტიანად იმოქმედებს ლტოლვილთა ნაკადის შესაჩერებლად“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ხოლო ევროკავშირში ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყნის, გერმანიის, კანცლერ ანგელა მერკელის განმარტებით, სამიტზე გონივრულად მიიჩნიეს თურქეთის დახმარება სამი მილიარდი ევროთი (3,4 მილიარდი დოლარით) - თანხით, რომელსაც, ევროკავშირის წარმომადგენლების ინფორმაციით, ანკარა მოითხოვს. გეგმის დეტალები ჯერ არ დაზუსტებულა.

„ევროკომისია ვერ დააფინანსებს მხოლოდ ევროკავშირის ბიუჯეტიდან თურქეთის დახმარებას მილიონობით სირიელი ლტოლვილის შეკედლებისათვის. ჩვენ დღეს საღამოს ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ წევრ ქვეყნებს, თუმცა ჯერ უფრო მკაფიო ინსტრუქციები გვჭირდება. ზოგადად, ბევრი იზიარებს მოსაზრებას, რომ გონივრულია ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემა თავიანთი სამშობლოს მახლობლად, ვიდრე საბოლოოდ ჩვენს ქვეყნებში მათი დაფინანსება. ამდენად, ეს ძალიან ნაყოფიერი დისკუსია იყო“, - ასე შეაფასა მერკელმა ევროკავშირის მორიგი სამიტი მიგრანტთა კრიზისზე.

ამ სამიტის ჯერ კიდევ დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიგრანტების შესაჩერებელი ძალისხმევის სანაცვლოდ თურქეთი ბრიუსელისაგან, ფინანსური დახმარების გარდა, ითხოვს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებაზე უკვე დიდი ხნის წინ დაწყებული მოლაპარაკების „გამოცოცხლებას“ და ვიზების ლიბერალიზაციას.

აი, რა თქვა ამ საკითხზე სამიტის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა: „ჩვენს თურქ პარტნიორებთან შევთანხმდით, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდება. ეს არ ნიშნავს, რომ დავშორდებით ძირითად კრიტერიუმებს, რომლებიც ქმნის წესებს ამ სფეროში. ასე რომ, თურქეთთან სხვა კრიტერიუმები არ იარსებებს და ჩვენ 2016 წლის გაზაფხულზე შევაფასებთ მიღწეულ პროგრესს“.

თურქეთს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა აქვს: სურს ევროკავშირმა შეიყვანოს „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში, ანუ იმ ქვეყნების რიგში, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში, ჩვეულებრივ, არ აძლევენ თავშესაფარს. ეს საკითხი ბოლო სამიტზე არ განუხილავთ, თუმცა ევროკავშირში არ მალავენ, რომ საკითხი სადავოა - თურქეთის უსაფრთხოდ გამოცხადებას მოჰყვებოდა, მაგალითად, ქურთებისათვის ევროკავშირში თავშესაფარზე უარი.

და, ზოგადად, თურქეთთან დაახლოება - განსაკუთრებით ერდოანის სულ უფრო ავტორიტარული მმართველობის ფონზე - მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს ევროკავშირს, რომლისთვისაც აუცილებელია ანკარასთან თანამშრომლობა მიგრანტთა კრიზისისთვის თავის გასართმევად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG