Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში თავდამსხმელები რუსეთიდან, უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან იყვნენ


აფეთქებების შემდეგ სტამბოლის აეროპორტს პოლიციელები იცავენ
აფეთქებების შემდეგ სტამბოლის აეროპორტს პოლიციელები იცავენ

თურქეთის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ პირები, რომლებმაც სტამბოლის აეროპორტზე მიიტანეს იერიში, იყვნენ რუსეთიდან, უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან.

ოფიციალური პირი, რომლის სახელს არ აკონკრეტებენ და რომლის სიტყვები მოტანილია თურქეთისა და დასავლეთის მედიაში, სხვა დეტალებზე არ ლაპარაკობს.

ეს განცხადება გავრცელდა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც თურქეთის პოლიციამ გამოაცხადა, რომ დააკავა 13 პირი, მათ შორის სამი უცხოელი, თავდასხმებთან კავშირის გამო.

სტამბოლში ათათურქის სახელობის აეროპორტზე 28 ივნისს მიტანილ იერიშს ემსხვერპლა 42 ადამიანი, დაიჭრა 230-ზე მეტი. სამმა თავდამსხმელმა გარეთ ცეცხლი გახსნა, პანიკის გამოწვევის მიზნით, რის შემდეგაც ორი მათგანი ტერმინალის შენობაში შევიდა და თავი აიფეთქა. მესამემ შესასვლელთან მოიყვანა მოქმედებაში ასაფეთქებელი მოწყობილობა.

მთავრობამ თავდასხმაში დაადანაშაულა ექსტრემისტული ჯგუფი, „ისლამური სახელმწიფო“. შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ პარლამენტს უთხრა, მტკიცებულებები კვლავ მიუთითებს ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“, პასუხისმგებლობაზეო.

მთავრობის პოლიტიკის მხარდამჭერი გაზეთი „იენი საფაკი“ წერს, რომ რუსეთიდან თავდამსხმელი დაღესტნიდან იყო, რომელიც ჩეჩნეთს ესაზღვრება.

როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, გაზეთ „ჰურიეთის“ ცნობით, მისი სახელია ოსმან ვადინოვი და ის თურქეთში რაყადან ჩავიდა, სირიაში იმ ტერიტორიის ცენტრიდან, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იძიებს ინფორმაციას ვადინოვის შესახებ.

ყირგიზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურიც აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. უზბეკეთის უშიშროება ჯერჯერობით განცხადებას არ ავრცელებს.

„იენი საფაკის“ მიერ ასევე გავრცელდა ცნობა, რომ თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი იყო ახმედ ჩატაევი, რომელიც გაეროს სანქციების სიაშია შეყვანილი, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც რუსულენოვან ექსტრემისტებს წვრთნის. ჩატაევზე რუსეთში ძიებაა გამოცხადებული. მაგრამ თურქეთის ოფიციალურმა პირებმა „როიტერსს“ არ დაუდასტურეს ის, რომ ჩატაევის სახელი გამოძიებაში ფიგურირებს.

2012 წელს ჩატაევი საქართველოში იყო დაკავებული, თუმცა დეკემბერში ის სასამართლოს დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ის დაკავებულ იქნა 2012 წლის სექტემბერში, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ. პროკურატურა მას ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარებაში სდებდა ბრალს.

ბოლო წლებში თურქეთი ათასობით უცხოელმა მეომარმა გადაკვეთა საიმისოდ, რომ სირიაში და ერაყში ჩასულიყო და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეერთებოდა. თურქეთმა სირიასთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა, მაგრამ თან უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ მებრძოლების მისაგნებად მეტი ინფორმაცია ესაჭიროება უცხოეთის სადაზვერვო სააგენტოებისგან.

ქალაქ იზმირში, სხვა მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, თურქეთის პოლიციამ დააკავა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ურთიერთობაში ეჭვმიტანილი ცხრა პირი. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მათაც თუ ადანაშაულებენ აეროპორტის თავდასხმასთან კავშირში.

ცნობა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი რუსეთის მოქალაქე იყო, დაემთხვა განსაკუთრებულ პერიოდს ანკარისა და რუსეთის ურთიერთობაში, რომელიც ისედაც დაძაბულია მას შემდეგ, რაც თურქეთმა ნოემბერში სირიის საზღვართან რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, ამ კვირაში წერილით მიმართა რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს, და სინანული გამოთქვა ინციდენტის გამო, თუმცა ანკარაში ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მას არ მოუხდია ბოდიში, როგორც ეს მოსკოვს სურს, საიმისოდ, რომ ეკონომიკური სანქციები მოხსნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG