Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიცვლება თუ არა უმაღლესი საბჭოს არჩევის წესი?


ბათუმი
ბათუმი

კანონპროექტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საჯარო განხილვის შემდეგ, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში - უმაღლეს საბჭოში - დაბრუნდა. რეგიონის მთავარ კანონში შესატან ცვლილებებზე 5 მარტს უმაღლეს საბჭოში იურიდიული კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას ბოიკოტი გამოუცხადეს, ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ცვლილებების სასესიო განხილვაში.

გადმოწერა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი გია აბულაძე ამბობს, რომ კომისიის სხდომაზე გამოჩნდა, რომ, მიუხედავად დაპირებისა, უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ოპოზიციის შენიშვნები და უცვლელად დატოვა, მაგალითად, საარჩევნო სისტემა:

ვფიქრობ, რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს ერთიანი ქვეყანაში და არ უნდა იყოს რადიკალურად განსხვავებული ჩვენს რეგიონში, იმიტომ რომ ამან შეიძლება სერიოზული დაბნეულობა გამოიწვიოს. ამავე დროს, ეს არის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები და მუნიციპალიტეტები მართლაც უნდა იყვნენ წარმოდგენილი...
ნინო ჩხეტია

„ჩვენ გვინდოდა კონსტიტუციურ კანონში ჩაწერილიყო პირდაპირ, რომ აჭარაში პროპორციული სისტემით იქნებოდა უმაღლესი საბჭოს არჩევნები. მაშინ გვითხრეს, გარანტიას გაძლევთ, იქნებაო. მაგრამ, როცა აჭარის საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგინეს, იქ წერია, რომ ისევ მაჟორიტარულ სისტემას ტოვებენ. ეს იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება საარჩევნო მანიპულაციები, იმიტომ რომ სხვანაირად ის ვერ იქნება ასე მყარად და ჩამოსცილდება ხელისუფლებას“.

შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლის საკითხი განხილვის საგნად რჩება და საბოლოო გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები 6 მარტს ჩანიშნულ სესიაზე მიიღებენ, აცხადებს ნინო ჩხეტია, საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე. მისივე თქმით, განსხვავებული პოზიციები აქვთ „ქართულ ოცნებაში“, სადაც საკითხზე ცხარე კამათი მიმდინარეობს. მისი აზრით კი, საარჩევნო წესი, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ირჩევს, არ უნდა გასხვავდებოდეს ქვეყნის პარლამენტის საარჩევნო წესისგან:

„არის ნაწილი, მათ შორის მაჟორიტარების ფრაქციაა საკმაოდ მძლავრად წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში, რომელიც თვლის, რომ ის შერეული სისტემა, რომელიც არსებობს, უნდა დარჩეს. მე ვფიქრობ, რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს ერთიანი ქვეყანაში და არ უნდა იყოს რადიკალურად განსხვავებული ჩვენს რეგიონში, იმიტომ რომ ამან შეიძლება სერიოზული დაბნეულობა გამოიწვიოს. ამავე დროს, ეს არის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები და მუნიციპალიტეტები მართლაც უნდა იყვნენ წარმოდგენილი“.

საარჩევნო სისტემის რეგიონის მასშტაბით შეცვლას პრინციპულ საკითხად მიიჩნევს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი პეტრე ზამბახიძე, რადგან ფიქრობს, რომ, განსხვავებით ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებისგან, რომლებმაც საკითხის მიღება 2024 წლამდე გადადეს, რეგიონის კანონმდებლებს საშუალება აქვთ უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციული წესი მანამდე დაამკვიდრონ და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დადებითი პრეცედენტი შექმნან:

ბათუმი
ბათუმი

„ქვეყნის მასშტაბით ეს პოზიცია ჩამოყალიბებულია 2024 წლისთვის, - ეს არის ცუდი, - ვენეციის კომისიის გაცურებით, მათ შორის. ეს პოლიტიკური საკითხი აჭარაში არის უმნიშვნელოვანესი, თუ დღეს უმაღლეს საბჭოს აქვს რესურსი, რომ შეძლოს და დაუმტკიცოს ცენტრალურ ხელისუფლებას და შევიდეთ ისტორიაში იმ უმაღლეს საბჭოდ, რომელიც მართლა დაამახსოვრებს მოსახლეობას თავს იმით, რომ შემოვიღებთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას და პოლიტიკურ პარტიებს თანაბარ პირობებში ჩავაყენებთ“.

აჭარის მაგალითზე შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლას, რაც გულისხმობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და მთლიანად პროპორციულზე გადასვლას, მხარს უჭერს რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, მათ შორის ორგანიზაციები „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“, რომლებიც, უკვე წლებია, ქვეყანაში არჩევნებს აკვირდებიან. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი მადონა ბერიძე ამბობს, რომ, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, მოქმედი საარჩევნო წესი მორგებულია მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს და მანდატების არასამართლიან გადანაწილებას იწვევს:

აჭარის კონსტიტუცია ამ ცვლილებებით ძალაში რომ შევიდეს, აუცილებლად სჭირდება კიდევ მესამე ეტაპის გავლა - საქართველოს პარლამენტის მიერ მისი დამტკიცება. აქ იმასაც კი ვხვდებით ჩვენ, რომ რაც არ უნდა უნდოდეს აჭარის უმაღლეს საბჭოში არსებულ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, ალბათ იციან, რომ ქვეყნის პარლამენტი ამას მხარს არ დაუჭერს...
არჩილ ხახუტაიშვილი

„გამოდის, რომ ამ შერეული სისტემის ხარჯზე უპირატეს მდგომარეობაში - წარსულშიც და ახლაც - გვევლინება მმართველი პოლიტიკური ძალა. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მორგებულია მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებზე და მანდატების არასამართლიან გადანაწილებას იწვევს“.

ამის შედეგად კი, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში ვერ ხვდება მოქალაქების გარკვეული ნაწილის წარმომადგენელი და ინტერესების გამტარებელი, რაც სამართლიანობის პრონციპს არღვევს, მიაჩნია ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელ დირექტორს, არჩილ ხახუტაიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ცვლილებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს:

„თორემ შეცვლა შესაძლებელია დღესვე, რომ ავტონომიამ გადაწყვიტოს რა სისტემით აირჩევს თავის წარმომადგენლობით ორგანოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აჭარამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი წინ და ცენტრისგან დამოუკიდებლად დაადგინოს პროპორციული სისტემა რეგიონში. თუმცა, აჭარის კონსტიტუცია ამ ცვლილებებით ძალაში რომ შევიდეს, აუცილებლად სჭირდება კიდევ მესამე ეტაპის გავლა - საქართველოს პარლამენტის მიერ მისი დამტკიცება. აქ იმასაც კი ვხვდებით ჩვენ, რომ რაც არ უნდა უნდოდეს აჭარის უმაღლეს საბჭოში არსებულ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, ალბათ იციან, რომ ქვეყნის პარლამენტი ამას მხარს არ დაუჭერს“.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენა რეგიონის უმაღლეს საბჭოში გაიმართება 6 მარტს ჩანიშნულ სხდომაზე, სადაც გაირკვევა, შეიცვლება თუ არა კანონპროექტში აჭარის საკანონმდებლო ორგანოს არჩევის წესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG