Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმაღლესი სასწავლებლები ავტონომიის დაკარგვის ზღვარზე


თსუ-ს სტუდენტების საპროტესტო აქცია
თსუ-ს სტუდენტების საპროტესტო აქცია
საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანას სტუდენტებისა და პროფესორების ერთი ნაწილის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მათ მიერ შედგენილ მიმართვას, რომლის ადრესატი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილია, წამძღვარებული აქვს სათაური: "საქართველოს უნივერსიტეტების ავტონომიის დასაცავად". წერილის ავტორები მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას გაუმართლებელი სიჩქარისა და უნივერსიტეტების დამოუკიდებლობის მოსალოდნელი ხელყოფის გამო საყვედურობენ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის გაგზავნილი მიმართვის ავტორები, პირველ რიგში, უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ კანონში შესატანი ცვლილებების მომზადების პროცესში არ ყოფილა ჩართული საუნივერსიტეტო საზოგადოება. გარდა ამისა, ცვლილებების ამგვარი ფორსირებული მიღება სტუდენტებსა და პროფესორებს აფიქრებინებს, რომ იზღუდება როგორც აკადემიური თავისუფლების პრინციპები, ასევე უნივერსიტეტის ავტონომია. მოქმედი კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ" რექტორის უფლებამოსილების ვადამდელ შეწყვეტას, ისევე როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებას აკადემიურ საბჭოს ანიჭებს, თუმცა ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, რაც, ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილის თქმით, უნივერსიტეტის ავტონომიასთან მიმართებით სახელმწიფოს მხრიდან უკან გადადგმული ნაბიჯია.
ლელა გაფრინდაშვილი
ლელა გაფრინდაშვილი

„მიმაჩნია, რომ მთელი ეს პროცესი უნდა რეგულირდებოდეს და იმართებოდეს უნივერსიტეტის აკადემიური წრეებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ და ნებისმიერი ჩარევა გარედან - იქნება ეს დროებითი თუ პერმანენტული - მიუღებელია, რადგან თუ დროებითი დავუშვით, მაშინ პერმანენტულის დაშვებაც მოგვიწევს“, – უთხრა ლელა გაფრინდაშვილმა რადიო თავისუფლებას.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებულ შეტანას აპროტესტებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“, რომლის წარმომადგენლის თათული თოდუას თქმით, კრიტიკას ვერ უძლებს ვერც ცვლილებათა შინაარსი:

„ეს ცვლილებები ნამდვილად არის მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე შესაძლოა მოახდინოს გავლენა და ეს ცვლილებები საინტერესოა როგორც უნივერსიტეტის პროფესორებისთვის, ასევე სტუდენტებისათვის და, რა თქმა უნდა, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ჯერ გაერკვნენ ამ შემოთავაზებულ ცვლილებებში და შემდეგ, განხილვისა და ანალიზის შედეგად, გარკვეულ მოსაზრებამდე მივიდნენ და თავიანთი მოსაზრებები წარუდგინონ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს“.
ბოლომდე მაინც არ მაკმაყოფილებს ის, რომ პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის სხვა რომელიმე წევრი ერთპიროვნულად წყვეტდეს ამგვარ საკითხებს საბჭოსთან შეთანხმების გარეშე...
ვიქტორ დოლიძე

თათული თოდუას თქმით, არც პარლამენტისთვის უნდა იყოს მიზანშეწონილი ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება სათანადო გააზრებისა და დაფიქრების გარეშე. რაც შეეხება ავტონომიის ხელყოფას:

„უმაღლესი განათლების შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს აკადემიური საბჭო, ხოლო პარლამენტში განხილული პროექტი ნამდვილად არის მოქმედზე უარესი, რადგანაც დღეს უნივერსიტეტის შიგნით ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა პროექტით შემოთავაზებულია, რომ ეს უნივერსიტეტის ნაცვლად აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს იდეა, ეს შემოთავაზება პირდაპირ ლახავს უნივერსიტეტების ავტონომიას და ეს ფაქტი ცალსახაა“, – უთხრა თათული თოდუამ რადიო თავისუფლებას.

ცვლილებათა ამ ნაწილს, საპარლამენტო უმცირესობის მსგავსად, უმრავლესობის ზოგიერთი წევრიც აკრიტიკებს. ვიქტორ დოლიძის თქმით, მისთვის მიუღებელია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის კომპეტენციაში მთავრობის დროებითი ინტერვენციაც კი:

„ბოლომდე მაინც არ მაკმაყოფილებს ის, რომ პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის სხვა რომელიმე წევრი ერთპიროვნულად წყვეტდეს ამგვარ საკითხებს საბჭოსთან შეთანხმების გარეშე“.

ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის წინ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, 6 თვით შემოისაზღვროს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული რექტორის მოვალეობის შემსრულების უფლებამოსილების ვადა, თუმცა ცვლილების ამგვარი ტრანსფორმაცია მაინც მიუღებელია საპარლამენტო უმცირესობისა და მისი ერთ-ერთი აქტიური წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილისათვის:
ჩიორა თაქთაქიშვილი
ჩიორა თაქთაქიშვილი

„მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ გაითვალისწინოს სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართვა, რომელთაც სთხოვეს პარლამენტს შეჩერდეს დროებით კანონპროექტის განხილვა, მასში ჩაერთონ უნივერსიტეტის წარმომადგენლები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება“.

მიმართვას, რომელიც დეპუტატმა თაქთაქიშვილმა ახსენა, ხელს აწერს ათასამდე სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი, თუმცა, ამის მიუხედავად, პარლამენტი მაინც აპირებს 14 ივნისს მესამე მოსმენით ცვლილებების არსებული რედაქციისათვის კენჭისყრას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG