Accessibility links

ბავშვებისათვის უსაფრთხო წყალზე პასუხისმგებელი მექანიზმი


ახალსოფლის დევნილთა დასახლება

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის შესახებ რეკომენდაციით. მთავრობის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბავშვთა განთავსების ინსტიტუციებში, თემსა თუ რეგიონებში უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს. მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით თავს იჩენს მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლებში.

თამარ გობეჩია, 172-ე ბაღის დირექტორი, ამბობს, რომ ბაღში სასმელი წყლის ხარისხს წელიწადში ერთხელ, სასწავლო წლის დასაწყისში, ამოწმებს პროდუქციის საგამოცდო ლაბორატორია. მისი თქმით, ლაბორატორიაში შემოწმებული წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები ყოველთვის აკმაყოფილებს ”სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს:

„ეს ჩვენი პირდაპირი დავალებაა, რომ შევამოწმოთ სასმელი გამდინარე წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები. მოდიან, იღებენ ანალიზს სასმელი წყლისას და მისი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის შესახებ ნორმებს“.

მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ყველა საჯარო სკოლაში უნდა იყოს შესაძლებელი სიტუაციის მონიტორინგი და როდესაც მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება კონკრეტული ტიპის დარღვევა, ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს ამ ყველაფერს...

უკანასკნელ ხანებში სასმელი წყლის შემოწმების შესახებ არაფერი სმენია მე-60 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილს, ნანა ლომთათიძეს. ის ამბობს, რომ სკოლაში ონკანების წყალს მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც სასმელად იყენებენ და რომ, შესაბამისად, წყალი სასმელად ვარგისია.

განცხადება, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან აღებული წყლის სინჯების შემოწმების შედეგი სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებდა, სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გაავრცელა. როგორც მაშინ უჩა ნანუაშვილის განცხადებაში ვკითხულობდით, სურსათის უვნებლობის სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2015-2016 წლებში გამოკვლეული იქნა სასმელი წყლის 129 სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან (საჯარო სკოლები) აღებული სასმელი წყლის 45 სინჯი არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის № 58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს.

16 მარტს სახალხო დამცველის ოფისმა ამჯერად უკვე მთავრობას მიმართა რეკომენდაციით, განისაზღვროს სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე ზედამხედველობის მექანიზმი. მარიამ ბოჭორიშვილი, სახალხო დამცველის ოფისის ბავშვთა უფლებების ცენტრის წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ უმთავრეს პრობლემად მოიაზრება სწორედ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ცენტრალურ დონეზე არ იქნა განსაზღვრული მონიტორინგის სახელმწიფო ორგანო, რომლის პირდაპირ და ძირითად ვალდებულებასაც ბავშვთა სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასმელი წყლის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის საკითხების საყოველთაო და რეგულარული კონტროლი უნდა წარმოადგენდეს. მარიამ ბოჭორიშვილის თქმით, დღესდღეობით ქვეყანაში არ არსებობს ეფექტური კონტროლის მექანიზმი, რომელიც დარღვევების პრევენციასა და აღმოფხვრაზე იზრუნებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მთავრობის განკარგულების თანახმად, საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში წყლის ხარისხის მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს, თუმცა, მარიამ ბოჭორიშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2000-ს აჭარბებს, სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ უზრუნველყოფს წყლის სისტემატურ შემოწმებას:

„ზოგადი განათლების შესახებ კანონში არის ზოგადი ჩანაწერი, რომ, ბუნებრივია, სკოლას აქვს ვალდებულება, რომ თავიანთ დაწესებულებებში უზრუნველყონ გამართული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, თუმცა ჩანაწერი, რომ ყოველწლიურად განახორციელონ წყლის მონიტორინგი, ექსპერტიზა და ა.შ., მსგავსი ჩანაწერი ამ კანონში არ არსებობს. მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ყველა საჯარო სკოლაში უნდა იყოს შესაძლებელი სიტუაციის მონიტორინგი და როდესაც მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება კონკრეტული ტიპის დარღვევა, ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს ამ ყველაფერს“.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებულ იქნა შესაბამისი ღონისძიებები, ეცნობა ყველა იმ პასუხისმგებელ უწყებას, რომელიც მართავს ამ პროცესებს, მათ შორის - წყალმომარაგების ქსელებსა და მათ ადმინისტრაციას, სკოლებს და ა.შ...

სწორედ ამიტომ გასცემს რეკომენდაციას სახალხო დამცველი მთავრობის მისამართით და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

მარიამ ბოჭორიშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები რეგიონებში. ეს დაადასტურა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსმა კახა სოხაძემაც, თუმცა, კახა სოხაძისავე მტკიცებით, მათ მიერ აღებულ სინჯებში არ გამოვლენილა პათოგენური მიკროორგანიზმებით დაბინძურება, რაც პირდაპირ აისახება ჯანმრთელობაზე:

„იყო გარკვეული ტიპის დარღვევები, რომელიც მიუთითებდა არასათანადოდ პირობების დაცვაზე, მათ შორის, წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებულ იქნა შესაბამისი ღონისძიებები, ეცნობა ყველა იმ პასუხისმგებელ უწყებას, რომელიც მართავს ამ პროცესებს, მათ შორის - წყალმომარაგების ქსელებსა და მათ ადმინისტრაციას, სკოლებს და ა.შ.“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ წყალმომარაგების კომპანია ყოველდღიურად ლაბორატორიულად ამოწმებს იმ წყლის ხარისხს, რომელიც მიეწოდება როგორც სკოლებს, ისე, ზოგადად, მოსახლეობას. შესაბამისად, მისივე თქმით, მცირეოდენი გადაცდომის შემთხვევაშიც კი წყლის მიწოდება იზღუდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG