Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესაში განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო აშშ-ში განვითარებული პროცესები: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოულოდნელი გადაწყვეტილებით თანამდებობიდან დაითხოვა გამოძიების ფედერალური სააგენტოს, FBI-ს, დირექტორი, ჯეიმს კომი - პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთთან კავშირების გამოძიებას. მას შემდეგ ტრამპზე ზეწოლა მატულობს და არაერთი ჟურნალისტი სვამდა კითხვას, ამ ნაბიჯით ტრამპმა საბოლოოდ ხომ არ გამოუთხარა ძირი საკუთარი თავის მიმართ ნდობასო. ირლანდიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „აირიშ იგზამინერი“ 11 მაისის ნომერში წერდა: „ღრმად შემაშფოთებელია, რომ ამგვარ ნაბიჯს დგამს აშშ-ის პრეზიდენტი, რომლის ადმინისტრაცია უკვე რამდენიმე ფრონტზეა გამოძიების ობიექტი. ვინც უნდა დაინიშნოს გამოძიების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელად, მას აღიქვამენ დავალებულად იმ პრეზიდენტისგან, რომელმაც ის თანამდებობაზე დანიშნა. ადმინისტრაციის გარშემო გამოძიების შეწყვეტის თაობაზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას ეს გარემოება პოლიტიკურად მოტივირებულისა და არალეგიტიმურის ელფერს მისცემს. სამართალდამცავთა დამოუკიდებლობის ეროზია არის დარტყმა პოლიტიკური ნეიტრალობის დაუწერელ ნორმაზე. ეს ხელისუფლების შტოების განცალკევების პრინციპს არ არღვევს, მაგრამ არღვევს ნორმას, რომელიც, თავისთავად, თითქმის ასეთივე მნიშვნელობისაა“.

ფინეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „ჰელსინგინ სანომატი“ 11 მაისს წერდა: „...ახლა უკვე საქმე ეხება აშშ-ში კანონის უზენაესობის ფუნდამენტს. რესპუბლიკელთა რიგებში ბევრს ისედაც ჰქონდა ეჭვები რუსების ქმედებებზე ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასთან მიმართებით, მაგრამ მისი მცდელობა მთავრობის გარშემო გამოძიება შეწყდეს, მათთვისაც კი მეტისმეტია. ტრამპზე მატულობს ზეწოლა სამოქმედო საშუალება მისცეს დამოუკიდებელ გამოძიებას ამ რუსეთის საქმის გარშემო. ამავე დროს, იზრდება დაძაბულობა გავლენიან რესპუბლიკელ სენატორებსა და ტრამპს შორის. პრეზიდენტი სენატზე დამოკიდებულია როგორც საგარეო პოლიტიკის, ისე კადრების დანიშვნის თვალსაზრისით. მაგრამ სენატში რესპუბლიკელების უმრავლესობა მცირედი სხვაობითაა. თუ ტრამპის წინააღმდეგ ზოგადი განწყობა გაძლიერდება, შესაძლოა, სენატორებშიც იმატოს მასთან დაპირისპირების ნებამ“.

აშშ-ის გარდა, ყურადღების ცენტრში იყო საფრანგეთიც. 7 მაისს საფრანგეთმა ახალი პრეზიდენტი აირჩია - 39 წლის ემანუელ მაკრონი, რომელიც ცენტრისტულ პოლიტიკურ მოძრაობა „ან მარშის“ ლიდერია და ევროკავშირის მტკიცე მხარდამჭერად ითვლება. საპრეზიდენტო არჩევნების გადამწყვეტ, მეორე, ტურში, მაკრონს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 66 %-ზე მეტმა, მაშინ როცა მის მეტოქეს, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს, ხმების 34 %-მდე ერგო. პრესა აქტიურად აანალიზებდა ახალი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, პოლიტიკური გუნდის სავარაუდო შემადგენლობას. საფრანგეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „ფიგარო“ 11 მაისის ნომერში აქვეყნებს პოლიტოლოგ რენე ფრეგოსის წერილს, რომლის თანახმადაც, მაკრონმა შეცდომა დაუშვა როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მანუელ ვალსი, არ შეიყვანა გუნდში: „როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, ახალი მთავრობის ამუშავებისას ასპარეზზე უნდა გამოვიდეს სოციალ-დემოკრატიის ორი მახასიათებელი - მოლაპარაკება და კომპრომისების ძიება. ... შრომის ახალი კანონი, რომელზეც მაკრონი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლაპარაკობდა, ისეთი შეთანხმებით უნდა ჩამოყალიბდეს, რომ მას მიემხროს საფრანგეთის ამჟამად უდიდესი პროფკავშირი, მით უმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროფკავშირების მემარცხენე კონფედერაციამ და რადიკალურმა მემარცხენე ფრონტმა უკვე გამოაცხადეს მასობრივი საპროტესტო აქციების გეგმა. ... ამავე დროს, იმ ევროპულ განზომილებას, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებს ემანუელ მაკრონის პროექტში, იზიარებს სოციალ-დემოკრატიის ახალი ტიპი, რომელსაც სურს ძლიერი, უფრო კომპაქტური ევროპა, ჰარმონიზებული სოციალური და ფისკალური პოლიტიკით“.

ავსტრიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული „შტანდარტი“ 12 მაისს წერდა: „ახლა საფრანგეთს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არც ერთ ბანაკს არ ეკუთვნის. ის მეტისმეტად პროგრესულია მემარჯვენეთათვის, მეტისმეტად ორიენტირებული ბაზარზე - მემარცხენეთათვის. თუ მაკრონი თავისი მოძრაობით შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას და მომავალ წლებში მის შენარჩუნებას, შესაძლოა, მან შექმნას ახლებური, აქამდე უცნობი დემოკრატიული დინამიკა, რაც მემარჯვენე პოპულისტური ძალების მიმზიდველი ალტერნატივა იქნება. ეს გავლენას იქონიებდა სხვა ევროპულ ქვეყნებზეც, სადაც ამომრჩეველი სულ უფრო და უფრო მეტად შორდება დამკვიდრებულ პარტიებს“.

XS
SM
MD
LG