Accessibility links

ვაშინგტონი ირანში ანტისამთავრობო გამოსვლის მონაწილეებს „დიდ მხარდაჭერას“ ჰპირდება


დონალდ ტრამპი

აშშ-მა გააძლიერა სიტყვიერი მხარდაჭერა ირანის ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ. ამავე დღეს ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მომხრეთა მასობრივი დემონსტრაციები მოეწყო ირანის არაერთ ქალაქში. ერთკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის მომხრეები ქუჩაში გავიდნენ. სამ იანვარს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, იტყობინებოდა, რომ ის პატივს სცემს ირანელ ხალხს, რომელიც ცდილობს თავიდან მოიშოროს კორუმპირებული მთავრობა. ტრამპის თქმით, ირანის ხალხი შესაბამის დროს მისგან „დიდ მხარდაჭერას“ მიიღებს. ტრამპის განცხადება ტვიტერით გავრცელდა იმ დროს, როცა აშშ ცდილობს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართოს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების მიმართ მხარდაჭერის გამოსაცხადებლად. ათეულათასობით ირანელი გავიდა ისლამური რესპუბლიკის ქალაქების ქუჩებში ირანის ხელისუფლებისთვის თანადგომის გამოსახატავად. აქციები მოჰყვა საპროტესტო გამოსვლებს, რომელთა დროს, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა. ირანის ინგლისურენოვანმა სახელმწიფო ტელეარხმა, „Press TV”-მ, ცოცხალ ეთერში გადასცა სამი იანვრის დემონსტრაციის კადრები. მთავრობის მომხრეებს ხელში ეჭირათ ირანის დროშები და პლაკატები, ხელისუფლების მხარდამჭერი ლოზუნგებით.

  • ათეულათასობით ირანელი გავიდა ირანის ქალაქების ქუჩებში ირანის ხელისუფლებისთვის თანადგომის გამოსაცხადებლად.
  • ირანელმა რეფორმისტებმა განაცხადეს, ასევე, რომ საპროტესტო აქციების უკან ირანის მტრები დგანან.
  • ხამენეიმ „ირანის უცხოელ მტრებს“ „ანტისამთავრობო დემონსტრაციების წაქეზებაში“ დასდო ბრალი.
  • ინფლაცია და უმუშევრობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, მთავარი პრობლემებია, რამაც ხალხი ქუჩაში გაიყვანა.
  • ათი წელია ირანს მსგავსი მოცულობის გამოსვლები არ ახსოვს.
  • ვაშინგტონი: თეირანმა ნება უნდა დართოს მშვიდობიან დემონსტრანტებს თავისუფლად გამოხატონ უკმაყოფილება.

ტელეარხმა ქალაქ აჰვაზში, ქერმანშაჰსა და გორგანში გამართული დემონსტრაციების ამსახველი კადრები გადასცა. დემონსტრანტები გმობდნენ ძალადობას, რომელსაც მიმართავდნენ 28 დეკემბრის შემდეგ გამართულ ანტისამთავრობო აქციებზე. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, „ირანის უცხოელ მტრებს“ „ანტისამთავრობო დემონსტრაციების წაქეზებაში“ დასდო ბრალი. სამი იანვრის გამოსვლების მონაწილეები ხელისუფლებას და უშუალოდ უზენაეს ლიდერს ერთგულებას უცხადებდნენ: ჩვენს ძარღვებში მჩქეფარე სისხლი საჩუქარია უზენაესი ლიდერისთვის, მას მარტო არ დავტოვებთო, გაიძახოდნენ დემონსტრაციის მონაწილეები. ჩანს, ირანის მთავრობისთვის მოულოდნელი იყო ანტისამთავრობო დემონსტრაციების მასშტაბები. ბოლო ათი წლის მანძილზე ირანს არ ახსოვს მსგავსი მოცულობის გამოსვლები. ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, თითქოსდა საპროტესტო აქციების კოორდინაციის გამო. ევროკავშირმა და აშშ-მა დაგმეს ადამიანის „სიცოცხლის ხელყოფა“ და ასეულობით პირის დაკავება ანტისამთავრობო გამოსვლების დროს. გერმანიის მთავრობამ სამ იანვარს ირანის საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ „პატივისცემა“ გამოხატა. მთავრობის წარმომადგენელმა, ულრიკე დემერმა, რეპორტიორებს, ირანის ხელისუფლებამ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს და შეეცადოს მათთან დიალოგში შევიდესო. ვაშინგტონმა განაცხადა, თეირანმა ნება უნდა დართოს მშვიდობიან დემონსტრანტებს, თავისუფლად გამოხატონ უკმაყოფილებაო, და გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა. სხდომის თარიღი დადგენილი არ არის. სამ იანვარს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა, თეირანს მოუწოდა საპროტესტო გამოსვლებს დიდი სიფრთხილით მიუდგეს, რათა მომავალში ძალადობამ და არეულობამ არ იმატოს, და ყველა სასიკვდილო შემთხვევა გამოიძიონ.

ირანის მთავრობამ, ანტისამთავრობო გამოსვლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით, დაბლოკა სოციალური მედიის ვებსაიტები. გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ უარყო ირანის ხელისუფალთა ბრალდება, რომ საპროტესტო გამოსვლები გარე ძალების მიერ იმართება. აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, ირანის მტრები, აშშ-ის ჩათვლით, ანტისამთავრობო გამოსვლებს ხელს უწყობენ „ფულით, იარაღით, პოლიტიკითა და სადაზვერვო სამსახურებითო“.

ირანის მთავრობის მხარდამჭერთა აქცია
ირანის მთავრობის მხარდამჭერთა აქცია

ირანის სანავთობო სფერომ შედარებით ამოისუნთქა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების მიღწევის შედეგად სანქციების გაუქმების წყალობით, მაგრამ ეკონომიკის სხვა სფეროები არ ვითარდება. შესაბამისად, რიგითი ირანელების მდგომარეობა ვერ გამოსწორდა. ინფლაცია და უმუშევრობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, მთავარი პრობლემებია, რამაც ხალხი ქუჩაში გაიყვანა, თუმცა საპროტესტო გამოსვლების მიზეზი იყო, ასევე, კორუფციისა და ცუდი მართვის გამო უკმაყოფილება. დემონსტრაციები გაიმართა ირანის დიდ და პატარა ქალაქებში, თეირანის ჩათვლით, სადაც 450 ადამიანი დააკავეს. გამოსვლები იყო სანანდაჯში, ილამში, ხორამდარეჰში, როგორც ითქვა, ქერმანშაჰში, ასევე იზეჰში, აჰვაზში, შანინ შაჰრში და თუიზერქანში. ორი იანვრის დემონსტრაციების დროს ძალადობა არ მომხდარა. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ, სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოანთან და იმედი გამოთქვა, რომ ანტისამთავრობო გამოსვლები მალე დასრულდება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის თანდათანობით გათბობის ნიშნად, ერდოანი როჰანის დაეთანხმა: თუმცა მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნებული უნდა იქნეს, საპროტესტო გამოსვლები კანონის დარღვევაში არ უნდა გადაიზარდოსო. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, კრიტიკულია ირანის ხელისუფლების მიმართ. ტრამპმა ტვიტერით გაავრცელა თავისი შეფასება: ირანის სასტიკმა და კორუმპირებულმა რეჟიმმა ყველა დონეზე მარცხი განიცადაო. გაეროში ირანის ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, სიმართლის თქმის მსურველი საკუთარი ხალხის ხოცვის ხანგძლივი ისტორია აქვს ირანის მთავრობას, რომელიც ახლა აცხადებს, ირანის მტრები აქეზებენ დემონსტრანტებსო, რომლებიც, ჰეილის თქმით, სრულიად სტიქიურად გავიდნენ ქუჩებში, ერთდროულად სხვადასხვა ქალაქში, რაც იმის ცხადი ნიშანია, რომ დიქტატურის წინააღმდეგ დიდხანს ჩაგრული ხალხი აღდგაო. ჰეილი ამბობს, როცა ირანის ხალხი თავისუფლებას მოითხოვს, ჩვენ არ უნდა დავდუმდეთო. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა, ამის საპასუხოდ განაცხადა, ირანელები სარგებლობენ სამშვიდობო დემონსტრაციების უფლებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ზოგიერთ მოკავშირეს არ გააჩნიაო. ირანელმა რეფორმისტებმა კი განაცხადეს, საპროტესტო აქციების უკან ირანის მტრები დგანანო. ორ იანვარს „რელიგიურ მებრძოლთა კავშირი“, რომელსაც სათავეში უდგას ყოფილი პრეზიდენტი, რეფორმისტი მოჰამად ხათამი, თავის განცხადებაში წერდა, ოპორტუნისტებმა და არეულობის მოსურნეებმა ბოროტად გამოიყენეს დემონსტრანტები, აშშ-ის ჯაშუშებმა ხელი შეუწყვეს არეულობის მოსურნეებს და ძალადობრივ აქციებსო. ინტერნეტით გავრცელდა არაერთი ვიდეოჩანაწერი, რომლებზეც დემონსტრანტები გაიძახიან: „სიკვდილი დიქტატორს!“ რადიო თავისუფლების ირანულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ იყენებს პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს თეირანში, ფირდოუსის მოედანზე. სოციალური მედიით ვრცელდებოდა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახული იყო შეტაკება პოლიციის ძალებთან, ცეცხლი პოლიციის განყოფილების თავზე. ვიდეოჩანაწერებზე იხილავდით დემონსტრანტებს, რომლებიც მოლების საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაიძახოდნენ. ერთი მათგანი ანადგურებდა პლაკატს, ირანის ლიდერის, აიათოლა ხამენეის, გამოსახულებით. ირანის მთავრობა ნაწილობრივ აღიარებს გარკვეულ პრობლემებს, რამაც გამოიწვია დემონსტრაციები. ამასთან, დაზვერვის სამინისტრო აცხადებს, რომ არეულობის გამომწვევები და წამქეზებლები ამოცნობილნი არიან და მათ პასუხი მოეთხოვებათ. ერთ- ერთი ბრალდება, რომელიც, ირანის კანონმდებლობის თანახმად, დემონსტრანტებს შეიძლება წაუყენონ, არის „ღვთის მტრობა“, რაც სიკვდილით ისჯება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG