Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყრილობით დასრულებული კვირა


გასული კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან გამორჩეული იყო პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა, რომელშიც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძეც იღებდა მონაწილეობას. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს როგორც კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, ასევე კონსტიტუციაში საქართველოს საგარეო კურსის შესახებ ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას წინ უძღოდა ძალადობა საპარლამენტო უმცირესობის წევრ დეპუტატებზე, რომლებიც 8 თებერვალს პრეზიდენტის მოსასმენად საჯარო ბიბლიოთეკაში შესვლას ლამობდნენ.

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ დისკუსიამ ქუჩიდან პარლამენტის კედლებში გადაინაცვლოს... ქუჩებში ჩხუბიდან ბევრად უფრო კატასტროფულ ნაბიჯებამდე ნახევარი ნაბიჯია და აღარასდროს არ უნდა მივიდეთ იმ ზღვარზე, სადაც საქართველო იყო 90-იან წლებში. მე ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერზე ჩამოვყალიბდით და შევთანხმდით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გაგრძელდება დისკუსია. მთავარია, შევთანხმდით, რომ ასეთი თემები უნდა გაგრძელდეს დიალოგის გზით”.

დავით უსუფაშვილი: ”ჩვენ, კოალიცია „ქართული ოცნება“, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ეს მოვახსენეთ პრეზიდენტსაც, რომ იმ კონკრეტულ საკითხზე შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ეხება მთავრობის ფორმირების ნაწილში, ეს არის სწორედ გასაღები ყველა სხვა საკითხზე შეთანხმების, გადაწყვეტილების მიღებისა”.

გასულ კვირაშივე მმართველმა პარტიამ პარლამენტში წარმოდგენილ ფრაქციებს 14-პუნქტიანი შეთანხმება შესთავაზა. შეთანხმების პროექტიდან ყველაზე საკამათო მე-9 პუნქტი აღმოჩნდა, სადაც ვკითხულობთ:

”საქართველოს ინტერესებშია, რომ მისი ფაქტორი აღარ ფიგურირებდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება, ქვეყნის დეოკუპაცია და სუვერენიტეტის დაცვა”.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ შეთანხმების ამ პუნქტს ოკუპაციის დაკანონების წინაპირობა უწოდა:

”ეს ნიშნავს, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების იმ ფორმას, რომელიც არსებობდა 2008 წლამდე - ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთი-ერთზე რუსეთთან და, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის არ იქნება მომგებიანი. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს უარის თქმას აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონზე. ამაზე გვთხოვს ჩვენ ”ქართული ოცნება” დავეთანხმოთ და რაღაც კომენტარები გავუგზავნოთ. ამას არანაირი კომენტარები არ სჭირდება - ჩვენი პასუხი ამ შეთანხმებაზე არის - არა.”

11 თებერვალს მთავრობის კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს 21 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ოკუპაციის კანონში დაგეგმილი ცვლილების გამო. ამ ცვლილების თანახმად, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შემთხვევაში პირს, პირველ ჯერზე, მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი შეეფარდება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მხოლოდ იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში მიეცემა.

12 თებერვალს თბილისი მასპინძლობდა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული 6 ქვეყნის მთავრობათა წარმომადგენლებს. არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობდა ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე, რომლის თქმითაც, საქართველოსთან ურთიერთობაში პროგრესი მოსალოდნელია როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზების კუთხით, ასევე ასოცირების შესახებ ხელშეკრულების მიმართულებითაც:

”გამოვთქვამთ იმედს, რომ შეიქმნება შესაბამისი კონდიცია ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად უკრაინასთან და ამ შეთანხმების ნაწილია ეკონომიკური ინტეგრაციაც. ვიმედოვნებთ ასევე, რომ ვილნიუსის სამიტისთვის შესაძლებელი გახდება ასოცირების შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებების დასრულება მოლდავეთთან, სომხეთთან და ასევე საქართველოსთან”.

გასული კვირის მეორე ნახევარში საქართველოს მთავრობის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, მეზობელ თურქეთს სტუმრობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა სახელმწიფო საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძეც:

”თურქეთი გახლავთ ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი - უზარმაზარი მოცულობის ბრუნვა გვაქვს სავაჭრო კუთხით. ენერგეტიკული თემებიდან, მოგეხსენებათ, წლის ბოლოს უნდა გაიხსნას სატრანზიტო ხაზი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქართული ენერგიის ექსპორტი თურქეთში განხორციელდეს. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი... ასევე საპარტნიორო ფონდის კუთხით გვაქვს უზარმაზარი თბოელექტროსადგურის მშენებლობა გარდაბანში, რომელიც 230 მგვტ-ზეა გათვლილი... სპექტრი ფართოა და, ვფიქრობ, ეს ვიზიტი ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველო-თურქეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს”.

თურქეთში ვიზიტისას ასევე გადაწყდა როგორც მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლების რესტავრაციის, ასევე ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, მშენებლობას საქართველოს მთავრობა დააფინანსებს.

გასული კვირის მიწურულს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. 73 რაიონიდან ჩამოსულმა დელეგატებმა პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ნახევარსაათიან გამოსვლაში პარტიის მიზნებსა და წარმატებებზე ილაპარაკა.

„დავიწყეთ საგაზაფხულო სამუშაოები, მივხედეთ განათლებას, გავზარდეთ სტუდენტების დაფინანსება, 14 ფაკულტეტი გავხადეთ უფასო, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ დაიწყო ინვესტიციების ჩადება განათლებაში. ვაზღვევთ ყველა მოქალაქეს, გავზარდეთ პენსიები და სოციალური დახმარებები, შემცირდა გადასახადები, დაიწყო ფასების კლება და მრავალი სხვა. გარწმუნებთ, რომ საქართველოში მალე დაიწყება ჭეშმარიტი აღორძინება და საქართველო დადგება ფეხზე“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყრილობამ ასევე დაამტკიცა პარტიის წესდების ახალი რედაქცია და კენჭი უყარა პარტიის მმართველი ორგანოს, პოლიტსაბჭოს, გაფართებულ - 21 კაციან - შემადგენლობას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG