Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკი საქართველოს ანტიკორუფციულ ბრძოლას მისაბაძად მიიჩნევს


მიხეილ სააკაშვილი წიგნის პრეზენტაციაზე
მიხეილ სააკაშვილი წიგნის პრეზენტაციაზე
მსოფლიო ბანკის თვალთახედვით, უნიკალურია გამოცდილება, რომელიც საჯარო სექტორში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით დააგროვა საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ და უკვე დროა, რომ საქართველოს წარმატებული მაგალითი სხვა ქვეყნებმაც გაითვალისწინონ. “კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სამსახურში - საქართველოს რეფორმების ქრონიკა” - ასე ჰქვია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების მიერ გამოცემულ წიგნს, რომლის პრეზენტაციასაც 31 იანვარს ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. რა სახის კორუფციაზეა საუბარი ამ წიგნში და რა პრობლემები რჩება საქართველოს რეალობაში?

“კორუფციას ხშირად აღიქვამენ, როგორც ადგილობრივ მოვლენას, ტრადიციისა და კულტურის ნაყოფს და, შესაბამისად, - გარდაუვალს. საქართველოს გამოცდილება კი გვაჩვენებს, რომ კორუფციის მანკიერი წრე შეიძლება დაირღვეს და, სათანადო ინსტიტუციური რეფორმების შედეგად, სისტემა ზნეობრივ ჩარჩოში მოექცეს”, - ამბობს ფილიპ ლე უერუ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, რომლის ხელშეწყობასაც განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნავენ საქართველოს შესახებ გამოცემული ახალი წიგნის ავტორები.

როგორც ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა ასად ალამმა აღნიშნა 31 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე, ახალი წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელოს, რომელიც თავისუფლად გამოადგება საჯარო სამსახურში გამეფებულ კორუფციასთან ბრძოლის მსურველ ნებისმიერ ქვეყანას. ასად ალამი ამბობს, რომ საქართველოს წარმატება 8 სფეროს მაგალითზეა გაანალიზებული:
ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ხოლო ცხოვრება რისკის გარეშე მეტად მოსაწყენია. და ის ჯილდო, რომელსაც სწორად გაწეული რისკი თუ რისკს პლუს იღბალი მოგიტანს, ძალიან მაღალია...

”საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბება, საგადასახადო ადმინისტრირება, საბაჟო სისტემის მოწესრიგება, ენერგომომარაგების სანდოობა, ბიზნესის დერეგულირება, სამოქალაქო და საჯარო რეესტრების ამოქმედება, კორუფციის ამოძირკვა უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებზე და მუნიციპალური მომსახურების დეცენტრალიზება.”

მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორის თქმით, წიგნში კონკრეტულად არის გაანალიზებული საქართველოს წარმატების საფუძველიც და დასახელებულ ათ ძირითად ფაქტორს შორის პირველ ადგილს ”ძლიერი პოლიტიკური ნება იკავებს.” თუმცა პრეზენტაციაზე შეკრებილ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ წარმატების რეცეპტთან დაკავშირებული შეკითხვები პირდაპირ მიხეილ სააკაშვილისთვის დაესვათ. საქართველოს პრეზიდენტის მთავარი რეცეპტი კი ასეთია:

”მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ გაბედული იყო... - უნდა გაბედო და გარისკო. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ხოლო ცხოვრება რისკის გარეშე მეტად მოსაწყენია. და ის ჯილდო, რომელსაც სწორად გაწეული რისკი თუ რისკს პლუს იღბალი მოგიტანს, ძალიან მაღალია.”

მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემული ახალი წიგნით კმაყოფილია და ამბობს, რომ მსგავს სახელმძღვანელოს ის სიამოვნებით წაიკითხავდა 2004 წელს და, შესაბამისად, მის გუნდს კორუფციასთან ბრძოლა კიდევ უფრო გაუადვილდებოდა.

წიგნში, სახელწოდებით “კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სამსახურში - საქართველოს რეფორმების ქრონიკა”, მოყვანილია ავტორიტეტული ორგანიზაციის ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” ყოველწლიური ანგარიშის - "გლობალური კორუფციის ბარომეტრის" - შედეგები წლების მიხედვით. გავიხსენოთ, რომ ორგანიზაციის მიერ 2010 წლის 9 დეკემბერს გამოქვეყნებულ ბოლო ასეთ კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავს კორუფციის დონის შეფასებას მოქალაქეთა თვალით, გამოვლინდა საქართველოს ლიდერობა 86 ქვეყანას შორის. კერძოდ, გამოკითხულთა 77%-ის აზრით, მთავრობა ”ეფექტურად” ან ”ძალიან ეფექტურად” ებრძვის კორუფციას; ხოლო გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში კორუფცია "შემცირდა“ ან "ძალიან შესამჩნევად შემცირდა“.
ძალიან სუსტია სასამართლო ხელისუფლება - ის არ არის დამოუკიდებელი; სუსტია პარლამენტი, რადგანაც იქ ერთი პარტია დომინირებს; სუსტია მედია და სამოქალაქო სექტორი...

როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ეუბნება რადიო თავისუფლებას, "გლობალური კორუფციის ბარომეტრი" მხოლოდ დაბალ დონეზე არსებულ, ანუ წვრილმანი კორუფციის მდგომარეობას ასახავს და ამ მხრივ მდგომარეობა მართლაც მისასალმებელია, რადგანაც, ორგანიზაციის ოფიციალური პოზიციით, ”წვრილმანი კორუფცია საქართველოში პრაქტიკულად აღმოფხვრილია”. მაგრამ რჩება სისტემური პრობლემები, რაც ე.წ. ელიტურ კორუფციას უკავშირდება.

”როდესაც საუბარია მაღალი დონის კორუფციაზე, რომც არ არსებობდეს კონკრეტული მტკიცებულებები, იმის გამო, რომ ზედამხედველობის მექანიზმი ძლიერი არ არის საქართველოში, ზედა დონეზე კორუფციის არსებობის შანსი არის ძალიან დიდი. რეალურად კორუფცია მხოლოდ ქრთამის მიცემა ხომ არ არის. კორუფციაა ასევე ძალაუფლების ბოროტად გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა გიგაურმა. მისი განმარტებით, ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მაღალი შესაძლებლობა იმის გამო რჩებათ, რომ საქართველოში, მაგალითად, ”ძალიან სუსტია სასამართლო ხელისუფლება - ის არ არის დამოუკიდებელი; სუსტია პარლამენტი, რადგანაც იქ ერთი პარტია დომინირებს; სუსტია მედია და სამოქალაქო სექტორი.”

სწორედ სისტემური პრობლემების არსებობას მიეწერება ის ფაქტი, რომ ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ანგარიშში საქართველომ 10 მაქსიმალური ქულიდან მხოლოდ 4.1 ქულა დაიმსახურა. საუბარია ”კორუფციის აღქმის ინდექსზე”, რომელიც ორგანიზაციამ 2011 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა და რომელშიც საქართველოს 64-ე ადგილი ერგო.

მაღალი დონის, ანუ ე.წ. ელიტური კორუფცია წარმოადგენს თემას, რომელიც ძირითადად საქართველოს ხელისუფლების მწვავე რეაქციებს იწვევს, როცა მასზე ოპოზიციისა თუ მე-3 სექტორის წარმომადგენლები ლაპარაკობენ. თუმცა ამ პრობლემაზე მსჯელობა აშკარად სცდება საქართველოს საზღვრებს.
მაგალითად, გავიხსენოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2010 წლის 8 აპრილს გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში. მართალია, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ შემცირდა წვრილმანი კორუფციის დონე, მაგრამ აქვე აღნიშნულია, რომ "მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებით 2011 წლის 13 აპრილს მიღებულ რეზოლუციაში კი ვკითხულობთ, რომ არსებობს "მუდმივი ბრალდებები, რომელთა თანახმადაც, მთლიანად არ არის აღმოფხვრილი მაღალი დონის კორუფცია“.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG