Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურა აბაშიძე − მწერალი


29 ოქტომბერი, კვირა

გაღვიძებისას რაღაც ჯანდაბა მემართება, არაფერი მახსოვს, მგონია, რომ ისევ 10 წლის ვარ, მამა შემომაკითხავს ოთახში და შემომძახებს ენერგიულად: „ადექი, ზური, მომართე რული!“ დედა დამხვდება მისაღებში, სარკესთან, თმას რომ იწესრიგებს უტყვი სახით, ჩემი ძმა დამასწრებს აბაზანაში შესვლას და არაფრით არ გამოვა, იმიტომ რომ უკვე 14 წლისაა და უბნის ბიჭებმა ასწავლეს მასტურბირება და სანამ არ გამოვა, საწოლზე წამოვჯდები და დამჯდარი გავაგრძელებ ძილს.

დღესაც იგივე დამემართა: გამეღვიძა და არაფერი მახსოვს. მგონია, რომ მამა ისევ მამაა და დედას ისევ ისეთი ლამაზი თმა აქვს, მიშო ისევ ცოცხალია და ყველაფერი ძალიან კარგადაა და ჩემი ერთადერთი პრობლემა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაა, სადაც ცხრის ნახევარზე ყველა ერთად ვდგავართ დერეფანში და ვუსმენთ, როგორ კითხულობს მამაო ლოცვას მთქნარებით.

მერე გამოჩნდა ნივთები, დავინახე ჩემი ახალი ოთახი, ბინძური კრემისფერი კედლები, ახალი საწოლი, პატარა ტუმბო, ტუმბოზე შემოწყობული წიგნები, გასაშლელი საწოლი, რომელიც ღამე დავკეცე და ზედ უწესრიგოდ შემოვდე ჯინსის შარვალი და მაიკა, გავიხედე ფანჯარაში და ცა იასამნისფერია. ჯერ არ გათენებულა. მერე ისიც გავიაზრე, რომ საკუთარ სახლში ვარ მარტო, ნაქირავებში, სუფთა და პატარა, 40-კვადრატიან დაშენებაში, რომ არანაირი მამა არ არსებობს, რომ დედა სულ სხვა ქალაქშია, რომ მიშო საერთოდ, საერთოდ აღარ არის, არც იქნება აღარსად და აღარასდროს და მე, ყოველ დილას, ამ ინფორმაციის თავიდან და თავიდან მიღება მომიწევს.

ცუდ ფიქრებს ვიშორებ თავიდან და სააბაზანოში გავდივარ, დღეს პრომოს გადაღებებია და ამიტომაც ვიღვიძებ ასე ადრე. „წიგნების თარო“ ახალ პროექტს იწყებს − „მოსწავლეების არჩევანი“. ჯერ პრომოს გადავიღებთ, მერე დამონტაჟდება, კვირის ბოლომდე დაანონსდება კიდეც და მოსწავლეები ხმის მიცემით აირჩევენ 21-ე საუკუნეში დაწერილ საყვარელ ქართულ წიგნს. ძალიან ამაყი ვარ, ამ იდეის ერთ-ერთი ავტორი მეც რომ ვარ და ძალიან მიხარია, პირველად რომ ეძლევათ მოსწავლეებს შანსი, მიიღონ გადაწყვეტილება და დაასახელონ თავიანთი საყვარელი თანამედროვე ქართველი ავტორი და მისი წიგნი.

მთელ დღეს ლისის ტბაზე ვატარებთ. პირველი საათისთვის 50-მდე ბავშვი იყრის თავს ტბასთან, 15-18 წლამდე ახალგაზრდები. ყველა მხიარულობს, უხარიათ ერთმანეთის ნახვა, ჰყვებიან ახალ ამბებს, ხუმრობენ, იცინიან, ეხუტებიან ერთმანეთს. იქვე ვდგავარ მეც და ვაკვირდები. ზუსტად ვიცი, რომ არავის ცხოვრება არ არის დალხენილი, ვიცი, რომ 15 წლის ადამიანსაც შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდეს, ზუსტად ვიცი, რომ არ არსებობს დიდი და პატარა პრობლემები, რომ პრობლემა და ტკივილი იმხელაა, რამხელაც არის ადამიანი და ზუსტად იმის ატანა შეგვიძლია, რაც ჩვენამდე მოდის. მაგრამ უცებ ძალიან მინდება, მეც 17 წლის ვიყო, მეც მათიანი ვიყო, ვიცინოდე, ვმხიარულობდე და მიყვარდეს მათნაირად, ისევ ვფიქრობდე ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიაზე, დილის სავალდებულო ლოცვაზე და ყველა ოჯახის წევრი გვერდით მყავდეს. ცოცხლები და საღები.

უკანა გზაზეც იმავე ფიქრებში ვარ.

30 ოქტომბერი, ორშაბათი

მთელი დღე ჩაწერები და გასაუბრებები ბავშვებთან. შერჩეულ ლოკაციაზე შუქი ჩაქრა და სასწრაფოდ მოგვიწია დემონტაჟი, მერე ტელევიზიის შენობას მივასკდით მეორე ტურში გასულ მოსწავლეებთან ერთად და უცებ ავარჩიეთ ახალი ადგილი. რეჟისორი, გამნათებლები, ხმის რეჟისორი და ოპერატორები სწრაფად დაფუძნდნენ ახალ ადგილას და დავიწყეთ გასაუბრებები. მოსწავლეები ნერვიულობენ, ყველას უნდა გადაცემაში მოხვედრა. მეც ვამშვიდებ და ვაგულიანებ, სხვა არაფერი შემიძლია.

საღამოს ანიტასთან ავედი, დრო და ცვლილებები ვერაფერს აკლებს ძიძიგურების სამზარეულოს. ისევ ისეთი განწყობა და ინტიმია იქ. შემოვსხდებით სამკუთხედთან, დავიდგამთ ყავას და მიდის გარჩევა ჩვენი თუ სხვების ცხოვრების. ნინიკო რემონტზე წუწუნებს: რამდენიმე კვირის რემონტი დაამთავრა ვერის ბინაში და გუშინ მთელი სახლი დატბორა − თავიდან გახდა სარემონტო. ანიტა ახალ სამსახურზე და გადატვირთულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წუწუნებს, მაკა სკოლის ამბებს ყვება, ხანდახან მგონია, რომ ორი ოჯახი მაქვს: ერთი იქ, ბათუმში, და ერთი აქ, დიღმის მასივში, ძიძიგურების სახლში. აქ არც სკამზე ფეხის შემოდგმა მერიდება და არც გემრიელად ჭამა.

მაგრამ, ამის მიუხედავად, ბოლო დროს მაინც მერიდება ხოლმე ადამიანებთან ურთიერთობა. მგონია, რომ დავდივარ და სიკვდილს დავატარებ, მიყურებენ და არ იციან, რა მითხრან, ვერ ხვდებიან, უნდა მკითხონ თუ არა, როგორ ვარ, გამოვედი თუ არა მდგომარეობიდან. მეც ჩვეულებრივზე ადრე მოვდივარ სახლში, არ მინდა სხვების დამძიმება, არ მინდა იფიქრონ, რომ პრობლემა ვარ, არ მინდა, ისედაც რთული ცხოვრება ვინმეს კიდევ უფრო გავურთულო, თან ლადო არის დაპირებული, ღამე შენთან დავრჩები, ჩაი დავლიოთ და მომიყევი, რა ხდება შენკენო.

სახლში მოვდივარ, თავს ვიწესრიგებ და წიგნის კითხვას ვიწყებ. უცებ ფხაკუნის ხმა მესმის, თავიდან ყურადღებას არ ვაქცევ, ვაგრძელებ კითხვას. ბოლოს ფხაკუნი უფრო საშინელ ხმაში გადადის. მერე სამზარეულოში ონკანი სკდება და სამ წუთში ახერხებს მთელი მისაღების დატბორვას. მეც დავრბივარ გიჟივით, არ ვიცი, რა ვუშველო ამდენ წყალს, სად გადავკეტო. ბოლოს მეზობლები გამახსენდა, ჩავვარდი სწრაფად ქვემოთა სართულზე ღრიალით, მთელმა კორპუსმა გამოყო თავი, ამომივარდნენ სახლში და როგორღაც გადავკეტეთ წყალი.

მერე მშრალი ტილოებით მომამარაგეს, მომიხურეს კარი და დავრჩი ამ დატბორილ მისაღებში მარტო. ლადოც აგვიანებს, ვწურავ, ვწმენდ, მერე ისევ ვწურავ, თან ნერვები მეშლება, ნეტა არ გაჩერებულიყო წყალი, აევსო მთელი ბინა და მეტივტივა წყალში, ისე, რომ ვერავის გაეგო, სანამ ჩემს ნევროტიკ მეზობელს კედლები არ დაულპებოდა და სახლის კარს არ ჩამომიღებდა ბრახუნით.

გვიან ღამე ლადოც მოვიდა, გაშალა დასაკეცი საწოლი. უკვე ყველაფერი დალაგებული მაქვს, წყალიც დავაშრე, ბოლოჯერ გადავუსვი მშრალი ტილო იატაკს. ასე ახასიათებს, როცა მჭირდება, მაშინ სადღაც არის, ჩემით რომ მოვაგვარებ რაღაცებს, მერე გამოჩნდება.

მთელი ღამე ვზივარ და ვფიქრობ. რაც კი ოდესმე დამიწერია, რაც კი ოდესმე ცუდი რამ გამიკეთებია ჩემი პერსონაჟებისთვის, ზუსტად იგივე ცუდი რაღაცები მერე მეც მემართება, ხშირად შენივე პერსონაჟები შურს იძიებენ შენზე.

31 ოქტომბერი, სამშაბათი

დილიდან ისევ გასაუბრებები, ამჯერად წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ვიღებთ. 11 გუნდს უნდა გავესაუბროთ, მერე ვიბჭოთ, ვიკამათოთ და გადაცემაში მოხვედრილი 32 სკოლის სახელები განვათავსოთ ფეისბუკზე.

გასაუბრებებს და გადაღებებს საღამოს 6 საათისთვის ვამთავრებთ, მერე მოვდივართ პირველი არხის შენობისკენ და ვიწყებთ 32 გუნდის არჩევას. თავიდან ყველაფერი მშვიდად მიდის, მეორე ტურში სულ 48 გუნდია გასული, 16 სკოლა უნდა დარჩეს გულნატკენი და ცოტას ვნერვიულობ.

საბოლოოდ, გადაწყვეტილებას ვიღებთ. ორ სკოლაზე განსაკუთრებით ბევრს ვფიქრობთ. სულ ხუთნი ვართ, დავჭამეთ ერთმანეთი და ბოლოს შედეგებსაც ვდებთ. ძალიან დამძიმებული გამოვდივარ ტელევიზიის შენობიდან − იმ 16 გუნდზე ვფიქრობ, გადაცემის მიღმა რომ დარჩა.

მაგრამ თავს იმ 32 გუნდით ვიმშვიდებ, ვისი ცხოვრებაც დღეს მთლიანად შეიცვლება. უკვე მეოთხე სეზონი გადის გადაცემა და ძალიან მაგარია, როცა ბავშვები ამტკიცებენ, რომ არაფრით ჩამოუვარდებიან წინა თაობას, რომ სინამდვილეში დღევანდელი მოზარდი უფრო მეტს კითხულობს, ვიდრე ჩვენი მშობლები. „წიგნების თარო“ ვიღაცისთვის, შეიძლება, ჩვეულებრივი გადაცემაა, მაგრამ ჩვენთვის, გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფისთვის, ერთი დიდი იდეაა და ზუსტად ვიცით, რომ ეს ბავშვები, 15-18 წლამდე ახალგაზრდები გაიზრდებიან, უკეთესი ადამიანები იქნებიან, უფრო მეტი შანსი ექნებათ ცხოვრებაში და დიდ, ძალიან დიდ საქმეებს გააკეთებენ. და ამ დიდ საქმეებში პატარა წვლილი „წიგნების თაროსაც“ ექნება.

1 ნოემბერი, ოთხშაბათი

საღამოს მეგობრებთან ერთად მივდივარ კინოში. სეანსის დამთავრების შემდეგ ათონელის ქუჩისკენ მივიწევთ და ცოტას ვსვამთ. სალომე და დათა გვიან უერთდებიან საერთო მხიარულებას.

მეუბნებიან, რომ ბევრი რამით უნდა იამაყო. იამაყო იმით, რომ ყოჩაღი ბიჭი ხარ, იმით რომ ადრეულ ასაკში მოახერხე ბევრი რამ, იამაყო იმით, რომ წიგნი დაწერე 21 წლის ასაკში, მერე იმ წიგნს წარმატება ხვდა წილად, ხალხმა გაგიცნო, „საბა“ აიღე, კარგი სამსახური გაქვს, ადამიანებს უყვარხარ, მაგრამ, რაც დრო გადის, ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი აზრს კარგავს და რჩებიან ადამიანები, მეგობრები, რომლებსაც ჩემ გვერდით და ჩემთან ერთად სიარული არ ეზარებათ.

დახედავ, ყველა მშვენიერი ვართ, ახალგაზრდები, საშინლად გამოუცდელები, ლამაზები, მხიარულები, მთელი საღამო ვიცინით, ჰიუ ცდილობს, სტამბოლში მოგზაურობას მოაბას თავი და ჩვენც აგვიყოლიოს, ვგეგმავთ, ვლაპარაკობთ, სად წავალთ, რას ვნახავთ. ვიცინით, ვხუმრობთ, ვმაიმუნობთ. უცებ გონება მეთიშება, ვეღარ მივყვები მეგობრების საუბარს და ვფიქრობ, ღმერთო, რა მაგარია, აქ რომ არიან, რა მაგარია, რომ სუნთქავენ, რა მაგარია, ასე ჯანმრთელები და კარგები რომ არიან...

ჰიუ, თემუკა და სალომე ადრე გადიან ბარიდან. ღამე ჰიუ მწერს, სალომემ უკანა გზაზე იტირაო, არ ვიცი რატომ, თვითონაც ვერაფერი გვითხრაო. ხანდახან ძალიან სევდიანია ეს სამყარო და ადამიანები ამ სამყაროში. ყველას რაღაც გაგვჭირვებია. თემუკა მშობლიურ ქალაქში არ ჩადის, თებერვალში იყო ბოლოს, ჰიუმ წარსული დაივიწყა და სახელიც კი შეიცვალა, ტუხა ყელამდე ვალებშია, ანიტას გამუდმებით რაღაც აწუხებს, დათა უცნაურადაა ჩაფიქრებული, თინურის ერთი ლარიც არ უჩხრიალებს ჯიბეში, სახლამდე რომ მივიდეს, სალომე უკანა გზაზე ტირის, თვითონაც არ უნდა, რომ ტიროდეს, მაგრამ მაინც ტირის. ამ ბოლო დროს მიჭირს, მივხვდე, საერთოდ რატომ ვცოცხლობთ, არ მინდა, ცხოვრება გაუსაძლისი ტკივილების ატანა იყოს და მუდმივ მზადყოფნაში ვიყოთ, რომ დიდი, ძალიან დიდი უბედურება მოვა.

2 ნოემბერი, ხუთშაბათი

სამსახურში გვიან მივდივარ, კარგად გამოძინებული. საღამოს ლადო შემითანხმდა შეხვედრაზე, პაემანი და რამე − „დეიტი“, როგორც დღეს ვამბობთ. უნივერსიტეტთან მოდი და დაგხვდები, ცოტა ფეხით გავიაროთ, დღეს შენთან ვერ დავრჩებიო.

სინამდვილეში ლადოს საერთოდ არ ჰქვია ლადო, მაგრამ არ მინდა, რამე უხერხულობა შეექმნას სახელის ხსენებით. გზად ვერის ბაღისკენ ვეუბნები, რომ დღიურებს ვწერ, რომელიც რადიო თავისუფლებაზე დაიდება, ჩვენზეც ვლაპარაკობ და სახელის შეცვლა მიწევს და ლადოს გარქმევ-მეთქი. ლადოც მიყურებს, იღიმის შტერივით: ლადო რა პონტია, რამე უფრო საყვარელი დამარქვიო. საყვარელს რას ეძახი-მეთქი, ვკითხე მე. აი, ხო მიყურებ, იმენა ჯეიმსი არ ვარო, თავს ვუქნევ და ვეთანხმები, მაგრამ მე მაინც ლადოს ვარქმევ. ჯეიმსი სხვა რეალობაში ცხოვრობს, ჯეიმსის ცხოვრება, ალბათ, უაზრო შიშებით არ არის სავსე.

ლადო რამდენიმე წლის წინ გავიცანი. იმის მერე არაფერი, პერიოდულად მოუფრენდა და მომწერდა. ძმა რომ გარდამეცვალა, გასვენების მეორე დღეს დამირეკა, თავი გამახსენა და უცებ ძალიან გამიკვირდა, იმ კოშმარულ დღეებში დავიწყებული მქონდა, რომ არსებობს სიყვარული, ბიჭი, რომელიც მოგწონს, რომ არსებობს კინო, თეატრი, კაფე, ბარი, გართობა, მეგობრები, სექსი, ბევრი დალევა და გულის წასვლამდე ზასაობა და უცებ მისმა სიტყვებმა ეს ყველაფერი უკან დამიბრუნა, ყველაფერი ერთად მომაწყდა და მე გადავწყვიტე, რომ ის არის, ვინც მე ახლა და ამ დროს ყველაზე მეტად მჭირდება.

იმის მერე ლადო წარმატებით აგრძელებს თავისი როლის შესრულებას, ვუყურებ და სიცოცხლეს არიგებს სრულიად უსასყიდლოდ, არასოდეს ჩერდება, სულ ცდილობს, ამომათრიოს ცუდი ფიქრებიდან, პრობლემებთან ბრძოლის თავისებური მეთოდები აქვს, რომელსაც მეც ვსწავლობ თანდათან.

ვერის ბაღში გავჩერდით, ლადო დაძაბულია, რამდენჯერაც ვინმე ჩაგვივლის, ხმას იდაბლებს ან მე მაჩუმებს. არადა, ისეთს არაფერს ვამბობთ, მაგრამ ორივე დაძაბულები ვართ. რამდენჯერაც ხელი გავაპარე და ხელის ჩაკიდება გადავწყვიტე, იმდენჯერ ვიღაცამ გამოიხედა ან გამოიარა და თავი შევიკავე. ვერის ბაღში მოსეირნე ძაღლებიც კი გვაკონტროლებენ. ქუჩაში მოვდივართ, ვერ ვეხები, გზაზე გადავდივარ, ვერ ვკიდებ ხელს, შეშინებულები ვართ, ჩემს თავზე არ ვნერვიულობ, ლადოს გამო ვარ ასე, იმის გამო, რომ ლადო ჩემსავით გაბედული ვერ არის.

მერე იტყვიან, ვის გავიწროებენ, ვინ დაგჩაგრათო. არადა, ხომ ფაქტია, ყველაზე მაგარი ბიჭის სახელს ვერ ვამბობ ხმამაღლა, ვერ ვამბობ, რა მაგარია, როცა ვიღაც გიყვარს და იმასაც უყვარხარ, რა მაგარია, როცა ღამე გეღვიძება და შენს გვერდით წევს, აქ არის და გამორიცხულია, კოშმარებს არ ნახავ, რა მაგარია, როცა გპირდება, რომ მარტო არასდროს იქნები, რომ სულ იზრუნებს შენზე, რომ შეგარიგებს სიკვდილთან.

3 ნოემბერი, პარასკევი

ერთადერთი ვალდებულება მქონდა აქამდე ოჯახთან, საღამოს სახლში რომ მივიდოდი, უნდა ამეღო ტელეფონი და დამერეკა დედასთან. ამ ბოლო დროს ეს ვალდებულებები გაიზარდა, თან ძალიან მიჭირს ოჯახისგან შორს ყოფნა. მეშინია, რომ თავს ვერ გავართმევ, ერთადერთი ნანუკი მივსებს ამ სიშორეს, საღამოობით წვრილად მომიყვება, რა მოხდა, ვინ გააბრაზა, ვინ გაახარა, ნიკო როგორ იქცეოდა, მაშომ რამდენი იძინა და ასე შემდეგ.

ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ ჩემი ძმისშვილი ნიკოც უცნაურად მომეჯაჭვა. სინამდვილეში ვერ ვხვდები, მას უფრო ვჭირდები თუ მე უფრო მჭირდება ხუთი წლის ბავშვი, რომელსაც ყველაზე ბუნებრივი რეაქცია აქვს სიკვდილზე. მისთვის მამასთან ურთიერთობა არ დასრულებულა, იცის, რომ სადღაც არის, იცის რომ იქ კარგია და ისიც გაიგო, რომ, როცა დაბერდება, თვითონაც წავა მამასთან. მეც რომ შემეძლოს ამ მარტივი ჭეშმარიტების მიღება, ცხოვრება, ალბათ, უფრო იოლად ასატანი იქნებოდა.

გუშინ ტირილით დამირეკა სამსახურში, გინდა თუ არა, უნდა მელაპარაკო ცოტა ხანიო. მეც ველაპარაკე, ცოტა დაწყნარდა, პირობა დამადებინა, რომ მალე ჩავალ ბათუმში, ჩავუტან სათამაშოებს მას და მაშოს და მერე ისე, სასხვათაშორისოდ მითხრა, ნანა და ირმა ხანდახან ტირიან, თუ გინდა წავიდეთ, საფლავი ამოვთხაროთ და მამა ამოვიყვანოთ, აღარ იტირებენო. ვიცი, ცუდია ბავშვთან ტირილი, მაგრამ უფრო რთული ცრემლების შეკავებაა.

ერთი ფეხი აქ, თბილისში მაქვს, მეორე იქ − ბათუმში.

4 ნოემბერი, შაბათი

შაბათები აღარ მიყვარს. როცა ბევრი საქმე მაქვს, დრო აღარ მრჩება ფიქრისთვის, დილიდან სადღაც მეჩქარება, შაბათ დილას საქმე არაფერი მაქვს, შემიძლია იმდენ ხანს ვიწვე, რამდენიც მინდა. ამიტომ სწრაფად ვდგები საწოლიდან და საღამოს დაგეგმილი ინტერვიუსთვის ვემზადები, დღეს თამარ თანდაშვილთან უნდა ჩავწერო ინტერვიუ ჟურნალ „ბათუმელებისთვის“.

ყოველთვიურად ერთ ქართველ ავტორს ვირჩევთ მე და ნანა კვაჭაძე, მერე კითხვებს ვამზადებ და თვის დასაწყისში ვხვდები, აქამდე ორ ავტორთან ჩავწერე ინტერვიუ, ორივეს კარგად ვიცნობდი და გამიადვილდა. თამარს არ ვიცნობ, ორი რომანი წავიკითხე: „მატერიკონი“ და „სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქი“, და სულ ეგ არის. ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ ვიცი, როგორც კი კითხვების დასმას დავიწყებ, მაშინვე გაქრება ნერვიულობა.

მერე ფეისბუკზეც შევდივარ. მეგობარი მილოცავს, ჩემი სადებიუტო წიგნი „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ გერმანულად ითარგმნება 2018 წელს. გერმანულმა გამომცემლობამ უკვე შეიძინა საავტორო უფლებები და ერთი კვირა ჩემს გამომცემლობასთან ერთად ვზეიმობ ამ მაგარ ამბავს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავიდა წიგნის გამოცემიდან, „წიგნები ბათუმში“ და ნინია მაჭარაშვილი მაინც აქტიურად აგრძელებენ წიგნზე ზრუნვას და ყველანაირ კომფორტს მიქმნიან. თუ რამე შეეძლო ერთ პატარა წიგნს, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტმა“ ყველაფერი გააკეთა, მომცა დიდი სიმშვიდე, შემახვედრა უამრავ ადამიანს... პრემია „საბა“, ხალხის სიყვარული, მკითხველი და აგერ უკვე გერმანულ ენაზეც ითარგმნება.

ინტერვიუმ თამარ თანდაშვილთან ძალიან კარგად ჩაიარა. როგორც კი მოვრჩით, დავჯექი და დღიურის წერა გავაგრძელე. ცხოვრებაში ორჯერ დავწერე დღიური, ერთხელ უნივერსიტეტში, შემოქმედებითი წერის კურსის ფარგლებში და მეორედ − ახლა. პირველად რომ დავწერე, სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო ჩემთვის, დღიურს პირველი მოთხრობა მოჰყვა, მეორე, მესამე და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, მეორე მცდელობაც წარმატებული გამოდგება.

რაც მიშო წავიდა, წერა მიჭირს. იმდენი რამ ხდება ჩემს თავში, მიჭირს დავჯდე და დავალაგო ეს ყველაფერი. არადა, ვიცი, რომ წერა ძალიან მიშველის, ვიცი, რომ არსებობს ორი სამყარო: ერთი ეს და მეორე − ლიტერატურული და, თუ ვიპოვი ძალას, რომ ისევ ვწერო, იმ სამყაროში ყველაფერი კარგად იქნება, იქ არავინ მოკვდება, იქ ღვედს გადაიკრავს, ზუსტად ვიცი, რომ იქ ბედნიერი ვიქნებით, ვიცი, რომ იქ ხმით ტირილი არ მომინდება. იქ ყოველთვის ცოცხალი იქნება ჩემი ერთადერთი ძმა, იქ 27 წლისაც გახდება, ლიტერატურულ სამყაროში არ იარსებებს 16 სექტემბერი, იმ სამყაროში დავბერდებით ერთად და ყოველთვის ერთად ვიქნებით და ვერავინ, ვერასდროს დაივიწყებს მის სახელს.

ძალიან მაგარია, როცა შეგიძლია, ადამიანი სადმე მაინც აცოცხლო და არ გაიმეტო სამუდამო დავიწყებისთვის.

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:14:14 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG