დოკუმენტი, რომელიც სატრანსპორტო თუ ლოგისტიკური კავშირების გაძლიერების პოტენციალის მქონე მნიშვნელოვან პროექტებს ჩამოთვლის, მხოლოდ საქართველოს არ შეეხება. ახსენებს სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც.
“როდესაც TCTC-ს [“შუა დერეფანს”] განიხილავენ - ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი გამოდიან საკვანძო მოთამაშეებად ჩინეთიდან ევროპისკენ გზაზე. თუმცა ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის სომხეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა და უკრაინა ასევე აქვთ მნიშვნელოვანი როლი”, - აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით EY Baltic UAB-მა მოამზადა. ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის (DG ENEST) მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში მითითებულია, რომ კვლევა შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის პოზიციას.
კვლევაში ლაპარაკია ევროპასთან დამაკავშირებელ წყალქვეშა კაბელზე - პროექტზე, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „[ანაკლიის] პორტის პროექტი მეტად პოლიტიკურია” და “ამჟამად China Communication Construction Company-ის (CCCC) ხელმძღვანელობით ხორციელდება”. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ აშენების შემთხვევაში - „ანაკლიას შეუძლია მნიშვნელოვნად გააძლიეროს საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს შუა დერეფნის განვითარებას”.
თავდაპირველი პროექტით, პირველი გემი ანაკლიას 2020 წელს უნდა მიეღო - სწორედ იმ წელს, როდესაც "ქართული ოცნების" მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება გაწყვიტა. მაშინ ოფიციალურ მიზეზად მთავრობამ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა; თავად კონსორციუმი კი სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეშლაზე ლაპარაკობდა. ამ საქმეზე სახელმწიფომ ორი საარბიტრაჟო დავა მოიგო.
ფოთის, ბათუმისა და ანაკლიის პორტების შესაძლებლობების განვითარება, კვლევის თანახმად, მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ წყალქვეშა კაბელისთვის და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საჭირო მძიმე აღჭურვილობის გადატანა მოხერხდეს.
მძლავრი წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება ბრიუსელმა ჯერ კიდევ 2022 წელს მიიღო. მაშინვე ითქვა, რომ ეს კაბელი საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც ევროპაში მწვანე ენერგიის ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს.
ბრიუსელის სიგნალი და ორმაგი სტანდარტი?
“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 თებერვალს ბრიფინგზე მიანიშნა, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს მიიჩნევს სიგნალად - რომ შესაძლოა, ევროკავშირი საქართველოსთან დიალოგის განახლებას გეგმავდეს.
“რაც შეეხება ევროკავშირს, შეიცვალა მთლიანად პოლიტიკური კონტექსტი და ამ ფონზე შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება, მაგალითად - რუსეთის ფედერაციის მიმართ. სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ევროპელი ბიუროკრატები, რომ უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ "პრორუსულ საქართველოს" ხელისუფლებასთან, ბრჭყალებში, მოუნდებათ დიალოგის დაწყება… ორმაგი სტანდარტები არის სერიოზული პრობლემა დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში”, - ასე უპასუხა კობახიძემ კვლევის შესახებ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას.
მისივე განმარტებით, “ემპირიულ კვლევაზე დაფუძნებულ დოკუმენტებში” ყველაფერი ობიექტურად არის ასახული და რომ “უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს არავითარი კავშირი არა აქვს სინამდვილესთან”.
“ეს [კვლევა] არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ ხედავს ობიექტური მკვლევარი საქართველოში შექმნილ ვითარებას”, - თქვა კობახიძემ.
კვლევაში, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე 6 თებერვლით თარიღდება, შეფასებულია არა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ადამიანის უფლებების მდგომარეობა, რომელთა გაუარესების გამო აკრიტიკებს ბრიუსელი თბილისს, არამედ ლაპარაკია საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასა და სატრანზიტო როლზე - რასაც ევროკავშირი ყოველთვის აღიარებდა.
2024 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა, დემოკრატიული უკუსვლის გამო, კანდიდატი ქვეყნის - საქართველოს - გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განაცხადა, მმართველმა პარტიამ კი ევროკომისია შანტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა და 2028 წლამდე პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება, ბრიუსელსა და თბილისს შორის შეჩერდა მაღალი დონის შეხვედრები, გაიყინა თანამშრომლობის არაერთი მიმართულება, დაპაუზდა დახმარების პროგრამები, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესდა სავიზო შეზღუდვები.
ანაკლია - როგორც პლატფორმა
ანაკლიის პორტის განვითარების მნიშვნელობაზე ირაკლი კობახიძემ თებერვლის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისასაც ილაპარაკა. თქვა, რომ “ანაკლია არა მხოლოდ პორტია, ის პლატფორმაა ტრანზიტის მაჩვენებლების ზრდის, გლობალური გადაზიდვის ხაზების მოზიდვისა და შავი ზღვის, როგორც ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი კარიბჭის, როლის გასაძლიერებლად”.
თუმცა მას არ აუხსნია, ვინ აშენებს ამ პორტს და რა ეტაპზეა ამჟამად.
...და გაჭიანურებული მშენებლობა
თითქმის 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი იბარებდა და კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდებოდა. ამ კონსორციუმში შედიან ჩინური სახელმწიფო კომპანია China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) და სინგაპურში რეგისტრირებული China Harbour Investment Pte. Ltd, რომელიც, სხვადასხვა წყაროს ცნობით, იმავე ჩინური სახელმწიფო კომპანიის შვილობილია.
მალევე გაირკვა, რომ CCCC აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) კონსოლიდირებული სანქციების (Non-SDN) სიაშია შეყვანილი.
ეკონომიკის სამინისტრომ მაშინ გამოაცხადა, რომ შერჩეულ კონსორციუმს ორი მნიშვნელოვანი კონტრაქტორი ჰყავს - ორივე ჩინური კომპანიაა: CRBC - „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია“ (China Road and Bridge Corporation); QPI - „ცინდაოს საერთაშორისო პორტი“ (Qingdao Port International).
2025 წლის მიწურულს, “ქართული ოცნების” ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ “სატენდერო პროცესი დასრულებული არ არის”, კონსორციუმთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს - “რამდენიმე გამოკვეთილ საკითხზე”, რათა საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი.
„ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების პროცესი მალე უნდა დასრულდეს და ასევე ის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული”, - ქვრივიშვილმა დააზუსტა ასევე, რომ:
- მშენებლობა აქტიურ ფაზაში 2026 წლიდან გადავა.
- პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს და ნავსადგური დაახლოებით 600 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
- 2036 წელს დასრულდება პროექტის მეორე ფაზა - როდესაც ნავსადგურის გამტარუნარიანობა უნდა გაორმაგდეს და მილიონზე მეტი კონტეინერის მიღება და დამუშავება უნდა შეძლოს.
სპეციალისტებს ანაკლიის პროექტის სწრაფი და წარმატებული განვითარება ეეჭვებათ.
თბილისში, 2014 წელს დაფუძნებული “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” შეფასებით, ანაკლიის „ბლოკირებით“ – საქართველომ რეგიონში გლობალური მოთამაშის სტატუსი დაკარგა; ხოლო რუსეთს მიეცა შესაძლებლობა, დაეუფლოს ცენტრალური აზიის სტრატეგიულ ტვირთნაკადებს.
“ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის გადავადებამ, საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს დააკარგვინა შესაძლებლობა, ჩამოყალიბებულიყო, როგორც რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის რეალური ალტერნატივა”, - ვკითხულობთ შუა დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობების შემსწავლელი ცენტრის მიერ იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ტექსტში ასევე ნათქვამია:
- "იმ ვითარებაში, თუ ტვირთების გადაზიდვა გამიზნული იქნებოდა აღმოსავლეთის, კერძოდ, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის, ავღანეთის და პაკისტანის მიმართულებით, შავი ზღვის აღმოსავლეთით განთავსებული ღრმაწყლოვანი ანაკლიის ნავსადგური ტვირთნაკადების გადანაწილების ყველაზე მიმზიდველი და ოპტიმალური წერტილი იქნებოდა".
- "ანალოგიურ დატვირთვას შეიძენდა ანაკლიის ნავსადგური აღმოსავლეთიდან, ძირითადად, ჩინეთიდან მომავალი ტვირთებისათვის, ანაკლიას - როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენ წერტილს, დაემატებოდა, კასპიის ზღვაზე, სინქრონულად მშენებარე - ყაზახეთის, თურქმენეთის და აზერბაიჯანის ახალი სანავსადგურე სიმძლავრეები, რაც ჩინეთის ტვირთებისათვის წარმოქმნიდა თანამედროვე სატრანსპორტო დერეფნის კარკასს, რომელიც ერთობლიობაში გახდებოდა რუსეთზე გამავალი დერეფნის მყარი ალტერნატივა".
ექსპერტების დისკუსიებში პროექტის გაჭიანურებაზე იკვეთება მოსაზრება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება სიფრთხილეს იჩენს - რადგან სტრატეგიული პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა პრინციპული საკითხია აშშ-სთვის.
- 2025 წლის აპრილში, აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“ [“ჰელსინკის კომისია”] მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თუ ანაკლიის პორტი ჩინეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება, ეს იქნება სტრატეგიულ აქტივის დათმობა იმ ქვეყნის მთავრობისთვის [ჩინეთი], რომელიც არ იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და არ აღიარებს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურას.
- 2025 წლის სექტემბერში, შეერთებული შტატების „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში“ [“ჰელსინკის კომისია”] საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე აღინიშნა, რომ "ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაახლოება რუსეთთან, ირანსა და ჩინეთთან ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას.
"ჰელსინკის კომისიის" თანათავმჯდომარე კონგრესმენი ჯო უილსონია, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კანონმდებელი სამხ. კაროლინიდან, რომელიც თავადაც სარგებლობს პრეზიდენტის მხარდაჭერით, უილსონი საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და საგარეო კურსის ცვლილების შესახებ აშშ-ის კონგრესში გაკეთებული მრავალი განცხადების ავტორი ან თანაავტორია. “ქართული ოცნება” მას “დიპ სტეიტის” აგენტს უწოდებს.
კონგრესმენ უილსონის ინიციირებული “MEGOBARI აქტი”, რომლის ფორმალური დასახელებაა "აქტი საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, სენატში კი, გარკვეული შეფერხებების მიუხედავად, მისი დამტკიცების იმედი ჯო უილსონს და მის თანამოაზრეებს კვლავ აქვთ.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" [ADC], რომელმაც საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წელს დაკარგა, შედიოდნენ: „თიბისი ჰოლდინგ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International-ი (ნიდერლანდი),Wondernet Express-ი (ბრიტანეთი), შპს G-Star-ი (ბულგარეთი), Conti International-ი (აშშ) და ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი.
ბოლო დავა ვაშინგტონის არბიტრაჟში ჰოლანდიელი ინვესტორის, ბობ მეიერის სარჩელის საფუძველზე დაიწყო. ის ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩადებული ფულის დაბრუნებას ითხოვდა. მანამდე, 2024 წლის ივნისში, საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი.
ალტერნატივა - კიდევ რა წერია კვლევაში?
ევროკომისიის DG ENEST-ის კვლევაში საქართველოს შესახებ ასევე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დამყარებული მშვიდობის ფონზე, შესაძლებელი გახდა სატრანსპორტო კავშირის დამყარება ამ ორ ქვეყანასა და თურქეთს შორის, რაც სამომავლოდ შესაძლოა განხილულ იქნას ევროკავშირის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ნაწილად.
“მარშრუტი სიუნიქის [“ტრამპის მარშრუტი”] გავლით, რომელიც პოზიციონირებს TCTC-ის [ტრანს კასპიური სატრანსპორტო დერეფანი - შუა დერეფანი] საქართველოს სეგმენტის ალტერნატივად, შეძლებდა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელოვან გაძლიერებას”, - წერია კვლევის ტექსტში.
“ტრამპის მარშრუტი” წარმოადგენს დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტისა სომხეთსა და აზერბაიჯანში, 9-11 თებერვალს. 4 თებერვალს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვენსი ჩადის, რათა „გააძლიეროს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (პროექტი TRIPP-ი)“.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სამხრეთკავკასიურ მარშრუტში საქართველო არ შედის.
წინასწარი ინფორმაციით, 19 თებერვალს ფაშინიანი და ალიევი გეგმავენ, დაესწრონ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს ვაშინგტონში.
ამ საბჭოში არ არის მიწვეული საქართველო.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ყოფილი ელჩის აშშ-ში - თედო ჯაფარიძის წერილში, რომელიც რადიო თავისუფლების “თავისუფალი სივრცის” პორტალზე გამოქვეყნდა, ანაკლიის პორტი "შუა დერეფანში" საქართველოს პოზიციების გამყარების მთავარ საყრდენად არის განხილული, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და რეალობაში, როდესაც საქართველოს მთავარი სიმდიდრეცა და საფრთხეც მისი გეოგრაფიაა, ყველაზე უარესი შედეგი კი - „ყურადღების რადარიდან“ გაქრობა.
“დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში ის [ანაკლია] სტრატეგიული პლატფორმაა – ბერკეტი ვაჭრობისთვის, კავშირებისთვისა და მდგრადობისთვის. ეს იმ ტიპის პროექტია, რომელიც ევროპას აზიასთან წვდომას განუმტკიცებს, ავტორიტარული ქვეყნების მიერ შემოთავაზებულ მარშრუტებზე დამოკიდებულებას შეამცირებს და დასავლეთს რიტორიკის ნაცვლად პრაქტიკულ არჩევანს მისცემს", - წერს ჯაფარიძე.
ფორუმი