Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია II-ის დაკრძალვა: გამოსამშვიდობებელი სიტყვები და გზავნილები

„გვიყვარხარ პატრიარქო!“ - ამ შეძახილებისა და ტაშის ფონზე გამოასვენეს ილია მეორის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან.
„გვიყვარხარ პატრიარქო!“ - ამ შეძახილებისა და ტაშის ფონზე გამოასვენეს ილია მეორის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან.

სამების საკათედრო ტაძარში ილია II-ის დაკრძალვა სულიერი ერთობისა და ეროვნული გლოვის ფონზე გაიმართა, თუმცა ცალკეულ გამოსამშვიდობებელ სიტყვებში მაინც გამოკრთოდა პოლიტიკური გზავნილებიც.

სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურების შემდეგ, მრევლსა და ტაძარში შეკრებილებს მიმართეს სასულიერო და საერო პირებმა: კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოს I-მა; საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ; უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა; „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ; სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

ბართლომეოს I-მა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს უწოდა “ღვთისმოსავი და თავმდაბალი, მლოცველი და ღვთისმსახურების მოყვარე, სასულიერო წოდების ღირსების მქონე, ძმათმოყვარე, მშვიდობის მყოფელი და შემრიგებელი, უშუალო და კეთილგანწყობილი ტკბილი ქცევითა და სიტყვით, მრავალმხრივ განსწავლული და უაღრესად კეთილშობილი, დახვეწილი და შემოქმედი ბუნების გამორჩეული ნიშნით ხატწერაში, ფერწერასა და მუსიკალურ შემოქმედებაში და ასევე, ხუროთმოძღვრებაში. მტკიცე და შეუვალი რწმენის, ღვთისმოსაობისა და ეკლესიის წმინდა ინტერესების დაცვაში, როგორც ქრისტეს მიბაძვის ჭეშმარიტი სახე და მოციქულთა და წმინდა მამათა ჭეშმარიტი მემკვიდრე“.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I

ბართლომეოს I-ის თქმით, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ეს ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობის მყოფელთან იმგვარად, როგორც პატრიარქმა ილია მეორემ:

“იგი იყო ჭეშმარიტი სვეტი სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე თავისი სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად უნაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას. ქრისტეს და მისი ეკლესიის მსახურებას ადრეულ ასაკში მიუძღვნა თავი, როდესაც იდევნებოდა სარწმუნოება, როდესაც ათეიზმი კანონით იყო დამკვიდრებული და ძალადობრივად ბატონობდა. მან შეძლო შეენარჩუნებინა სიბრძნე, უმანკოება სახარებისეული სიტყვების მიხედვით, რომელიც გულმოდგინედ მოღვაწეობდა სათნოებასა და საღვთო მცნებების საქმით აღსრულებაში, იწვრთნებოდა, ვითარცა მორწმუნე მსახური ქრისტესი და მნე ღვთის საიდუმლოთა”.

მსოფლიო პატრიარქის თქმით, ილია მეორის გარდაცვალებით “საქართველოს უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივკურთხეული მწყემსმთავარი; ხელისუფლებას დააკლდა ბრძენი მრჩეველი, ყოვლად კეთილსა და ერის მოყვარესა საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი, ღვთისმოშიში, ხოლო ქართველი ერი მოაკლდა თავის მოსიყვარულე მამას, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღმრთის მიერი აღმშენებლობისთვის, სულიერი განმტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისთვის”.

თუმცა, ამგვარი მნიშვნელოვანი დანაკლისის მიუხედავად, ბართლომეოს I-ის თქმით, პატრიარქ ილიას შვილები უნდა გამხნევდნენ:

“სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია”. <…> იგი ცოცხლობს იქ, სადაც არის უხრწნელი ნათელი და ნეტარ სახილველნი. ყოველივე წმინდა და უხილავი არს. ე.ი. ცოცხლობს სამება ღმერთის ყოვლად ნათელ სასუფეველში, რომლის პატივსაცემად თბილისში წინდა სამების სახელობის ბრწყინვალე ტაძარი აღმართა. <...> გიხაროდეთ, რამეთუ ახლა თქვენი სულიერი მამა, პატრიარქი ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული. იმაზე უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი თქვენს შორის იყო. მას აქვს კადნიერება ღვთის საყდრის წინაშე თქვენთვის უმეტესი შემწეობისა და სიკეთის მომტანი. მაშ, მოწიწებით ეამბორეთ მის წმინდა მამობრივ მარჯვენას. გამოითხოვეთ მისი ლოცვა-კურთხევა და ჩვენთან ერთად გამოემშვიდობეთ მას. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ლიტურგიულად არათანმიმდევრულია, თუმცა ამ მწუხარებაში სიხარულიც სრულად შესაფერისია. მრავალხმიანი, ქუხილის მსგავსი, სიკვდილის განმაქარვებელი და სიხარულის ხმით სავსე: „ქრისტე აღდგა! რომელს არს ჩვენის ყოვლის დიდება, პატივი და თაყვანისცემა და მადლიერება, ამინ!“

თავისი გამოსვლის შესავალში ბართლომეოს I-მა ჩამოთვალა ყველა, ვისაც მიემართებოდა მისი სიტყვა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, მღვდელმთავრები, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის ხელისუფლება, სხვა ქრისტიანულ აღმსარებლობათა და რელიგიათა წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბერ-მონაზვნები და მთელი ერი.

ბართლომეოს I-ის შემდეგ სიტყვა წარმოთქვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ, რომელმაც მსოფლიო პატრიარქს მადლობა გადაუხადა იმ დიდი ღვაწლს გამო, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საქმეში მიუძღვის.

„ამ დიდ ღვაწლს და მონაწილეობას ქართველი ერი და ეკლესია არასდროს დაივიწყებს. კიდევე ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის“, - განაცხადა მეუფე შიომ, რომელმაც ასევე გაიხსენა ის პერიოდი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას მოჰყვა ილია მეორის ძალისხმევით:

“მან [ილია II] როგორც პირველმა იერარქმა მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში დაიწყო, ჩაიბარა ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული ეკლესია. მისი აღსაყდრებისას მოქმედი იყო მხოლოდ 7 ეპარქია, გვყავდა 80-მდე სასულიერო პირი, ფუნქციონირებდა 50-მდე ეკლესია და სამლოცველო. დღეს გვაქვს 49 ეპარქია, მათ შორის 7 საზღვარგარეთ, გვყავს 3 ათასზე მეტი სასულიერო პირი და ფუნქციონირებს 2500-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი. მისი მოღვაწეობის ნაყოფია ყოვლადწმინდა სამების ეს დიდებული ტაძარი, რომელშიც ვიმყოფებით”.

თუმცა მიტროპოლიტ შიოს განმარტებით, სურვილი იმისა, რომ ილია მეორე დაკრძალულიყო თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ასევე განსვენებულ პატრიარქს ეკუთვნოდა:

„ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქედან დაიწყო მან პატრიარქის მოწამებრივი გზა. აქ განისვენებენ მისი ინიციატივით წმინდანად შერაცხილი კათოლიკოს-პატრიარქები: კირიოსი, ამბროსი, კალისტრატე, რომელთა შრომის და ღვაწლის გამორჩეულ გამგრძელებლად იქცა პატრიარქი ილია მეორე”.

მიტროპოლიტ შიოს თქმით, ილია მეორის გარდაცვალებით გამოწვეულმა მწუხარებამ, გულისტკივილმა და დიდმა განსაცდელმა გააერთიანა სრულიად საქართველო:

“იგი დააკლდა არამარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ საქრისტიანოს და საერთოდ მსოფლიოს, მაგრამ ამ მძიმე წუთებში გვანუგეშებს მაცხოვრის საოცარი სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და ცხოვრება, რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე“. ამიტომაც ღვთისადმი სასოებით განვიმტკიცებთ გულსა და გვწამს რომ მისი უწმინდესობა აგრძელებს რა სიცოცხლეს მარადიულობაში, ღვთის წინაშე თავისი მეოხებით მფარველობას არ მოგვაკლებს და უფრო მეტადაც შეგვეწევა. გვჯერა, ზეციურ სამყოფელში ჩვენ შევიძინეთ უდიდესი სასოებელი”.

მიხეილ ყაველაშვილმა თავის სიტყვაში ილია მეორის პატრიარქობის წლებს უწოდა „პატრიარქის საქართველო“, რომელიც, მისივე განმარტებით, არის არა მხოლოდ ისტორიული ეპოქა, არამედ ქართველების ეროვნული ხასიათის ზეიმი. ყაველაშვილმა თავის მოკლე გამოსვლაში ასევე სცადა “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული ნარატივის გაჟღერება, რომ თითქოსდა გლობალური ძალები ცდილობენ "ქართველ კაცზე" ნეგატიური გავლენის მოხდენას.

“პატრიარქის საქართველო“, ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ზეიმია. დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება. ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ არის: ამ ტაძარში, ამ საერთო ტკივილსა და მოწიწებაში. თქვენი ამქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მოგვეცით: კიდევ ერთხელ გაგვაერთიანეთ და შეგვახსენეთ ჩვენი ნამდვილი ბუნება - სიყვარული, კაცთმოყვარეობა და ის ურყევი ერთობა, რომელსაც ვერანაირი მიწიერი ქარიშხალი ვერ დაანგრევს. თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვაგრძელებთ გზას, რომელიც თქვენ გვიანდერძეთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: "სიყვარულის პატრიარქი"

პარლამენტის თავმჯდომარემ კი ილია მეორის ღვაწლზე საუბრისას განსვენებულ პატრიარქს “სიყვარულის პატრიარქი” უწოდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, თქმით, დღევანდელ მსოფლიოში მრავალი ღირებულება იბრძვის პირველობისთვის - თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, სამართლიანობა.

„უწმინდესი და უნეტარესი თითოეულ მათგანს თავის ადგილს მიუჩენდა, მაგრამ გვასწავლიდა მთავარს: თავისუფლებაც, თანასწორობაც და ყველა სხვა, აზრს კარგავს, თუ არ დგას უმთავრეს ღირებულებაზე - სიყვარულზე. ჩვენ გვყავდა სიყვარულის პატრიარქი. მისი დაუღალავი მქადაგებელი. იგი თავისი ცხოვრებით იქცა მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს ყველა - შინაურიც თუ უცხოც, მოყვარეც და მტერიც, მართალიც და ცოდვილიც“, - აღნიშნა პაპუაშვილმა, თუმცა მას არაფერი უთქვამს იმაზე, თუ როგორ დაისწავლეს საქართველოში და განსაკუთრებით “მმართველ პარტიაში” პატრიარქის სიყვარული გაკვეთილები.

პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოს პატრიარქმა შეძლო შეუძლებელი: როგორც ქრისტიანმა აღასრულა ქრისტეს რჯული, როგორც ბერმა დაიცვა აღთქმა, როგორც პატრიარქმა ზიდა თავისი ერის უმძიმესი ჯვარი:

„მან ეს შეძლო და სწორედ ასე წარსდგა უფლის წინაშე - პირნათელი და მადლმოსილი. ეს ვართ ჩვენ, მისი თაობა, რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს. მაგრამ მისი ისტორია აქ არ სრულდება. ჩვენს შემდეგ, გზას ისევ მისი თაობა გააგრძელებს, მისი ნათლულების თაობა, ჩვენი შვილები, რომლებიც მის სახელს, მის კურთხევას და მის მადლს ატარებენ. ასე გასდო მან ხიდი დროთა შორის და შეადუღაბა ჩვენი ერი “.

ირაკლი კობახიძე: "მოხუცი მამა სასხლავით ხელში"

მწუხარებასა და სიამაყეზე გააკეთა ძირითადი აქცენტი “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა.

„დღევანდელი დღე არის უდიდესი ტკივილით თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს დასრულდა დიდი ეპოქა. ვემშვიდობებით ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედა ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. ამასთან ერთად, დღევანდელი დღე არის აღმატებულიც თითოეული მორწმუნე ქართველისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ თავს, თუ რამდენად დიადია ერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ილია მეორე გალაკტიონის “მოხუც მამას” (ლექსიდან “მამული”) შეადარა:

“დღესაც ვფიქრობ პატრიარქზე და მის მოღვაწეობაზე და მახსენდება კიდევ სიტყვები დიდი ქართველი პოეტის იმავე ლექსიდან:

„გაშალა ველი ნელმა ნიავმა
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

ირაკლი კობახიძე და ილია II (ფოტო არქივიდან)
ირაკლი კობახიძე და ილია II (ფოტო არქივიდან)

ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება მოხუცი მამის ეს ხატება. ბევრჯერ გაგვახსენდება უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, როგორც მოხუცი მამა უვლის მისთვის უძვირფასეს ვენახს, როგორ ევლება თავს დედა ეკლესიას, თავის სამშობლოს და თითოეულ სულიერ შვილს. მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს მისი მოღვაწეობისთვის, მისი უდიდესი ღვაწლისთვის და განუზომელი სიყვარულისთვის”.

ირაკლი კობახიძემ თავის სიტყვაში ორჯერ მოიტანა ციტატა გალაკტიონის ამ ლექსიდან, ერთხელ “დაობლების მძაფრი გრძნობის” გამოსახატად:

“გასული წლების განმავლობაში ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა მრავალმა მოღვაწემ და მათ თაობამ, რომელსაც ქართული კულტურის ოქროს ხანის შექმნაში გამორჩეული წვლილი მიუძღოდა. დღეს კი ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. ასეთ დროს პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია, მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა...“

ციტატა შედგებოდა ამ ერთი, აზრდაუსრულებელი სტრიქონისგან, რომელსაც ლექსში მოსდევს შინაარსის მიმცემი სტრიქონი: “სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული”.

ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, მამუკ მდინარაძე, ეკატერინა ხვედელეიძე
ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, მამუკ მდინარაძე, ეკატერინა ხვედელეიძე

“სხვა ხალხთაგან”, ვინც არც სასულიერო პირი იყო და არც ხელისუფლების (ფორმალური) წარმომადგენელი, სამების საკათედრო ტაძარში სიტყვა წარმოთქვა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა - “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, რომელმაც, ალბათ, იმ დღეს წარმოთქმულ ყველაზე გრძელ სიტყვაში, პირველ პირში ილაპარაკა პატრიარქის გარდაცვალებით გამოწვეულ ემოციებზე:

“დღეს, ყველა ქართველის მსგავსად გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა - არნახულად ღრმა, მძაფრი და მტკივნეულია, რადგან [ილია მეორესთან] განშორება საკუთარ თავში იტევს არა მხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ ეპოქას და დიდი სიყვარულის ისტორიას”.

ივანიშვილის თქმით, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, როდესაც ქვეყანა ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე იდგა, უფლის განგებით, ერი წარმოშობდა გამორჩეულ ადამიანებს:

“თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია ჭავჭავაძე, ქართველი ერის მამა, რომელმაც მომაკვდავი საქართველო გააცოცხლა?! თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია მეორე, საქართველოს სულიერი მამა, რომელმაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღადგინა და ქართველი ხალხის სულიერი ერთიანობის სიმბოლოდ იქცა?! ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის თავგანწირვით განისაზღვრება, მათი მემკვიდრეობა კი უკვდავია, რადგან დიდი ადამიანები არსად მიდიან, ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ მარად, მანამ, სანამ მათი იდეალების ერთგულნი ვრჩებით. უწმინდესისა და უნეტარესის პატრიარქობის წლებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იქცა სივრცედ, სადაც ადამიანებმა კვლავ იპოვეს ღმერთი, დაიბრუნეს რწმენა, სიმშვიდე და ერთიანობის განცდა”.

ბიძინა ივანიშვილმა ილია მეორე ილია ჭავჭავაძეს (წმინდა ილია მართალს) შეადარა თავისი სიტყვის ფინალშიც, სადაც, კობახიძის მსგავსად, მანაც გალაკტიონის ლექსიდან (“წიწამურთან რომ მოკლეს ილია”) ერთი სტრიქონი მოიხმო:

“უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის… ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი…“

„გვიყვარხარ პატრიარქო!“ - ამ შეძახილებისა და ტაშის ფონზე გამოასვენეს ილია მეორის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც ის 18 მარტიდან 22 მარტის 14:40 საათამდე ყო დასვენებული.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისივე ანდერძის შესაბამისად, დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც 49 წლის წინ, 1977 წლის 23 დეკემბერს გაიმართა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII საეკლესიო კრება, რომელმაც საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი განიხილა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია მიტროპოლიტი ილია, რომელსაც ეწოდა ილია II.

ფორუმი

XS
SM
MD
LG