Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხულიგანი, ნეონაცისტი თუ რუსი პატრიოტი? - რუსი დენის კაპუსტინის ომი რუსეთის წინააღმდეგ


დენის კაპუსტინი, "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" მეთაური. ილუსტრირებული ფოტო
დენის კაპუსტინი, "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" მეთაური. ილუსტრირებული ფოტო

ფეხბურთის ყოფილი ხულიგნის, ულტრამემარჯვენე აქტივისტისა და უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსი მეთაურის, დენის კაპუსტინის ბიოგრაფია წინააღმდეგობებით არის სავსე. ვინ იყო კაცი, რომელსაც რუსეთში ორჯერ მიუსაჯეს უვადო პატიმრობა და რომელიც ბოლოს რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა?

რუსეთის მოქალაქეების მიერ შექმნილმა “რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა” (РДК), რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია თავისი მეთაურის, დენის კაპუსტინის დაღუპვის შესახებ. კაპუსტინი - ფეხბურთის ყოფილი ფანი და ულტრამემარჯვენე აქტივისტი - ასევე ცნობილი ფსევდონიმებით, ნიკიტინი და White Rex-ი - მონაწილეობდა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ მრავალ გახმაურებულ დივერსიულ ოპერაციაში, რის გამოც რუსეთში მას ორჯერ მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა.

РДК-ს Telegram არხის ცნობით, 41 წლის დენის კაპუსტინი რუსეთ-უკრაინის ფრონტის ზაპოროჟიეს სექტორში დაიღუპა „საბრძოლო მისიის შესრულებისას“ რუსული დრონის იერიშის დროს.

"ეს ვიდეო ეძღვნება ადამიანს, რომელიც თანმიმდევრულად და უკომპრომისოდ ებრძოდა პუტინის რეჟიმს და გახდა განმათავისუფლებელი მოძრაობის დამფუძნებელი, რომელმაც დატოვა სამხედრო და პოლიტიკური მემკვიდრეობა - რუსეთის მოხალისეთა კორპუსი", - დაწერეს РДК-ის Telegram-არხზე.

დენის კაპუსტინი დაიბადა მოსკოვში 1984 წელს, 2001 წელს კი მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კიოლნში. Der Spiegel-ის ცნობით, კაპუსტინები გერმანიაში ებრაელი ლტოლვილების სტატუსით გადავიდნენ საცხოვრებლად.

„1.88 მ სიმაღლის, 106 კგ წონის, საბრძოლო მანქანა, რომელსაც აცვია შავი მაისური სვასტიკის სიმბოლოთი. ეს არის White Rex-ის ლოგო, ტანსაცმლის ბრენდის, რომელიც დენის ნიკიტინმა 2008 წელს დააარსა. White Rex ახლა მოდის ბრენდზე მეტია; ის ორგანიზებას უწევს შერეულ საბრძოლო ორთაბრძოლებს მთელ ევროპაში“, - ასე აღწერს Der Spiegel-ი დენის კაპუსტინს (იმავე ნიკიტინს) 2019 წელს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელშიც ის წარმოჩენილია როგორც ულტრამემარჯვენე საბრძოლო ხელოვნების სცენის წამყვანი ფიგურა:

“თავისი White Rex-ის ბრენდით, ნიკიტინმა, რომელიც თავისუფლად საუბრობს გერმანულად, წლების განმავლობაში შექმნა საკუთარი სამყარო, ერთგვარი მემარჯვენე გამოცდილების სამყარო. ტანსაცმელი, ტურნირები, სპორტული კვება, სპორტდარბაზები”.

ტანსაცმლის ბრენდი White Rex-ი დენის კაპუსტინმა 2008 წელს შექმნა, სწორედ მის ასორტიმენტში აღმოაჩინეს ექსპერტებმა შენიღბული ნაცისტური სიმბოლოები (მაგალითად, მაისურები ნეონაცისტური „შავი მზის“ სიმბოლოებით ან 14/88 რიცხვებით).

2013 წელს რომში White Rex-ის ბრენდის ქვეშ გაიმართა MMA-ის ტურნირი. შეჯიბრება ჩატარდა კომპლექსში, სადაც ულტრამემარჯვენე მოძრაობა Casa Pound-ის ბაზაა განთავსებული.

დენის კაპუსტინი
დენის კაპუსტინი

გერმანიაში კაპუსტინი შერეული საბრძოლო ხელოვნებითა და ფეხბურთის ფანების არსებული კულტურით დაინტერესდა. „ქუჩის ბიჭი, სკინჰედი, რომელიც სიფათებს უნგრევდა“, - ასე აღწერა თვითონ კაპუსტინმა თავისი გერმანული წარსული ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემაში. გარკვეული დროის შემდეგ კაპუსტინი რუსეთში დაბრუნდა და მოსკოვის ცსკა-ს (ЦСКА) გულშემატკივართა მოძრაობაში ჩაერთო. სამშობლოში ორგანიზებას უკეთებდა შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ტურნირებს, რომლებიც ადგილობრივი ულტრამემარჯვენე მოძრაობების წარმომადგენლებს იზიდავდა. მსგავს შეჯიბრებებს კაპუსტინი ევროპაშიც აწყობდა. ზოგიერთ მათგანში გერმანიის ნაციონალ-დემოკრატიული პარტიისა და იტალიური ნეოფაშისტური CasaPound-ის წევრები მონაწილეობდნენ. როგორც გამოცემა Meduza წერს, ულტრამემარჯვენეობის მკვლევრის, რობერტ კლაუსის ვარაუდით, კაპუსტინი „ევროპაში მემარჯვენე ექსტრემისტებს შორის მთავარი ფიგურა“ იყო.

2017 წელს დენის კაპუსტინი საცხოვრებლად გადავიდა უკრაინაში, სადაც ასევე ორგანიზებას უწევდა MMA-ის ტურნირებს. როგორც გამოცემა Meduza წერს, კაპუსტინს (ნიკიტინს) კარგი ურთიერთობა ჰქონდა პოლკ „აზოვის“ წარმომადგენლებთან. პოლკის საერთაშორისო ფილიალის მდივნის, ელენა სემენიაკას თქმით, კაპუსტინი დაეხმარა მას სხვა ქვეყნების ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან კავშირების დამყარებაში. როგორც გერმანული მედია წერდა, 2019 წელს დენის კაპუსტინს 10 წლით აეკრძალა ევროკავშირში შესვლა.

დენის კაპუსტინი (ნიკიტინი)
დენის კაპუსტინი (ნიკიტინი)

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დენის კაპუსტინმა ძირითადად „ეთნიკური რუსებისგან“ შექმნა “რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” (РДК) - დანაყოფი, რომლის გაცხადებული მიზანი უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. რუს მოხალისეთა კორპუსის წევრთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

„[უკრაინაში] ყველამ დაიწყო საკუთარი ეროვნული ბატალიონების ჩამოყალიბება. ბელარუსელებს აქვთ საკუთარი ბატალიონი, ქართველებსაც, იჩქერიელებსაც. უცხოური ლეგიონის ფარგლებში კანადელები, ბრიტანელები და ამერიკელები ერთად არიან. ჩვენ კი წასასვლელი არსად გვქონდა“, - ასე ახსნა დენის კაპუსტინმა კორპუსის (РДК-ს) შექმნის ლოგიკა.

2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, РДК „თანამშრომლობდა“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, მაგრამ არ იყო ოფიციალურად აღიარებული, როგორც უკრაინის არმიის ქვედანაყოფი. კაპუსტნი მაშინ ამბობდა: „მე მომიწია უკრაინის პრეზიდენტამდე მისვლა, რათა მეთხოვა ოფიციალურად ბრძოლის შესაძლებლობა. პრეზიდენტმა თანხმობა მომცა და ერთ დღეში ყველაფერი დაიწყო“.

2022 წლის ოქტომბერში РДК-მ გამოაქვეყნა საკუთარი მანიფესტი, რომელშიც ორგანიზაციამ თავი უკრაინის შეიარაღებული ძალების „ნაწილად“ გამოაცხადა. თუმცა კაპუსტინი აღნიშნავდა, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდა უკრაინის არმიასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ რუსულ ქვედანაყოფთან, „რუსეთის თავისუფლების ლეგიონთან“, რისი მიზეზიც, მისი თქმით, „განსხვავებული იდეოლოგიური საფუძველი“ იყო.

РДК-ის მანიფესტი

რუსეთის მოხალისეთა კორპუსი (РДК) არის სამხედრო-პოლიტიკური ფორმირება, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძვის სრულმასშტაბიან ომში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. РДК ძირითადად შედგება მოხალისეებისგან - ეთნიკური რუსებისგან, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან, რომლებიც ცხოვრობენ უკრაინაში და იბრძვიან უკრაინის მხარეს 2014 წლიდან. РДК-ს მებრძოლები სრულად აღიარებენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის ოფიციალურ საზღვრებში და იცავენ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას სამხედრო საშუალებებით.

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ტერიტორიის მიტაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების მიზნით დაწყებული ომი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას, ომის წესებს, უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს, მორალურ და ეთიკურ პრინციპებს და, შესაბამისად, დანაშაულად ითვლება. უკრაინა უნდა გათავისუფლდეს ოკუპანტებისგან. უკრაინამ დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს თავისი გეოპოლიტიკური გზა, როგორც ეს შეეფერება დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს.

РДК-ის მებრძოლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი ებრძვიან კრემლის კრიმინალურ რეჟიმს და ყველა იმ პირს, ვინც გასცემს და ასრულებს კრიმინალურ ბრძანებებს, ასევე მათ, ვინც რაიმე ფორმით უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას.

РДК რუსეთის ფედერაციას მიიჩნევს ტერორისტულ სახელმწიფოდ და აცხადებს, რომ შეუძლებელი და დაუშვებელია მასთან მოლაპარაკების წარმოება.

РДК-ს ძირითადი სამხედრო-პოლიტიკური მიზნებია:

  • უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და აღდგენა 1991 წლის საზღვრებში
  • რუსეთის ფედერაციაში მმართველი რეჟიმის დამხობა


РДК ასევე მხარს უჭერს:

  • საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყებაში, წარმოებასა და მხარდაჭერაში ჩართული ყველა პირისთვის;
  • რუსეთის ფედერაციის მიერ აგრესიული ომების დროს ფაქტობრივად ანექსირებული ტერიტორიების დათმობას;
  • რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოებრივი სისტემის სრულ რეფორმას;
  • რუსი ხალხის ეროვნული თავისუფლების გარანტირებას;
  • რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ხალხების თვითგამორკვევის უფლების აღიარებას და პატივისცემას


ბრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე

2023 წლის მარტში РДК-მ ჩაატარა თავისი პირველი გახმაურებული დივერსიული ოპერაცია: კორპუსის წევრები შეიჭრნენ ბრიანსკის ოლქის ლიუბეჩანისა და სუშანის სოფლებში და მცირე ხნით აკონტროლებდნენ ამ დასახლებულ პუნქტებში ადმინისტრაციულ შენობებს.

მომდევნო თვეებში ასეთი რეიდები არაერთხელ განახორციელა როგორც РДК-მ, ასევე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა“. უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული დანაყოფები ბელგოროდის ოლქში შეიჭრნენ. კაპუსტინმა სცადა რეგიონის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვთან შეხვედრის ორგანიზება, რათა დატყვევებული რუსი სამხედრო მოსამსახურეები გადაეცა, თუმცა პირისპირ მოლაპარაკებები არ შედგა.

რუსეთის სპეცსამსახურები კაპუსტინს ბრალს დებდნენ 2014 წელს დონბასში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ცნობილი სპონსორის, კონსტანტინ მალოფეევის მკვლელობის ორგანიზების მცდელობაში. 2023 წლის მარტის ბოლოს დენის კაპუსტინი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში შეიყვანეს. 2023 წლის ნოემბერში კი კაპუსტინს დაუსწრებლად მიესაჯა სამუდამო პატიმრობა. ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სამშობლოს ღალატში, ტერორიზმის მცდელობაში, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნასა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენაში, ხოლო РДК რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.

РДК-ის პლატფორმა: მთავარია პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი

ალექსანდრემ, მეტსახელით „ფორტუნამ“, РДК-ს შტაბის უფროსმა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის, The Current Time-სთვის მიცემულ ინტერვიუში 2023 წლის ივნისში, განაცხადა:

„ხშირად ცდილობენ ჩვენს წარმოჩენას მემარჯვენე რადიკალებად, ფაშისტებად, ნაცისტებად, სატანისტებად, მაგრამ ოფიციალურად ვაცხადებ: ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ვცდილობთ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ ამჟამინდელ მთავრობას მათი დაცვა არ შეუძლია“.

ალექსანდრე ინტერვიუში ამბობს, რომ РДК-ის რიგებში ეთნიკურად არარუსი რუსეთის მოქალაქეებიც არიან:

„მოხარულები ვართ, ჩვენს რიგებში ვიხილოთ ყველა, ვინც მზადაა წინააღმდეგობისთვის და ბრძოლისთვის, იქნებიან მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები თუ სხვა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები“.

РДК-ს შტაბის უფროსმა ინტერვიუში ჩამოაყალიბა კორპუსის მიზნები:

სამხედრო მიზნები - ფრონტზე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, სამხედრო ოპერაციების რუსეთის ტერიტორიაზე გაფართოება

პოლიტიკური მიზნები - რუსეთის მოქალაქეებისთვის იმის ჩვენება, რომ მოქმედ მთავრობას არ შეუძლია მათი დაცვა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა: „ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ამ ადამიანმა თავისუფლება გაცვალა კეთილდღეობის, სტაბილურობისა და დაცვის ილუზორულ დაპირებაზე“.

РДК-ს შტაბის უფროსმა ისიც განმარტა, თუ რატომ არის კორპუსის მეთაურობისთვის მნიშვნელოვანი, რომ რუსეთის მოხალისეთა კორპუსში რაც შეიძლება მეტი ეთნიკური რუსი იყოს.

„ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ეთნიკური რუსების თვითშეგნების გაღვიძების გარეშე, რუსეთის ფედერაციაში ცვლილებები არ მოხდება. <...> „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ ძალიან დიდი სამხედრო-პოლიტიკური პლატფორმაა, სადაც ჩვენ მივესალმებით ყველას, ვინც მზადაა წინააღმდეგობის გასაწევად და საბრძოლველად, არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები თუ სხვა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები. ხშირად ცდილობენ ჩვენს წარმოჩენას მემარჯვენე რადიკალებად, ფაშისტებად, ნაცისტებად, სატანისტებად და ა.შ. არსებობს გარკვეული კლიშე, რომ „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ მხოლოდ მემარჯვენე შეხედულებების მქონე ადამიანებისგან შედგება და რომ ჩვენ სხვას არავის ვიღებთ. კიდევ ერთხელ ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენთვის მთავარია ადამიანის სურვილი და მოტივაცია, მიიღოს მონაწილეობა ომში, საბრძოლო მოქმედებებში“, - განაცხადა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ შტაბის უფროსმა, ალექსანდრემ („ფორტუნა“) The Current Time-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ორმაგი უვადო პატიმრობა

2023 წლის ივნისში დენის კაპუსტინმა (ნიკიტინმა) მხარი დაუჭირა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებას, ხოლო პრიგოჟინის მკვლელობის შემდეგ, მან მოუწოდა „ვაგნერის“ მებრძოლებს, გადასულიყვნენ უკრაინის მხარეს.

2024-2025 წლებში “რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” (РДК) და მისი მეთაური, როგორც ცალკეული გახმაურებული დივერსიული და სხვა სახის ოპერაციების ორგანიზატორები, მედიაში ნაკლებად ჩნდებოდნენ. 2024 წლის სექტემბერში უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ РДК მოიხსენია ხარკოვის ოლქში, ვოლჩანსკის აგრეგატების ქარხნის განთავისუფლების ოპერაციაში მონაწილე რაზმად. 2024 წლის ნოემბერში დენის კაპუსტინს რუსეთში კიდევ ერთხელ მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.

2025 წელს РДК-მ გააძლიერა თავისი პოლიტიკური საქმიანობა. 1 მარტს კორპუსის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ბერლინში რუსეთის ოპოზიციის მიერ გამართულ ომის საწინააღმდეგო აქციაში. ამასთან დენის კაპუსტინი ანგარიშსწორებით ემუქრებოდა იმ დემონსტრანტებს, რომლებიც აქციაზე რუსული სამფეროვანი დროშით გავიდოდნენ.

2025 წლის 19 დეკემბერს “რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა” (РДК) გამოაცხადა თავისი განზრახვა, შეუერთდეს რუსეთის პლატფორმას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

РДК-ს Telegram არხის მიხედვით, დენის კაპუსტინი ბოლო თვეების განმავლობაში იშვიათად მონაწილეობდა საჯარო ღონისძიებებში (ბოლოს 2025 წლის ოქტომბერში იყო, ვოლჩანსკის აგრეგატების ქარხნის განთავისუფლების ოპერაციის შესახებ ფილმის პრეზენტაციაზე), ხოლო დანაყოფი კონცენტრირებული იყო საბრძოლო მოქმედებებზე ფრონტის ყველაზე ცხელ რაიონებში - კერძოდ, კუპიანსკის და პოკროვსკის რაიონებში. ამასთან, “რუსეთის მოხალისეთა კორპუსის” (РДК) მეთაური აქტიურად ინარჩუნებდა პირად Telegram არხს, სადაც, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, აზრს გამოთქვამდა Z-აქტივისტებს შორის კონფლიქტებსა და ბრიგადა „ესპანიოლას“ ყოფილი მეთაურის, სტანისლავ ორლოვის მკვლელობაზე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG