სარჩევი:
ევროკავშირის მისია, რომელიც არ განხორციელდა
ხელახალი არჩევნების ჩატარების პირობები
არჩევნების შედეგები და ლეგიტიმაციის საკითხი „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში, ეუთო/ოდირის “მოხმობით”
კენჭისყრის ფარულობის დარღვევის საქმის გზა თეთრიწყაროდან სტრასბურგამდე
პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნა-ჩატარებისა და შემდგომი პროცესის ლეგიტიმურობის საკითხი
დამკვირვებლები “მოსკოვის მექანიზმის” დოკუმენტსა და გამოძიების მნიშვნელობაზე: არასდროს არაა გვიან
"მოსკოვის მექანიზმის" დოკუმენტზე დართული მასალიდან ვიგებთ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ წელიწადნახევრის წინ არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე დაწყებული საქმე 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით ჯერაც დაუსრულებელი იყო - “ამ ეტაპზე საბოლოო პროცედურული გადაწყვეტილება არ მიღებულა და გამოძიება გრძელდება”. შემდგომ პერიოდშიც საჯარო განცხადება ამ საკითხზე არ გაკეთებულა. რადიო თავისუფლებამ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის ახლანდელი სტატუსის დასაზუსტებლად მიმართა პროკურატურის პრესცენტრს და პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
საარჩევნო დარღვევების სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების საკითხის გარდა, ამ სტატიაში გავიხსენებთ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის შეფასებებს. ეს დოკუმენტი გამორჩეულად კრიტიკული იყო საქართველოში არჩევნების შეფასებებს შორის და მისი შინაარსი დღემდე რჩება საქართველოში ჩატარებული ბოლო საპარლამენტო არჩევნების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მთავარი კითხვის ნიშნების საფუძვლად.
აგრეთვე წაიკითხავთ: რატომ აღარ შედგა ევროკავშირის ტექნიკური მისია? რა სტატუსშია საქართველოში არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე დაწყებული გამოძიება? რატომ არ კარგავს მნიშვნელობას საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი გამოძიება წელიწადნახევრის შემდეგაც და რა კავშირშია ის ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან?
„მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტში პირველი რეკომენდაცია 2024-ის საარჩევნო დარღვევების გამოძიებას ეხება - რატომ?
თვენახევარი გავიდა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მე-12 მუხლის მოხმობით შექმნილი ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის მიერ საქართველოზე მომზადებული დოკუმენტის გამოქვეყნებიდან, რომელსაც „მოსკოვის მექანიზმის ანგარიშად“ ან „მოსკოვის მექანიზმის დასკვნებად“ მოიხსენიებენ და რომელმაც გაააქტიურა დისკუსია ანგარიშში გამოკვეთილ რამდენიმე თემაზე.
"ჩაატარეთ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე" ("მოსკოვის მექანიზმი", 2026 წ.)
თუმცა, ნაკლებად მსჯელობენ რეკომენდაციების პირველ ნაწილზე, რომელიც არჩევნებს ეხება. 2024 წლის არჩევნებისას დარღვევების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების საჭიროება - რეკომენდაციების ჩამონათვალში პირველია.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მე-12 მუხლის ამოქმედების ინიციატორმა ქვეყნებმა მიწვეულ მკვლევარსა და ექსპერტთა მისიას საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე ფაქტების დასადგენად დროის საწყის წერტილად განუსაზღვრეს 2024 წლის გაზაფხული და ცხადია, არავისთვის იყო მოულოდნელი, რომ ანგარიშში მოხვდებოდა საპარლამენტო არჩევნებიც.
ამ დოკუმენტში არჩევნების თემაზე რეკომენდაციების სრული ჩამონათვალი ასეთია:
- ჩაატარეთ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე;
- განახორციელეთ აუცილებელი ცვლილებები არჩევნების ორგანიზებაში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც მოყვანილია 2024 წლის საპარლამენტი არჩევნების შესახებ ანგარიშში
- მოიწვიეთ გარე დამკვირვებლები (კერძოდ, ეუთო/ოდირის მისია) მომავალ არჩევნებზე დასაკვირვებლად. მოწვევა უნდა გაიგზავნოს საკმარისად ადრე, რომ ოდირმა შეძლოს საარჩევნო მისიის ეფექტიანად წარმართვა.
- თავი შეიკავეთ ოპოზიციის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების და დაშინებისა და მუქარის რიტორიკული კამპანიებისგან;
- თავი შეიკავეთ საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების ამკრძალავი პროცედურების თვითნებური დაინიცირებისგან; გაიწვიეთ განსახილველად წარდგენილი მიმართვები;
- უკან გაიწვიეთ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ თვითნებურად წარდგენილი ბრალდებები (კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 318-ე და 319-ე მუხლებზე დაფუძნებული ბრალდებები).
“ჩემი აზრით, დარღვევებისთვის სინათლის მოფენა, არჩევნებზე სპეციალიზებულ, ODIHR -ის მსგავს უწყებებთან კონსულტაციით, ხელს უწყობს ხელისუფლების ლეგიტიმაციას და ქმნის დემოკრატიისადმი ნდობას" - პატრიცია გრჟებიკი
ანგარიშის ავტორმა პატრიცია გრჟებიკმა რადიო თავისუფლების შეკითხვას - რატომ არის ჯერაც მნიშვნელოვანი იმ არჩევნების დარღვევების გამოძიება, რომელიც წელიწადნახევრის წინ ჩატარდა - უპასუხა, რომ “სათანადო გამოძიება“ ხელისუფლების ლეგიტიმაციისა და საქართველოში დემოკრატიისადმი ნდობის საკითხებს უკავშირდება:
“ჩემი აზრით, დარღვევებისთვის სინათლის მოფენა, არჩევნებზე სპეციალიზებულ, ODIHR -ის მსგავს უწყებებთან კონსულტაციით, ხელს უწყობს ხელისუფლების ლეგიტიმაციას და ქმნის დემოკრატიისადმი ნდობას. სათანადო გამოძიება არა მხოლოდ ხალხის, არამედ მთავრობის ინტერესშიცაა და არჩევნების შემთხვევაში, პროცედურები უნდა იყოს სწრაფი და ეფექტიანი“.
საპარლამენტო არჩევნების შედეგის მიმართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ურყევი დამოკიდებულებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშის გამოქვეყნებისას საქართველოს პროკურატურას ჯერაც არ ჰქონდა დასრულებული საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე 2024 წლის 30 ოქტომბერს დაწყებული გამოძიება, პატრიცია გრჟებიკს რადიო თავისუფლებამ ჰკითხა - არსებობს თუ არა პრაქტიკა ან გამოცდილება, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნებისას ჩადენილი დარღვევები გამოეძიებინა რომელიმე საერთაშორისო უწყებას? - ანგარიშის ავტორმა ასეთი პასუხი გაგვცა:
„გამოძიება სავარაუდო დარღვევებზე უნდა ჩატარდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ, თუმცა ODIHR-ის მსგავს უწყებებს შეუძლიათ გარკვეული რჩევის მიცემა სათანადო პროცედურების თაობაზე“.
რადიო თავისუფლება აგრეთვე დაინტერესდა, იცის თუ არა პატრიცია გრჟებიკმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 2024 წლის ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოში საარჩევნო დარღვევების შემსწავლელი მისიის გამოგზავნას ითვალისწინებდა. „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორმა გვიპასუხა:
„არ ვიცი, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებდა ევროკავშირი - ეს ჩემს მანდატში არ შედიოდა“.
ევროკავშირის მისია, რომელიც არ განხორციელდა
საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე, 2024 წლის 27 ოქტომბერს, როცა ეუთო/ოდირის მხოლოდ წინასწარი შეფასების ანგარიში იყო გამოქვეყნებული, ევროკავშირმა გაავრცელა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება საქართველოზე:
„ეუთო/ოდირის ლიდერობით მოქმედი დამკვირვებელთა საერთაშორისო მისიის წინასწარი მიგნებების თანახმად, „არჩევნების დღე პროცედურულად ზოგადად კარგად ორგანიზებული და წარმართული იყო, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბული გარემოთი, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი დარღვევითა და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობით, აგრეთვე ცნობებით ამომრჩევლების დაშინებასა და მათზე ზეწოლაზე, რამაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ამომრჩევლებზე, კერძოდ - საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლის შესახებ ცნობები კვლავაც ფართოდ ვრცელდებოდა კამპანიის მიმდინარეობისას. ამას თანდართულმა არჩევნების დღეს ამომრჩევლებზე ინტენსიური თვალყურის დევნებამ წარმოშვა შეშფოთება ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა მასზე შურისძიების შიშის გარეშე“".
ამავე განცხადებაში ჟოზეპ ბორელი და ევროკომისია მოუწოდებდნენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა უწყებებს შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა: „სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განსაჯონ საარჩევნო დარღვევები და მათ შესახებ ბრალდებები. დარღვევებს ნათელი უნდა მოეფინოს და მოგვარდეს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღსადგენად“. ამავე განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებდნენ პოლიტიკური დიალოგის, დემოკრატიული რეფორმებისა და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმების აუცილებლობას.
“...საქართველოს ხალხი იმსახურებს საარჩევნო პროცესისთვის სინათლის მოფენას, რომ დარწმუნებულები იყვნენ შემდეგი მთავრობის ლეგიტიმურობაში" (2024 წ.)
2024 წლის 28 ოქტომბრის ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ მეთიუ მილერის განცხადებიდან გაირკვა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი ერთად მსჯელობდნენ იმაზე თუ - „რომელი ორგანო იქნებოდა შესაფერისი“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების გამოსაძიებლად. ბრიფინგი მილერმა საქართველოზე განცხადებით დაიწყო: „ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრულად გამოძიებაზე...“.
2024 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა ჟოზეპ ბორელის მორიგი განცხადება „საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდგომ მოვლენებზე“, რომელშიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებდა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომი მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია“ და კიდევ ერთხელ მოუწოდებდა ხელისუფლებას საარჩევნო დარღვევების გამოძიებისკენ. მან ახსენა აგრეთვე მომავალი მთავრობის ლეგიტიმაციის საკითხი:
“...ისინი [საქართველოს ხალხი - რ.თ.] იმსახურებენ საარჩევნო პროცესისთვის სინათლის მოფენას, რომ დარწმუნებულები იყვნენ შემდეგი მთავრობის ლეგიტიმურობაში. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტები და მთავრობის რეაქცია იყოს მშვიდობიანი“.
კიდევ ერთ კვირაში, 2024 წლის 5 ნოემბერს გაფართოებაზე ევროკავშირის კომუნიკეში კვლავ გამეორდა ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები, მათ შორის „ხმის მიცემის ფარულობის ხშირი დარღვევა“.
გავიდა რამდენიმე დღე და 13 ნოემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ჟოზეპ ბორელის სიტყვა წაიკითხა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა მარგარიტას სქინასმა. უმაღლესი წარმომადგენლის ტექსტში იყო ასეთი სიტყვები:
„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები უდაოა“
„ნება მომეცით, თავიდანვე ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადო: ამ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები, რომლებსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან მოელოდნენ.
მმართველმა პარტიამ ისარგებლა არათანაბარი პირობებით. მან გამოიყენა მნიშვნელოვანი რესურსები და ახდენდა ომის მიმართ შიშის ინსტრუმენტალიზაციას, თავს წარმოაჩენდა ერთადერთ ძალად, რომელსაც სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა შეეძლო. რეჟიმი აგრეთვე ავრცელებდა დეზინფორმაციას, აცხადებდა, რომ საქართველო წინ მიიწევდა ევროკავშირისკენ გზაზე და თრგუნავდა განსხვავებულ აზრს. ეს ტაქტიკები წარმატებული გამოდგა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც შედარებით დანაწევრებული იყო და არ ჰქონდა მსგავსი რესურსები“.
ბორელის ამ სიტყვაში აღნიშნული იყო, რომ არჩევნებზე გამოვლინდა „სერიოზული დარღვევები“ და რომ „26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები უდაოა“. ის მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას გადაეჭრა პრობლემები. უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს არჩევნების საკითხი უკვე შეტანილი ჰქონდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დღის წესრიგში, სადაც „დამატებით პოტენციურ ნაბიჯებზე“ უნდა ემსჯელათ.
18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შედეგების შესახებ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ საბჭომ იმსჯელა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და „ყურადღება გაამახვილა დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს ევროპულ გზაზე ამ უკუსვლის შედეგების შესახებ“. ამავე დასკვნით ტექსტში მოყვანილი იყო ჟოზეპ ბორელის სიტყვები:
„ჩვენ საქართველოში გავგზავნით მისიას. განვიხილავთ დარღვევებს და არჩევნები უნდა იყოს გამოძიებული. მთავრობამ კონკრეტული მოქმედებებით უნდა განახორციელოს გადამჭრელი ცვლილებები. ძლიერი ცვლილებების გარეშე საქართველო წინ ვერ წაიწევს ევროკავშირთან ურთიერთობაში. საქართველოს ხალხის გასაგონად მსურს გავიმეორო, რაც გასულ წელს ჩემი ვიზიტისას განვაცხადე: ევროკავშირი არასდროს მიგატოვებთ თქვენ და თქვენს ბრძოლას ევროკავშირის ღირებულებებისთვის“.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მისია არ შესრულებულა. საქართველოს ხელისუფლების მიერ რეპრესიული კურსის აღების გამო, ევროკავშირმა შეამცირა მასთან კონტაქტების დონე“ - ანიტა ჰიპერი (2026 წ.)
ოვან მერფი, ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელი 2024 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებისას იტყვის:
„ჩვენს ანგარიშში აღნიშნულმა არაერთმა საკითხმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ამ არჩევნების ხელშეუხებლობაზე და შეარყია საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ. დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, რომელიც ახლა სასწორზე დევს, აუცილებელია ხელისუფლებამ სასწრაფოდ უპასუხოს ყველა პრობლემას“.
2024 წლის 20 ნოემბერს რადიო თავისუფლებას ევროკომისიის სპიკერმა დაუდასტურა, რომ ევროკავშირი მზად იყო უახლოეს კვირებში საქართველოში ტექნიკური მისია გაეგზავნა. კერძოდ, პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებისთვის მიწერილ პასუხში აღნიშნა, რომ "საამისოდ მზადება მიმდინარეობს. მისიის შესახებ უფრო მეტი დეტალი შესაფერის დროს გახდება ცნობილი"-ო და ისიც, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა წინაშე მოხსენებით წარდგებოდა ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელი, რომელიც შეაფასებდა "როგორ უპასუხეს საჩივრებს საარჩევნო დარღვევებზე".
იმ დროისთვის უნგრეთი იყო ევროკავშირის ერთადერთი წევრი სახელმწიფო, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. არჩევნების შედეგები აღიარებული ჰქონდა სლოვაკეთსაც.
ევროკავშირის ტექნიკური მისიის შესახებ ბორელის განცხადებაზე პასუხად თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად იყო მისიასთან თანამშრომლობისთვის:
" არანაირი პრობლემა არ არსებობს. არჩევნების მეორე დღესვე, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, თუკი რაიმე კითხვები არსებობს, აგერ არის საარჩევნო ურნები და დათვალეთო".
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურას უკვე დალუქული აქვს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, „რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა, შემდგომში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით“, როგორც ეს 2024 წლის 14 ნოემბრის განცხადებაშია აღნიშნული.
მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე კრიტიკული იყო ევროკავშირის ინიციატივის მიმართ:
"რაღაც რომ უნდა თქმულიყო, ყველაზე რბილი ფორმა მოიფიქრეს, რაღაც ტექნიკური მისია.
ვისთან ვთანამშრომლობთ? რას ვთანამშრომლობთ? ჯერ გაგვარკვიონ, ტექნიკური მისია რა არის. ვინ ჩამოდის?" - თქვა მდინარაძემ 19 ნოემბერს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
2024 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ ევროპული საბჭოს „გაფართოების შესახებ დასკვნებში“ არის გამოხმაურება ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებაზე, ამით გამოწვეულ პროტესტსა და მის მიმართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანგარიშსწორებაზე:
„საბჭო გამოხატავს სინანულს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო - 2028 წლამდე შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თავი შეიკაოს ძალის გამოყენებისგან. ყველა ძალადობრივი ქმედება უნდა იყოს გამოძიებული და ყველა ჩამდენი პასუხისგებაში უნდა მიეცეს“.
საქართველოში იმ დღეებში მიმდინარე პროცესების სიმწვავის ფონზეც კი, ევროპული საბჭოს ამ დოკუმენტში კვლავ აღნიშნეს, რომ 2024 წლის საარჩევნო დარღვევები გამოსაძიებელია:
„დემოკრატიული ინსტიტუტების სათანადო მუშაობისთვის პირობების გასაუმჯობესებლად, ევროპული საბჭო მკაცრად მოუწოდებს საქართველოს, რომ გამოიძიოს და მოაგვაროს საარჩევნო დარღვევები და მათ შესახებ გამოთქმული ბრალდებები, აგრეთვე ეუთო/ოდირისა და ევროსაბჭოს უწყებების რეკომენდაციები“.
ევროკავშირის ლიდერების 2024 წლის 19 დეკემბრის სამიტის დოკუმენტში კი ჩაიწერა, რომ „საქართველოს მთავრობის კურსი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს“.
ამის შემდეგ საქართველოში საარჩევნო დარღვევების შემსწავლელი ჯგუფის გამოგზავნის იდეასა და პრაქტიკულად, დაგეგმილ ვიზიტზე საზოგადოებას აღარაფერი სმენია.
რადიო თავისუფლებამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ოფისს ჰკითხა - რა ბედი ეწია ევროკავშირის მიერ დაგეგმილ მისიას?
ევროკავშირის სპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე - ანიტა ჰიპერმა რადიო თავისუფლებას 2026 წლის 16 აპრილს უპასუხა:
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მისია არ შესრულებულა. საქართველოს ხელისუფლების მიერ რეპრესიული კურსის აღების გამო, ევროკავშირმა შეამცირა მასთან კონტაქტების დონე“.
2024 წლის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმე "მოსკოვის მექანიზმის" დოკუმენტში - "გამოძიება გრძელდება"
„მოსკოვის მექანიზმის“ საფუძველზე მომზადებულ ანგარიშს დართული აქვს საქართველოს სხვადასხვა უწყების კომენტარები. მათ შორის არის საქართველოს პროკურატურა. ამ უწყების მიერ მომხსენებლისთვის წარდგენილი დოკუმენტი, მათ შორის, ეხება პატრიცია გრჟებიკის პირველ რეკომენდაციას - საარჩევნო დარღვევების “დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ” გამოძიებას.
საქართველოს პროკურატურის კომენტარები იწყება იმის აღნიშვნით, რომ „საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე“. ეს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე ტერცია მუხლია და გულისხმობს „არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას“ .
“ამ ეტაპზე საბოლოო პროცედურული გადაწყვეტილება არ მიღებულა და გამოძიება გრძელდება”
პროკურატურის ტექსტში წერია, რომ “ამ ეტაპზე საბოლოო პროცედურული გადაწყვეტილება არ მიღებულა და გამოძიება გრძელდება”.
კომენტარებში აგრეთვე ვკითხულობთ, რომ ამ საკითხის შესწავლისას საგამოძიებო დეპარტამენტმა „800-მდე საგამოძიებო და პროცედურული მოქმედება“ ჩაატარა და მათ შორის: „მრავალი საგამოძიებო ექსპერიმენტი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით და შესაბამისი ექსპერტიზა“.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ყველას, ვინც არჩევნების გაყალბებაზე აცხადებდა, საშუალება მისცეს გამოძიებისთვის ინფორმაცია და მტკიცებულებები მიეწოდებინა. პროკურატურამ კი 400-მდე ადამიანი გამოკითხა.
თავის კომენტარებში პროკურატურა აღნიშნავს იმასაც, რომ გამოძიების დასაწყისშივე ცესკოს საცავებში დაილუქა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები:
„[აშშ-ში ლიცენზირებული კომპანიის] “სმარტმატიკის“ ექსპერტების უშუალო ჩართულობით, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, გამოძიების მიერ 2300-მდე ვერიფიკაციის აპარატიდან ამოღებულია მეხსიერების ბარათები, რომლებზეც განთავსებულია თითოეულ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადებული ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია“.
2026 წელს პროკურატურის მიერ პატრიცია გრჟებიკისთვის გაზიარებული კომენტარების შინაარსი, ფორმულირებები და ხაზგასმული დეტალებიც კი ერთი-ერთზე იმეორებს იმავე უწყების ერთი წლის წინანდელ - 2025 წლის 15 იანვრის საჯარო განცხადების ტექტს, გამოძიების შუალედურ შედეგებზე:
„გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია რვაასამდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. არსებული და მოსაპოვებელი მტკიცებულებების დასაცავად, გამოძიების მიერ საწყის ეტაპზევე დაილუქა ცესკო-ს შესაბამისი საცავები, სადაც განთავსებული იყო ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები…” - და ა.შ..
რასაც პროკურატურა ეუთოს 2026 წლის ანგარიშის კომენტარებში ადასტურებს, არის ის, რომ გამოძიება „არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით“ არჩევნებიდან წელიწადისა და ოთხი თვის შემდეგაც დაუსრულებელი იყო და მინიმუმ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში წინსვლა არ ყოფილა.
საქართველოს პროკურატურის განცხადებები არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიებაზე
2024 წლის 30 ოქტომბერი
საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ცესკოს მიმართვის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე და იქვე აღნიშნავს:
„ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით“.
2024 წლის 14 ნოემბერი
გამოძიების შესახებ მომდევნო განცხადებაში პროკურატურა ამბობს: „გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს“-ო და პირველად აღნიშნა, რომ სხვა საკითხებთან ერთად უნდა დადგენილიყო „ხომ არ ჰქონდა ადგილი ამომრჩევლის დუბლირებას, ასევე, ხომ არ ფიქსირდება საზღვარგარეთ მყოფი პირების ნაცვლად საქართველოში ხმის მიცემის შემთხვევები“.
2025 წლის 15 იანვარი
არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების შესახებ პროკურატურის ბოლო საჯარო განცხადება ასე მთავრდება:
„საქართველოს პროკურატურა აგრძელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, რომლის შედეგებთან დაკავშირებითაც პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“.
სადამდე მიიყვანა პროკურატურამ ეს გამოძიება საზოგადოებამ გაიგო მხოლოდ 2026 წლის მარტში, ისიც, „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშისთვის დართული კომენტარიდან.
ხელახალი არჩევნების ჩატარების პირობები
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მეორე მუხლი ადგენს, რომ ხელახალი არჩევნები ტარდება: თუკი „შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით“.
საარჩევნო კოდექსით, ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს. კოდექსი ცესკოს უკრძალავს შედეგების შეჯამებას, სასამართლოებში დავების დასრულებამდე. თუმცა:
„ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ასეთ დათქმას გამოძიების დაწყების პროცედურების თაობაზე“, - უპასუხა რადიო თავისუფლებას 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს ცესკოს იურისტმა გიორგი სანტურიანმა, კითხვაზე - შეიძლება თუ არა შეჩერდეს შედეგების შეჯამება გამოძიების დასრულებამდე.
„ჩვენი საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, რაიმეს შეჩერების პროცედურა არ არის გათვალისწინებული“, - თქვა მან.
არჩევნებისა და ლეგიტიმაციის საკითხი „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში, ეუთო/ოდირის “მოხმობით”
„მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, 16 მარტს, ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„საქართველოში შემდგარი არჩევნების მიმოხილვისას, ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო/ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთოს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს.
გარდა ამისა, ანგარიშის ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის. ანგარიშში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ უარყოფით შეფასებას ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო.
ანგარიშის ავტორს გამორჩა იმის აღნიშვნაც, რომ ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად ოპოზიციასთან შეჯერდა და რომელიც არჩევნების გაყალბებას სრულიად შეუძლებელს ხდის, რაზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წაგებამდე რადიკალური ოპოზიციაც ღიად საუბრობდა. მთლიანობაში, 2024 და 2025 წლის არჩევნების დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება ვერც “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორმა შეძლო“.
2026 წლის 1-ლ აპრილს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა მიიღო საქართველოს შესახებ უკიდურესად კრიტიკული რეზოლუცია, რომელშიც ისიც აღინიშნა, რომ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნები იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველი არჩევნები, რომელზეც არ იყვნენ მიწვეულები ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დამკვირვებლები.
ირაკლი კობახიძემ ლეგიტიმაციის საკითხი წამოსწია 14 მარტის განცხადებაში:
"დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უწევს დემოკრატიული მანდატის გაზიარება არავისგან არჩეულ, ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ დაფინანსებულ ჯგუფებთან" (შალვა პაპუაშვილი, 2026 წ.)
„მსოფლიოში არის რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე და ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და იურისდიქციას 100 პროცენტზე. ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური ასეთი პოლიტიკური ძალების მიმართ.
ჯერ აღიარონ ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია, მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი. ისინი არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას 2020 წლიდან მოყოლებული, ეს არის კომპლექსური პრობლემა. ჯერ დაარწმუნონ ეს ადამიანები, რომ უნდა მოიქცნენ კარგად, მერე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენზე“.
ლეგიტიმაციის საკითხზე იგივე შედარება პრემიერმინისტრმა მანამდე 16 თებერვალს გამოიყენა, როცა სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ე.წ. „არაღიარების შესახებ“ ცვლილებებზე ლაპარაკობდა.
“ერთ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც უპირისპირდება პირველ პრობლემას, ახლა მიიღება ახალი კანონი, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც უპირისპირდება მეორე პრობლემას. კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟი და ექსტრემიზმი, ეს არის ის, რასაც კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს“.
სს კოდექსი 2026 წლის მარტში შეიცვალა, მათ შორის, დაემატა ახალი 316-ე პრიმა მუხლი:
ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ
- კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ;
- ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ;
- ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ;
სისტემატურად და საჯაროდ მოწოდება ან მოქმედება, თუ კი მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს, ან დაზიანებსი რეალურ საფრთხეს ქმნის − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთი სამ წლამდე.
ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იურიდიული პირი ისჯება „ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“
2025 წლის 13 ოქტომბერს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა:
„მიხარია, რომ მილიონ 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და ამით, თვითმმართველობის არჩევნებზე საპარლამენტო არჩევნების შედეგი გავიმეორეთ. ეს უფრო მაღალი შედეგია, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ჰქონდა. ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო უპირველეს ყოვლისა, თითოეულ მოქალაქეს, ვინც 4 ოქტომბერს მივიდა საარჩევნო უბნებზე და თავისი პოლიტიკური პრეფერენცია დააფიქსირა, განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის მხარდამჭერია. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ მოქალაქეებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაამყარეს ის დემოკრატიული მანდატი, რომელიც ხელისუფლებას აქვს”.
მოგვიანებით, 2026 წლის 17 მარტს, პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას შალვა პაპუაშვილი ისევ მიუბრუნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და ხალხის მანდატის თემას:
„უკვე მეოთხე სესიაა, რაც საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ქართველი ხალხის სახელით და მის საკეთილდღეოდ მუშაობს. მუშაობს იმ უფლება-მოვალეობების შესასრულებლად, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა, საქართველოს მოსახლეობამ, 2024 წლის არჩევნებით დაგვაკისრა.
...მნიშვნელოვნად გაძლიერდა ხალხის პირდაპირი მანდატი საკანონმდებლო პროცესზე. დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უწევს დემოკრატიული მანდატის გაზიარება არავისგან არჩეულ, ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ დაფინანსებულ ჯგუფებთან, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის არსს“.
არის თუ არა ეუთო/ოდირის ანგარიშში შეფასებები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „იშველიებენ“?
პატრიცია გრჟებიკმა რადიო თავისუფლებასთან ადრინდელ ინტერვიუში განმარტა, რომ დოკუმენტზე მუშაობისას ის ვერ დაადგენდა - გაყალბდა თუ არა 2024 წლის არჩევნები, რის თაობაზე შეფასებასაც შესაძლოა ვინმე ელოდა კიდეც მისგან, არამედ ის დაეყრდნო ანგარიშებს, რომლებიც ამ არჩევნების შესახებ მომზადდა. საკითხები, რომლებიც მან წამოწია, დიდწილად ეფუძნება იმავე ეუთო/ოდირის მასალებსა და თბილისში ჩატარებულ ინტერვიუებს.
ეუთო/ოდირის ბოლო ანგარიში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეძღვნება. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საერთაშორისო მისია ვერ შედგა დაგვიანებით მიწვევის გამო.
2025 წლის 9 სექტემბერს ეუთო/ოდირმა განაცხადა:
„საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს გასამართავ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად არჩევნების დღემდე თვეზე ნაკლები ხნით ადრე მიწვევა, არასაკმარის დროს ტოვებს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის“.
ოდირის დირექტორმა მარია ტელალიანმა თქვა:
„ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად, არჩევნებზე გამჭვირვალე და სარწმუნო დაკვირვებას სჭირდება საგულდაგულოდ მომზადება და საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვან ეტაპებზე წვდომა. დასანანია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩვენი ასეთ გვიან ეტაპზე მიწვევის გადაწყვეტილება შეუძლებელს ხდის შინაარსიან დაკვირვებას და ოდირი ვერ მოახერხებს არჩევნებზე დაკვირვების მისიის განთავსებას“.
მივუბრუნდეთ ეუთო/ოდირის 2024 წლის საბოლოო ანგარიშს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ისეთ შეფასებებს, როგორებსაც ამ ანგარიშს დღემდე მიაწერენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - „კონკურენტული“, „დემოკრატიული“, აგრეთვე - „სამართლიანი“, რომელსაც ირაკლი კობახიძე 2024 წელს ახსენებდა. მაგალითად, 2024 წლის 5 ნოემბრის ინტერვიუში მან განაცხადა:
„ხარვეზები ყოველთვის არის საარჩევნო პროცესში. გამოძიებაც დაიწყო. რაიმე თუ არის შესასწავლი, ყველაფერს გამოიძიებს პროკურატურა. ჩვენ ვაჩვენეთ სრული ღიაობა ასეთი პროცესების მიმართ. ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, პროკურატურამ მაშინვე გაიზიარა ცესკო-ს ეს მოწოდება, დაიწყო გამოძიება. ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში. ჩვენ ვართ აბსოლუტურად პირნათელი. არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში“.
შეფასება „სამართლიანი გარემო“ ეუთო/ოდირის ანგარიშში არ იძებნება და სიტყვა „სამართლიანი“ 2024-ის არჩევნების არც ერთი კომპონენტის შეფასებისას არ არის გამოყენებული.
"ჩვენი მიგნებები, რომლებიც დაფუძნებულია წინასაარჩევნო კამპანიასა და არჩევნების დღის დაკვირვებაზე, აგრეთვე ადგილობრივ დამკვირვებელთა არჩევნების შემდგომ სანდო და თანმიმდევრულ ანგარიშებზე, წარმოშობს შეშფოთებას არჩევნების შედეგების სიზუსტეზე, კერძოდ იმაზე - ნამდვილად ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები ამომრჩევლების ნებას" (ევროსაბჭოს დამკვირვებელთა ანგარიში, 2024)
„კონკურენციის“შესახებ ეუთო/ოდირი წერს იმ კონტექსტში, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 პარტია მონაწილეობდა, თუმცა ანგარიშის ავტორები იქვე აღწერენ ყველა იმ პრობლემას, რაც ამომრჩევლის თავისუფალ გადაწყვეტილებას უშლიდა ხელს:
„საარჩევნო სუბიექტებს, ზოგადად, შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია, ხოლო 18 საარჩევნო სია ერთმანეთს კონკურენციას უწევდა ნაკლებად ინტენსიურ კამპანიაში. თუმცა, ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა და ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ დაშინების, მოსყიდვისა და ზეწოლის ხშირი ცნობები ზრდიდა შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ზოგიერთ ამომრჩეველს შესაძლოა თავისუფლად ვერ გაეკეთებინა არჩევანი და ხმის მიცემისას შიშით ემოქმედა, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს“.
ეუთო/ოდირის ანგარიშში 2024 წლის არჩევნები არსად არის შეფასებული თავისუფლად და სამართლიანად. სამართლიანობის საკითხი ერთ-ერთ რეკომენდაციაში ასეთ კონტექსტშია წამოწეული:
„ხმის მიცემის პროცესის სამართლიანობისა და საზოგადოებრივი ნდობის განსამტკიცებლად, სასურველია, ხელისუფლებამ გააძლიეროს გამჭვირვალობა და გააუმჯობესოს ამომრჩევლის იდენტიფიკაციის პროცედურების სისწორე და გამართულობა. ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის მოწყობილობების გამოყენებისას, საჭიროა შემუშავდეს გზები, რომლებიც ამომრჩეველთა პირადი ნომრების ხელით შეყვანის საჭიროებას შეამცირებს“.
ამ ციტატაში ნახსენებ ვერიფიკაციის პროცესსა და ამომრჩეველთა პირადი ნომრების ხელით შეყვანას არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ანგარიშებში არაერთი პრობლემა აღიწერა და არაერთი შეკითხვა დაისვა, რომლებსაც პასუხებს პოტენციურად გასცემდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება.
რაც შეეხება არჩევნების დემოკრატიულობას, ეუთო/ოდირის ანგარიშში ამაზეც პრობლემის აღწერის თანხლებით წერია:
„საკანონმდებლო ჩარჩო ადეკვატურ ბაზას იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, მაგრამ ბოლო დროს განხორციელებული ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც შეშფოთებას ზრდიდა კანონმდებლობის პოტენციურად პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენების კუთხით“.
ეუთო/ოდირის საერთაშორისო მისიაში შემავალმა ჯგუფებმა ცალკე თავიანთი ანგარიშებიც გამოაქვეყნეს. ერთ-ერთი იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39 კაციანი ჯგუფი, რომლის 2024 წლის 28 ნოემბერს გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის დასკვნით ნაწილში გამოთქმულია „სერიოზული ეჭვი“ - რამდენად ასახავდა არჩევნების შედეგები ამომრჩევლის ნებას და არსებულ საარჩევნო გარემოში რამდენად თავისუფლად შეეძლო ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღება:
"დარღვევების მასშტაბის გამო ხმის მიცემის ლეგიტიმურობის მნიშვნელოვნად შერყევის გათვალისწინებით, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები" (ევროპარლამენტი, 2024წ.)
„ჩვენი მიგნებები, რომლებიც დაფუძნებულია წინასაარჩევნო კამპანიასა და არჩევნების დღის დაკვირვებაზე, აგრეთვე ადგილობრივ დამკვირვებელთა არჩევნების შემდგომ სანდო და თანმიმდევრულ ანგარიშებზე, წარმოშობს შეშფოთებას არჩევნების შედეგების სიზუსტეზე, კერძოდ იმაზე - ნამდვილად ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები ამომრჩევლების ნებას. გარდა ამისა, შენარჩუნებულია სერიოზული ეჭვები იმის თაობაზე - რამდენად ქმნიდა საარჩევნო გარემო სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელ პირობებს, რომლებიც მისცემდა ამომრჩევლებს შესაძლებლობას გაეკეთებინათ ინფორმირებული და დაშინებისა და არასათანადო ზეწოლისგან თავისუფალი არჩევანი“.
ევროპარლამენტმა კი 2024 წლის 28 ნოემბერს მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საპარლამენტო არჩევნებისა და არჩევნების შესაძლო გაყალბების შემდგომ საქართველოში დემოკრატიის კრიზისის გამწვავებაზე“, რომელშიც ჩაიწერა, რომ ევროპარლამენტი:
- მიიჩნევს, რომ დარღვევების მასშტაბის გამო ხმის მიცემის ლეგიტიმურობის მნიშვნელოვნად შერყევის გათვალისწინებით, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები; შესაბამისად, უარყოფს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერი აღიარებას და მოუწოდებს, ერთი წლის განმავლობაში ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ, იმგვარი პროცესით, რომელიც ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, სათანადო საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი;
- მხარს უჭერს მოწოდებას დამოუკიდებელი, გავრცელებული ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს, შესაძლო საარჩევნო მანიპულაციის, ამომრჩევლის დაშინებისა და სისტემური ძალადობის გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიებაზე;
- მიესალმება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გადაწყვეტილებას საქართველოში ტექნიკური მისიის გაგზავნაზე; მოუწოდებს EEAS-სა და ევროკომისიას მისიისთვის ფართო მანდატის განსაზღვრისკენ, რომელიც გასცდება ეუთოს არჩევნებზე დაკვირვების მისიის ჩარჩოებსა და მეთოდოლოგიას, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება არჩევნებზე დაკვირვების ევროკავშირის მეთოდოლოგიისგან, ვინაიდან ეუთოს მისია ყოველთვის ადეკვატურად ვერ ახერხებს იმ ყველაფრის მონიშვნას, რაც ქვეყანაში არჩევნების დღემდე ხდება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც არის საჯარო მოხელეებზე ზეწოლის, ამომრჩევლის დაშინებისა და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის კარგად ფესვგადგმული სისტემა.
"საქართველოს ხელისუფლებას განზრახ მიჰყავს ქვეყანა შიდა პოლიტიკური კრიზისისა და საქართველოს დემოკრატიული პარტნიორებისგან საერთაშორისო იზოლაციის პირას" (ევროპარლამენტი, 2024 წ.)
- გამოხატავს შეშფოთებას პროკურატურის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის გამო, მოუწოდებს ხელისუფლებას ამომრჩეველმა თავად მოახდინოს არჩევნებში მონაწილეობის ვერიფიკაცია, მონაცემთა დაცვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად; ხაზს უსვამს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის დაცვისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის მათი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერი დარღვევის შესახებ მთავარ მტკიცებულებებს
- გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს სასამართლო ინსტიტუტების მიერ არჩევნების გაყალბებისა და მანიპულაციების შესახებ მრავალი საჩივრის კოორდინირებული უარყოფისა და ცესკოს მიერ არჩევნების შესახებ ინციდენტების გამოძიების სრული უუნარობის გამო; მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში არსებულ რეალურ შეშფოთებასა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ანგარიშებზე რეაგირების გარეშე, საქართველოს ხელისუფლებას განზრახ მიჰყავს ქვეყანა შიდა პოლიტიკური კრიზისისა და საქართველოს დემოკრატიული პარტნიორებისგან საერთაშორისო იზოლაციის პირას.
ევროპარლამენტის იმავე რეზოლუციაში არის მოწოდება, ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიმღები მოსამართლეების, აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ და ევროკავშირის ტერიტორიაზე მისი ქონების გაყინვისკენ. დოკუმენტში დაგმობილია უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში, რომელიც „იყო ევროკავშირის პოზიციის დარღვევა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკისთვის ძირის გამოთხრა, ხაზს უსვამს იმას, რომ ამჯერადაც პრემიერმინისტრი ორბანი არ ლაპარაკობდა ევროკავშირის სახელით“.
კენჭისყრის ფარულობის დარღვევის საქმის გზა თეთრიწყაროდან სტრასბურგამდე
საქართველოს კონსტიტუცია: “პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან”
საარჩევნო კოდექსი: „აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“
2024 წლის არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევა არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პრობლემა, რომელზეც მიუთითებდა ყველა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია და რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი ნაწილისთვისაც ადვილად შესამჩნევი აღმოჩნდა. ამის დასტურია ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის 2024 წლის 27 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასების ანგარიში, რომელშიც აღინიშნა:
„ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების 24 პროცენტში საარჩევნო ბიულეტინების ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურების ან საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო დაგეგმარების გამო“.
საბოლოო ანგარიშში კი ეუთო/ოდირის მისიამ დააზუსტა მისი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ტიპები:
„ხმის ფარულობის შესაძლო დარღვევები დაფიქსირდა დაკვირვების არეალში მოქცეული შემთხვევების 24 პროცენტში, რაც გამოწვეული იყო ბიულეტენების საარჩევნო ყუთებში შეცურების პროცესით, 12 პროცენტში – ბიულეტენების შევსების წესით, ხოლო 7 პროცენტში – საარჩევნო უბნების არასათანადო შიდა განლაგებით. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის (IEOM) დამკვირვებლებმა გამოავლინეს ამ დარღვევების გამომწვევი რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ან დამკვირვებლების სიახლოვე საარჩევნო ყუთებთან ან ხმის მიცემის კაბინებთან (დაკვირვების არეალში მოქცეული შემთხვევების 16 პროცენტში), უბნებზე გადატვირთულობა (16 პროცენტი), საარჩევნო ბიულეტენების ჩასადების ან კონვერტების არასწორი გამოყენება (9 პროცენტი), საარჩევნო ბიულეტენების ნიშნების გაჟონვა (6 პროცენტი), ასევე ვიდეოკამერების გამოყენება, რაც ამომრჩეველთა არჩევანის გამჟღავნების საფრთხეს ქმნიდა. ამ საკითხებმა, ასევე ხმებმა იმის შესახებ, რომ ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მოწყობილობების (VCD) გამოყენებით შეიძლებოდა ამომრჩეველთა არჩევანის თვალთვალი, ბევრ ამომრჩეველში შექმნა განცდა, რომ მათი ხმის საიდუმლოება დაირღვა”.
2026 წლის დასაწყისში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეუდგა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ წარდგენილი საჩივრის არსებით განხილვას, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხება. საია დავობს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის მუხლი თავისუფალი არჩევნების უფლების შესახებ.
საჩივარი სასამართლომ დაარეგისტრირა 2025 წლის მარტში. საია საჩივარში აღნიშნავს, რომ „საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება“. საია საჩივარში ასევე დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს. ქვეყნის შიგნით გათვალისწინებული დავის მექანიზმების გამოყენებით, საიამ 73 ოლქში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე პოზიციის წარდგენისათვის სახელმწიფოს ვადა განუსაზღვრა 2026 წლის 15 მაისამდე.
„ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების 24 პროცენტში საარჩევნო ბიულეტინების ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურების ან საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო დაგეგმარების გამო“ (ეუთო/ოდირი, 2024 წ.)
ხმის ფარულობის დარღვევის რისკებზე საიამ ცესკოს 2024 წლის არჩევნებამდეც მიმართა, როცა ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა ასეთი რისკები. 2024 წლის 28 სექტემბერს ცესკომ საიას წერილობით აცნობა, რომ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას.
საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი რადიო თავისუფლებას უყვება:
„რეკლამა რომ გადიოდა ინფორმირებულობის გასაზრდელად, ან ჟურნალისტები რომ აკეთებდნენ სიუჟეტებს, ჩანდა ყველგან, რომ ფურცელზე ეს კვალი ჟონავდა და ამიტომ, მერე წერილით მივმართეთ, რომ ეს პრობლემა ფიქსირდება და თვითონაც პრეზუმირება გააკეთეს, რომ არჩევნებზე იქნება ისე უზრუნველყოფილი, რომ ფარულობას უზრუნველყოფსო. ესე იგი, პრეზუმირება თვითონ გააკეთეს, რომ ამით ფარულობა ირღვეოდა.
მე ვიყავი სენაკში წარმომადგენელი და მერე ქუთაისის სააპელაციოში - გიმტკიცებდნენ, რომ თუ ადამიანი ბიულეტენის ჩარჩო-კონვერტს გამოიყენებდა ნორმალურად, წესისამებრ, ეს პრობლემას არ ქმნიდა. ანუ, სინამდვილეში, კონვერტი ბოლომდე არ ფარავდა ბიულეტენს და როგორც კი მიიტანდი მანქანის პირთან, საიდანაც მიჰქონდა ეს ფურცელი, შეცურების პროცესში, გვერდზე მდგომი ადამიანისთვის (თან იმ პირობის გათვალისწინებით, რომ კამერებიც ზოგიერთ შემთხვევაში მიმართული იყო საარჩევნო ყუთებისკენ) იდენტიფიცირებადს ხდიდა არა მარტო იმას ვის მიეცი ხმა (მმართველი პარტიის ნომერი არის ფურცლის ქვედა ნაწილში და იდენტიფიცირებადს ხდიდა მას მიეცი ხმა თუ ვიღაცას, ფურცლის დასაწყისში), არამედ საერთოდ ხმა მიეცი თუ არა. ანუ, ფარული საარჩევნო უფლებით დაცულია აბსენტეიზმიც - თუ ადამიანს უნდა, საერთოდ არავის არ მისცემს ხმას. ჩვენ მაგასაც ვხდიდით სადაოდ, რომ ეს შეცნობადი იქნებოდა მესამე მხარისთვის - ვის მიეცი ხმა, ვის არ მიეცი და საერთოდ მიეცი თუ არა. თანაც, ტექნიკური გაუმართაობის არაერთი შემთხვევა იყო, როცა ეს მანქანები ბიულეტენს უკან აბრუნებდნენ. თან ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მასობრივად ელექტრონულად ჩატარდა. ცესკოსთან ეგ კომუნიკაციაც არსებობს და ეგ არის, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თვითონ აკეთებდნენ პრეზუმირებას, რომ იქნება ისეთი, რაც უზრუნველყოფს ფარულობას - ფურცელი და კალამი იქნება იმ ხარისხით, რომ უზრუნველყოფს ფარულობას“.
კენჭისყრის ფარულობაზე საიას საჩივარი ეროვნულ დონეზე მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ) დააკმაყოფილა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ შემთხვევითი შერჩევით შეამოწმა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქის რამდენიმე უბნის ბიულეტენები, რამაც დაადასტურა ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალის ხილვადობა. გარდა ამისა მან ჩაატარა კენჭისყრის შემოწმების ექსპერიმენტი, რომელმაც დაადასტურა ხმის მთვლელში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის ფაქტი. თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.
შეკითხვაზე - რა შეიძლება პოტენციურად შეცვალოს სტრასბურგის გადაწყვეტილებამ - თამარ ონიანი რადიო თავისუფლებას პასუხობს:
"ამ საქმეს აქვს პოტენციალი, რომ ჩამოაყალიბოს მათ შორის ისეთი სტანდარტები, რომელიც ევროპის საბჭოსთვის იქნება ზოგადად სახელმძღვანელო და არა მარტო საქართველოსთვის..." - თამარ ონიანი კენჭისყრის ფარულობის საქმეზე სტრასბურგში.
„სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება, სადაც დეკლარაციულად იტყვის დაირღვა თუ არ დაირღვა [კენჭისყრის ფარულობა] და შემდეგ მიუთითებს საქართველოს იმ ღონისძიებას, რომელიც მან უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ეს საქმე აღასრულოს. რა იქნება ღონისძიება, წინასწარ ამის თქმა რთულია, მათ შორის, მსგავსი ტიპის დავის არარსებობის გამოც სტრასბურგის სასამართლოში. სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა ასევე, რომ შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსის მქონე საქმე. ეს ნიშნავს, რომ ამ საქმეს აქვს პოტენციალი, რომ ჩამოაყალიბოს მათ შორის ისეთი სტანდარტები, რომელიც ევროპის საბჭოსთვის იქნება ზოგადად სახელმძღვანელო და არა მარტო საქართველოსთვის და ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ამ საქმეში დასმული პრობლემა არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ადგილობრივი კონტექსტისთვის, ისე საერთაშორისო კონტექსტისთვის.
ამიტომ კონკრეტულად სტრასბურგის სასამრთლო რა ღონისძიებას მიუთითებს სახელმწიფოს, ამის თქმა რთულია, მათ შორის სტრასბურგის ძალიან განსაკუთრებული მანდატიდან გამომდინარე, ის მეოთხე ინსტანციის სასამართლო არ არის. მას არ შეუძლია ზოგადად, რომ ადგილობრივ დონეზე რომელიმე აქტი გააუქმოს. ის გამოსცემს თავის კონკრეტულ სასამართლო აქტს, რომლითაც სახელმწიფოს მიუთითებს კონკრეტულ ღონისძიებას. მერე ამას სახელმწიფო აღასრულებს თუ არ აღასრულებს, ეს უკვე ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის შეფასებას“.
ელექტრონული აპარატების გამოყენებით კენჭისყრაზე დაკვირვებისას ფარულობის პრობლემაზე საია აცხადებდა 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვების შედეგადაც, როცა ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა კრწანისის ოლქში დაიტესტა და 2022 წლის ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე დაკვირვებისასაც.
პატრიცია გრჟებიკი თავის ანგარიშში წერს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილთან 2026 წლის 18 თებერვლის შეხვედრის შესახებ, როცა მას საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ დარღვევებსა და საკითხებზე შეკითხვები დაუსვა:
„მან განაცხადა, რომ კენჭისყრის ფარულობაზე პირველი ბრალდებები საიას მიერ მხოლოდ არჩევნებიდან სამ დღეში გააჟღერა და, მისი აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ზოგიერთი მონიშვნა ბიულეტენის უკანა მხარესაც ხილული იყო, ეს მონიშვნები არ იძლეოდა იმის განსაზღვრის შესაძლებლობას - ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციით, ფარულობის პრობლემაზე მხოლოდ 7 საჩივარი იყო და არც ერთი არ ეხებოდა ხმის მთვლელ აპარატებს“.
პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნა-ჩატარებისა და შემდგომი პროცესის ლეგიტიმურობის საკითხი
კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც 2024-ის არჩევნების შემდგომ ახლადარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისა და მისი უფლებამოსილების ცნობის ლეგიტიმურობას ეხებოდა: სადამკვირვებლო ორგანიზაციები კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მოხმობით, აცხადებდნენ, რომ პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტს უნდა დაენიშნა და პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას სჭირდებოდა პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობა - ორივე ეს პირობა 25 ნოემბრისთვის დარღვეული იყო, რადგან იმ მომენტისთვის საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის 30 წევრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჰქონდათ გასაჩივრებული 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობასაც ითხოვდნენ სასამართლოსგან, რომელმაც მხოლოდ 3 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტისა და 30 ოპოზიციონერი დეპუტატის საჩივრების დაუშვებლობაზე.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს პარლამენტის მიერ 25 ნოემბერს ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციური იყო და არღვევდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხდომის ჩანიშვნას არ აპირებდა. არჩევნების დასრულებიდან მალევე, მან განაცხადა, რომ „არჩევნები ტოტალურად გაყალბდა“, ის არ ცნობს არჩევნების შედეგებს და რომ „ეს იყო რუსული სპეცოპერაცია“.
„ამ არჩევნების დროს წაგვართვეს არჩევნების უფლება. ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი“, - განაცხადა 2024 წლის 27 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა.
უკვე 14 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრით მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, რაზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებდა, რომ „არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „არჩეული“ პრეზიდენტი თავადაც არალეგიტიმურია“ და რომ “კონსტიტუციის და კანონის უგულებელყოფით პრეზიდენტის არჩევით, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს“.
დამკვირვებლები “მოსკოვის მექანიზმის” დოკუმენტსა და გამოძიების მნიშვნელობაზე: არასდროს არაა გვიან
რადიო თავისუფლება ესაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ჰკითხა მათ:
რატომ მოხვდა „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტში პირველ ადგილზე წელიწადნახევრის წინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ჩადენილი დარღვევების გამოძიებაზე რეკომენდაცია?
ნინო დოლიძე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისას ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, რადიო თავისუფლებას ეუბნება:
"ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" ეხმიანება ყველაზე მთავარ პრობლემას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ"
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისი სწორედ არჩევნების შედეგებიდან და არჩევნების პროცესებიდან გამომდინარე არსებობს და სწორედ ამის ხაზგასმაა, რომ აი, აქედან იწყება მთავარი პრობლემები, სამართლებრივი და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების საკითხი იქიდან გამომდინარე, რომ დღემდე ფაქტობრივად არ არსებობს უმრავლესი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ამ არჩევნების აღიარება და კითხვის ნიშნები დგას ამ არჩევნებთან დაკავშირებით და რეალურად, ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" ეხმიანება ყველაზე მთავარ პრობლემას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
პირველ რიგში, ის ამბობს, რომ დამოუკიდებელი გამოძიებაა საჭირო 2024-ის არჩევნებთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, არავინ არ ენდობა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უწყებების მიერ ჩატარებულ გამოძიებას.
აქ საუბარია დამოუკიდებელ გამოძიებაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ქართული ოცნების აი, ამ გავლენის ქვეშ მყოფი ინსტიტუტების მხრიდან.
ძალიან მნიშვნელოვანი და ამომწურავია არჩევნებთან დაკავშირებით მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტი და კიდევ ერთხელ ასახავს თუ რამხელა პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისი გამოიწვია ამ არჩევნებმა, რომელიც დღემდე გრძელდება ქვეყანაში“.
ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი:
"ჩვენ ვხედავდით, რომ პირადი ინფორმაცია და პირადი მონაცემებიც ასევე გამოიყენებოდა იმისთვის, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას შეენარჩუნებინა ძალაუფლება"
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვის მექანიზმი განიხილავს საარჩევნო პერიოდს და უშუალოდ 2024 წლის არჩევნებს, როდესაც, ყველაფერთან ერთად, ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევებსაც.როცა მიტაცებულ სახელმწიფოში სხვადასხვა ორგანოები გამოიყენება იმისთვის, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამ შემთხვევაში, ჩვენ ამას შეიძლება დავარქვათ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება. ამ დროს ირღვევა ადამიანის უფლებები, რადგან ადამიანებმა არჩევანი უნდა გააკეთონ თავისუფალ გარემოში და მათ აქვთ უფლება აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება - თავისუფალ გარემოში მიიღოს გადაწყვეტილება იმაზე, თუ რომელი პარტია და რა პროცენტით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. და ამ შემთხვევაში, საქართველოს კონკრეტულ მოქალაქეებს ამისი უფლება არ ჰქონდათ.
ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ ამ დროს ადგილი ჰქონდა აგრეთვე დაშინებას, მოსყიდვას, პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებას. ასევე ჩვენ ვხედავდით, რომ პირადი ინფორმაცია და პირადი მონაცემებიც ასევე გამოიყენებოდა იმისთვის, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას შეენარჩუნებინა ძალაუფლება და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ საარჩევნო დარღვევებთან ერთად მასიურად ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევას”.
ტატო ქელბაქიანი, საინიციატივო ჯგუფ “დამკვირვებლების” წევრი. არჩევნებზე დაკვირვების დროს ის წარმოადგენდა კოალიციას - „ჩემი ხმა“:
"იმას, რაც იქ ხდებოდა, ყველაფერი ერქვა, არჩევნების გარდა. ძალიან მძიმე დარღვევები იყო"
“არჩევნების დასრულების შემდეგ, როცა მოხდა შეფასება ამ არჩევნების შედეგების, იმ დარღვევებიდან გამომდინარე, რაც მაშინ გამოიკვეთა, მაშინვე იყო რეკომენდაცია, რომ დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარებულიყო საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რაზეც არ იყო ადეკვატური რეაგირება ამ ხელისუფლების მხრიდან. ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და შესაბამისადაც აისახა “მოსკოვის მექანიზმის” დასკვნაში.
სხვას რომ თავი დავანებოთ, პირადად ვაკვირდებოდი არჩევნებს: იმას, რაც იქ ხდებოდა, ყველაფერი ერქვა, არჩევნების გარდა. ძალიან მძიმე დარღვევები იყო. მასობრივი გამოყენება სხვისი პირადობის მოწმობების, ზეწოლა, მუქარა, ფარულობის დარღვევა და ფაქტობრივად, დაირღვა თითქმის ყველა საბაზისო პრინციპი და შესაბამისადაც მოხდა მისი ასახვა ამ ანგარიშში”.
რამდენად შესაძლებელია არჩევნებიდან თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ დარღვევების გამოძიება და რა შეიძლება იყოს მისი ეფექტი?
ეკა გიგაური:
“შესაძლებელია, რადგან ის ხალხი ვისზეც ზეწოლა და მოსყიდვა მიმდინარეობდა, ადგილზეა. და ის ხალხი, ვინც ამაში იყო ჩართული, მათ შორის ადმინისტრაციიდან, ასევე ადგილზეა. ამიტომ ამ საკითხების გამოძიება არასდროს არაა გვიან. პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ეფექტური გამოძიების ჩატარება შესაძლებელია. მითუმეტეს, რომ გაყალბების სქემების ნაწილი წინა არჩევნებზეც გამოიყენებოდა.
ტატო ქელბაქიანი:
"ორი წლის მერეც ამ საკითხის წამოწევა კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხზე თვალის დახუჭვას არ აპირებს და მის შედეგებს სამართლიანად არ მიიჩნევს"
“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ახლა რომ მოხდა ეს ყველაფერი, რადგან ეს ხელისუფლება მუდმივად ცდილობს ამ პროცესის ნორმალიზებას, თითქოს შეგუებას საერთაშორისო საზოგადოების, რომ ეს არჩევნები შედგა და მიიღონ ეს შედეგები, როგორც მოცემულობა. ამიტომ, მათ აქვთ სერიოზული პრობლემები აღიარებასთან დაკავშირებით. მათ ქცევებშიც არის ეს გამოხატული და ძირითადად დარბიან ისეთ ქვეყნებში, სადაც მსგავსი ტიპის ავტორიტარული რეჟიმებია - ცენტრალურ აზიაში, უახლოეს სამეზობლოში და შესაბამისად, თითქმის ორი წლის მერეც ამ საკითხის წამოწევა კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხზე თვალის დახუჭვას არ აპირებს და მის შედეგებს სამართლიანად არ მიიჩნევს. ამიტომ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამომავლო ცვლილებების კუთხით”.
ნინო დოლიძე:
“როცა ვსაუბრობთ არჩევნების მანიპულაციაზე ისეთ მასშტაბურ სისტემაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2024 წლის არჩევნებზე, რა თქმა უნდა, ამისი გამოძიება დღესაც არის შესაძლებელი. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ამას სჭირდება დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყებები და მათი ჩართულობა ამ პროცესებში.
ჯერ კიდევ 2022 წელს გადავეცით სამართლიანმა არჩევნებმა და “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” პროკურატურას უდიდესი მასალა სოსო გოგაშვილის ფაილებზე დაფუძნებით, სადაც საუბარი იყო სამოხელეო დანაშაულზე და ზოგადად, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ როგორ იყვნენ ჩართული თანამდებობის პირები კამპანიაში. ეს რომ გამოეძიებინათ, უნდა მოჰყოლოდა თავისი შედეგები.
"რა თქმა უნდა, ამისი გამოძიება დღესაც არის შესაძლებელი. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ამას სჭირდება დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყებები და მათი ჩართულობა ამ პროცესებში"
2024 წელს ხომ არაერთ დარღვევასთან დაკავშირებით გვაქვს მიწოდებული პროკურატურისთვის ინფორმაცია, მეც ვიყავი სასამართლოში დაკითხვაზე და გადავეცით არაერთი დოკუმენტაცია, სადაც მაგალითად, არჩევნების დღეს მოსყიდვის ფაქტები კონკრეტული სახელებით და ა.შ. გვიწერია. არ გვინახავს ამაზე არანაირი გამოძიება.
იმედი მაქვს, ოდესმე ქვეყანაში იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელიც დაიწყებს წინა არჩევნების დროს არსებული დარღვევების გამოძიებას და ყველა ვინც ჩართული იყო ქართველი ხალხისთვის ნების წართმევასა და მანიპულაციაში, ამაზე აგებს პასუხს.
ითვლება თუ არა დასრულებულად საარჩევნო პროცესი, სანამ არ არის დასრულებული გამოძიება?
ეკა გიგაური:
“ზუსტად ამიტომ, კანონი ზუსტად გაწერს რა ეტაპებისგან შედგება საარჩევნო პროცესი: წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე და არჩევნების შემდგომი პერიოდი, როცა ყველა საჩივარი და ყველა გამოძიება უნდა იყოს დასრულებული, როცა სამართლებრივი სისტემა, მათ შორის, იტყვის, რომ კი, ეს პარტია ამ რაოდენობით არის წარმოდგენილი პარტლამენტში.
არჩევნების შემდგომი პერიოდი იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ზუსტად ამ დროს განიხილება ყველა საჩივარი და ყველა იმ პრობლემის გამოძიება ხდება, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების პერიოდში.
ჩვენს შემთხვევაში, პარლამენტიც კი შეიკრიბა მაშინ, როცა კონკრეტული საჩივარი იყო შეტანილი და არც დაელოდა მმართველი პარტია, რომ ფორმალურად მაინც ეს საჩივარი განხილულიყო. საქართველოს შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება ფორმალურად მაინც ასრულებდა კანონის მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ისინი შეიძლება დარწმუნებული ყოფილიყვნენ იმაში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონსტიტუციო სასამართლო ან კონკრეტული საგამოძიებო ორგანო.
"ეს იმდენად ხილული იყო, რომ პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამომრჩევლის ნებაზე ამას დიდი ზეგავლენა შეეძლო მოეხდინა"
აღარ ვლაპარაკობ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და შეფასებებზე. ლაპარაკი იყო მასიურ დარღვევებზე და მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ მიმართულებითაც გამოძიება ჩატარებულიყო, თუმცა, ამის მოლოდინი არარეალისტური იყო და არც არავინ ელოდებოდა ამას”.
ტატო ქელბაქიანი:
“არჩევნების პრინციპებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი არის არჩევნების ფარულობა. რომელიმე პრინციპი რომ იყოს დარღვეული, ითვლება, რომ არჩევნები არ შემდგარა, რადგან ეს არის საყოველთაოობა, ფარულობა და ა.შ.. ამიტომ, ეს ერთი მთავარი პრინციპი ამ ელექტრონულ უბნებთან მიმართებაში არის ნამდვილად დარღვეული. ეს იმდენად ხილული იყო, რომ პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამომრჩევლის ნებაზე ამას დიდი ზეგავლენა შეეძლო მოეხდინა.
მე მგონი, სადაოც ის ლაქა, სადაც ჩანდა: 41 ნომერი, მაგალითად, იყო ბიულეტენზე ქვედა მხარეს, ამიტომ როცა აცურებდნენ ამ ელექტრონულ აპარატებში, ადვილად გამოსარჩევი იყო და მისახვედრი - მისცა თუ არა “ქართულ ოცნებას” ხმა, რადგან, როგორც წესი, ქვედა მხარეს იყო ეს აღნიშნული. შესაბამისად, ფარულობა ტოტალურად იყო დარღვეული. ამან სერიოზული გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნებაზე. იცით, ამასთან დაკავშირებით არის საიას საჩივარი - არსებითი განხილვა დაიწყო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რაც კიდევ მიანიშნებს, რომ ეს პრობლემა რეალური იყო.
სხვა დარღვევებიც მრავლად იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე მასობრივად, როცა უბნების 80%-მდე, სადაც ელექტრონული წესით ხდებოდა ხმის მიცემა, მანდ მარტო ამ პრინციპიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ არჩევნები არ შემდგარა და სხვა რომ თავი დავანებოთ, ამის გარდა, უამრავი სხვა ტიპის დარღვევა იყო, როგორიცაა ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მთელი სქემები ჰქონდათ აწყობილი ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მიმართულებით”.
ნინო დოლიძე:
“თუკი არჩევნების დღის შემდგომ საარჩევნო პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ვგულისხმობ საარჩევნო დავებს, რა თქმა უნდა, პროცესი ვერ ჩაითვლება დასრულებულად. სწორედ ამიტომ არის ხოლმე ამ პროცესების ერთი მხრივ დაკვირვებაც მნიშვნელოვანი და ყველამ კარგად იცის, საერთაშორისო სტანდარტია, რომ არჩევნების შეფასების ანგარიში რამდენიმე თვის შემდეგაც კი იწერება, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლომდე უნდა დასრულდეს პროცესი.
"როცა მოხდა პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოში იყო საქართველოს პრეზიდენტის და ასევე პარლამენტის წევრების საკონსტიტუციო სარჩელი არჩევნების შედეგების კანონიერებასთან დაკავშირებით"
რაც შეეხება საქართველოს არჩევნებს, ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთებულა, რომ, როცა მოხდა პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოში იყო საქართველოს პრეზიდენტის და ასევე პარლამენტის წევრების საკონსტიტუციო სარჩელი არჩევნების შედეგების კანონიერებასთან დაკავშირებით და ჩვენ - სამოქალაქო საზოგადოებამ მაშინვე განვაცხადეთ, რომ უფლებამოსილების ცნობა იყო წინააღმდეგობაში საქართველოს კანონმდებლობასთან. აქედან გამომდინარე, მას მერე მოყოლებული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე არსებობს სამართლებრივი პრობლემა და სამართლებრივი კრიზისი ლეგიტიმაციის ნაწილში.
რა თქმა უნდა, პრობლემა პრობლემად რჩება. ამიტომ, როცა საუბარია ლეგიტიმაციის საკითხზე, აქ საუბარია არა მხოლოდ რაღაც პოლიტიკურ ნაწილზე და ხალხის მიერ აღიარება-არაღიარების ნაწილზე, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივ ნაწილზეც და სწორედ იმიტომ, რომ საქართველო დღეს არის არა მხოლოდ პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ კრიზისში, რომელიც სწორედ 2024 წლის არჩევნების შედეგებიდან და შემდგომი პროცესებიდან გამომდინარე არსებობს”.
თამარ ონიანი:
“გააჩნია, ჩვენ რა განზომილებით შევხედავთ - პოლიტიკური განზომილებით, თუ სამართლებრივით. არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, ბუნებრივია, რომ მარტო ერთი და მარტო მეორე ვერ იქნება, სადღაც შუაშია, ანუ პოლიტიკურ-სამართლებრივია. მაგალითად, საკონსტიტუციოში ის დავა მიდიოდა, როცა პარლამენტი შეიკრიბა. ჩვენ მაგაზე გვაქვს ეგ შეფასება გაკეთებული.
ერთი რაღაცის თქმა ძალიან ცალსახად შეიძლება და პროკურატურის როლს გამოკვეთს ეგ ძალიან მნიშვნელოვნად, რომ როდესაც გამოძიება მიმდინარეობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ან სხვა საარჩევნო ხარვეზებთან მიმართებით და პარალელურად არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარლამენტი იკრიბება, სულ მცირე ყველაზე მინიმალური ვალდებულებაა, რომ ამ გამოძიების შესახებ საზოგადოებას, შემაჯამებელი შედეგების გამოცხადებაზე კი არ არის საუბარი, დროდადრო აცნობებდე რას აკეთებ როგორც კონსტიტუციური ორგანო.
"რატომ აქვს ამ გამოძიებას მნიშვნელობა? - ფაქტების დადგენის მიზნითაც. მარტო ვიღაცების დასჯის მიზნით არ აქვს"
არაერთი გამოძიება გვინახავს სხვა, გახმაურებულ, მნიშვნელოვან საქმეებზე, როცა ამბობს ორგანო, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მერე როგორც ადვოკატები შევდივართ ამ საქმეებზე და ვნახულობთ, რომ სინამდვილეში ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი არ ხდება ხოლმე. 20 ივნისის საქმე ავიღოთ, სხვა აქციებზე დაზარალებული პირების საქმეები ავიღოთ. სისტემურ წამებაზეც ყველა მექანიზმში წერენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. სად არის გამოძიების შედეგები? ეგ ფაქტობრივად ქმნის ფიქციას, რომ თითქოს რაღაც კეთდება, თითქოს ადგილობრივ დონეზე არსებობს ორგანო, რომელიც ამ საკითხებს იძიებს.
და, ხო, რატომ აქვს ამ გამოძიებას მნიშვნელობა? - ფაქტების დადგენის მიზნითაც. მარტო ვიღაცების დასჯის მიზნით არ აქვს. ანუ, ეს არ უნდა დავიყვანოთ რაღაც რიგით საქმემდე, რომ არსებობს რაღაც კონკრეტული ინციდენტური შემთხვევა. ასეთი რიგითი საქმე არ არის, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება, როგორიცაა არჩევნები, დემოკრატიის არსებობა, სამართლებრივი სახელმწიფო”.