ეს პირველი წერილია, რომელშიც ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესაც ახსენებს.
ტექსტში ის მხოლოდ უფლებადამცველად მოხსენიებული ლაზარე ჯორბენაძის საეჭვო თვითმკვლელობის ფაქტს ეხება, მაგრამ ამბობს ასევე, რომ “საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით… კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს”.
- “ამ წერილის შემდეგ აუცილებელია ყველა თვითმკვლელობის საქმეების თავიდან გამოძიება...”
- „რა თქმა უნდა ყველაფერი გამოსაძიებელია!..“
- „მარტო ლაზარე ჯორბენაძე არა. ათასი დანაშაულია პასუხგაუცემელი...” – ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები შეკითხვებზე პასუხებს ითხოვენ.
ჩანს, რომ განსაკუთრებით აინტერესებთ სიმართლე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით.
ამ დღეებში ხელისუფლების ოპონენტებმა კიდევ არაერთი ადამიანის გარდაცვალება გაიხსენეს, რომელთა თვითმკვლელობა თავიდანვე ეჭვებს აჩენდა; მათ შორის - სუსის, შს სამინისტროსა და პენიტენციური სისტემის თანამშრომლებიც არიან.
მხარდამჭერები შიშობენ, რომ ახლა უკვე ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლესაც ემუქრება საფრთხე.
“მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და "ქართული ოცნებისთვის" მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს", - ექსპრემიერი ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს იმასაც, რომ სუსის ყოფილი უფროსის, აგვისტოს ბოლოს პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძის კარიერა სწორედ მის საქმეს შეეწირა.
საეჭვო თვითმკვლელობები
„რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ - ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასმულ შეკითხვას 2 სექტემბერს „ქართული ოცნების“ რიგებიდან მარტივად და გადაჭრით უპასუხეს - ჯორბენაძემ თავი მოიკლა.
“ეს კონკრეტული ფაქტი [ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, რაც დადასტურებულად, სამწუხაროდ, არის სუიციდი და ამ ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია”, - უთხრა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და დაამატა, რომ ღარიბაშვილის განცხადებებზე დაყრდნობით, ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, გამოძიება ვერ დაიწყება.
ლაზარე [ზურაბ] ჯორბენაძე, რომელიც ღია წყაროებში პოლიტიკურ აქტივისტად, იურისტად და უფლებადამცველად არის მოხსენიებული, 2026 წლის აპრილში გარდაიცვალა და ოფიციალურად, თავიდანვე თვითმკვლელობის ვერსია განიხილებოდა. თუმცა ახლობლებს, მეგობრებსა და თანამოაზრეებს ამ ვერსიაში ეჭვი თავიდანვე ეპარებოდათ.
საჯარო წყაროებით როგორც ირკვევა, ლაზარე ჯორბენაძე “ქართული ოცნების” თანამოაზრე იყო. მასაც სჯეროდა, რომ საქართველოს ინტერესებს, დასავლეთიდან -“დიპ სტეიტი” ებრძოდა; 2008 წლის აგვისტოს ომიც დასავლეთის გეგმით გაჩაღდა და მიზანი - რუსეთის ოკუპანტად გამოცხადება და აშშ-ის ჰეგემონიის გაძლიერება იყო; რომ დასავლეთი საქართველოში, ერის გარყვნის მიზნით, ლგბტ პროპაგანდას აფინანსებდა და სახელმწიფო გადატრიალებას წლების მანძილზე ცდილობდა.
ღარიბაშვილი თავის წერილში ახსენებს ინტერვიუს, რომელიც გაზეთ „ასავალ-დასავალს“ ჯორბენაძემ გარდაცვალებამდე დაახლოებით 2 თვით ადრე, 2 თებერვალს მისცა და რომელშიც ის „ქართული ოცნების“ მთავრობის ამჟამინდელ მეთაურს დავით გარეჯას ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემაში სდებს ბრალს. ექსპრემიერი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ინტერვიუს შეკვეთას აბრალებდნენ მას ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე; მოგვიანებით კი გაიგო, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა.
კონკრეტულად რას ამბობს ლაზარე ჯორბენაძე ინტერვიუში?
ინტერვიუში, რომელზეც ღარიბაშვილი მიუთითებს, ჯორბენაძე ამბობს, რომ:
- მას პირადად ნანახი აქვს „საიდუმლო დოკუმენტი“, რომლის მიხედვითაც, 2025 წელს, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს ჩიჩხიტურის კოშკი, უდაბნოს მონასტერი და აღდგომის ტაძარი გადასცა;
- გასაიდუმლოებულ დოკუმენტებზე „#1 დაშვება“ აქვს, რომლითაც შეუძლია გახსნას „ნებისმიერი სახელმწიფო უწყების საიდუმლო ინფორმაცია“ და ეს წვდომა მას სააკაშვილის პრეზიდენტობის დროიდან ჰქონდა; ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „არ შეუცვლია საიდუმლო მასალებზე წვდომის პაროლები“.
- საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „ახლო მეგობრებისგან“ შეიტყო ისტორიული ნაგებობებისა და ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემის საკითხი.
კორესპონდენტი, ღარიბაშვილის წერილების ერთ-ერთი ფიგურანტი - დიტო ჩუბინიძე რესპონდენტს ეკითხება, ნახა თუ არა მან ეს დოკუმენტი თავისი „ორი თვალით“ და „საღ ჭკუაზე მყოფმა“.
„ეს დოკუმენტი ვერ გადმოქაჩეთ? ან კომპიუტერში სურათი მაინც ვერ გადაუღეთ?“ - საკითხს ის ამ შეკითხვებითაც უღრმავდება.
ლაზარე ჯორბენაძე კი პასუხობს, რომ ეს შეუძლებელია - რადგან დოკუმენტის სანახავად „ადგილზე უნდა მიხვიდე“, სადაც ტელეფონის შეტანაც აკრძალულია.
და სად არის ეს შენობა?
„მთლად ყველაფრის თქმა არ შეიძლება...“ - არის ჯორბენაძის პასუხი.
რესპონდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ. ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, „ქართული მიწის გაყიდვას არ მოაწერა ხელი“ ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა მას „აზერბაიჯანული მხარე 250 მილიონ დოლარს სთავაზობდა“.
„მე თავი გადადებული მაქვს. თუ ვინმეს ჩემს წინააღმდეგ რამე პროვოკაციის მოწყობა უნდა, გააკეთონ, რაც უნდათ!“ - ამბობს ლაზარე ჯორბენაძე 2 თებერვლის ინტერვიუში.
ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს წინა თვეებში კომენტარი არ გაუკეთებიათ. 2 სექტემბერს კი, თავის ფეისბუკპოსტში „ასავალ-დასავალს“ „საპირფარეშოს მაკულატურა“ უწოდა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარტიის რეგიონულმა მდივანმა - დიმიტრი სამხარაძემ. მას ბევრმა შეახსენა, რომ „ასავალ-დასავლის“ მიმართ ბიძინა ივანიშვილი ღია სიმპათიებსა და მადლიერებას გამოხატავდა.
დამოუკიდებლად ჯორბენაძის ბრალდებების გადამოწმება ამ ეტაპზე, ჯერჯერობით შეუძლებელია.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, რომლის კრიტიკის გამოც, ღარიბაშვილის თანახმად - "ქართული ოცნებიდან" პასუხს მას სთხოვდნენ, 1 სექტემბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ ლაზარე ჯორბენაძე მორწმუნე აღმსარებელი იყო და შესაბამისად, მისი თვითმკვლელობა იმთავითვე ნაკლებად დამაჯერებელი იყო.
"ღარიბაშვილის წერილი ცხადყოფს, რომ ნებისმიერი კრიტიკა, ჩვენს შემთხვევაში კი, სრულიად საფუძვლიანი კრიტიკა მტრობის რანგში იყო აყვანილი მდინარაძე-კობახიძის გუნდის მიერ, რომელიც საკუთარი უცოდინარობის და უვარგისობის გამოსწორებას კი არ ცდილობდა, არსებული პრობლემების სხვებზე გადაბრალებით იყო დაკავებული", - ინაშვილი თვლის, რომ პროცესი დაძრულია - "ახლა საჯაროდ დაისმება კითხვები, როგორც უსაფუძვლოდ დაპატიმრებული ადამიანების შესახებ და რაც უარესია, ადამიანების თვითმკვლელობებთან დაკავშირებით".
„ქართული ოცნების“ სატელიტად წოდებული ანტიდასავლური პარტიის - „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი - ვატო შაქარაშვილი ლაზარე ჯორბენაძეს ფსიქიკურად არაჯანსაღ პიროვნებად აღწერს და ღარიბაშვილს “ასეთი ადამიანის სულიერი ტრაგედიით და მისი გარდაცვალებით სპეკულირებაში“ სდებს ბრალს.
აღნიშნავს, რომ ეს ამბავი ვერც პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, „ვერც ღარიბაშვილს დაიცავს“ და “ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად”.
კომენტარებში შაქარაშვილს ღარიბაშვილის მხარდამჭერები უტევდნენ. უწერდნენ, რომ ლაზარე ჯორბენაძეს თავი არ მოუკლავს, ხოლო ამ პოსტით მან თავისი პოლიტიკური მომავალიც დაისამარა; ზოგმა პირდაპირ დაუწერა, რომ მასთან ფეისბუკ-მეგობრობას აუქმებდა. 200-მდე კომენტარიდან ახლა მხოლოდ რამდენიმე იძებნება.
თორნიკე რიჟვაძე და სხვები
მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა „კობახიძე-მდინარაძის დროის“ საეჭვო თვითმკვლელობებზე დაიწყო ლაპარაკი - პირველ რიგში ყველას თორნიკე რიჟვაძე გაახსენდა - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რომელმაც, ოფიციალური ვერსიით, 2025 წლის ივლისის დასაწყისში თვითმკვლელობა მეგობრის სახლში სცადა; სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, მალევე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს და მას შემდეგ აღარც გამოჩენილა.
თორნიკე რიჟვაძე პოსტიდან 2025 წლის 4 აპრილს გადადგა, ხოლო 7 ივლისს თვითმკვლელობა სცადა.
„საბედნიეროდ, ეს მცდელობა იყო წარუმატებელი. თუმცა მას [თორნიკე რიჟვაძეს] წერილიც ჰქონდა დაწერილი და ახსნილიც ჰქონდა - რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა 2 სექტემბერს, ღარიბაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ არც სხვა ფაქტებთან დაკავშირებით არ არსებობს ბურუსით მოცული გარემოებები და პოლიტიკურ ჭრილში საკითხის გადატანა სამართლებრივი პასუხის სისუსტეზე მეტყველებს.
შარშან ბევრი შეკითხვა გააჩინა წერილმაც, რომელიც კლინიკაში მიყვანილ რიჟვაძეს მედპერსონალმა ტანსაცმელში აღმოუჩინა. სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ გასაჯაროებულ ტექსტში თვითმკვლელობის მიზეზად დასახელებული იყო მის მიმართ ბრალდებები „კორუფციასა და ბარიგების მფარველობაში“ და ხაზგასმული იყო იმედი, რომ რიჟვაძის ნათესავებს ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე დაიცავდნენ.
წერილის შინაარსი ექსპერტიზის ჩატარებამდე გახმაურდა. ტექსტის ნამდვილობის დადასტურება ასე სწრაფად შეეძლო მხოლოდ დაჭრილს, რომელიც იმ დრომდე უგონო მდგომარეობაში იყო.
წერილის შინაარსიდან გამომდინარე გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლო ზეწოლა უკავშირდებოდა არა მხოლოდ თორნიკე რიჟვაძეს, არამედ მის მეგობრებს, თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებს.
ოპოზიცია ლაპარაკობდა ეჭვებზე, რომ კახეთში, მეგობრის სახლში, სადაც თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა, სხვა პირები და მათ შორის, მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა - იმხანად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე.
ამ ვერსიებს აბსურდულს უწოდებდნენ „ქართულ ოცნებაში“.
მდინარაძემ ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს თურქეთში რიჟვაძესთან შესახვედრად იყო ჩასული. სექტემბერში მდინარაძე სუსის უფროსად გადაიყვანეს.
ღარიბაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო თანაგუნდელებიდან, რომელიც ცოლთან ერთად რიჟვაძესთან საავადმყოფოში მივიდა. მაშინ ის უკვე პოლიტიკიდან უკვე 3 თვის წასული იყო.
ოპოზიციურ ფლანგისთვის ღარიბაშვილის გზავნილი მკაფიოა - ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგზის პრემიერად შერჩეული პატიმარი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას თვითმკვლელობების იმიტაციას, ე.ი. - ადამიანების მკვლელობას აბრალებს.
სოციალურ ქსელებში კიდევ არაერთი გახმაურებული საქმე გაიხსენეს:
- 2026 წლის იანვარი - ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი, სიმონ წაქაძე, სუსის თბილისის მთავარ შენობასთან ახლოს, საკუთარ მანქანაში იპოვეს გარდაცვლილი. შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცავებმა ამოიღეს სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი და გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელიც მანქანის გვერდითა სავარძელზე იდო. სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილს ცოტა ხნით ადრე საზღვარგარეთ ჩატარებული ჰქონდა ბარიატრიული ოპერაცია (კუჭის დაპატარავება).
- 2025 წლის ოქტომბერი - სუსის კიდევ ერთი თანამშრომლის ცხედარი აჭარაში, დაბა ჩაქვში აღმოაჩინეს. უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ საქმეზე მხოლოდ ერთი ძირითადი ვერსია - თვითმკვლელობა განიხილებოდა.
- 2025 წლის ოქტომბერი - ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსისტი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობდა, რომ ციხის [მე-8 დაწესებულების] უფროსმა დავით გოგობერიშვილმა ურჩია, ბიძინა ივანიშვილისთვის გადაეცა მთელი თავისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტის საფულეების მისამართები. გოგობერიშვილი პოსტიდან გადადგა; მალევე, ის გარდაცვლილი იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღის კვალით. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
- 2026 წლის მაისი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი ხაშურში, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სხეულზე აღენიშნებოდა ჭრილობა, რომელიც მიყენებული იყო „თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით“.
მანამდე, 2020 წლის მაისში, სუსის ცენტრალურ შენობაში, სამუშაო ოთახში, სამეურნეო ნაწილის თანამშრომელმა სიცოცხლე საკუთარ სამუშაო კაბინეტში, ცეცხლსასროლი იარაღით გასროლით დაასრულა.
კორუმპირებული, მოღალატე, აგენტი
თუკი აქამდე მეტ-ნაკლებად თავს იკავებდნენ, ახლა უკვე ყოფილი თანაგუნდელები და მათი მხარდამჭერები ირაკლი ღარიბაშვილს ერთიანი ძალებით და ღიად უპირისპირდებიან. მათთვის ის კორუმპირებული მოღალატეა, რომელიც “რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს”.
დიმიტრი სამხარაძე ღარიბაშვილს „თვითაღიარებული კრიმინალად” და მოღალატედ მოიხსენიებს, რომელმაც “ჯერ კორუფციაში გაისვარა ხელი, შემდეგ დანაშაული აღიარა და სასჯელს თავად დასთანხმდა”.
სამხარაძე მიმართავს "ქართული ოცნების" ერთგულ ჯარისკაცებს, ნამდვილებს”, რომ “სამშობლოს დაბრუნებისთვის, აგენტურის მოშორებისთვის და ქვეყნის გათავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლა 2011 წელს დაიწყო “ერისკაცის ხელმძღვანელობით” და მას შემდეგ სულ ბრძოლა უწევთ - “ხალხის დიდი გამარჯვების შენარჩუნებისთვის” და “ამ რთულ გზაზე ნანახ არაერთ ღალატს” "ქართული ოცნების" ნამდვილი ჯარისკაცები” ერთიანობით უპირისპირდებიან.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილს შეუქმნეს ილუზია, რომ მისი ბრძოლა “დაეხმარება ქვეყანაში რევოლუციური პროცესის განვითარებას და შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი აქედან რაღაც დივიდენდს მიიღებს - პოვებს თავისუფლებას და დაივიწყებენ იმ დანაშაულს, რომელიც რეალურად აქვს ჩადენილი”.
“ქართული ოცნების” გუნდში აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა იდენტური გახდა.
“ირაკლი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება რადიკალურ ოპოზიციას ებრძოდა”, - ასე უპასუხა ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა მედიას, ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებების შესახებ დასმულ შეკითხვაზე. ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ, ადვოკატმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში - მისი დაცვის ქვეშ მყოფი წერილს კიდევ გამოაქვეყნებს.
პროსახელისუფლებო ტელევიზიები კი აზერბაიჯანულ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით, რამდენიმე დღეა, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის აგენტი იყო. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით, სარწმუნო, დადასტურებული ფაქტები არ გამოქვეყნებულა.
ფორუმი