Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება - ამერიკელ კონგრესმენებთან ოპოზიციის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი


რესპუბლიკელი კონგრესმენი ვერნ ბიუკენანი და დემოკრატი სენატორი დევიდ პრაისი
რესპუბლიკელი კონგრესმენი ვერნ ბიუკენანი და დემოკრატი სენატორი დევიდ პრაისი

ამერიკელმა კონგრესმენებმა თბილისში დემოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარზე - ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე ილაპარაკეს, საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის ფარგლებში. 16 აპრილს გამართული შეხვედრის მონაწილეების თქმით, მსჯელობა შეეხებოდა საქართველოში არსებული გამოწვევების შეფასებასა და არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შესაძლებლობებს.

ტერმინები - ხელისუფლების გადაბარება, ძალაუფლების გადაცემა - ხშირად ისმოდა აშშ-დან საქართველოს მისამართით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ხელისუფლების გადაბარების მნიშვნელობა

როგორც შეხვედრის მონაწილემ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, კონგრესმენების მხრიდან ძალიან მაღალი იყო ინტერესი შიდა პოლიტიკურ საკითხებთან და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

„ისეთ ტრადიციულ თემებთან ერთად, როგორიც არის ჩვენი უსაფრთხოება და ნატო, დღეს განსაკუთრებული ყურადღება, მათი მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც, დაეთმო სწორედ შიდა საკითხებს, დემოკრატიას, არჩევნებისთვის მზადებას და იმ პერსპექტივას, თუ რა შეიძლება და როგორ შეიძლება მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება 2020 წელს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამერიკელი კონგრესმენების შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასთან
please wait

No media source currently available

0:00 0:01:29 0:00

კონკრეტულად როგორი იყო კონგრესმენების პოზიცია საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების ალბათობასა და შესაძლებლობასთან მიმართებით?

ამ შეკითხვის საპასუხოდ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ დემოკრატიული არჩევნების შედეგებმა ხალხის რეალური ნება უნდა ასახოს და უნდა გაიმარჯვოს იმ ძალამ, რომელსაც ხალხი რეალურად უჭერს მხარს.

  • ყველა ჩვენს მეგობარს ესმის, რომ საქართველო სტაბილურობისთვის აუცილებელია - არჩევნების შედეგი ასახავდეს ხალხის განწყობას;
  • ადმინისტრაციული რესურსით, მოსყიდვით, დაშინებით ან არასწორი სისტემით მოგებული არჩევნები ვერასდროს გახდება სტაბილურობის გარანტია;
  • ჩვენი მეგობრები დაინტერესებული არიან, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და გაიმარჯვოს მან, ვისაც მხარს უჭერს ხალხი;
  • სწორედ ამას ეწოდება დემოკრატიაში ხელისუფლების გადაბარება ხალხის ნების შესაბამისად;
  • და ამაზე კონგრესმენების მხრიდანაც და ბოლო პერიოდში ჩამოსული ყველა დელეგაციის მხრიდან ძალიან ღიად არის საუბარი.

ხელისუფლების გადაბარება, ძალაუფლების გადაცემა სწორედ ის ტერმინებია, რომლებითაც გაჯერებული იყო აშშ-დან წამოსული სიგნალები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ასეთი აქცენტები თანდათან სულ უფრო ხშირად ისმოდა აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდანაც და მათ შორის იყო იმდროინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ხელისუფლების ოპონენტები მაშინ თვლიდნენ, რომ ვაშინგტონის ლექსიკონში ამ ტერმინების დამკვიდრება შემთხვევითი არ იყო.

დემოკრატიული სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარზე - არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების მექანიზმზე 16 აპრილს კონგრესმენებთან საუბარში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვა საპარლამენტო ოპოზიციური ძალებიც.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ, კონგრესმენებს ვითარება დეტალურად აუხსნეს და დახმარებაც სთხოვეს:

  • საქართველოს მთავარი გამოწვევაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში სავარაუდოდ მოჰყვება ხელისუფლების შეცვლა;
  • კონგრესმენების მიმართ ჩვენი გზავნილი იყო ნათელი - საქართველოში დემოკრატიული პროცესი უნდა შეიქმნას;
  • საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა მისცენ შესაბამისი გზავნილი ბიძინა ივანიშვილს, რომ - ყოველგვარი მცდელობა ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ძალიან დაამძიმებს მის ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან", - განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს სტუმრობს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის ორპარტიული დელეგაცია, კომისიის თავმჯდომარის, დემოკრატი სენატორის დევიდ პრაისის ხელმძღვანელობით.

სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაშია ასევე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ვერნ ბიუკენანი.

დემოკრატია ქმედითი უნდა იყოს არჩევნებს შორისაც

ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების მექანიზმზე საჯაროდ არაფერი უთქვამს, მაგრამ 16 აპრილს, თბილისში, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე დემოკრატმა კონგრესმენმა, დევიდ პრაისმა დიდი დრო დაუთმო დემოკრატიაზე საუბარს. მან თქვა, რომ:

  • დემოკრატიის ქმედითობა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების დროს არ გამოიცდება;
  • დემოკრატია ქმედითი უნდა იყოს არჩევნებს შორის პერიოდში;
  • საპარლამენტო დემოკრატია მუდმივად მოითხოვს ცვლილებებსა და დახვეწას;
  • გამოწვევა ის არის, რომ ხელისუფლება იყოს გულისხმიერი და იმუშაოს იმ საკითხებზე, რაზეც საჭიროა მუშაობა საზოგადოებაში.

ამერიკელი კონგრესმენი დევიდ პრაისი დემოკრატიის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:11 0:00

საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე ილაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც. მან აღნიშნა, რომ:

  • საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმთავრესი საფუძველი არის დემოკრატიული განვითარება, რომლის მთავარი მხარდამჭერი იყო და დღესაც არის ამერიკის შეერთებული შტატები;
  • კონგრესის მიერ მიღებული კანონმდებლობა, წარდგენილი რეზოლუციები და განცხადებები განსაკუთრებულ იმპულსს აძლევს არა მარტო ორმხრივ ურთიერთობას, არამედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასაც.

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდნენ და 17 აპრილს ისინი საქართველოდან სომხეთისკენ გაემგზავრებიან. სომხეთის შემდეგ, მათი ტურნეს მარშრუტში მოლდავეთის ჯერი დადგება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG