სირიის საკითხი მოსკოვისა და „მეგობართა ჯგუფის“ დაპირისპირების საგნად რჩება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სტამბოლში, 1 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას

სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის კოფი ანანის განცხადებით, დამასკი დათანხმდა მოთხოვნაზე, რომ 10 აპრილამდე დაიწყოს ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განხორციელება. კვირას კი სტამბულში შეკრებილმა ე.წ. სირიის „მეგობართა ჯგუფმა“ მიიღო გადაწყვეტილება დაეხმაროს ფულითა და კავშირგაბმულობით სირიის ოპოზიციას, რომელიც „ჯგუფმა“ სირიელი ხალხის კანონიერ წარმომადგენლად აღიარა.

ორშაბათს კოფი ანანი გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე წარდგა მოხსენებით სირიის შესახებ და სთხოვა საბჭოს მხარი დაუჭიროს დასახელებულ ვადას. ამასთან, ვაშინგტონი მოითხოვს სირიამ დაუყოვნებლივ შეასრულოს ანანის გეგმა, რუსეთი კი აცხადებს, რომ მხოლოდ უშიშროების საბჭოს შეუძლია ვადის განსაზღვრა. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ნათქვამი აქვს, რომ თანახმაა ანანის გეგმაზე, მაგრამ მთავრობის ჯარები მაინც აგრძელებენ ოპოზიციაზე თავდასხმას. თუკი ბაშარ ასადი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, სირიის „მეგობართა ჯგუფი“ კოფი ანანს მოუწოდებს შეიმუშაოს შემდგომი ნაბიჯების გრაფიკი. სტამბულის კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ ბაშარ ასადი უნდა წავიდეს:

„ამგვარად, ჩვენ დღეს გამოვედით მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს მკვლელობა სირიაში და მოვუწოდეთ ჩვენს ერთობლივ სპეციალურ წარმომადგენელს კოფი ანანს დაუყოვნებლივ შეიმუშაოს შემდგომი მოქმედების გრაფიკი. მსოფლიო არ იტყვის უარს საკუთარ უფლებაზე. ასადი უნდა გადადგეს და სირიელი ხალხი უნდა იყოს თავისუფალი, რათა თავისუფლად განსაზღვროს საკუთარი სამომავლო გზა.“

სირიის პარტიზანულმა განმათავისუფლებელმა არმიამ 31 მარტს განაცხადა, რომ ცეცხლს შეწყვეტდა, თუკი ბაშარ ასადის არმია ქალაქებიდან გაიყვანდა მძიმე ტექნიკას. ანანის გეგმას მხარს უჭერს ბაშარ ასადიც, რომელიც მზადაა 10 აპრილისათვის შეასრულოს ექვსპუნქტიანი გეგმა. თუმცა, სირიიდან მოსული ცნობებით, მიუხედავად სამშვიდობო გეგმისა, ქვეყანაში კვლავ გრძელდება ძალადობა. აქტივისტების ცნობით, 1 აპრილს ოპოზიციის საყრდენ ქალაქ ჰომსში დაიღუპა 70 ადამიანი, მათ შორის - 12 სამოქალაქო პირი, 19 სამთავრობო ჯარისკაცი და 12 მეამბოხე.

კვირას სტამბულში გამართულ შეხვედრაზე ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი, ჰუმანიტარული დახმარების გარდა, სირიის ოპოზიციას მნიშვნელოვან მატერიალურ და ტექნიკურ დახმარებასაც გაუწევს:

„მაგრამ, ჰუმანიტარული დახმარების გარდა, აშშ აპირებს დახმარება გაუწიოს სამოქალაქო ოპოზიციას საკომუნიკაციო საშუალებებითაც, რაც ხელს შეუწყობს აქტივისტებს ორგანიზებაში, რეჟიმის მხრიდან იერიშების მოგერიებასა და გარე სამყაროსთან კავშირის დამყარებაში.“

სტამბულის შეხვედრას 1 აპრილს 80 სახელმწიფოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ და ყველამ აღიარა სირიის ეროვნული საბჭო, როგორც სირიელი ხალხის კანონიერი წარმომადგენელი. ანალიტიკოსების თქმით, ზოგიერთმა არაბულმა სახელმწიფომ - მათ შორის, საუდის არაბეთმა - განმეორებით მოითხოვა სირიის ოპოზიციას იარაღი მიეცეს, თუმცა ამ საკითხში შეთანხმება არ არის.

სტამბულში გამართულ 1 აპრილის შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ წარმომადგენლები რუსეთიდან და ჩინეთიდან, რომლებიც სირიაში რეჟიმის შეცვლას არ ემხრობიან.
ამასთან, მოსკოვმა, რომელიც სირიის მრავალწლიანი მოკავშირეა, ორშაბათს დაგმო სირიის „მეგობართა ჯგუფის“ სტამბულის შეხვედრა, რომელიც, კრემლის თქმით, ძირს უთხრის სირიაში სისხლისმღვრელი კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესს. 2 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მთელ სირიელ ხალხთან და არა მის რომელიმე ნაწილთან მეგობრობას ცდილობს:

„ულტიმატუმები და ხელოვნური ვადები იშვიათად უწყობს ხელს საქმის მოგვარებას. ცხადია, ჩვენ ყველას გვინდა სისხლის ღვრის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, მაგრამ ასეთი მოთხოვნები უნდა წაეყენოს ყველა მხარეს, რომელიც სირიაში იბრძვის.“

თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საერთაშორისო საზოგადოება სირიის რეჟიმის წინააღმდეგ, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, შეასრულებს თუ არა ბაშარ ასადი ცეცხლის შეწყვეტის გეგმას, რომლის ახალი ვადა 10 აპრილს იწურება.

ანალიტიკოსების თქმით, თუკი სირიაში მიღწეული იქნება პროგრესი სირიის კრიზისთან დაკავშირებული გეგმის რეალიზებაში, დღის წესრიგში დადგება იმ რეზოლუციის განხილვა, რომელიც სირიაში გაეროს 250 დამკვირვებლის გაგზავნას ითვალისწინებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გაეროს უშიშროების საბჭოზე კვლავ დადგეს კენჭისყრაზე ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი. როგორც ცნობილია, ეს რეზოლუცია თავის დროზე უარყოფილი იქნა უშიშროების საბჭოს ხუთიდან ორი მუდმივმოქმედი წევრის - რუსეთისა და ჩინეთის - წინააღმდეგობის გამო.