"უკრაინამ ჩვენგან მეტი დაიმსახურა, ვიდრე ტვიტერის ერთი პოსტია" - შეგნებული სიჩუმე

იმ დროს, როცა უკრაინა ომის მოლოდინშია, ხოლო რუსეთი ნატოს სთხოვს საკუთარ რიგებში არ მიიღოს საქართველო და უკრაინა, თბილისი კრიზისს ფრთხილი და რუსეთის არგამაღიზიანებელი განცხადებებით ეხმაურება.

19 იანვარი, კლიმოვო - ჯავშანტექნიკა და სატვირთო მანქანები. კლიმოვოს სამხედრო საცავი უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 35 კილომეტრშია.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები დგანან. ჯერ არავინ იცის, რით დასრულდება მოლაპარაკებები შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ან რამდენად აქვს საფუძველი იმედს, რომელიც ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შემდეგ გაჩნდა.

ენტონი ბლინკენისა (მარცხნივ) და სერგეი ლავროვის შეხვედრა. ჟენევა, 21 იანვარი, 2022

საგარეო პოლიტიკის ექსპერტები, საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიურ სამსახურებში გამოცდილების მქონე სპეციალისტები აკრიტიკებენ იმ პასიურ დიპლომატიურ პოლიტიკას, რომელიც ბოლო წლებია საქართველომ აირჩია.

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი გობრონიძე უკრაინისადმი მხარდაჭერის მაგალითების მოყვანისას, იხსენებს 2014 წელს, უკრაინაში ომის დაწყების პერიოდს, როცა, მისი შეფასებით, საქართველომ მეზობელ ქვეყანას მხოლოდ „ფორმალურად დაუჭირა მხარი“.

გიორგი გობრონიძე

საქართველოს თითქოს დაავიწყდა, რა ვალი აქვს უკრაინის წინაშე, - გვეუბნება გიორგი გობრონიძე და იხსენებს 2008 წლის აგვისტოში, უკრაინის პრეზიდენტის ჩამოსვლას საქართველოში:

„ის არ ჩამოსულა მაშინ პერსონალურად მიხეილ სააკაშვილთან. ის ჩამოვიდა მეგობარი სახელმწიფოს დედაქალაქში, მაშინ, როცა ამ დედაქალაქს აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები უახლოვდებოდნენ. მაშინ უკრაინის პრეზიდენტი ალყაში მოქცეული დედაქალაქის ცენტრში მის მოსახლეობას პირადად ამხნევებდა. ხოლო მისი და სხვა პრეზიდენტების იქ ყოფნა იყო მხარდაჭერის ძალიან მკაფიო მაგალითი. მაშინ ისინი მართლაც ცოცხალ ფარად დაგვიდგნენ. ამიტომ მგონია, რომ უკრაინამ ჩვენგან ცოტა მეტი დაიმსახურა, ვიდრე ტვიტერზე დადებული ერთი პოსტია“.

ის ვერ იხსენებს ბოლო დროს საქართველოს მთავრობის პირველი პირების მკაცრ განცხადებებს კონკრეტულად აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისთან, ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით. არც პრემიერ-მინისტრების საუბრის შესახებ სმენია.

„სულ მცირე, ჩვენს საელჩოს უკრაინაში შეეძლო, მკაცრი განცხადება გაევრცელებინა“.

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი საქართველოს მხრიდან უკრაინის მორალური მხარდაჭერა?

„ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არის დასავლეთისთვის მუდმივად შეხსენება, რომ ეს არის საერთო უსაფრთხოების გამოწვევა. გამუდმებით იმის თქმა, რომ რუსეთმა თავისი გავლენის ექსკლუზიური ზონების რეანიმაცია საქართველოდან დაიწყო. და მეორე - უნდა ჩანდეს, რომელ მხარეს ვდგავართ“, - თვლის გიორგი გობრონიძე.

თუ ვინმეს დღეს საქართველოში ჰგონია, რომ სიჩუმით,
„არგაღიზიანების“ თუ დაყვავების პოლიტიკით ქვეყანა თავს იზღვევს რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხისგან, ძალიან ცდება, მიიჩნევს გიორგი გობრონიძე, - გაჩუმება რუსეთს დღის წესრიგს ვერ შეაცვლევინებს.

ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი პატარა ქვეყნისთვის, შესაძლოა იყოს ის, რომ „მისი დაპყრობა ჯდებოდეს იმაზე ძვირი, ვიდრე მისი დაპყრობით მიღებული სარგებელი“.

ასევე ნახეთ სეპარატისტთა აღიარება და შეიარაღება? მოსკოვის მორიგი პასუხი კოლექტიურ დასავლეთს

შეგნებული სიჩუმე - პრაგმატულად და მორალურად არასწორი არჩევანი - ეს შეფასება „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელს, „ევროპული საქართველოს“ ყოფილ წევრს, სერგი კაპანაძეს ეკუთვნის.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ისიც შენიშნავს, რომ გაჩუმება და რუსეთის გაღიზიანების როგორმე თავიდან აცილება მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია უკვე ბოლო ათი წელია.

„დავით ზალკალიანის ტვიტში რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები, თითქოს არაფერ შუაში იყოს იმასთან, რაც ხდება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა. და ისიც ნიშანდობლივია, რომ თავად პრემიერი, ვინც ივანიშვილს ახმოვანებს, ამ საკითხზე საერთოდ არ აკეთებს განცხადებებს“.

სერგი კაპანაძე

პრემიერის, პრეზიდენტისა და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნების სიჩუმე კი ამ ვითარებაში ვერ იქნება შემთხვევითი, ფიქრობს სერგი კაპანაძე და ვერც „მაიდნის“ მოვლენების პერიოდში იხსენებს რაიმე მკაფიო მხარდამჭერ განცხადებას საქართველოს პირველი პირების მხრიდან.

„პირიქით, მაშინ ლამის იანუკუვოჩის მხარდასაჭერი განცხადებები კეთებოდა. მაგ პოლიტიკის ნაწილი იყო ისიც, სანქციების რეჟიმს რომ არ მიუერთდნენ. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილს ეს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ საჭიროდ არ მიაჩნდა ამ ნაბიჯის გადადგმა“.

სერგი კაპანაძე იხსენებს BBC-სათვის 2014 წელს მიცემულ ინტერვიუს, სადაც ღარიბაშვილს ყირიმის ანექსიაზეც ჰკითხეს და აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან პარალელიც გაავლეს, თუმცა მაშინ, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ამ ორ ვითარებას შორის ტოლობის ნიშნის დასმას:

მახსოვს, ასე უპასუხა: Absolutely different [სრულიად სხვადასხვა - რ.თ.] - ასე გამიჯნა მაშინაც“, - იხსენებს სერგი კაპანაძე.

სერგი კაპანაძე არანაკლებ სახიფათოდ მიიჩნევს ბოლო დროს საქართველოში პრორუსული ძალების მოძლიერებას, რომლებიც უკვე ღიად მუშაობენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ პროპაგანდაზე.

იმ ფონზე, როცა დღეს დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს გაფართოებაა, საქართველომ, მის მიერ არჩეული დუმილის პოლიტიკის გამო, უბრალოდ შეიძლება ვერანაირი მონაწილეობა მასში ვერ მიიღოს და ისე შეთანხმდნენ სხვები იმაზე, რაც მას ეხება.

„ჩვენ ახლა ვართ ვერდიქტის მოლოდინში, სხვები როგორ გადაწყვეტენ ჩვენს ბედს. სახელმწიფო რომ ხარ, ხომ უნდა ყველანაირად ეცადო, ამ პროცესში რამე გავლენა მოახდინო? მაგრამ რომ არ ცდილობ, ეს არის დანაშაული“, - ამბობს სერგი კაპანაძე.

ასევე ნახეთ "შეუსრულებლობისთვის განწირული" - ნატოს პასუხი რუსეთის მოთხოვნებზე 

პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, დიპლომატი ბათუ ქუთელიაც მიიჩნევს, რომ მხარდაჭერა არ არის ერთჯერადი აქტი, არც ერთჯერადი „ტვიტი“ - მხარდაჭერა პოლიტიკის ნაწილია და ხელისუფლების ყველა ქმედებაში უნდა ვლინდებოდეს.

პოლიტიკურ კონსულტაციებში, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებზე პოზიციის წარდგენაში, კონკრეტულ (მაგალითად, ჰუმანიტარულ) დახმარებაში, თუნდაც იმ ნაბიჯების გადადგმაში, რაც უკვე გადადგეს უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა სანქციების დაწესებით. და რაზეც ჯერ უარს ამბობს საქართველო.

და ეს სამწუხაროა, შენიშნავს ბათუ ქუთელია, რადგან, მისი აზრით, რა შედეგითაც უნდა დასრულდეს მოვლენები უკრაინაში, რუსეთი მაინც არ გაჩერდება და სხვაგან შეეცდება იმავეს კეთებას - ხოლო თუ საქართველო დაკარგავს პარტნიორებს, „გახდება ადვილი საკბილო, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“, თავისი გაგებით, არ აღიზიანებს პუტინს“.

ბათუ ქუთელიას ჩვენ ასევე ვკითხეთ, რა პასუხი აქვს იმ ადამიანებისათვის, ვისაც სჯერა, რომ სიჩუმეს და წაყრუების პოლიტიკას შეუძლია საქართველოს ხსნა რუსეთის აგრესიისგან. ამ კითხვის გასაღები, მისი თქმით, დევს როგორც უახლეს, ისე მე-20 საუკუნის ისტორიაში:

Your browser doesn’t support HTML5

ბათუ ქუთელია უკრაინის კრიზისსა და საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე

ხელისუფლების მოკრძალებული პროტესტი და სოლიდარობა

24 იანვარს, საღამოს, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც თქვა, რომ ის ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას.

ამ განცხადებამდე, უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიმართ პოზიცია დავით ზალკალიანმა ტვიტერის პირად გვერდზე გამოხატა და შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას - #StandWithUkraine.

„ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, - დაწერა მან.

იმავე ჰეშტეგით გამოაქვეყნა ტვიტი „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემაც:

„საქართველო დგას უკრაინის გვერდით მის ბრძოლაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის“.

24 იანვარს მსგავსი განცხადებები მმართველი გუნდის სხვა წევრების მხრიდანაც გაისმა. ერთ-ერთი იყო ირაკლი ზარქუა - საპარლამენტო უმრავლესობიდან, რომელმაც უპასუხა ოპოზიციური ფრაქციების მოწოდებას უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაზე და თქვა, რომ რეზოლუციას პარლამენტის შეკრების შემდეგ მიიღებენ. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კი მედიასთან ასე შეაფასა:

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვაცხადებთ, რომ ოკუპანტია რუსეთი. საერთაშორიო ტრიბუნაზე, საერთაშირისო მისიებში ყველგან ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ოკუპანტი რუსეთია“.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 24 იანვრის ბიუროს სხდომა უკრაინისადმი სოლიდარობის შემდეგი სიტყვებით გახსნა და თქვა, რომ „აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“.

უფრო მკაფიო და მკაცრი განცხადებები, მთელ ამ პროცესში რუსეთის აგრესიული როლის გამოკვეთით, ყირიმის ოკუპაციის ხსენებით, როგორც ამას ხელისუფლებისგან ოპოზიცია მოითხოვს, არ გაკეთებულა.

24 იანვარს დილით, საპარლამენტო ოპოზიციამ („ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და მმართველი გუნდისგან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება და ღია მხარდაჭერის გამოხატვა მოითხოვა.

ოპოზიცია ასევე მოითხოვს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ბოლო დღეებში უკრაინის საკითხს არ გამოხმაურებია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა მოიწვიოს და იმსჯელოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე.

დუმილი დანაშაულია - აქციები უკრაინის მხარდასაჭერად

ისევე როგორც 2014 წელს, უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების დღეებში, ახლაც ქართულ სოციალურ ქსელებში უკრაინის მხარდასაჭერი არაერთი პოსტი დაიდო, ფეისბუკზე ადამიანები პირად ფოტოს უკრაინის დროშიან ჩარჩოში ათავსებენ და უერთდებიან კამპანიას #StandwithUkrain

უკრაინის სოლიდარობის აქცია უკრაინის საელჩოსთან თბილისში

23 იანვარს, თბილისში, უკრაინის საელჩოსთან, სოლიდარობის აქცია გაიმართა - უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ნიშნად და რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ, სადაც მივიდნენ აქტივისტები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები, ის საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა საქართველოს მხრიდან დუმილი დანაშაულია.

ასევე ნახეთ იან კელი: „რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას“

ჯარი უკრაინის საზღვართან - იქნება ომი?

ვითარება უკრაინის საზღვართან მას შემდეგ დაიძაბა და შეშფოთების ნიშნებიც გაჩნდა, რაც უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა მკაფიო გახდა - სამხედრო სწავლებების მოტივით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის 100 ათასამდე სამხედრო განთავსდა. მაშინვე ითქვა, რომ ეს შესაძლოა, იყო მზადება უკრაინაში შეჭრისთვის.

აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები რუსეთს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში შეჭრას მოჰყვება მკაცრი ეკონომიკური სანქციები და სხვა „მძიმე შედეგები“, მათ შორის, ნატოს აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერების თვალსაზრისით.

ასევე ნახეთ რუსეთის ჯარი უკრაინას ბელარუსის საზღვრიდანაც უახლოვდება

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გეგმის ქონა კი უარყო, თუმცა უსაფრთხოების სფეროში გარანტიების მიღება მოითხოვა, მათ შორის პირობაც, რომ ნატო არასოდეს მიიღებს საკუთარ რიგებში უკრაინასა და საქართველოს. და საერთოდ, შეამცირებს თავის წარმომადგენლობას აღმოსავლეთ ევროპაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლავროვის ამ მოთხოვნას განცხადებით უპასუხა და დაწერა, რომ საქართველოსთვის მიუღებელია ეს განცხადება, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია „აუცილებლად მიიჩნევს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების - რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები”, გაუქმებას (дезавуировать).

შემდეგ იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის 21 იანვრის საათნახევრიანი შეხვედრა, რომლის მიზანიც ომის თავიდან აცილება იყო. ამ შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ „უკრაინის კრიზისში არსებობს შანსი დიპლომატიისთვის“.

თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინა ომის მოლოდინშია. მათ უკვე აქვთ 2014 წლის გამოცდილება - სწორედ ამ დროიდან უწევს დახმარებას რუსეთი აღმოსავლეთუკრაინელ სეპარატისტებს. რეგიონში მიმდინარე ომს კი დღემდე 13 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. იმავე წელს რუსეთმა უკანონოდ მიიერთა ყირიმის ნახევარკუნძული.

მოლაპარაკებების მცდელობების პარალელურად და მანამ, სანამ გარკვეულა, რით დასრულდება ეს კრიზისი, უკრაინამ უკვე მიიღო ამერიკული სამხედრო დახმარების კიდევ ერთი ნაწილი. უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის თანახმად, კიევში მეორე თვითმფრინავით ჩაიტანეს 80 ტონაზე მეტი შეიარაღება, რომელიც ამერიკელმა მეგობრებმა უკრაინას გაუგზავნეს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.