„ლელო" მზად არის უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გაემგზავროს

პარლამენტის წევრები პარტია „ლელო"-დან: სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი.

უკრაინაში ვიზიტის საკითხზე განცხადებას ავრცელებს „ლელო". როგორც მასში არის ნათქვამი, პარტია რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყების პირველი დღიდან აქტიურად მონაწილეობს უკრაინის მხარდასაჭერ ყველა ღონისძიებაში, მიუხედავად მათი ორგანიზატორისა და ფორმატისა.

„ლელო" მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტი უნდა გახდეს უდიდეს განსაცდელში მყოფი უკრაინელი ხალხისადმი სრულიად საქართველოს თანადგომის უპირობო დემონსტრირების დასაწყისი. ამასთან განცხადებაში მითითებულია, რომ სამწუხაროდ, ეს ხდება თვენახევრის დაგვიანებით და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის მიყენებული უდიდესი ზიანის შემდეგ, რომელსაც, პარტიის შეფასებით, გამოსწორება სჭირდება, მათ შორის მისი ძალისხმევითაც.

პარტიის გადაწყვეტილებით, „ლელოს" წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში უკრაინაში.

ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებს და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნება.

როგორც მან თქვა, ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა. „[მათი] პოზიცია იყო, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან ყოფილიყო თითო წარმომადგენელი, რაც, თავისთავად, ხვდებით, რომ ზრდის დელეგაციის რაოდენობას, მოცულობას. თუკი ეს იქნება თანაბარი რაოდენობა, გამოდიოდა თხუთმეტკაციანი დელეგაცია, სადღაც 15-20 კაციანი. იქ ჩავდივართ პარლამენტის სახელით და არა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების სახელით, ამიტომ სამწუხარო არის, რომ არ არიან”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ უკრაინაში ვიზიტის თემაზე ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი არ შედგება.

როგორც დეპუტატმა თქვა, „ქართულ ოცნებას" ჰქონდა წინადადებები, რაც ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ასევე ნახეთ ხატია დეკანოიძე უკრაინაში ვიზიტზე: ოპოზიცია წავა ცალკე, უმრავლესობა წავა ცალკე

„ლელოს" წევრის დავით უსუფაშვილის თქმით, ძალაში რჩება ოპოზიციის გეგმა უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაციით გამგზავრების შესახებ, ხოლო საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში მოგვიანებით ჩავა.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ონლაინშეხვედრაზე შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე.

ასევე ნახეთ პაპუაშვილი: მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან
ასევე ნახეთ პაპუაშვილი და სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდნენ
ასევე ნახეთ რადის თავმჯდომარე პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობას მიესალმება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე 13 აპრილს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.