კანადის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინაში რუსეთის მოქმედებების გენოციდად აღიარების თაობაზე. გადაწყვეტილებას დეპუტატებმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს.
პარლამენტის წევრების განცხადებით, არსებობს "საკმარისი მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ სისტემური და ომის მასობრივი დანაშაულების შესახებ", რომლებიც ჩადენილია მოსკოვის მიერ.
კანადის თემთა პალატის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები მოიცავს მასობრივ სისასტიკეს, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის სისტემურ შემთხვევებს, ცხედრების შეურაცხყოფას, უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანას, წამებას, ფიზიკურ და ფსიქიკურ დაზიანებას და გაუპატიურებას.
გასულ კვირაში ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა განცხადებები მიიღეს, რომლებითაც აღიარებენ, რომ რუსეთმა უკრაინის გენოციდი განახორციელა. ინფორმაცია ამის თაობაზე ესტონეთის პარლამენტისა და ლატვიის სეიმის საიტზეა გამოქვეყნებული.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა.
12 აპრილს უკრაინაში რუსეთის არმიის მოქმედებებს გენოციდი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უწოდა.
ასევე ნახეთ
პრეზიდენტმა ბაიდენმა გენოციდი უწოდა უკრაინაში პუტინის მოქმედებასბაიდენის განცხადების კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ „ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით სიტუაციის ასეთი დამახინჯების მიუღებელ მცდელობებს“.
მანამდე, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო იზიარებს ჯო ბაიდენის შეფასებას უკრაინაში გენოციდის შესახებ.
ასევე ნახეთ
კანადის პრემიერი იზიარებს ჯო ბაიდენის შეფასებას უკრაინაში გენოციდის შესახებმსოფლიოს სხვა ლიდერებიც, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ასევე იყენებენ „გენოციდს“ უკრაინაში რუსეთის მოქმედებების აღსაწერად.
მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა გენოციდი ეწოდებინა უკრაინაში რუსეთის მოქმედებებისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის მიიწვია, რათა თავისი თვალით ნახოს რუსი სამხედროების სისასტიკე და დარწმუნდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ხალხის გენოციდი.
ასევე ნახეთ
მაკრონმა განმარტა, რატომ თქვა უარი ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებაზე24 თებერვლის შემდეგ რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, საბავშვო ბაღებს და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ კორპუსებს. დაღუპულია რამდენიმე ათასი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.