"სამხრეთი რუსი" – დოკუმენტის პროექტი: დონბასში რუსეთი ახალი სახელმწიფოს შექმნას აპირებს
უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე რუსეთმა ახალი სახელმწიფოს - "სამხრეთ რუსის" შექმნა გადაწყვიტა. დოკუმენტი, რომელიც გავრცელდა რუსეთის მმართველი პარტიის წევრების მიერ, იმ დროს გამოჩნდა, როცა გახშირდა საუბარი, რომ კრემლმა, შესაძლოა, მომავალ თვეში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილში რეფერენდუმი ჩაატაროს.
რა წერია "სამხრეთ რუსეთის სახალხო საბჭოს მანიფესტში"?
- მასში ვკითხულობთ, რომ უნდა შეიქმნას ახალი სახელმწიფო, სახელწოდებით "სამხრეთი რუსი", უკრაინაში რუსული ძალების მიერ ოკუპირებული რეგიონისგან.
- "ჩვენ ვაღიარებთ რუსულ ენას, ასევე უკრაინულ დიალექტს, მშობლიურ და ეთნიკური კომუნიკაციის ენად, ყველა ენისა და ეროვნების თანასწორად", - ვკითხულობთ ტექსტში.
- "ჩვენ ვაშენებთ ჩვენს სახელმწიფოს სამმხრივი რუსული ეროვნების ისტორიული და გენეტიკური ნათესაობისა და ერთიანობის - უკრაინელების, ბელარუსების და რუსების - ძმური მეგობრობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე", ნათქვამია დოკუმენტში.
პუტინის რომელ კონცეფციას ემყარება ახალი დოკუმენტი? ვინ არის მისი ავტორი? ეს და სხვა დეტალები რუსეთის ახალი გეგმის შესახებ წაიკითხე რადიო თავისუფლების უკრაინული ბიუროს პროექტ Schems-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში.
ზელენსკი: აზოვსტალის ქარხანა 100-მდე ადამიანმა დატოვა
რამდენიმეკვირიანი მცდელობის შემდეგ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანა 100-მდე მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზაპოროჟია მარიუპოლიდან ევაკუირებული ადამიანების პირველადი თავშესაფარი ხდება. დღეს სწორედ იქ აპირებს ჩასვლას და აზოვსტალიდან გამოსული მოქალაქეების ნახვას ზელენსკი.
„მადლობა ჩვენს გუნდს! ახლა ისინი გაეროსთან ერთად მუშაობენ ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის". – წერს ზელენსკი Twitter-ზე.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ძალების ალყაში მყოფ აზოვსტალის ქარხნის სარდაფებს თავს 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ასობით სამხედრო აფარებს. გასულ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ქარხანას უწყვეტად უტევდნენ. Maxar Technologies-ის მიერ 30 აპრილს გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ აზოვსტალის ქარხნის თითქმის ყველა შენობა განადგურებულია. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა მარიუპოლში მოკლეს 20 000-მდე ადამიანი. ქუჩებსა და ნანგრევებში მყოფი ცხედრების სიმრავლე ქმნის ინფექციური აფეთქების რისკს.
უკრაინის დაზვერვა: რუსეთი პროდუქციის რეექსპორტზე საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობებსა და გზების ძიებაზე. უწყების ცნობით, მოსკოვი ცდილობს სხვა ქვეყნების საშუალებით შეამციროს სანქციების გავლენა და მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთი გეგმავს პროდუქციის წარმოებას ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ და შემდეგ მათ ექსპორტს მესამე ქვეყნებში. უკრაინის მტკიცებით, ომის დაწყების შემდეგ, ამ მიზნით, ჩამოთვლილ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული.
"უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი ფიქრობს "ОДКБ"-ს ქვეყნების (ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) გამოყენებით აწარმოოს სამხედრო პროდუქცია რუსეთის არმიისთვის და ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, რომლების შესაქმნელადაც საჭიროა უცხოეთიდან შემოტანილი ნაწილები. ამ გზით რუსეთი გაზრდის ამ ქვეყნების ეკონომიკურ დამოკიდებულებას კრემლზე, რაც ყოველთვის იყო რუსეთის ინტერესებში“, - ნათქვამია 1 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
თვალი ადევნე გამოხმაურებებს თბილისიდან რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.
დღეს იწურება ვადა, რომელიც მთავრობას სააკაშვილის ოჯახმა მისცა
დღეს, 18:00 საათზე იწურება ვადა, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა მთავრობას მისცა იმისთვის, რომ ექსპრეზიდენტი სამკურნალოდ გადაიყვანონ.
თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, როგორც ყოფილი პრეზიდენტის ძმა დავით სააკაშვილი ამბობს, გამოცხადდება პერმანენტული აქციები და შემდეგ უკვე მასშტაბური აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.
დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესია ჩანიშნული 7 ნოემბრის საქმეზე, თუმცა უცნობია, დაესწრება თუ არა მას სააკაშვილი. ის წინა პროცესზე შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველის კონსილიუმი: სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს, რაც იწვევს კუნთების დაშლას ასევე ნახეთ "ნებისმიერი განცხადება, თითქოს სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა არ მიეწოდება სიცრუეა" - პენიტენციური
სომხეთში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში ყარაბაღთან დაკავშირებული დათმობების წინააღმდეგ
ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერმა, კვირას, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართა საპროტესტო აქცია. ისინი მოითხოვდნენ ფაშინიანის გადადგომას და აპროტესტებდნენ "თავიანთ მოსისხლე მტერთან, აზერბაიჯანთან დათმობებს".
ოპოზიციურმა პარტიებმა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანისთვის მთელი ყარაბაღის გადაცემის გეგმაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში განუცხადა დეპუტატებს, რომ "საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს სომხეთს, შეამციროს მოთხოვნები ყარაბაღის თაობაზე".
1 მაისს ოპოზიციის რამდენიმე ათასი მხარდამჭერი შეიკრიბა ერევნის ცენტრში, რომლებიც ხმამაღლა მოითხოვდნენ ფაშინიანის გადადგომას და ხელში პლაკატები ეჭირათ, რომლებზეც ეწერა "ყარაბაღი" და "სომხეთი თურქების გარეშე" - რაც თურქულენოვან აზერბაიჯანელებზე მიანიშნებდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ოპოზიციის ლიდერმა, იშხან საღათელიანმა თქვა: "ჩვენთვის მიუღებელია ყარაბაღის ნებისმიერი პოლიტიკური სტატუსი აზერბაიჯანის შემადგენლობაში". "ფაშინიანმა უღალატა ხალხის ნდობას და უნდა წავიდეს", უთხრა მან ჟურნალისტებს აქციაზე და დასძინა, რომ საპროტესტო მოძრაობა "მთავრობის დამხობას გამოიწვევს უახლოეს მომავალში".
ვინ არის რუსეთის გმირი დელიმხანოვი და რატომ დააწესა კადიროვმა 1 მილიონი დოლარის ჯილდო?
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 26 აპრილს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატსა და ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უახლოეს თანამოაზრეს, ადამ დელიმხანოვს.
დელიმხანოვი იმითაც არის ცნობილი, რომ სადეპუტატო მანდატს უთავსებს უკრაინაში მოქმედი ჩეჩნური გვარდიის, იმავე „კადიროველების“ საქმიანობის კოორდინაციას.
21 აპრილს, კადიროვმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სხვა ჩეჩნების გარემოცვაში მყოფი დელიმხანოვი ამბობს, რომ „მარიუპოლის განადგურების და წმენდის ოპერაცია, შეიძლება ითქვას, დასრულებულია“. ქალაქის „განადგურება“ და „წმენდა“, როგორც ჩანს, ეს იყო ადამ დელიმხანოვისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ჩეჩნური დანაყოფის მთავარი ამოცანა, რის გამოც რუსეთს კიდევ ერთი ეროვნული გმირი შეემატა ისეთი ოდიოზური პიროვნების სახით, რომელიც თავის დროზე ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის და შემდგომში კრემლის მიერ ტერორისტების თავკაცად მონათლული, სალმან რადუევის მძღოლად მუშაობდა, - უთხრა რადიო თავისუფლებას საფრანგეთში მცხოვრებმა ჩეჩენმა ბლოგერმა, ფსევდონიმით ბესლანმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება უსაფრთხოების მიზნით არ ისურვა.
წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.
პოლიეთილენის პარკებით დაბინძურებული ნიადაგი, წყალი და ჰაერი. რატომ ვერ შეიქმნა კონტროლის მექანიზმი? რატომ არ სრულდება კანონი და როგორ უქმნის ეს საფრთხეს ჩვენს ჯანმრთელობას? „თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება.