Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: "აზოვსტალის" ქარხანა 100-მდე ადამიანმა დატოვა, მათ ხვალ ზაპოროჟიეში შევხვდებით


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მარიუპოლში მდებარე "აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო და 100-მდე ადამიანი უკვე უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიემართება.

"აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. 100-მდე ადამიანისგან შემდგარი პირველი ჯგუფი უკვე კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიემართება. ხვალ მათ ზაპოროჟიეში შევხვდებით. მადლობა ჩვენს გუნდს! ახლა ისინი გაეროსთან ერთად მუშაობენ ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის". – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1 მაისს რუსული ძალების მიერ ალყაში მყოფი "აზოვსტალის" ქარხანა 50-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა. მარიუპოლიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის ფაქტს ადასტურებენ გაერო და წითელი ჯვარიც, რომლებიც პროცესში არიან ჩართული.

რუსი სამხედროების მიერ ალყაში მოქცეული "აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაცია 30 აპრილსაც მოხერხდა - ამ დღეს 20-მა ადამიანმა გადაინაცვლა შედარებით უსაფრთხო ადგილას.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ძალების ალყაში მყოფი "აზოვსტალის" ქარხნის სარდაფებს თავს 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ასობით სამხედრო აფარებს. გასულ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ქარხანას უწყვეტად უტევდნენ. Maxar Technologies-ის მიერ 30 აპრილს გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ "აზოვსტალის" ქარხნის თითქმის ყველა შენობა განადგურებულია. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა მარიუპოლში მოკლეს 20 000-მდე ადამიანი. ქუჩებსა და ნანგრევებში მყოფი ცხედრების სიმრავლე ქმნის ინფექციური აფეთქების რისკს.

"აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

მოლაპარაკებების შემდეგ, 26 აპრილს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ პუტინი დათანხმდა გაეროსა და "წითელი ჯვრის" მონაწილეობაზე მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის ორგანიზებაში. "აზოვსტალის" გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე, იტალიური მედია იუწყებოდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ, რომის პაპმა, ფრანცისკემ, დიპლომატიური არხებით სამჯერ მიმართა მოსკოვს ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის თხოვნით, მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად მარიუპოლიდან და ამ მიზნით ვატიკანის გემით საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებაც კი შესთავაზა. როგორც ჟურნალისტები წერენ, რუსეთმა, სავარაუდოდ, პაპი ფრანცისკეს წარმომადგენლებს სამივეჯერ უთხრა, რომ ის არ იძლეოდა ქარხნიდან ხალხის უსაფრთხოდ გაყვანის გარანტიას.

უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, რომ ქარხანაში მყოფ ყველა ადამიანს მიეცეს ევაკუაციის უფლება კიევის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. რუსეთის ხელისუფლება თვლის, რომ სამხედროები უნდა დანებდნენ, მშვიდობიან მოსახლეობას კი რუსული ჯარების ან სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე წასვლას სთავაზობდა.

XS
SM
MD
LG