„ბორჯომის“ ხელმძღვანელობა გაფიცულ თანამშრომლებს: მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი

„IDS ბორჯომი საქართველოს" ერთ-ერთი ქარხანა

IDS ბორჯომი საქართველოს“ ხელმძღვანელობა გაფიცულ თანამშრომლებს, რომლებმაც დღეს, 6 ივნისს დილიდან საწარმოების პიკეტირება დაიწყეს, განცხადებით ეხმაურება და აფრთხილებს, რომ „მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და წარმოებაში ჩართულ თანამშრომელების მიმართ აგრესია.“

კომპანია მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც, „კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის ჩართვის შესახებ.“

როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის და მზად ვართ მივაწოდოთ შრომის ინსპექციას სრული და ამომწურავი ინფორმაცია, როგორც ზოგადად კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა ვითარებაში აღმოჩნდა და რა სირთულეებთან უწევს გამკლავება კომპანიას დაწესებული სანქციებისა, გაყინული ანგარიშებისა და ბაზრებზე გართულებული წვდომის პირობებში, ასევე კანონის სრული დაცვით განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესზე, რომლის შედეგადაც კომპანიამ მაქსიმალურად შეუნარჩუნა ბორჯომში დასაქმებულებს სამუშაო ადგილები“, - ნათქვამია "IDS ბორჯომი საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიაში ამბობენ, რომ თანამშრომელთა 90%-ზე მეტს შენარჩუნებული აქვს სამუშაო ადგილი, უცვლელი დარჩა მათი სახელფასო განაკვეთი, ნამუშევარი საათების ანაზღაურების პრინციპი და შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა.

ასევე ნახეთ “IDS ბორჯომი საქართველო“: კომპანიას ახალი კადრები არ აუყვანია

რაც შეეხება რეორგანიზაციის შედეგად შემცირებულ თანამშრომლებს, მათ სრულად აქვთ მიღებული კუთვნილი ხელფასი, ასევე 2-თვიანი კომპენსაცია, როგორც ამას კანონმდებლობა ითხოვს. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკიდურესად შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, პირველ რიგში, იმ თანამშრომლების ანაზღაურება ირიცხება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია მუშაობს მინიმალური დატვირთვით, ძირითადად საქართველოს ბაზრისთვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მასში ასევე გამეორებულია მანამდე გაკეთებული განცხადება, რომ სიცრუეა, თითქოს, კომპანიას სამუშაოდ უცხოელი დასაქმებული აჰყავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომელი. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ სრულიად მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და წარმოებაში ჩართული თანამშრომელების მიმართ აგრესია. ნებისმიერ მსგავს ქმედებას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, კანონის სრული დაცვით“, - აცხადებენ კომპანიაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ, 6 ივნისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ კომპანია "ბორჯომის" თანამფლობელი საქართველოს მთავრობა გახდება. თუმცა არ დაუზუსტებია, რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევს სახელმწიფოს.

"ეკონომიკის სამინისტრომ პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები. ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოვიტანთ საკითხს და "ბორჯომის" აქციონერები გავხდებით ჩვენ - მთავრობა. სახელმწიფო გახდება "ბორჯომის" თანამფლობელი, ამით ეს პრობლემაც მოგვარდება", - თქვა ღარიბაშვილმა.

ის დასაქმებულთა პროტესტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული სირთულეები.

"მინდა, ვუთხრა ყველას, რომ ჩვენი არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით. ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც არის საჭირო“, - განაცხადა ირაკლი პრემიერმა.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო გახდება "ბორჯომის" თანამფლობელი

ადგილზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ უთხრა, რომ ვინც არ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, მადლობას გადაუხდიან, მაგრამ ამისთვის საჭიროა „შანტაჟში, იძულებასა და მუქარაში მონაწილე პირები გათავისუფლდნენ სამსახურიდან, დაიდოს კოლექტიური შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ფაქტები, უსამართლო შანტაჟი, იძულება, ორთვენახევარია დასაქმებულებს ხელფასი არ აუღიათ, აღარ განმეორდება. სახელმწიფო იქნება, კერძო პირი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ჩვენ მზად ვართ, მათ ველაპარაკოთ, მზად ვართ გააგრძელონ ამ ადამიანებმა მუშაობა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებენ გარკვეული სახის გარანტიებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიმწარე და ტყუილი ნახეს ამ ადამიანებმა“, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

მან ასევე თქვა, რომ კომპანიაში უცხოელების დასაქმების შესახებ ინფორმაცია თავად ადმინისტრაციიდან აქვთ.

„ეს ინფორმაცია გვაქვს თვითონ ადმინისტრაციიდან, მათ ეს ინფორმაცია გაავრცელეს, ერთი იმიტომ, რომ რეალობას შეესაბამება, მეორე იმიტომ, რომ დასაქმებულებს შეშინებოდათ და დაბრუნებოდნენ თავის სამუშაო ადგილებს, რომ ეფიქრათ, თუ არ დაბრუნდებოდნენ, სხვა დაიკავებდა მათ სამუშაო ადგილებს. თუმცა, რუსეთიდან დასაქმებული მუშაობს ამ ქარხანაში, ტექნიკურ მომსახურებას უწევს. დღეს არ არიან ეს ადამიანები. როგორც ჩანს, კომპანიამ უთხრა, რომ არ მოსულიყვნენ. ათამდე ადამიანი მუშაობს და გვაქვს ინფორმაცია. რამდენად სარწმუნოა, არ ვიცით და ეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიძიონ, რომ ეს ადამიანები შემოვიდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, უკანონოდ, სამაჩაბლოდან“, - ამბობს გიორგი დიასამიძე.

გაფიცული სერგი სტეფნაძის თქმით კი, თანამშრომელთა პროტესტი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება, იქნება ეს პიკეტირებისა თუ სხვა მშვიდობიანი ფორმით.

კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" კუთვნილ ორ ჩამომსხმელ ქარხანაში დასაქმებულებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

  • უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა;
  • ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება. ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება;
  • ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა;
  • კოლექტიური შეთანხმების გაფორმება.

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომელთა გაფიცვა, უშედეგოდ დასრულებული მედიაციის პროცესის შემდეგ, 31 მაისს დაიწყო.

ბორჯომის" ორი ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვას 31 მაისს განცხადებით გამოეხმაურა N1 ქარხნის დირექტორი მერაბ ახმეტელი. მისი სიტყვებით, უცვლელი დარჩა დასაქმებულთა სახელფასო განაკვეთი, ნამუშევარი საათების ანაზღაურება ყველა თანამშრომლისთვის და შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა.

მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყაროა. გარდა ამისა, "ბორჯომის" ქარხნებიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე თანხა შედიოდა. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქარხნების გაჩერება არამარტო იქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ორივე ჩამომსხმელმა ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.

ქარხნებიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში ჩაერთო. კომპანიამ, შექმნილი კრიზისის არგუმენტით, მათ ხელშეკრულებების შეცვლილი პირობები შესთავაზა, რაზე ხელმოწერასაც თანამშრომლების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ პირობით აპირებდა, თუ გარანტიებს მიიღებდნენ, რომ კომპანიის საქმიანობის აღდგენის შემდეგ, ძველ ხელშეკრულებებს დაუბრუნდებოდნენ.

19 მაისს „IDS​ ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას შესთავაზა წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა.

ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ წინადადებას სწავლობენ, მოგვიანებით მის პირობებს იმავე მიზნით მიაწვდიან იუსტიციის სამინისტროსაც და მხოლოდ ამის შემდეგ გასაჯაროვდება ინფორმაცია.

21 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან აღნიშნა, რომ კომპანია "ბორჯომის" წილს საქართველოს საჩუქრად გადასცემენ და ოპერირებაში პრობლემა აღარ შეექმნებათ.

„პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთან, მფლობელებთანაც, საკითხი ყველასთან გავიარეთ. არის შემოთავაზება, რომ სახელმწიფოს ჩუქნიან წილს, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, წილი 100 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება და მთავრობის მომდევნო სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. ასე რომ, „ბორჯომს“ ოპერირებაში პრობლემა არ ექნება და ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს. მინდა თანამშრომლებს მივმართო, რომ პრობლემა ამოწურული იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

„ბორჯომს“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 1995-2002 წლებში ეს იყო მამუკა ხაზარაძის "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია". "ბორჯომის" შემდგომი მფლობელი, 2002 -2012 წლებში, იყო ბიზნესმენების, ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის კომპანია „სელფორდი". ამჟამად კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 60% -იან წილს ფლობს მიხაილ ფრიდმანის "ალფა ჯგუფი", 40%-ს კი - პატარკაციშვილების ოჯახი.