ყველაფერი, რასაც ყრით, ნაგავი არ არის - როგორ შეამციროთ ნარჩენები

“კაცობრიობა არ დაიღუპება ატომურ კოშმარში, ის საკუთარ ნარჩენებში ჩაიხრჩობა”.

ნობელიატი ფიზიკოსი, ნილს ბორი

მეცნიერების პროგნოზით, თუკი კაცობრიობა ნარჩენების წარმოების ტემპს არ შეამცირებს, 2050 წლისთვის, ოკეანეებსა და ზღვებში უფრო მეტი ნაგავი იქნება, ვიდრე თევზი.

ნარჩენები იმდენად დიდი თავსატეხია, რომ შემცირებაზე მთავარი პასუხისმგებლობა სახელმწიფოებმა აიღეს, მათ ხელშია პოლიტიკის შემუშავება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ეკონომიკის „გადაწყობა“, მაგრამ ისეთ ქვეყნებში, მაგალითად, ჩვენთან, სადაც ბანანის ქერქებს, ქაღალდსა და შუშის ბოთლებს ერთად ვყრით, თანაც არა მხოლოდ ნაგავსაყრელებზე, მდინარეებსა და ხევებშიც, ნარჩენების შემცირება მოქალაქეებისა და მათი მონდომების ხელში რჩება.

ამ სტატიაში საკუთარი და სხვა ოთხი ადამიანის გამოცდილებაზე დაყრდნობით გიზიარებთ ნარჩენების შემცირების მარტივ და მუშა ხერხებს.

ჩემთვის ნარჩენების შემცირებაზე ზრუნვა ბუნებრივად მოჰყვა იმ ჩვევებს, რომლებიც წლების განმავლობაში გამოვიმუშავე ნელ მოდაზე [ნელი მოდა მოძრაობაა, რომელიც ხარისხს რაოდენობაზე მაღლა აყენებს.] გადასვლისა და ჯანმრთელად კვების მცდელობებით. ამ პროცესის ნაწილია მომხმარებლური ვნებების კონტროლიც.

რამდენიმე მარტივი პრინციპი, რასაც უკვე წლებია ერთგულად მივსდევ, ასეთია:

  • საყიდლებზე ყოველთვის ჩემი ნაჭრის ჩანთით დავდივარ. არ მინდა ვიხმარო პოლიეთილენის პარკები, რომელთა სრულად დაშლას, 20-დან 1 000 წლამდე დრო სჭირდება. სხვადასხვა ზომის და ფერის ნაჭრის ჩანთები კი, რომლებიც დამიგროვდა, წლების განმავლობაში გამოიყენება და ნაგავში აღმოჩენის შემთხვევაშიც, სრულად იშლება.
  • სკოლაში ბავშვებს საჭმელს ლანჩბოქსებით ვატან. კი, მართალია, ეს პოლიეთილენის ყუთებია, მაგრამ სამაგიეროდ არ ვიყენებ ასობით პოლიეთილენის კონტეინერსა და შესაფუთ ქაღალდს. სკოლაში სახლიდან იმიტომ ვატან საკვებს, რომ სასარგებლო რამეები ჭამონ. ხილი, ბოსტნეული, თხილეულიც და შინ მომზადებული ტკბილეულიც. მეც ლანჩბოქსი დამაქვს სამსახურში. ჩემი გოგოები და მეც წყალს მხოლოდ ან შუშის ბოთლებიდან ვსვამთ, ან თერმოსებიდან. პლასტმასის ბოთლის სრულად დაშლას ბუნებაში 450 წელი სჭირდება.
  • ტანსაცმელს იშვიათად და, როგორც წესი, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში ვყიდულობ. ეს პროცესი თან მართობს და თან მსიამოვნებს - ისეთ ნივთებს ვპოულობ, რომელსაც სხვაგან ვერ ვნახავდი. გოგოებისთვის კი მთელი ჯაჭვი მაქვს აწყობილი - მეგობრები ერთმანეთს შვილების დაპატარავებულ ტანსაცმელს ვუცვლით. ბოლო 10 წელიწადში მსოფლიოში ტანსაცმლის წარმოება თითქმის გაორმაგდა. მათ შეკერვაზე წელიწადში იხარჯება დაახლოებით 1.5 ტრილიონი ლიტრი წყალი. ეს წარმოება ყოველწლიურად ტოვებს 92 მილიონ ტონა ნარჩენს.
  • არ ვყიდულობ ყავის კაფსულებსა და ჩაის ერთჯერად პაკეტებს. ასეთი პროდუქტები ორგანიზმში მიკროპლასტმასის მოხვედრის ერთ-ერთი გზაა. ეს დაახლოებით 5 მილიმეტრამდე ზომის მიკრონაწილაკებია, რომელიც პლასტმასის ნარჩენებიდან ხვდება ნიადაგსა და წყალში, ადამიანის ორგანიზმში კი - პლასტმასის ნივთებიდან, ხელოვნური მასალით დამზადებული ტანსაცმლიდან და კოსმეტიკიდან.
ასევე ნახეთ იფ, რა გემრიელია! - როგორ ვჭამთ ყოველ კვირა ერთ პლასტიკურ ბარათს 

“მე რომ რაღაცის ყიდვა მინდა, ვფიქრობ, ეს ნივთი რამდენ ხანს გაძლებს. მირჩევნია დიდხანს ვაგროვო თანხა და ვიყიდო ისეთი ნივთი, რაც დიდი ხნის განმავლობაში მომემსახურება და მალე არ გახდება ნარჩენი. ჩემთვის ყველა ნივთი, რასაც ვაგდებ, არის პრობლემა - ამიტომ ძალიან ბევრს ვფიქრობ ყოველთვის იმას, რა ვიყიდო. სპონტანურად არასოდეს არ ვყიდულობ არაფერს, გააზრებული შოპინგი მეხმარება, რომ ნაკლები ნარჩენები ვაწარმოო”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკა ასათიანი, რომელიც საყიდლებზე საკუთარი ჩანთით სიარულს და პლასტიკის ბოთლების მოხმარების შეზღუდვას უფრო მექანიკურ მოქმედებად აღიქვამს, ვიდრე გააზრებულად. ეკა “პლასტიკვოჩერის” დამფუძნებელია. მისი კომპანია პლასტიკისგან აწარმოებს ჩანთებს, საწვიმრებს, ქუდებს, ყვავილებს, მაგიდის გადასაფარებლებს და სხვა ყოველდღიურ ნივთებს.

ეკას მიერ წარმოებული ნაძვის ხის სათამაშოები, ჩანთა და ყვავილები

ეკას ცელოფნის პარკებს და პლასტიკის ნივთებს ძირითადად მეგობრები და ნაცნობები უგროვებენ - კომპანიის არსებობის სამი წლის განმავლობაში მას ასობით კილო პლასტიკა აქვს გადამუშავებული, თუმცა მისი ეს პატარა საწარმო, სადაც პერიოდულად ხუთამდე ადამიანია დასაქმებული, სხვებისთვის შთაგონების საშუალებაა, მათაც იფიქრონ ნარჩენების შემცირებასა და ცირკულარული ეკონომიკის შესაძლებლობებზე. ეკას საწარმოში იდეების მთავარი გენერატორი თვითონ არის, თუმცა პერიოდულად სჭირდება კონსტრუქტორის და მკერავების დახმარება ნივთების შესაქმნელად. დანადგარი, რომლითაც ის პლასტიკის პროდუქციას ამუშავებს, ერთ-ერთ კონკურსში მოიგო და ამან საქმე მნიშვნელოვნად გაუმარტივა.

ცირკულარული ეკონომიკა ისეთი ეკონომიკური სისტემაა, რომლის მიზანსაც ნარჩენების აღმოფხვრა და უკვე მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენება წარმოადგენს. ცირკულარული სისტემის მთავარი პრინციპებია ხელახალი მოხმარება, გადამუშავება, შეკეთება და რეაბილიტაცია, ანუ ყველა ის ხრიკი, რითაც კონკრეტულ ნივთსა და მასალას კვლავ ვარგისს ხდის გამოსაყენებლად.

ეკა პლასტიკვოჩერის საწვიმარში პლასტიკისგან დამზადებული ჩანთით

“ამ ქვეყანაში არ არის ნარჩენების არც სეპარაციის, არც გადამუშავების არც კულტურა, არც ინფრასტრუქტურა, არც ცნობიერება და ამიტომ ვცდილობ, მე თვითონ ვიყო იმის მაგალითი, როგორც მინდა სხვებიც იქცეოდნენ. ცვლილებები თუ გინდა, საკუთარი ქცევების ღრმა ანალიზი უნდა გაუკეთო საკუთარ სურვილებს, ჩვევებს. ძალიან მარტივია ქცევების შეცვლა, თუკი გააანალიზებ იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ეს იმ გარემოსთვის და ქვეყნისთვის, რომელშიც ცხოვრობ. მე ეს მანიჭებს სიხარულს. ბევრად უფრო სახალისო და საინტერესოა ასე ცხოვრება”, - ამბობს ეკა.

ინდუსტრიული რევოლუციიდან დღემდე, კაცობრიობამ 8.3 მილიარდი ტონა პლასტმასა შექმნა. წარმოებული პლასტიკიდან 6.3 მილიარდი ნარჩენად იქცა. წარმოქმნილი ნარჩენების მხოლოდ 9% გადამუშავდა, და 12% დაიწვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 79% წარმოებული პლასტმასიდან ნაგავსაყრელებსა და ბუნებაშია დალექილი.

ეკა ამბობს, რომ დროთა განმავლობაში ისეთი პატარა საწარმოც კი, როგორიც პლასტიკვოჩერია, ცვლის ადამიანების დამოკიდებულებას - თუკი 2019 წელს ყველას აოცებდა ნაგვისგან დამზადებული ნივთები, დღეს უკვე ათობით ადამიანი აგროვებს ეკასთვის “ნედლეულს” და მის ტანსაცმელსაც სულ უფრო მეტი და მეტი ყიდულობს.

“აღარ უკვირთ და ჩემგან ელოდებიან ახალ და ახალ რაღაცეებს და ეს ჩემთვის დიდი სიხარული და სტიმულია. მოსწონთ კიდეც, აცვიათ კიდეც, უკეთიათ კიდეც”, - გვეუბნება ეკა.

ასევე ნახეთ "სწრაფი მოდა" - ტანსაცმელი, რომელიც ჯანმრთელობის ფასად გვიჯდება

გადამუშავებული ქაღალდისგან აკეთებს სანათებს და სხვა დეკორატიულ ნივთებს ანა შეროზიაც - მას ნედლეული ძირითადად სტამბები ჩუქნიან.

“ქაღალდის გარდა ვიყენებ ძველ ნივთებსაც, რაც შეიძლება ვიპოვო ჩემს სახლში ან მეგობრებთან. ძველი ნივთების გადაყრა არ მიყვარს და თუ შეიძლება, რომ ჩავრთო ისინი ჩემი ობიექტების დიზაინში, ყოველთვის ვიყენებ ამ შესაძლებლობას. ვინც მაძლევს, იმათაც სულ უხარიათ, რომ ეს ნარჩენები ახალ დანიშნულებას იძენს”, - ამბობს ანა შეროზია, "აზურიტის" დამფუძნებელი.

ხელნაკეთმა ნივთებმა ის პანდემიის დროს გაიტაცა და ბოლო სამ წელიწადში თითქმის ნახევარი ტონა ქაღალდი გადაამუშავა. უფასო ნედლეულთან ერთად ანას ზრუნვაც ახარებს - ზოგი ნახმარ ქაღალდს უგროვებს, სხვები გადაყრილ რკინის ნივთებს. თუმცა "აზურიტის" წარმოება სრულად ნული ნარჩენის კონცეფციის წარმოება არ არის - საღებავები და წებოები, რომელსაც ანა იყენებს, ძირითადად პლასტიკის შეფუთვით იყიდება.

ანას მიერ ქაღალდის გადამუშავების შედეგად შექმნილი სარკეები და სანათი

პლასტმასის შეფუთვების გამოყენების კარგი გზა იპოვა პარტიზანმა მებაღემ, ნატა ფერაძემ. ის წლებია აგროვებს არაჟნისა და მაწვნის ქილებს, მაიონეზებისა და ნაყინის კონტეინერებს, ძველ თეთრეულს, პიცის ყუთებს, ეზოში ჩამოცვენილ ფოთლებს და სხვა “ნაგავს”.

ფოთლებისგან კომპოსტს აკეთებს და გაზაფხულობით ნიადაგს ამდიდრებს, ჩითილებს რძის პროდუქტების პატარა კონტეინერებში რგავს, დიდებისგან ყალიბებს აკეთებს და ცემენტის ქოთნებს ასხამს, პიცის ყუთებისგან სტენსილების შაბლონებს ჭრის, ქსოვილებს კი საპროტესტო ბანერებისთვის იყენებს.

“დაახლოებით ათი წელია ვაგროვებ ამ ყველაფერს და რეგულარული მომმარაგებელი მყავს ორი-სამი ახლო მეგობარი, თუმცა, გაზაფხულზე, როცა “ჩითილების ისტერიკა” იწყება, ფეისბუკზე ვწერ ხოლმე, რომ მჭირდება რძის პროდუქტების ქილები და უცხო ადამიანებსაც მოაქვთ ხოლმე. რემონტიდან დარჩენილ საღებავებსაც ვაგროვებ, საპროტესტო ბანერებისთვის და ქუჩის წარწერებისთვის, სადაც ფუნჯით ვწერთ ხოლმე, ეგეთ ადგილებში ძალიან გვადგება”, - ამბობს ნატა.

ნატას ჩითილები და პლასტმასის გამოყენებული ქილების ყალიბებში ცემენტის ქოთნების ჩამოსხმის პროცესი

კიდევ ერთი “უფასო ნედლეული”, რომელიც ტონობით იყრება ყოველწლიურად ნაგავში, ქსოვილების ნარჩენებია.

სოფია ლაპიაშვილმაც ნაკუწებით ფეხსაცმელების კერვა პანდემიის დროს დაიწყო. მისი კომპანია “უსული” ახლა უკვე ჩანთებსაც კერავს, ბალიშებს და მუთაქებსაც, სათვალეების ჩასადებებსაც და სხვა ყოველდღიურ ნივთებს: „ეს ქსოვილებიც სულ თავში მიტრიალებდა, სულ მენანებოდა ეს ფანტასტიური ნარჩენები, რომელიც ნაგავსაყრელზე მიდიოდა”.

სოფოს და მისი მეგობრების ძირითადი “მომწოდებლები” დიზაინერები არიან, თუმცა ფეხსაცმელების პირველი კოლექცია ძველი, გადასაყრევლი პლედებით შექმნეს.

“ფეისბუკზე დავწერეთ, რომ გვინდა პლედები: ვიღაცებმა მოგვწერეს, რემონტს ვიწყებ, კარადებს ვალაგებ და ბარემ მოვიშორებ. უი, უი, გუშინ გადავყარე, ეგეთებიც შეგვხვდა. პერიოდულად სულ გვიკავშირდება ხალხი, ვინც სახლს ალაგებს და პოულობს გამოუსადეგარ გადასაფარებლებს და სხვა ისეთ ქსოვილებს, რაც აღარ სჭირდებათ. კიდევ ერთი ავეჯის საწარმო გვამარაგებს, რბილი ავეჯის ზედაპირისგან მორჩენილ ნაჭრებით”, - გვიყვება სოფიო ლაპიაშვილი.

"უსულის" ფეხსაცმელები


“უსულის” არსებობის სამი წლის თავზე სოფო ამბობს, რომ ზოგიერთ დიზაინერს ჯერაც ურჩევნია ნარჩენი ქსოვილები დაწვას ან ნაგავსაყრელზე გაუშვას, ვიდრე ის მეორადი გამოყენებისთვის მისცეს ვინმეს. ის თვლის, რომ სიტუაცია უფრო სწრაფად შეიცვლებოდა, სახელმწიფო ცირკულარულ ეკონომიკასა და იმ მეწარმეებს რომ ახალისებდეს, ვინც ნარჩენებს ნედლეულად აქცევს.

“სანამ ნარჩენებისგან ბიზნესს წამოვიწყებდი, მანამდე ვაკეთებდი სახელოვნებო პროექტებს, რომლებიც ასევე ნარჩენების ხელახალ გამოყენებაზე იყო ორიენტირებული. ეს აურაცხელი ნარჩენი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და მასში რესურსს ძალიან ცოტა ადამიანი ხედავს, სულ მაღელვებდა და ამიტომ ბევრი მაქვს ამ თემაზე ნამუშევარი. როგორც ჩანს, ეგრე მაქვს ტვინი მოწყობილი, რომ სულ მინდა რამე გავაკეთო უსარგებლო ნივთებისგან”, - ამბობს სოფო. მისი წარმოება ამ დრომდე ბუნებრივ დინებაზეა დამოკიდებული - არ ეძებს მასალას კონკრეტული ნივთების შესაქმნელად, პირიქით, ცდილობს იქიდან ამოვიდეს, რაც ხელში ჩაუვარდება.

საქართველოში ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება - თუკი 2015 წელს ეს რიცხვი 774 700 ტონა იყო, 2022 წელს ნარჩენების რაოდენობამ მილიონ ტონას გადააჭარბა. ნარჩენების მართვის სტრატეგია 2016-2023-ის მიხედვით, საქართველომ ქაღალდის, პლასტმასის, მეტალისა და მინის რეციკლირების შემდეგ 2025 წლისთვის თითოეული ტიპის ნარჩენის 50% უნდა გადაამუშაოს, 2030 წლამდე კი ეს რიცხვი 80%-მდე გაზარდოს.

ასევე ნახეთ ნელი მოდა - როგორ ჩაიცვა 5 ლარად და ლამაზად

"სტატია მომზადებულია პროექტის „საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც CENN USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს".