„მატრონა და სტალინი“ - დარჩება ხატი სამებაში?

რა უნდა სტალინს სამებაში? ეს კითხვა და მისი თანმხლები ცხარე დისკუსია ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში მას მერე გაჩნდა, რაც შობას, 7 იანვარს გახმაურდა ამბავი, რომ თბილისის მთავარი საკათედრო ტაძრის კედელზე, უკვე რამდენიმე თვეა კიდია მატრონა მოსკოველის ხატი. ხატის ერთ ფრაგმენტზე, რუს წმინდანთან ერთად, გამოსახულია საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინი და ამ ფრაგმენტზე სტალინი უფრო დიდია, ვიდრე თავად წმინდა მატრონა.

ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ აღმოჩნდა სამებაში, ეკლესიასთან ბრძოლით ცნობილი სტალინი და არის თუ არა იქ მისი ადგილი?

მატრონა მოსკოველის ხატი სამების საკათედრო ტაძარში

სამების ტაძარში შესულებს, მატრონა მოსკოველი და სტალინი მაშინვე თვალში არ მოგხვდებათ, ეს ხატი ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვნივ, სიღრმეში ჩაყოლებულ ხატებს შორის კიდია. მასზე მთავარი გამოსახულება მატრონა მოსკოველისაა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს შერაცხა. მატრონას გარშემო მისი ცხოვრების ამსახველი ამბებია აღწერილი - სტალინთან შეხვედრაც ამ ფრაგმენტებს შორისაა: წმინდა მატრონა - თავზე შარავანდედით, ზის, სტალინი კი დგას და ის მთელი ტანით ჩანს წინა პლანზე.

სამების საკათედრო ტაძარი

ამ ამბის გახმაურების შემდეგ ვიკითხეთ, გაიტანენ თუ არა ხატს სამებიდან?

ასევე ნახეთ სამების ტაძარში ერთ-ერთ ხატზე სტალინია გამოსახული - რა ახსნა აქვს საპატრიარქოს

ამ ხატს, ალბათ, იქიდან არ გაიტანენ, თუმცა საერთო უკმაყოფილებამ მაინც შეიძლება იქონიოს გავლენა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელმა, თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა.

თუმცა კი, სოციალურ ქსელებში, ბოლო ორი დღეა, აქტიურად მსჯელობენ და მოითხოვენ სამებიდან „სტალინის ხატის“ გატანას - მართალია, ამ ხატზე, სტალინი, როგორც წმინდანი ისე არ არის გამოსახული, თუმცა მატრონა მოსკოველის ხატი ხალხმა ამ სახელით უკვე მონათლა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, საზოგადოების უარყოფითი რეაქციის გათვალისწინებით, ხომ არ ფიქრობენ ამ ხატის სამებიდან გატანაზე.

ასევე, მას კიდევ ერთხელ ვთხოვეთ დაეზუსტებინა, რა აზრისაა ეკლესია - ხატზე იოსებ სტალინის გამოსახვის ფაქტზე.

მან კითხვაზე კითხვითვე გვიპასუხა:

რატომ ატეხეს ასეთი ამბავი მაინცდამაინც შობის ღამეს? ამ დღისთვის რატომ შემოინახეს ეს თემა? რას მიაღწიეს? ხალხს წაართვეს სიხარული და ეს ბოროტება უფრო მეტი, ვიდრე სტალინის ხატზე გამოსახვა“.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ასევე თქვა, რომ დღესასწაულზე „სკანდალის გამოგონება (გარკვეული ძალების ხელში) უკვე ერთგვარ ტექნოლოგიად იქცა“ - შედეგად კი, მისი თქმით, ამ სკანდალის მსმენელები „სტალინზე ფიქრობენ, მორწმუნეები კი იესო ქრისტეს სასწაულებრივ განკაცებაზე და კაცობრიობის ხსნის დასაწყისზე. თქვენ აირჩიეთ ვისი სიახლე სჯობს“.

შემდეგ კი ანდრია ჯაღმაიძემ მატრონასთან სტალინის მისვლის ისტორიაზე საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა და გვითხრა, რომ ეს ამბავი უფრო მითია, ვიდრე რეალობა:

წმინდანის ცხოვრება მის ღვაწლს უნდა უკავშირდებოდეს. ჩემი პირადი აზრით, მატრონას შემთხვევაში, ნაკლებად შეიძლება ასეთი ღვაწლის გამოკვეთა, თუმცა მრავალი მორწმუნე და არა მხოლოდ რუსეთში, მისადმი ლოცულობს. არის ბევრი მითქმა-მოთქმა, რაც მისი ღვაწლის შესახებ მსჯელობას ნაკლებად შესაძლებელს ხდის და არა მხოლოდ ჩემი აზრით... ასე რომ, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს“.

რაც შეეხება სტალინის გამოსახვას ხატზე, ანდრია ჯაღმაიძისთვის ეს არ ნიშნავს, რომ სტალინი ლოცვის ობიექტია, რადგან ხატზე შეიძლება უარყოფითი პერსონაჟიც მოხვდეს:

მაგალითად, დიოკლტიანე, თუმცა აქ განსხვავებული კონტექსტია, ამ ხატზე სტალინი უარყოფით კონტექსტში არაა... იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის სტალინის ხატი და სტალინი აქ არ არის პირი, რომელზეც ვინმე ლოცულობს, როგორც ეს ამ ატეხილ აჟიოტაჟში დახატეს“.

სამების საკათედრო ტაძარი

როგორ „ვიპოვეთ“ სტალინი სამებაში

შობას, 7 იანვარს, მანჩესტერისა და ბირმინგემის ქართული სამრევლოს წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის ფოტოები და დაწერა, რომ თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ამ ხატზე, რუსი წმინდანის გვერდით საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეო ფეისბუკზე ატვირთა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა გიორგი კანდელაკმა ასეთი აღწერით:

„საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორის, ათასობით სასულიერო პირის მკვლელის და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემოქმედის, იოსებ სტალინის ხატი სამების საკათედრო ტაძარში. რუსული საინფორმაციო ომის მანქანის მორიგი წარმატება, რომელიც, დროა, შევიმჩნიოთ“.

სოციალურ ქსელში ეს ამბავი მართლაც ბევრმა ადამიანმა შეიმჩნია და მედიაც დაინტერესდა.

მალე, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილისგან გავიგეთ, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია“:

„თავად შემომწირველებმაც ახსნეს, რომ სტალინი ამ ხატზე დახატულია როგორც ტირანი, იმხელა იმპერიის მმართველი, რომელმაც თავი დაიმდაბლა და მივიდა წმინდანთან და აზრი ჰკითხა... თუ ეს კარგ კონტექსტში არ არის დახატული, რა პრობლემაა?“

ასევე ნახეთ "რამდენიმე თვეა ის ხატი იქაა" - სამების ტაძრის მღვდელმსახური სტალინის გამოსახულებაზე

აი, რა უპასუხა რადიო თავისუფლებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ ერთმა სასულიერო პირმა, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა შალვა კეკელიამ:

„არ მგონია, რომ მანდ სტალინი დადებით კონტექსტში იყოს გამოხატული... ეგ არც „სტალინის ხატია“ - სტალინი არ არის მანდ წმინდანის როლში. და რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება სტალინი, როგორც ისტორიული ფიგურა, იყოს ხატზე გამოსახული, ეგრე დიოკლეტიანესაც ხომ ვხვდებით ხატებზე, რომლის იმპერატორობის დროსაც აწამეს წმინდა გიორგი? მაშინ მისი გამოსახულებაც პრობლემა უნდა იყოს. ისევე როგორც ეშმაკებისა - ჯოჯოხეთის სცენებში, სადაც ისინი უარყოფით კონტექსტში არიან ნაჩვენები“...

„ეს არც დანაშაულია და არც ნეგატიურად არის იქ სტალინი გამოსახული“

სამებაში სტალინის „აღმოჩენის“ შემდეგ, მალე ტაძრისთვის ხატის შემწირველების ვინაობაც გაირკვა და მათი ვერსიაც მოვისმინეთ, სტალინი ხატზე - ცუდია თუ კარგი.

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა საგანგებო ვიდეო გაავრცელა და დაადასტურა, რომ სამების საკათედრო ტაძარს მატრონა მოსკოველის ხატი მან შესწირა:

„ამ ხატზე დედა მატრონას ცხოვრების ფრაგმენტებია გამოსახული და ერთ-ერთი ფრაგმენტი ასახავს იოსებ სტალინის მისვლას დედა მატრონასთან. ეს ფაქტი აღწერილია მატრონას ბიოგრაფის მიერ, რომელიც იყო ამ მოვლენის თვითმხილველი“.

შემდეგ დავით თარხან-მოურავი ჰყვება ერთ-ერთ გავრცელებულ საბჭოთა მითს იმის თაობაზე, თუ როგორ დაიმდაბლა თავი ეკლესიასთან მებრძოლმა იოსებ სტალინმა, მეორე მსოფლიო ომის დროს, მივიდა მატრონასთან და დაინტერესდა ბრძოლის ბედით. მიიღო პასუხი, რომ ფაშიზმი დამარცხდებოდა, თუმცა მისცა რჩევა, რომ ბრძოლის ველზე გაეტანა ღვთისმშობლის ხატი.

ასევე ნახეთ ირმა ინაშვილი სამებაში სტალინის გამოსახულებიან ხატზე: ჩვენ შევწირეთ ტაძარს ეს ხატი

„ეს ფრაგმენტი კი ნიშნავს იმას, რომ სტალინი, რომელსაც ღმერთის არ სწამდა, როცა გაუჭირდა, ღმერთთან მივიდა... მოკლედ, ხატზე სტალინის გამოხატვა არც დანაშაულია და არც ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს“.

დიოკლეტიანე არც დავით თარხან-მოურავს დავიწყებია.

ამ ამხსნელი ვიდეოს შემდეგ კი, ფეისბუკში მისი თანაგუნდელის, ირმა ინაშვილის ვიდეოც გამოჩნდა, სადაც მანაც გაიმეორა, რომ ხატებზე გამოსახული ცუდი მმართველები და დიქტატორები უცხო რამ არ არის ქრისტიანული სამყაროსთვის.

დამატებით მან ასევე თქვა, რომ ეს ხატი ცნობილმა ხატმწერმა დაწერა, „რომელსაც სათანადო ცოდნაც გააჩნია და ცხოვრების წესითაც პასუხობს ხატმწერის კრიტერიუმებს“. თუმცა მისი ვინაობა არ გაუმხელია.

რადიო თავისუფლებამ ირმა ინაშვილს სთხოვა დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა, გვაინტერესებდა, ვინ არის ეს ცნობილი ხატმწერი ან რატომ გადაწყვიტეს მისთვის სწორედ მატრონა მოსკოველის ხატის შეკვეთა და შემდეგ შეწირვა სამების საკათედრო ტაძრისთვის - მას ამ დრომდე ჩვენთვის არ უპასუხია.

„პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც საკუთარ თავს პროქართულს უწოდებს, რუსული კავშირებითაც არის ცნობილი და მისი რეიტინგი, ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, 1%-ის გარშემო მერყეობს.

იოსებ სტალინი, კადრი ვასილი ორდინსკის დოკუმენტური ფილმიდან

ვინ არის მატრონა მოსკოველი?

მას „ნეტარ მატრონა მოსკოველად“ მოიხსენიებენ - მატრონა დმიტრის ასული ნიკონოვა, რომელიც დაბადებიდან უსინათლო იყო, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა 1999 წელს.

მის ამბავს, თავის იუტუბარხზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჰყვება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი, რომლის მონათხრობით, მატრონას 8 წლის ასაკიდან დაეწყო გამოცხადებები, მას შეეძლო ავადმყოფთა განკურნება, რის გამოც, მასთან მთელი ქვეყნიდან დაიწყო ხალხმა სიარული.

მატრონა მოსკოველი, კადრი მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ვიდეოდან

რუსული მედიის თანახმად, ხატი, სადაც მატრონა სტალინთან ერთად არის გამოსახული, თავდაპირველად 2008 წელს ჩნდება სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ტაძარში. მისი სახელწოდებაა „ნეტარი მატრონა აკურთხებს იოსებ სტალინს“ და ასახავს მათ შეხვედრას.

ხატის ავტორი თანამედროვე ხატმწერი გვარად პივნიკია, ხოლო ხატის შექმნის ინიციატორი, მღვდელი ევსტათი (ჟაკოვი), რომლის განცხადებით, ხატი „კანონიკურია, რადგან მას აქვს წმინდა ხატის ყველა ატრიბუტი“.

თუმცა რუსეთში უკვე დიდი ხანია კამათობენ როგორც ხატის კანონიკურობაზე, ისე თავად მატრონასა და სტალინის შეხვედრის ნამდვილობაზე.

ამ თემაზე თეოლოგი ბექა მინდიაშვილიც წერს, რომ მაშინ პეტერბურგის ეპარქიამ ოფიციალური განცხადებაც კი გაავრცელა, რომლის თანახმად, მატრონა და სტალინი არ შეხვედრიან ერთმანეთს, რომ ეს წმიდა წყლის ლეგენდაა და ამ განცხადების შემდეგ, ეს ხატი, რომლის ერთადერთი მიზანი სტალინის აპოლოგია იყო, ტაძრიდან გაიტანეს.

„მატრონას კანონიზაცია დიდ წინააღმდეგობას იწვევს რუსულ ეკლესიაში და მის წმიდანობას უამრავი რუსი სასულიერო პირი არ აღიარებს, აღარაფერს ვამბობ მსოფლიო ეკლესიაზე. ზოგადად, ეკლესიის ტრადიცია, მისი გამოცდილება, მატრონასნაირ თუ ქსენია პეტერბურგელის მსგავს პარანორმალურ და ყალბი სასწაულებით დახუნძლულ, ნახევრად მითიურ პერსონაჟებს დიდი ეჭვის თვალით უცქერს“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

თუ რუსულ პრესას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მითი იოსებ სტალინის ღვთისმოსაობის შესახებ თანამედროვე რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი პროდუქტია - რეალურად კი, არაერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ საბჭოთა რეპრესიების ერთ-ერთი სამიზნე სწორედ რელიგიები, მათი მსახურები და მიმდევრები იყვნენ და საბჭოთა ხელისუფლების პირველივე წლებში დაიწყო ღვთისმსახურთა მასობრივი დაპატიმრება და ეკლესიების დახურვა.

ერთხელ სტალინი ბაგრატშიც გამოჩნდა

სტალინის გამოჩენა ქართულ ეკლესიებსა და იკონოგრაფიაში სიახლე არ არის.

„ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილიც იხსენებს, რომ იოსებ ჯუღაშვილის ფოტო 2017 წელს ბაგრატის ტაძარში იყო გამოფენილი. ამ ფოტოზე ის სასულიერო პირებთან არის გამოსახული.

თორნიკე ბარათაშვილის თქმით, ამ ფოტოს ბაგრატის ტაძარში გამოფენის შესახებ საპატრიარქო მაშინ ამბობდა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა და ფაქტის გასაჯაროებიდან მეორე დღესვე ტაძრიდან გაიტანეს.

სტალინის გამოჩენას სამებაში საჯაროდ არაერთი თეოლოგი გამოეხმაურა. მათ შორის, ბექა მინდიაშვილმა ჩვენთან საუბარშიც აღნიშნა, რომ ეს ხატი სამებაში არ უნდა ეკიდოს.

მაგრამ რაკი პატრიარქი სტალინისადმი კეთილგანწყობილია და ეკესიაში ბევრი სტალინისტია, არც ეს ამბავია შემთხვევითი“, - გვითხრა მან.

ბექა მინდიაშვილი

თავის საჯარო პოსტში კი, ფეისბუკზე ბექა მინდიაშვილი წერს, რომ ხატზე ბოროტების გამოსახვას აქვს თავისი წესები, რომ, მაგალითად, დემონები, ეშმაკები, როგორც წესი, შავ ლაქებად, დრაპირების გარეშე გამოისახებიან, ბოროტების ჩამდენი ადამიანები გამოისახებიან ან მცირე მოცულობით, ან პროფილით და არავითარ შემთხვევაში შარავანდით.

„დეკანოზ ჯაღმაიძის მიერ ნახსენებ დიოკლეტიანეს რაც შეეხება, - დიოკლეტიანე თუ ქრისტიანთა სხვა მწამებლები ხატებზე "წაგდებული" ყავთ წმიდანებს, მათზე რწმენის გამარჯვების ნიშნად. წმ. გიორგის ფეხქვეშ დიოკლეტიანე საცოდავად აგდია და შუბით განიგმირება. ხატზე დაუშვებელია ბოროტება ზეიმობდეს. და რას ვხედავთ მატრონას ამ ე.წ. ხატზე? სტალინი წინა პლანზე, მთელი ტანით და სახით დგას ჩვენს წინაშე, თან ცალი ხელი უდიერად ჯიბეში უდევს. ჯიბეში ხელი ჟესტია, რომელიც გვეუბნება, რომ ის მატრონას, ეკლესიას, ღვთის სიტყვას კი არ უსმენს, მას კი არ ექვემდებარება, არამედ თვითონაა შედარებით უკანა პლანზე ტახტზე მჯდომი მატრონას უფროსი, ამ "ხატზე" სტალინი მატრონაზე მეტია“.

ასევე ნახეთ რას ნიშნავს სტალინის დაბრუნება საჯარო სივრცეში?

ომის დროს, 1941 წელს, სტალინის შეხვედრა მატრონასთან რომ მხოლოდ მითია და ის არაფრით დასტურდება, ამას გვიდასტურებს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილიც.

„ყველამ იცის, რატომ შეიქმნა და რას ემსახურებოდა ეს მითი, რომ სტალინის "შემოტრიალება ღმერთისკენ" იყო არა ბრიტანელების, არამედ მატრონა მოსკოველის დამსახურება. რომ მან ურჩია სტალინს გაეღო ეკლესიები და კვლავ მიბრუნებოდა თავის პირვანდელ იდენტობას (სემინარიელობას, ღვისმოშიშობას და ა.შ.). ცხადია, ეს არის სტალინიზმის გასამართლებლად გამოგონილი ისტორია, ხოლო თავად საბჭოთა ბელადი, ამ ხატზე, გამოსახულია როგორც დადებითი პერსონაჟი. გასაგებია, რომ ეს არ არის მისი ხატი, მაგრამ აქედან მის წმინდანად გამოცხადებამდე არ არის დიდი მანძილი“.

მირიან გამრეკელაშვილი

მირიან გამრეკელაშვილი ისტორიულ ბედისწერას უწოდებს იმ ფაქტსაც, რომ 1943 წელს, დევნილი და შევიწროებული ეკლესია, რომელიც, მისი თქმით, ფიზიკურადაც შეიძლება ვერ გადარჩენილიყო, კვლავ იკრებს ძალებს და სტალინის ბრძანებით იქმნება რელიგიის აღდგენის საბჭო: „ეს, ისტორიკოსისთვის - ისტორიული ფაქტია, მაგრამ რელიგიურად აღტკინებული ხალხისთვის ამ ფაქტში დევს იდეა, რომ მას ღმერთმა შთააგონა ამის გაკეთება. ეს რწმენა კი აჩენს თანამედროვე მითებს, რომლებსაც აქვს ისტორიული მომენტების ერთგვარი გადაბმის და შერიგების ფუნქცია“.

ასეა მატრონას და სტალინის ხატის ამბავიც.

მირიან გამრეკელაშვილი სტალინის დროინდელ რუსულ ეკლესიასა და დღევანდელ რუსულ ეკლესიას შორისაც ავლებს პარალელს და შენიშნავს, რომ რუსეთის მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ძალიან ხიბლავს სტალინის პოლიტიკა ეკლესიისადმი და დღეს ის სწორედ ამ მოდელის მიხედვით ქმნის „პუტინისტურ ეკლესიას“.

„ცოტა ხნის წინ, რუსეთში ერთი მღვდელი მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ თქვა, ჩვენ არ უნდა ვხოცავდეთ უკრაინელებსო. საოცარი რამ ხდება დღეს იქ - რუსეთის პატრიარქი და მთელი მისი აპარატი ზის და არც ერთ პოსტს, არც ერთ გაფაჩუნებას არ პატიობენ ვინმე პატიოსან მღვდელს, ვინც ამ ომის წინააღმდეგ იტყვის რამეს... მე არ ვიცი, თარხან-მოურავს ამ ხატის შეკვეთა და სამებისთვის მისი შეწირვა ვინმემ უბრძანა, ურჩია თუ რა მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, ამის უკან, გარკვეული პოლიტიკური თეოლოგიაც უნდა იმალებოდეს“, - ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.

ასევე ნახეთ ულვაშას მონატრება
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საუბარია სულ ცოტა 12 მილიონ ადამიანზე, თუმცა გულაგის ისტორიის მუზეუმის შეფასებით, ეს რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს. სტალინური „დიდი წმენდის“ ყველაზე უარეს წლებში, 1937-სა და 1938-ში, სტალინის საიდუმლო სამსახური დღეში ათასზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, მათ უმრავლესობას - დახვრეტის გზით. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მძლავრმა ტალღამ გადაუარა საქართველოსაც, სადაც იშვიათია ოჯახი, რომლიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს. სსრკ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი იქნა რეპრესირებული ეროვნული ნიშნით.

სამების საკათედრო ტაძარში

სოციალურ ქსელში მატრონას ხატის ამბავს კიდევ ერთი თეოლოგი, ისტორიის დოქტორი, ლაშა დეისაძე-შარვაშიძეც გამოეხმაურა, რომელმაც გაიხსენა, რომ იოსებ სტალინმა, თავის მიერ შექმნილი რელიგიის საქმეთა საბჭოს მეშვეობით, ეკლესიაში ჩამოშალა საეკლესიო მმართველობის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი - კრებსითობა და მიაღწია საეკლესიო იერარქიის თითქმის სრულ კონტროლს, რასაც საბჭოთა რეჟიმი ახორციელებდა რელიგიის საქმეთა საბჭოსა და მისი რწმუნებულის მეშვეობით - ამის ფონზე კი, მისთვისაც გაუგებარია, საქართველოს ეკლესიაში წმიდა ხატზე დადებით კონტექსტში რაიმე ფორმით გამოისახოს იოსებ სტალინი.

„ვის ან რატომ სჭირდება სტალინის გამოსახვა ხატზე საქართველოს ეკლესიაში და შემდეგ რატომ არავინ იღებს შესაბამისი მხრიდან პასუხისმგებლობას, რათა საზოგადოებას მისცენ ჯეროვანი განმარტება და ითხოვონ შენდობა?! ქართულ საზოგადოებას კიდევ პოლარიზაცია და დაყოფა-დაპირისპირება ნამდვილად აღარ სჭირდება! ისტორია რომ იწერება, ამაზეც უნდა იფიქროს ყოველმა გონიერმა ადამიანმა“, - წერს ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

ასევე ნახეთ სტალინი ხატზე - „ხალხების მამა“ და ეკლესია