"სტარლინკის" ინტერნეტი ირანისთვის უფასო გახდა

Starlink-ი ირანელებისთვის გარე სამყაროსთან კავშირის ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან საშუალებად იქცა, რომელიც კვლავ ფუნქციონირებს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს შორის გამართული საუბრის შემდეგ, Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი ირანში მყოფი მომხმარებლებისთვის უფასო გახდა.

ბოლო დღეებში, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ მასობრივი პროტესტის საპასუხოდ ირანში ინტერნეტი სრულად გათიშა, Starlink-ი ირანელებისთვის გარე სამყაროსთან კავშირის ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან საშუალებად იქცა, რომელიც კვლავ ფუნქციონირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ირანის მასშტაბით ათიათასობით Starlink-ის ტერმინალი და ანტენაა განთავსებული, მომხმარებლები სააბონენტო გადასახადის გადახდისას სირთულეებს აწყდებოდნენ. ასევე ვრცელდება ცნობები Starlink-ის სიგნალის სერიოზული შეფერხებების შესახებ.

ასევე ნახეთ ამერიკული უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, ირანში 2 400-ზე მეტი დემონსტრანტია მოკლული - ლაივბლოგი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპმა 13 იანვარს, განაცხადა რომ შეერთებული შტატები „მკაცრ ზომებს“ მიიღებს, თუ ირანის რეჟიმი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის.

„როდესაც ისინი ათასობით ადამიანის მოკვლას იწყებენ - და ახლა თქვენ ჩამოხრჩობაზე მელაპარაკებით. ვნახოთ, როგორ იქნება ეს მათთვის. თუ ისინი ასეთ რამეს გააკეთებენ, ჩვენ ძალიან მკაცრ ზომებს მივიღებთ“, - უთხრა ტრამპმა CBS News-ს.

გუშინ, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 14 იანვარს ირანის ხელისუფლება დაკავებული ირანელი მომიტინგის, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯას გეგმავს: „ისლამური რესპუბლიკის რეჟიმმა 10 600-ზე მეტი ირანელი დააკავა მხოლოდ ძირითადი უფლებების მოთხოვნის გამო. მათ შორისაა 26 წლის ერფან სოლტანი, რომელსაც 14 იანვრისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს“.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დეკემბრის ბოლოს დაწყებული მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მთავრობის მიერ სასტიკი ჩახშობის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. Reuters-ი, ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 2000-ს აღწევს.

ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ირანის მთავრობის მიერ ინტერნეტის მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშვის გამო, რაც მიზნად ისახავს მომიტინგეებსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის ინფორმაციის ნაკადის შეზღუდვას, შესაძლოა, მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდეს და რამდენიმე ათასს მიაღწიოს.

დაკავებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 10 000-ს აჭარბებს.

ასევე ნახეთ

რეზა ფეჰლევი ირანის არმიას ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს"დახმარება გზაშია": ტრამპმა ირანელებს მოუწოდა, გააგრძელონ საპროტესტო აქციებიირანში დაწყებულ პროტესტს საქართველოში მყოფი ირანელებიც უერთდებიანდარტყმები, ბლოკადა, კიბერთავდასხმა - რა ვარიანტები აქვს ტრამპს ირანის წინააღმდეგ? აშშ-მა თავის მოქალაქეებს მოუწოდა დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი