შსს ამბობს, რომ დემონსტრანტები ისჯებიან „არა ტროტუარზე დგომის“, არამედ „ტროტუარზე გადაადგილების ხელშეშლის“ გამო

შსს-ის რიტორიკის მიუხედავად, უფლებადამცველები მოქმედ წესებს „ანტიკონსტიტუციურად“ მიიჩნევენ.

ტროტუარზე პროტესტის მონაწილეთათვის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საუბარია არა „მხოლოდ ტროტუარზე დგომაზე“, არამედ „ტროტუარზე მოქალაქეთა გადაადგილებისთვის ხელშეშლაზე“.

„სინამდვილეში საუბარია არა ტროტუარზე დგომაზე, არამედ შემთხვევაზე, როდესაც პირი აფერხებს ან ხელს უშლის მოქალაქეთა ტროტუარზე გადაადგილებას, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვება კანონით გათვალისწინებული რეაგირება“, - წერია შსს-ის მიერ 23 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო ორ დღეში, 22-23 იანვარს, 2025 წლის დეკემბერში ტროტუარზე პროტესტის მონაწილე დემონსტრანტის ნაწილი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ „ტროტუარზე შეკრების და მანიფესტაციის იმავე წესებისთვის დაქვემდებარება, რომელიც ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მოქმედებს, - მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის შეკრება საზოგადოებრივი ცხოვრების ჩვეული რიტმს ბევრად ნაკლები ხარისხით ზღუდავს, - მიუთითებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მიზანი არა სხვათა უფლებების ან მართლწესრიგის დაცვა, არამედ შეკრება/მანიფესტაციებისთვის გაუმართლებელი დაბრკოლებების შექმნაა“.

„აღნიშნული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შეკრების თავისუფლებას იმთავითვე შეზღუდულ უფლებად აქცევს, შინაარსს აცლის მის ფუნდამენტს და არის ცალსახად ანტიკონსტიტუციური“, - მიიჩნევს საია.

მოქმედ წესებს აკრიტიკებს ევროკავშირიც. ამ საკითხზე დასმულ კითხვაზე პასუხად დღეს ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განაცხადა:

„სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გააჩუმოს განსხვავებული ხმები საქართველოში და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები“.

ასევე ნახეთ აბსოლუტურად შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის - ევროკომისიის პრესსპიკერი ტროტუარებზე პროტესტის გამო დაპატიმრებებზე

კოდექსის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.

  • საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ - მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
  • მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.
  • შეზღუდვების ჩამონათვალი გაიზარდა და ტროტუარზე პროტესტსაც შეეხო.
  • ტროტუარზე პროტესტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 10-ზე მეტ ადამიანს შეუდგინა. მათი საქმეები სასამართლომ ახლაღა განიხილა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონები, რომლებიც დემონსტრაციებს შეეხება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი.

ასევე ნახეთ ტროტუარზე პროტესტისთვის ნუკრი კაკულიას 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა