აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უნგრეთს და სლოვაკეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამ კვირის ბოლოს სლოვაკეთს, შემდეგ კი უნგრეთს ეწვევა.
  • ევროკავშირის წევრი უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთთან ურთიერთობებს ინარჩუნებენ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც, არაერთხელ სცადეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შეფერხება და სხვა წევრი სახელმწიფოებისგან განსხვავებით რუსული ენერგორესურსების შეძენას განაგრძობენ მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირის ქვეყნებს არაერთხელ მოსთხოვა, უარი თქვან რუსული ნავთობის და გაზის შეძენაზე.
  • ამასთან, ტრამპს არაერთხელ შეუქია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი, რომელიც მწვავე კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა როგორც უკრაინის, ისე ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ.
  • ევროკავშირს მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაც.
ასევე ნახეთ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მწვავედ აკრიტიკებს ევროპას

უნგრეთსა და სლოვაკეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი შედგება მას შემდეგ, რაც გერმანიაში მიიღებს მონაწილეობას მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაში. კონფერენცია 13-15 თებერვალს გაიმართება.

  • 2025 წლის თებერვალში, მიუნხენის წინა კონფერენციაში მონაწილეობდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელმაც ევროპა მწვავედ გააკრიტიკა მიგრაციის და სიტყვის თავისუფლების სფეროებში პოლიტიკის გამო და განაცხადა, რომ ევროპისთვის მთავარი საფრთხე თავად ევროპის შიგნითაა და არა რუსეთის ან ჩინეთის მხრიდან.
ასევე ნახეთ კობახიძის თანახმად, მიუნხენის კონფერენციაზე მოსაწვევი მიიღო მთავრობამ
ასევე ნახეთ ვენსმა და ფაშინიანმა გააფორმეს სამოქალაქო სფეროში ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, გერმანიის შემდეგ, 15-16 თებერვალს მარკო რუბიო სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავას და უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს ეწვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, რუბიო სლოვაკეთის მთავრობასთან განიხილავს საერთო ინტერესებს რეგიონული უსაფრთხოების სფეროში, ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებას ბირთვული ენერგეტიკისა და ენერგეტიკული დივერსიფიკაციის სფეროებში, სლოვაკეთის სამხედრო მოდერნიზაციას და ვალდებულებებს ნატოს წინაშე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობითვე, სახელმწიფო მდივანი ბუდაპეშტში შეხვდება უნგრეთის წამყვან ოფიციალურ პირებს, რათა განამტკიცონ საერთო ორმხრივი და რეგიონული ინტერესები, მათ შორის გლობალური კონფლიქტების მოსაგვარებლად სამშვიდობო პროცესებისადმი ერთგულება და ენერგეტიკული პარტნიორობა.

ასევე ნახეთ უნგრეთმა ევროკავშირის სასამართლოს მიმართა რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვის გამო

ევროკავშირის მიერ 2026 წლის იანვრის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებით, წევრ სახელმწიფოებში რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტი სრულად აიკრძალება 2027 წლის დასაწყისიდან, ხოლო მილსადენებით გაზის მიწოდება - 2027 წლის შემოდგომიდან.

უნგრეთმა რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის ამკრძალავი გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში (ლუქსემბურგი) გაასაჩივრა.

ასევე ნახეთ რუსეთმა ნავთობის მოპოვება შეამცირა, კომპანიები დიდ ზარალს განიცდიან - მედია