სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო ე.წ. FARA-ზე საჩივრის განხილვა, სახელმწიფოს კითხვები გამოუგზავნეს - საია

თამარ ონიანი, საიას თავმჯდომარე

სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო საქართველოს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ („FARA-ს“) არსებითი განხილვა და სახელმწიფოს კითხვები გამოუგზავნა, - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

საჩივარი, რომელიც გასულ წელს შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ეკუთვნის ექვს სუბიექტს, მათ შორის:

  • უფლებადამცველების ორგანიზაცია საიას; ასევე, მედიასაშუალებებს:
  • „სტუდია მონიტორსა“ და
  • „საქართველოს ამბებს“.
  • ასევე, სამ ფიზიკურ პირს - ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.

კანონი, - რომელიც სახელით ანალოგია აშშ-ში მოქმედი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტისა“, თუმცა, მომჩივანთა განცხადებით, შინაარსით რადიკალურად განსხვავებული, - 2025 წლის 1 აპრილს მიიღეს.

საიას თანახმად, კანონი გამიზნულია სამოქალაქო და მედიაორგანიზაციებისა და უფლებადამცველების შევიწროების იარაღად.

ასევე ნახეთ

სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა 6 ქართული ორგანიზაციის საჩივარი FARA-ს წინააღმდეგ - TI

სტრასბურგში გაგზავნილი საქმის შესახებ სიახლე პირველ აპრილს გააცნო საზოგადოებას საიას თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა.

„პოტენციურად პრეცედენტული“

„სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს“, - განაცხადა თამარ ონიანმა.

მისი განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ საქმეს „პრიორიტეტულ რეჟიმში“ განიხილავენ, რადგან იგი ეხება „ფუნდამენტური მნიშვნელობის სამართლებრივ პრობლემას“.

„ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გახდება პრეცედენტული არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის საბჭოს წევრი სხვა სახელმწიფოებისთვის“, - თქვა მან.

მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა, რომ საქმეს „მნიშვნელოვანი ზეგავლენა ნამდვილად ექნება“, თუმცა „ეს არ წამოადგენს რაიმე უპირატესობას ან პრივილეგიას მომჩივნების სასარგებლოდ“.

ძამაშვილმა ასევე თქვა, რომ ევროპული სასამართლო „სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე განიხილავს“ საჩივარს.

მისი თქმით, „პირდაპირ მითითებულია, რომ ვადები ექნება სახელმწიფოს სტანდარტული“. მან ვადები ასე განმარტა:

  • შეკითხებს სახელმწიფო ივლისის ბოლომდე უპასუხებს;
  • შემდეგ შეკითხვებს უპასუხებენ მომჩივნები;
  • წლის ბოლოს საბოლოო პასუხის გაცემის შესაძლებლობა ექნება სახელმწიფოს.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ „მომდევნო წლამდე არ არის მოსალოდნელი გადაწყვეტილების მიღება“.

„პასუხს გავცემთ“ - ხელისუფლების წარმომადგენლები

მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სტრასბურგის სასამართლოს „კითხვებს პასუხებს გასცემენ“.

„როგორც პროცედურა ითვალისწინებს, კითხვებზე პასუხს გავცემთ და ეს იქნება სახელმწიფოს მორიგი გამარჯვება საერთაშორისო სასამართლოებში“, - განუცხადა პარლამენტში ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.

„საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები წარმოადგენენ ხოლმე სახელმწიფოს ასეთ ურთიერთობებში“, - თქვა მან და დასძინა:

„ჩვენ გვექნება ჩვენი არგუმენტები, როგორ უნდა დავიცვათ გამჭვირვალობა საქართველოში და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი უცხო ქვეყნების ჩარევისგან“.

ასევე ნახეთ

ვის და რას დაეყრდნო ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” მომხსენებელი ანგარიშის წერისას - ინტერვიუ პატრიცია გრჟებიკთან

მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რომ „ამ განხილვის შემდეგ დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს“ აღნიშნული საჩივარი.

„არა მხოლოდ საქართველოში“

თენგიზ შარმანაშვილმა ასევე თქვა, რომ FARA-ს ტიპის კანონმდებლობა „მხოლოდ საქართველოში არ მოქმედებს“, ერთ-ერთ მაგალითად კი დაასახელა შეერთებული შტატები, - ქვეყანა, რომლიდანაც, „ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, „გადმოწერეს“ კანონი.

თავის მხრივ, საია-ს თავმჯდომარე თამარ ონიანმა განაცხადა, რომ „კანონმდებლობის რეალური შინაარსი არ განისაზღვრება მხოლოდ მისი ტექსტით“.

„სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის პირდაპირ გადმოტანა ვერ უზრუნველყოფს მის იდენტურ ფუნქციონირებას“, - განაცხადა მან და განმარტა:

  • „სამართლებრივი ნორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ფორმულირება, სხვადასხვა იურისდიქციასა და სხვადასხვა დროში შესაძლოა სრულად განსხვავებულ შედეგებს იწვევდეს“;
  • მისი თქმით, ეს განპირობებულია „სამართლებრივი სისტემის სტრუქტურით, პოლიტიკური გარემოთი და ინსტიტუციური მექანიზმების დამოუკიდებლობით“.

--

ქართული „FARA“ ერთ-ერთია იმ კანონებს შორის, რომლის გაუქმების რეკომენდაციაც გასცა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულმა ანგარიშმა.

  • ანგარიშის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, FARA-სა და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული კანონები „უნდა გაუქმდეს ან, სულ მცირე, შეიცვალოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“;
  • 2024-25 წლებში მიიღეს რიგი შემზღუდავი კანონებისა, მათ შორის აქციებზე სახის დაფარვის აკრძალვა, დამატებითი შეზღუდვები შეკრების უფლებაზე, მათ შორის ტროტუარზე პროტესტთან დაკავშირებით;
  • ცვლილებები მაუწყებლობის კანონში „უცხოური დაფინანსებისა და მაუწყებლობის შინაარსზე შეზღუდვების რეგულირების“ საკითხის შესახებ და ა.შ..

ასევე ნახეთ

სენატორები და კონგრესმენები აშშ-ს მთავრობას მოუწოდებენ, გამოიყენონ სანქციები, რათა ყურადღება მიაქცეს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს