პეტრე ცაავას საპატრიარქო კანდიდატის გამოსავლენად გამართულ არჩევნებში მონაწილეობა სურს

მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, - რომელიც 2019 წელს სინოდსა და მღვდელმთავრობას ჩამოაშორეს, - საპატრიარქო კანდიდატის გამოსავლენად გამართულ არჩევნებში მონაწილეობა სურს.

მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრე ცაავა, - რომელსაც 2019 წელს სინოდმა მღველმოქმედება აუკრძალა პატრიარქ ილია მეორის მიმართ „ჰომოსექსუალობაზე“ სკანდალური ბრალდების შემდეგ, - სინოდის სხდომაზე დასწრებასა და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობას ითხოვს.

სინოდის ერთ-ერთი წევრი, მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ პეტრე ცაავას მიმართვა არ მიუღია, თუმცა ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხად მიუთითებს 2019 წლის იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც პეტრე ცაავას სინოდის წევრობა შეუჩერეს.

რა ხდება?

მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიმართვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირისა და წმინდა სინოდისადმი პარასკევს, 3 აპრილს, გამოაქვეყნა ფეისბუკზე იღუმენია თამარ გამყრელიძემ, - ცაავასთან დაკავშირებულმა სასულიერო პირმა, რომელმაც 2019 წელს დატოვა ჭყონდიდის ეპარქია.

მიმართვა დათარიღებულია 2026 წლის 23 მარტით - ეს არის კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის მომდევნო დღე.

მიმართვის დასაწყისში პეტრე ცაავა საკუთარ თავს უწოდებს „კანონიკურ სტატუსში მყოფ მღვდელმთავარს“ და ამბობს, რომ თავს მოვალედ თვლის, მონაწილეობა მიიღოს საპატრიარქო კანდიდატის გამოსავლენად გამართულ არჩევნებში.

რას წერს პეტრე ცაავა

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ჩემზე დაკისრებული მრავალგზისი მსჯავრი ეწინააღმდეგება მოციქულთა 25-ე კანონის მოთხოვნას, რომლის მიხედვით ერთი დანაშაულისთვის ორგზისი დასჯა დაუშვებელია“, - წერს ის.

პეტრე ცაავას მიმართვა

მისი პოზიციით, ეკლესიის კანონიკური მოძღვრების თანახმად, ეპისკოპოსს წმინდა სინოდის წევრობის უფლებამოსილება ენიჭება ხელდასხმის საიდუმლოთი, და ეს უფლება კანონით შეუზღუდავია, გარდა გამონაკლისებისა:

  1. ერესი (მართლმადიდებლური სარწმუნოებიდან განდგომა)
  2. ფსიქიკური უუნარობა
  3. კანონიკური წესით მღვდელმთავრობიდან განკვეთა.

„ეპისკოპოსი ხელდასხმის მომენტიდან სინოდის წევრია, არა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით, არამედ ხელდასხმის საიდუმლოს მადლით. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, საღვთო მადლი ზეაღმატებულია საეკლესიო კანონმდებლობაზე“, - წერს იგი.

„ველი თქვენს წერილობით პასუხს კანონიკური ნორმებით გათვალისწინებულ ვადებში“, - მიმართავს ის მიტროპოლიტ შიოსა და სინოდს.

რას პასუხობს სინოდი?

ამ საკითხზე 3 აპრილს, სინოდის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვაზე სინოდის ერთ-ერთმა წევრმა, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა:

„ჰიპოთეტურ შეკითხვებზე პასუხი არ არის სწორი. ეს არის ჰიპოთეტური შეკითხვა. თუ მოგვმართავს, განვიხილავთ, ვიმსჯელებთ და მოგახსენებთ“.

„სინოდის დადგენილება არის, რომ მეუფე პეტრეს სინოდის წევრობის უფლება აქვს ჩამორთმეული... გაეცანით [დადგენილებას]“, - თქვა მან.

„არ მოუწერია, არ მოუმართავს... მე ვარ სინოდის წევრი და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არავითარი მსგავსი წერილი მე არ მიმიღია, როგორც სინოდის წევრს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ასევე ნახეთ

39 ეპისკოპოსი სინოდიდან - ვის აქვს პატრიარქობის შანსი და ამბიცია?

რა წერია სინოდის განჩინებაში?

სინოდის 2019 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმში, - რომლითაც მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მღვდელმოქმედება შეუჩერეს და ეპარქია ჩამოართვეს, - წერია:

„მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“.

ასევე ნახეთ

სინოდის განჩინება - მიტროპოლიტ პეტრეს აეკრძალოს მღვდელმოქმედება

სხდომის ოქმის თანახმადვე:

  • „მღვდელმთავრებმა იმსჯელეს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე“;
  • „წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს“;
  • „უწმინდესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება“;
  • „წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ“;
  • „მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე“.

ასევე ნახეთ

შურისმაძიებელმა ორმო თავისთვისაც უნდა გათხაროს - მეუფე პეტრე მეუფე იაკობის მუქარასა და პატრიარქზე

სწორედ ამ სხდომის დასრულების შემდეგ საჯაროდ განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ:

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“.

ასევე ნახეთ

პეტრე ცაავა: „მზად ვარ დავამტკიცო ჩემი ბრალდება!“
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, - 2026 წლის 17 მარტს, ჰოსპიტალიზაციის მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • 1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, ის თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
  • ილია მეორე თბილისში, სიონის ტაძარში, 22 მარტს დაკრძალეს.

ასევე ნახეთ

სინოდის სხდომა დასრულდა - ასაკობრივი ცენზი არ გადაწყვეტილა