ირანი ამ ეტაპზე არ გეგმავს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გაგრძელებას

ისლამაბადში გამოფენილი პლაკატები, რომლებიც ეძღვნება პაკისტანის შუამავლობას აშშ-ირანის მოლაპარაკებაში

ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა მანამდე სახელმწიფო მედიით გავრცელებული ცნობა, რომ არ გეგმავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მეორე რაუნდში მონაწილეობას.

  • საუბარია ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მოლაპარაკების მეორე რაუნდზე. პირველი 11-12 აპრილს გაიმართა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში და წინასწარი ინფორმაციით, ამ კვირაში უნდა გაგრძელებულიყო.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ 20 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ გეგმა მოლაპარაკების მომდევნო რაუნდისთვის. მან ბრიფინგზე „აგრესია“ უწოდა აშშ-ის მიერ ირანული გემის დაკავებას.

სააგენტო Reuters-ს ირანის ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ მოლაპარაკებას აფერხებს ირანის წინააღმდეგ ამერიკული საზღვაო ბლოკადა. მისივე თქმით, განხილვას არ ექვემდებარება ირანის თავდაცვითი შესაძლებლობები, მათ შორის სარაკეტო პროგრამა. ირანისადმი აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ პროგრამის შეზღუდვაა.

ასევე ნახეთ

ტრამპის თქმით, აშშ-ის დელეგაცია პაკისტანში მიემგზავრება ირანთან მოლაპარაკებებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 აპრილს განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები მოლაპარაკების გასაგრძელებლად მიემგზავრებიან პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში.

ტრამპის თანახმად, აშშ ირანს სთავაზობს „ძალიან სამართლიან და გონივრულ გარიგებას“, უარის შემთხვევაში კი მზად არის გაანადგუროს ირანის ყველა ელექტროსადგური და ხიდი.

ირანის სახელმწიფო მედიამ 19 აპრილს გაავრცელა ცნობა, რომ სანამ ამერიკული საზღვაო ბლოკადა გრძელდება, ირანის დელეგაცია არ აპირებს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებაში მონაწილეობას.

ასევე ნახეთ

რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის მხრიდან ირანის საზღვაო ბლოკადაზე
  • ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყო. თეირანის მხრიდან ერთ-ერთი საპასუხო ზომა იყო ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
  • 7 აპრილს, პაკისტანის შუამავლობით, შეერთებული შტატები და ირანი დასთანხმდნენ მოლაპარაკებას, მანამდე კი საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას. თუმცა ირანმა სრუტე არ გახსნა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ორკვირიანი ზავის მიუხედავად ისრაელმა ლიბანში არ შეწყვიტა პროირანული ჰეზბოლას საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაცია.
  • 11-12 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართა სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პირველი მოლაპარაკება აშშ-სა და ირანს შორის. ვაშინგტონმა ვერ მიაღწია მთავარი მოთხოვნის შესრულებას, თეირანის უარს ბირთვულ პროგრამაზე.
  • ისლამაბადში უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის საზღვაო ბლოკადის ბრძანება გასცა.
  • 16 აპრილს, ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლებს შორის ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიღწეულია ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება. თავის მხრივ, ირანმა გამოაცხადა, რომ ზავის მოქმედების პერიოდში ჰორმუზის სრუტე ყველა სავაჭრო გემისთვის ღია იქნება.
  • 18 აპრილს ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლა ისევ დაბლოკა ამერიკული საზღვაო ბლოკადის გამო. იმავე დღეს ირანის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სულ მცირე სამ სამოქალაქო გემს.
  • 19 აპრილს პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ გაუგებარია, რა დაკეტა ირანმა, როცა სრუტე ამერიკული ბლოკადის გამო უკვე დაკეტილია.