აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, 19 აპრილს ირანის დროშით მცურავი სავაჭრო გემი Touska არ დაემორჩილა არაერთ გაფრთხილებას, რომ არღვევდა საზღვაო ბლოკადას, ამიტომ მას სარაკეტო გემიდან Spruance ჯერ ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი საზღვაო ქვეითებმა დააკავეს.
ომანის ყურეში ირანისკენ მიმავალი გემის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელ Truth Social-ში, თავის გვერდზე დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.
ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა შტაბმა გემის დაკავებას „მეკობრეობის აქტი“ უწოდა, აშშ ზავის დარღვევაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომებით დაემუქრა.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთიდან ირანისკენ მიმავალი სავაჭრო გემის დაკავების შემდეგ, ირანის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს ზოგიერთ ამერიკულ სამხედრო გემს. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია.
ამ კვირაში პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში უნდა განახლდეს შეერთებული შტატებისა და ირანის მოლაპარაკება.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 აპრილს განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები ისლამაბადში მიემგზავრებიან. ტრამპის თანახმად, აშშ ირანს სთავაზობს „ძალიან სამართლიან და გონივრულ გარიგებას“, უარის შემთხვევაში კი მზად არის გაანადგუროს ირანის ყველა ელექტროსადგური და ხიდი.
ირანის სახელმწიფო მედიით 19 აპრილს გავრცელებული ცნობებით, სანამ ამერიკული საზღვაო ბლოკადა გრძელდება, ირანის დელეგაცია არ აპირებს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებაში მონაწილეობას.
- ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყო. თეირანის მხრიდან ერთ-ერთი საპასუხო ზომა იყო ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
- 7 აპრილს, პაკისტანის შუამავლობით, შეერთებული შტატები და ირანი დასთანხმდნენ მოლაპარაკებას, მანამდე კი საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას. თუმცა ირანმა სრუტე არ გახსნა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ორკვირიანი ზავის მიუხედავად ისრაელმა ლიბანში არ შეწყვიტა პროირანული ჰეზბოლას საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაცია.
- 11-12 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართა სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პირველი მოლაპარაკება აშშ-სა და ირანს შორის. ვაშინგტონმა ვერ მიაღწია მთავარი მოთხოვნის შესრულებას, თეირანის უარს ბირთვულ პროგრამაზე.
- ისლამაბადში უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის საზღვაო ბლოკადის ბრძანება გასცა.
- 16 აპრილს, ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლებს შორის ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიღწეულია ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება. თავის მხრივ, ირანმა გამოაცხადა, რომ ზავის მოქმედების პერიოდში ჰორმუზის სრუტე ყველა სავაჭრო გემისთვის ღია იქნება.
- 18 აპრილს ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლა ისევ დაბლოკა ამერიკული საზღვაო ბლოკადის გამო. იმავე დღეს ირანის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სულ მცირე სამ სამოქალაქო გემს.
- 19 აპრილს პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ გაუგებარია, რა დაკეტა ირანმა, როცა სრუტე ამერიკული ბლოკადის გამო უკვე დაკეტილია.
ფორუმი