ირანი თანახმაა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება გააგრძელოს - მედია

21 აპრილს ისლამაბადის პოლიციას გადაკეტილი აქვს სასტუმრო Serena-სკენ მიმავალი გზა. პაკისტანის ხელისუფლება აშშ-ირანის მოლაპარაკების მეორე რაუნდის მასპინძლობისთვის ემზადება

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ თეირანის დელეგაციას მისცა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გაგრძელების ნებართვა. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს ამერიკული გამოცემა Axios-ი.

გამოცემის წყაროთა თანახმად, ირანი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მოლაპარაკების მეორე რაუნდში მონაწილეობის დადასტურებას აჭიანურებდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ზეწოლის გამო. „გუშაგთა კორპუსი“ მოითხოვდა, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკული საზღვაო ბლოკადის მოხსნამდე თეირანს მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარი ეთქვა.

  • საუბარია ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მოლაპარაკების მეორე რაუნდზე. პირველი 11-12 აპრილს გაიმართა და უშედეგოდ დასრულდა.

ასევე ნახეთ

რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის მხრიდან ირანის საზღვაო ბლოკადაზე

20 აპრილს დილით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ გეგმა მოლაპარაკების მომდევნო რაუნდისთვის.

Axios-ის წყაროთა ცნობით, ირანის დელეგაციამ უზენაესი ლიდერისგან 20 აპრილს საღამოს მიიღო ნებართვა მოლაპარაკების გასაგრძელებლად.

ირანს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გაგრძელებისკენ მოუწოდებდნენ შუამავალი პაკისტანი და თურქეთი და ეგვიპტე.

Axios-ი სამ ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად ისლამაბადში 21 აპრილს მიემგზავრება შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

კიდევ ერთი ამერიკული გამოცემის, The Wall Street Journal-ის წყაროთა თანახმად, ირანმა შუამავლებს აცნობა, რომ მზად არის, პაკისტანში დელეგაცია გაგზავნოს.

ისლამაბადში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. სააგენტო Reuters-ი პაკისტანის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი შესაძლოა, 22 აპრილს გაიმართოს.

  • 22 აპრილს იწურება აშშ-ისრაელსა და ირანს შორის გამოცხადებული ორკვირიანი ზავი. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს არაერთხელ დაემუქრა განადგურებით, თუ შეთანხმებაზე უარს იტყვის. აშშ-ის უმთავრესი მოთხოვნაა, რომ ირანმა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე და სარაკეტო პროგრამა შეზღუდოს. თეირანში აცხადებენ, რომ ირანის თავდაცვითი შესაძლებლობები განხილვას არ ექვემდებარება.

ასევე ნახეთ

ამერიკელმა სამხედროებმა ირანული გემი დააკავეს
  • ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყო. თეირანის მხრიდან ერთ-ერთი საპასუხო ზომა იყო ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
  • 7 აპრილს, პაკისტანის შუამავლობით, შეერთებული შტატები და ირანი დასთანხმდნენ მოლაპარაკებას, მანამდე კი საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას. თუმცა ირანმა სრუტე არ გახსნა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ორკვირიანი ზავის მიუხედავად ისრაელმა ლიბანში არ შეწყვიტა პროირანული ჰეზბოლას საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაცია.
  • 11-12 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართა სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პირველი მოლაპარაკება აშშ-სა და ირანს შორის. ვაშინგტონმა ვერ მიაღწია მთავარი მოთხოვნის შესრულებას, თეირანის უარს ბირთვულ პროგრამაზე.
  • ისლამაბადში უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის საზღვაო ბლოკადის ბრძანება გასცა.
  • 16 აპრილს, ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლებს შორის ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიღწეულია ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება. თავის მხრივ, ირანმა გამოაცხადა, რომ ზავის მოქმედების პერიოდში ჰორმუზის სრუტე ყველა სავაჭრო გემისთვის ღია იქნება.
  • 18 აპრილს ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლა ისევ დაბლოკა ამერიკული საზღვაო ბლოკადის გამო. იმავე დღეს ირანის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სულ მცირე სამ სამოქალაქო გემს.
  • პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ გაუგებარია, რა დაკეტა ირანმა, როცა სრუტე ამერიკული ბლოკადის გამო უკვე დაკეტილია.

ასევე ნახეთ

ტომას დე ვაალი: ირანის ომმა შესაძლოა გაართულოს კავკასიის დერეფანთან დაკავშირებული ტრამპის გეგმები