ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიაში დრონი ჩამოაგდეს

ფრანგული გამანადგურებელი Rafale B(საილუსტრაციო ფოტო)

ნატოს და ევროკავშირის წევრი ლატვიის საჰაერო სივრცეში 8 ივნისს ისევ შეიჭრა უპილოტო საფრენი აპარატი.

ლატვიის არმიის ინფორმაციით, დრონი ჩამოაგდეს საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა. ისინი ბალტიის ქვეყნებში პატრულირებენ ნატოს მისიის ფარგლებში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინასა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებებისას დრონი ლატვიის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა, თუმცა პირველი შემთხვევაა, როცა ლატვიაში აპარატი ჩამოაგდეს ნატოს გამანადგურებლებმა.

ლატვიის აღმოსავლეთში, ლუძენის და რეზეკნეს რაიონების მცხოვრებლებმა 8 ივნისს დილით მიიღეს შეტყობინება საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხის შესახებ.

ადგილობრივი მედია სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად. შესაბამისად, სავარაუდოდ, ეს უკრაინული დრონი იყო.

უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებით გამოწვეული რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

  • ბოლო თვეებში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები რამდენჯერმე აღმოჩნდნენ როგორც ლატვიაში, ისე ლიეტუვაში, ესტონეთსა და ფინეთში.
  • უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული დრონები ამ ქვეყნის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედებით კურსს ასცდნენ და ინციდენტებისთვის ბოდიში მოუხადა ბალტიის ქვეყნებს და ფინეთს.
  • მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც კურსს აცდენილი უკრაინული დრონები ისევ აღმოჩნდნენ ლატვიის საჰაერო სივრცეში და ერთ-ერთი ქალაქ რეზეკნეში, ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თანამდებობიდან გადადგა ლატვიის თავდაცვის მინისტრი, რამაც მმართველი კოალიციის დაშლაც გამოიწვია.

ასევე ნახეთ

ლიეტუვა: რუსეთი უკრაინის სამხედრო დრონებს გამიზნულად მიმართავს ბალტიისკენ

29 მაისს, უკრაინაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას ერთ-ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და ქალაქ გალაცში შეეჯახა მრავალბინიანი სახლის სახურავს. დაშავდა ორი ადამიანი.

რუმინეთის ხელისუფლებამ ინციდენტს უწოდა რუსეთის მხრიდან სერიოზული და უპასუხისმგებლო ესკალაცია, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუმინეთის მოქალაქეებს, არამედ ნატოს კოლექტიურ უსაფრთხოებასაც და რუსეთი დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში. რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს.

ასევე ნახეთ

დრონის ინციდენტის შემდეგ რუმინეთი ხურავს რუსეთის საკონსულოს კონსტანცაში