თბილისის რეჟიმის რეპრესიები მკაფიოდ უნდა დაიგმოს - იტალიელი სენატორი ელენე ხოშტარიაზე

ოპოზიციონერმა სენატორმა ფილიპო სენსიმ იტალიის სენატში სიტყვით გამოსვლისას ელენე ხოშტარიას შესახებ ისაუბრა

18 ივნისს იტალიის სენატში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერმა სენატორმა ფილიპო სენსიმ, ამჟამად ყველაზე მსხვილი ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ წევრმა სოლიდარობა გამოცხადა საქართველოში დაპატიმრებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას.

ელენე ხოშტარიას ადვოკატის, ოჯახისა და მეგობრების ცნობით, ბანერზე წარწერის გამო დაპატიმრებული პოლიტიკოსის მდგომარეობა ბოლო პერიოდში, პატიმრობის ფონზე, დამძიმდა და აუცილებელია მისი გათავისუფლება თუ არა, სამკურნალოდ გადაყვანა.

რა თქვა იტალიელმა პოლიტიკოსმა

„საქართველოში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი უკვე 10 თვეა პატიმრობაში იმყოფება მხოლოდ იმიტომ, რომ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პლაკატზე დაწერა, რომ ის სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“.

მისი ადვოკატების ინფორმაციით, რომლებმაც ციხეში მოინახულეს, ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება - მას აქვს გაუსაძლისი ტკივილები, სულ უფრო მეტად უჭირს გადაადგილება და სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს“, - განაცხადა სენატორმა სენსიმ.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური და სამოქალაქო ვითარება სულ უფრო მყიფე ხდება, - „მიუხედავად იმ ადამიანების გამბედაობისა, რომლებიც უკვე თვეების განმავლობაში ქუჩაში გამოდიან და რეპრესიებს, დაკავებებსა და რეჟიმის ანტიდემოკრატიულ კანონებს უპირისპირდებიან“.

მან დაასახელა პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი და ანდრო ჭიჭინაძე:

„ელენე ხოშტარიასთან ერთად პატიმრობაში იმყოფებიან, მათ შორის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც 2025 წლის იანვრიდან არის ციხეში, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც თავიანთი მშვიდობიანი და დემოკრატიული შეხედულებების გამო აღმოჩნდნენ საკნებში“.

ასევე ნახეთ

ანდრო ჭიჭინაძე: "ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი - არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს"

„ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობენ“

იტალიელი პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს ხელისუფლება „ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობს“ ევროპაში, მათ შორის იტალიაში:

„საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მეტად ცდილობს ევროპაში, მათ შორის აქ, იტალიაშიც, ლეგიტიმაციის მოპოვებას და, სამწუხაროდ, აქ იგი მეგობრულად განწყობილ ყურებსაც პოულობს“, - თქვა სენსიმ.

„სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ხმა მკაფიოდ გაისმას თბილისის რეჟიმისა და თავისუფალი, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების დაგმობის საქმეში“, - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში 21 ადგილით ჩამოქვეითდა 

შემდეგ პოლიტიკოსმა წაიკითხა ელენე ხოშტარიას ფეისბუკზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ბოლო პოსტი, რომელშიც რუსთავლის ქალთა საპატიმროდან პოლიტიკოსი წერს:

„მეგობრებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ ჩემზე არ ინერვიულოთ. რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად. ცხადია, არც ერთი წამი არ ვაპირებ, რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან რაიმე დისკუსიაში შესვლას, ან მათთვის რაიმეს მტკიცებას და მითუმეტეს, რაიმეს თხოვნას, რაც უნდათ ის ქნან.

ტკვილი ასატანია, ბოროტება - აუტანელი. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, მაგრამ ერთადერთს ვპირდები მათ - არცერთ უკანონობას არ გავუტარებ და ფასიც დაუჯდებათ!

სირბილი არ შემიძლია, ბრძოლა შემიძლია“.

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად პენიტენციურ სამსახურთან აქცია გაიმართა

ვინ არის ფილიპო სენსი

58 წლის ფილიპო სენსი არის იტალიის სენატის წევრი 2023 წლიდან. 2018-22 წლებში ის იყო იტალიის დეპუტატთა პალატის წევრი (იტალიას ორპალატიანი პარლამენტი აქვს).

მას წარსულშიც არაერთხელ უსაუბრია საქართველოს შესახებ, - აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მხარდაჭერას უცხადებს სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას.

2025 წეს იგი ერთ-ერთი ინიციატორი იყო სენატში წარდგენილი რეზოლუციისა, რომლითაც დეპუტატებმა ცენტრალურ ხელისუფლებას ინდივიდუალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის.

სენსი არის პარტია „დემოკრატიული პარტიის“ (PD) წევრი; პარლამენტში PD-ს ალიანსი აქვს შეკრული რამდენიმე შედარებით მცირე ძალასთან და წარმოადგენს „დემოკრატიული პარტია - დემოკრატიული და პროგრესული იტალიის“ საპარლამენტო ჯგუფს. სენატის 205 წევრიდან PD-ს 36 წარმოადგენს.

როგორც „როიტერსი“ წერს, იტალიაში ყველაზე პოპულარული პარტიაა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის „იტალიის ძმები“ - გამოკითხვებში 27.8%-ით, ხოლო მას სწორედ DP მოსდევს - 22.2%-ით (საზოგადოებრივი აზრის ეს კვლევა ეკუთვნის YouTrend-ს).

ასევე ნახეთ

ხოშტარია: ადვოკატის ბრიფინგის შემდეგ ციხის ადმინისტრაციას ჩემთან კომუნიკაცია ჰქონდა

რა ხდება ხოშტარიას თავს

17 ივნისს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „დროას“ ("კოალიცია ცვლილებისთვის" შემავალი პარტია) თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება.

ასევე ნახეთ

ადვოკატი: ელენე ხოშტარიას აუცილებელი მკურნალობა სჭირდება

„ყოველი ვიზიტის დროს, ჩვენთვის, მისი ადვოკატებისთვის, თვალში საცემია სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს. ესენია: სახსრების ძლიერი ტკივილი; მოძრაობის გაძნელება; პერიოდულად სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი“, - თქვა შოთა თუთბერიძემ.

ელენე ხოშტარიას მეგობარმა ნინო ორდენიძემ პენიტენციურ სამსახურთან გამართულ აქციაზე თქვა, რომ გარემოება, რომ ელენე ხოშტარიამ მათ მისცა უფლება, რომ საჯაროდ ისაუბრონ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ნიშნავს, რომ „ის არის რეალურად ძალიან ცუდად“.

ორდენიძის თქმით, ხოშტარია საპატიმროში მოხვდა ორი დიაგნოზით, რომლებსაც რამდენიმე წელია, ებრძვის: „ერთი არის რევმატიული ართრიტი, ხოლო მეორე - ავტოიმუნური დაავადება“.

ასევე ნახეთ

ნიკა გვარამია: მოსამართლე ვალდებულია, იმსჯელოს ხოშტარიას მდგომარეობაზე