ზელენსკიმ დაადასტურა მორიგი შეტევა რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრ „დუბნაზე“

ივნისის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით ორჯერ დაარტყეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც.

მოსკოვის ოლქზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით 30 ივნისს განხორციელებული შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ქალაქ დუბნაში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრი იყო.

„დუბნაზე“ ხელმეორედ დარტყმის შესახებ 30 ივნისს განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 500-კილომეტრზე მეტით დაშორებული ეს ცენტრი თანამგზავრული კავშირის განსაკუთრებული ობიექტია, რომელსაც დაზვერვისა და უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო კონტინგენტის აქტივობის კოორდინირებისთვის იყენებენ.

ზელენსკიმ უკრაინელ მეომრებს მადლობა გადაუხადა „დუბნაზე“ დარტყმისა და სიზუსტისთვის.

30 ივნისს დილით მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინული დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ დუბნაში დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა. კონკრეტულად რა შენობაა ეს, გუბერნატორს არ უთქვამს.

  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრს დრონებით შეუტიეს 22 ივნისსაც.
  • 24 ივნისს უკრაინის ძალებმა კოსმოსური კავშირის კიდევ ერთ ცენტრს დაარტყეს რუსეთის ვლადიმირის ოლქში.

ასევე ნახეთ

პუტინმა უკრაინის დარტყმებით შექმნილი პრობლემები და საწვავის დეფიციტი აღიარა

29 ივნისს, უკრაინაზე რუსეთის მორიგი, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამომწვევი შეტევის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ყველა დარტყმას კვლავაც „სრულიად სამართლიანად“ უპასუხებენ და ამას აკეთებენ ისე, რომ დაზარალდეს პირველ ყოვლისა, რუსეთის სახელმწიფო სისტემა და მის მიერ ომის გაგრძელების შესაძლებლობები.

  • უკრაინის თავდაცვის ძალები ამ გაზაფხულიდან ინტენსიურად უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში.
  • რუსეთის რეგიონებში ბენზინის და დიზელის საწვავის გაყიდვა შეზღუდეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დასჭირდათ.

ასევე ნახეთ

პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაამტკიცა რუსეთზე „ზემოქმედების 40-დღიანი ოპერაცია“