2026 წლის რუსეთის დუმის არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ ეჭვებს ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს ჩეჩნეთში გამართული არჩევნების შედეგები: რუსეთის ამ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა აქტივობამ 95%-ს გადააჭარბა, რამზან კადიროვმა კი ხმების 99,85% მიიღო. დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, პრობლემა მხოლოდ ერთ რეგიონს არ ეხება - ბაშკირეთსა და სხვა რეგიონებში მიღებული შედეგებიც საეჭვოა, მოსკოვში კი ელექტრონული ხმის მიცემისადმი უნდობლობამ ქაღალდის ბიულეტენებისთვის გრძელი რიგები წარმოშვა.
კადიროვი - ელექტორალური სულთანი
ჩეჩნეთში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია: საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 95%-ზე მეტი მივიდა.
რუსეთის დუმის არჩევნების პარალელურად, ჩეჩნეთში რესპუბლიკის ხელმძღვანელსაც ირჩევდნენ: რამზან კადიროვმა, როგორც მოსალოდნელი იყო, თანამდებობა შეინარჩუნა და საკუთარი რეკორდიც გააუმჯობესა - ხმების 99,85% მიიღო. ექსპერტთა ვარაუდით, ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი გაყალბდა რუსეთის სხვა რეგიონებშიც.
ჩეჩნეთში მიიღო ყველაზე მაღალი მხარდაჭერა რუსეთის მმართველმა პარტიამაც: ოფიციალური მონაცემებით, „ერთიან რუსეთს“ („ედინნაია როსსია“) მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 93%-მა, მაშინ როდესაც რუსეთის მასშტაბით პარტიის შედეგი 57,8%-ია.
ასევე ნახეთ
„მორალის დამცველები“. როგორ „იბრძვიან“ ზნეობისთვის ჩრდილოეთ კავკასიაშიასევე რეკორდულად მაღალი მხარდაჭერა მიიღო ჩეჩნეთის მეთაურის ნათესავმა და ერთ-ერთმა უახლოესმა თანამებრძოლმა, ადამ დელიმხანოვმაც, რომელიც ერთმანდატიან ოლქში იყრიდა კენჭს. დელიმხანოვი ხმების 95%-ით მეხუთედ ხდება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ჩეჩნეთიდან.
თავად რამზან კადიროვმაც გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი: 2021 წელს მას ხმების 99,7% მიუთვალეს, ახლა კი - 99,85%. კადიროვის “ოპონენტებმა”, რომლებსაც წინასაარჩევნო კამპანია არ უწარმოებიათ,- ჩეჩნეთის საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარემ ისმაილ დენილხანოვმა (პარტია „სამართლიანი რუსეთი“) და ხალიდ ნაკაევმა (რუსეთის კომუნისტური პარტია) 0,05%-0,05% მიიღეს.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ჯამში „ერთიანმა რუსეთმა“ ხმების 57,83% მიიღო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2021 წლის არჩევნებზე ნაჩვენებ შედეგს (49,82%). კომუნისტური პარტიის შედეგია - 13,76%, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისა - 9,01%, პარტია „ახალი ხალხისა“ - 7,96%, „სამართლიანი რუსეთისა“ - 5%. „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატები ასევე ლიდერობენ 225 ერთმანდატიანი ოლქიდან 209-ში. მაღალი ალბათობით, პარტია სახელმწიფო სათათბიროში 450 ადგილიდან დაახლოებით 355 მანდატს მიიღებს - ანუ მას ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. არჩევნების საბოლოო შედეგები 25 სექტემბერს გამოქვეყნდება.
2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობას რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეკორდულად მაღალი უწოდა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კი - არასანდო. რუსეთის ცესკოს მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე მივიდა ამომრჩეველთა 59%.
რამზან კადიროვის თქმით, ხმის მიცემის სამი დღის განმავლობაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს „სერიოზული ინციდენტები“ არ დაუფიქსირებიათ. თუმცა მრავალრიცხოვანი დარღვევების შესახებ განაცხადა ჩეჩნეთის ოპოზიციურმა მოძრაობა NIYSO-მ. კერძოდ, დაფიქსირდა ე.წ. კარუსელები - პრაქტიკა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა უბანზე რამდენჯერმე აძლევს ხმას. ერთ-ერთმა ჩეჩენმა პოლიტოლოგმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ რედაქციას უთხრა, რომ „კარუსელებს“ მასობრივი ხასიათი ჰქონდა: „საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლები ორგანიზებულად, ჯგუფებად დაჰყავდათ საარჩევნო უბნებზე, გრაფიკის მიხედვით“.
რამზან კადიროვი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი
ეს ინფორმაცია დაადასტურა NIYSO-მაც: მოძრაობის წარმომადგენლებმა მიიღეს დოკუმენტები „კარუსელების“ გეგმით, რომელიც, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის იყო შედგენილი. აქტივისტების ხელში აღმოჩნდა სამი ჯგუფის სიები, რომლებშიც 18-18 უბანი იყო გაწერილი ხმის მიცემის თითოეულ დღეზე. იმისთვის, რომ ერთი და იგივე მონაწილეები ვიდეოკამერებს არ დაეფიქსირებინათ, ქალებს, მაგალითად, ურჩევდნენ, თან რამდენიმე თავსაფარი ჰქონოდათ, რათა ყოველ ახალ უბანზე შესვლისას გამოეცვალათ.
თუმცა ამომრჩეველთა აქტივობის უზრუნველყოფას მუქარითაც ცდილობდნენ. ოპოზიციის აქტივისტებმა გამოაქვეყნეს სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მათი მტკიცებით, ერთ-ერთი რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, რუსტამ აგუევი, სოფელ გელდაგანის მცხოვრებლებს საარჩევნო უბანზე მისვლას აიძულებს და ემუქრება, რომ სიების მიხედვით შეამოწმებს, ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ - არა: „არ აქვს მნიშვნელობა, უკვე მიეცით თუ არა ხმა - ხვალ დილის 9 საათზე სკოლაში [საარჩევნო უბანზე] უნდა იყოთ“, - ამბობს ის ჩანაწერში (ჩეჩნურიდან თარგმანი - NIYSO).
„პირველივე საარჩევნო დღის პირველ საათებშივე რაც შეიძლება მეტი ადამიანის შეკრების სურვილი შეინიშნებოდა. რამდენადაც გვახსოვს, წინა არჩევნებზე ასეთი მკაფიოდ გამოხატული ამოცანა არ ყოფილა. WhatsApp-ის ჯგუფებში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ მიერეკებოდნენ ხალხს საარჩევნო უბნებზე, - განაცხადა ოპოზიციური მოძრაობის წარმომადგენელმა. - ქურდი ყოველი ახალი ქურდობის შემდეგ უფრო დახვეწილად იპარავს. რუსეთის არჩევნების შემთხვევაშიც იგივე ხდება: მარიონეტული რეჟიმი წინა ხარვეზებზე სწავლობს და გაყალბებების ორგანიზებას უფრო საფუძვლიანად ეკიდება. როგორც ცნობილია, ოკუპირებულ ჩეჩნეთში სრული დიქტატურაა და ობიექტურ ჟურნალისტიკაზე რაიმე მინიშნებაც კი არ არსებობს. ამიტომ ჩეჩნეთში გაყალბებების ორგანიზება გაცილებით მარტივია და ხელისუფლებას განსაკუთრებულად არაფრის ეშინია“.
ასევე ნახეთ
პუტინის რეიტინგი ყველაზე დაბალია 2022 წლის თებერვლის შემდეგჩეჩენი პოლიტოლოგის შეფასებით, რესპუბლიკაში სამდღიანი კენჭისყრის შედეგად რეალური აქტივობის მაჩვენებელი შესაძლოა 40-50 პროცენტული პუნქტით იყოს გაზრდილი:
„საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლებმა, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სტატისტების როლი შეასრულეს. სხვა რა დარჩენიათ? რა არჩევანი აქვთ?“
კადიროვის სიტყვებით, იმისთვის, რომ „სერიოზული ინციდენტები“ თავიდან აეცილებინათ, ჩეჩნეთის მეთაურმა ჯერ კიდევ არჩევნების დაწყებამდე ბრძანა, გაეძლიერებინათ ბრძოლა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. რეგიონში მასობრივი რეიდებისა და დაკავებების დაწყების შესახებ აცხადებდნენ არა მხოლოდ აქტივისტები, არამედ უფლებადამცველებიც. მაგალითად, ადვოკატმა მაქსიმ რუდნევმა განაცხადა, რომ რეიდები ჯერ კიდევ 6 სექტემბერს დაიწყო - კადიროვის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან ოფიციალურ თათბირამდე ორი დღით ადრე.
რამზან კადიროვი, მისი დედა აიმან კადიროვა და შვილი ახმატი საარჩევნო უბანთან. 2026 წლის 18 სექტემბერი
„ასეთი რეიდების დროს 5-10 ადამიანი მიჰყავთ, შეიძლება მეტიც, - წერდა რუდნევი, - ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩეჩნეთში ძალიან განვითარებულია ქსელი დამსმენებისა, რომლებიც ძალოვანი უწყებების ზეწოლის ქვეშ ან საკუთარი ინიციატივით სხვადასხვა წვრილმანი დარღვევის შესახებ ატყობინებენ. ამიტომ „შემოწმების“ მიზეზი შეიძლება სულ უმნიშვნელო რამ გახდეს“.
ჩეჩენმა პოლიტოლოგმა ჰუსეინ ისხანოვმა რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ რედაქციასთან საუბარში განმარტა, რომ კრემლი კადიროვს პრაქტიკულად ყველაფრის უფლებას აძლევს, ოღონდ იმ პირობით, რომ მოსახლეობა არ აჯანყდება, არ გამართავს საპროტესტო აქციებს და უკმაყოფილებას საჯაროდ არ გამოხატავს.
„არა მხოლოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, არამედ მთლიანად თანამედროვე რუსეთში, დიდი ხანია ფარსად იქცა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეალურ პოლიტიკაში არ დაუშვას ადამიანები, რომლებიც თუნდაც ოდნავ არ ეთანხმებიან კრემლის კურსს. როგორც ჩანს, კადიროვი თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ იმდენ ხმას მიიღებდა, რამდენის ჩვენებისაც (პუტინისთვის) არ შერცხვებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ბუნებრივმა მოკრძალებამ არ მისცა საშუალება 200% დაეწერა, „მოკრძალებული“ 99,85%-ით შემოიფარგლა. კრემლი კი ამ დროს კადიროვს ეფარება და მას მეხამრიდად იყენებს“, - ამბობს ჰუსეინ ისხანოვი. ჩეჩნეთის მეთაურის არჩევნების ოფიციალურ შედეგებში გასაკვირს ვერაფერს ხედავს ჩეჩენი პოლიტოლოგი, რომელიც ანონიმურობის პირობით საუბრობს.
„შედეგები სრულიად კანონზომიერია. ისინი სრულად ჯდება რუსეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ რეალობაში. როგორც შეუძლებელია რუსეთის წარმოდგენა პუტინის გარეშე, ისე - ჩეჩნეთისა კადიროვის გარეშე. აშკარაა, რომ სანამ ეს ორი ადამიანი ფიზიკურად შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, ისინი ხელისუფლებაში იქნებიან“, - თქვა ექსპერტმა.
რამზან კადიროვის ასეთი მაღალპროცენტიანი „მხარდაჭერა“ რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, - ამბობს პოლიტოლოგი რუსლან აისინი:
რამზან კადიროვი საარჩევნო უბანზე. 2026 წლის 18 სექტემბერი. "სკრინშოტი" მისი Telegram-არხიდან
„კადიროვი მძიმედ არის ავად - მისი გარემოცვა „ხატავს“ შედეგს, რათა ასიამოვნოს და აჩვენოს, რომ ის მაინც უყვართ. მეორე, ჩემი აზრით, დაკავშირებულია იმასთან, რომ კადიროვმა და მისმა გარემოცვამ მოსკოვს უნდა აჩვენონ, რომ მისი ავადმყოფობის ან პოლიტიკური მიზეზებით წასვლის შესახებ საუბრები ბათილდება არჩევნების „შედეგებით“. თითქოს კადიროვი ჯერ კიდევ თამაშშია, ძლიერია და დანებებას არ აპირებს. მესამე გარემოება კი დაკავშირებულია საერთო ფსიქოპათიურ ატმოსფეროსთან, რომელიც მანამდე მისი ვაჟის, ადამის, „მედლების მარათონში“ გამოვლინდა. იქაც არანაირი ლოგიკა არ ყოფილა, ახლა კი ეს მარათონი არჩევნებზე გაგრძელდა“.
თუმცა, მიუხედავად გამოცხადებული წარმატებისა, NIYSO-ში მიიჩნევენ, რომ ჩეჩნეთის რეჟიმმა თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო.
„ხელისუფლებას იმდენად ეშინია სისუსტის ან კონტროლის დაკარგვის რაიმე გამოვლინების, რომ რამდენიმე პროცენტით დაბალი შედეგის “დახატვაც” კი მათთვის კატასტროფად გამოიყურება. "ლაიკების" რაოდენობა უნდა იზრდებოდეს, ხელისუფლების მხარდამჭერი მიტინგების ხმაური უნდა ძლიერდებოდეს, არჩევნებზე მიღებული ხმების პროცენტი კი სულ ზევით და ზევით უნდა მიიწევდეს. ადრე თუ გვიან 100%-ის “დახატვა” მოუწევთ. ამაში ვლინდება რუსეთის ხელისუფლების პანიკური შიში და სისუსტე ჩეჩნეთში. მათ ჰგონიათ, რომ არჩევნების „ადეკვატური“ შედეგების გამოცხადებას დამარცხების ელფერი ექნება“, - განმარტავს ოპოზიციური მოძრაობის წარმომადგენელი.
ასევე ნახეთ
„სპეციალური საარჩევნო ოპერაცია“ - რატომ სჭირდება პუტინს არჩევნები, რომლის შედეგიც წინასწარ ცნობილია?!სხვა რეგიონებში
დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ამომრჩევლების ანომალიური აქტივობა დააფიქსირეს რუსეთის სხვა რეგიონებშიც. ამ მაჩვენებლით ლიდერთა შორის არიან დაღესტანი ( 91,69%), ინგუშეთი (91%), ჩრდილოეთი ოსეთი (85,5%), ყარაჩაი-ჩერქეზეთი (85,1%) და ყაბარდო-ბალყარეთი (84,8%).
საარჩევნო ანალიტიკოსმა ივან შუკშინმა ყურადღება მიაქცია მაჰაჩყალის უბნებიდან მიღებულ „არაბუნებრივ“ მონაცემებს: „ზოგან აქტივობა შემთხვევითობის პრინციპით არის გაფანტული, ზოგან კი აშკარად ჩანს მონაცემების ცენტრალიზებული გაყალბება. მაგალითად, მაჰაჩყალის ლენინის რაიონის ტერიტორიული საარჩევნო კომისია მთებს ხატავს, საბჭოთა რაიონის ტერიტორიული საარჩევნო კომისია კი - ვაკეს“. ერთი დღის შემდეგ „მთებმა გაქრობა დაიწყეს“, - აღნიშნა შუკშინმა, - დაიწყეს აქტივობის მონაცემების გათანაბრება, რათა მათ შემთხვევითი განაწილების იერი მისცემოდათ.
ყაბარდო-ბალყარეთში, ანალიტიკოსის დაკვირვებით, აქტივობა ანომალიურად თანაბარი აღმოჩნდა, რაც ასევე მიუთითებს გაყალბების ცენტრალიზებულ მართვაზე. საეჭვო ანომალიები დაფიქსირდა კრასნოდარის მხარეშიც.
2021 წლის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებთან შედარებით აქტივობის მკვეთრი ზრდა ასევე დაფიქსირდა როსტოვისა და ასტრახანის ოლქებში. შესაბამისად, 16 და 12 პროცენტული პუნქტით, - წერს საინფორმაციო პორტალი „აგენტსტვო“. მსგავსი პროცესები დაფიქსირდა სტავროპოლის მხარესა (+9,8) და ადიღეში (+6,7).
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ ბიულეტენების ჩაყრის მხოლოდ ორი შემთხვევისა და 37 ათასამდე ბიულეტენის ბათილობის შესახებ განაცხადა.
პოლიტოლოგ რუსლან აისინის აზრით, 2026 წლის არჩევნებზე ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის სხვა რეგიონებთან შედარებით რაიმე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა:
„ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა რატომღაც ჩაიბეჭდეს თავში, რომ მოსკოვისადმი ლოიალურობა მუდმივად უნდა დაამტკიცონ, მათ შორის, აქტივობის გიჟური მაჩვენებლებითა და მმართველი პარტიისთვის გამანადგურებლად მაღალი პროცენტებით. ეს ძალიან დამამცირებელი თემაა: ჰგონიათ, რომ საკუთარ ავტორიტეტს აძლიერებენ, სინამდვილეში კი საკუთარ თავს ართმევენ შესაძლებლობას, დაეყრდნონ ხალხს. ვფიქრობ, იმ ადამიანების რეალური წილი, რომლებიც ხელისუფლების პარტიას აძლევენ ხმას, 5-7%-ს არ აღემატება.“
ასევე ნახეთ
“პუტინის შემდეგ” - რა ელის სისტემას? - ინტერვიუ ჯულიან უოლერთანბაშკირეთშიც
ბაშკირეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რესპუბლიკაში ამომრჩეველთა აქტივობამ 80,43% შეადგინა. ამ რესპუბლიკის ტერიტორიაზეც პარტიული სიებით „ერთიანი რუსეთი“ ლიდერობს - 64,09%; კომუნისტური პარტია - 9,37%, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია - 8,01%, „სამართლიანი რუსეთი“ - 7,42%, „ახალი ხალხი“ - 7,22%. სხვა პარტიებმა 1%-ზე ნაკლები მიიღეს. ექსპერტები და საზოგადოებრივი აქტივისტები გაყალბებულად მიიჩნევენ ბაშკირეთის ცესკოს მიერ გამოცხადებულ ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელსაც (80,43%).
„გადავწყვიტე მენახა, რა ხდება ჩემს მშობლიურ ბაშკირეთში აქტივობის მხრივ, - დაწერა აქტივობის გრაფიკების გაანალიზებისას საარჩევნო ექსპერტმა, ემიგრაციაში მცხოვრებმა რენატ ფაკიევმა, - კვლავ ისე “ხატავენ”, როგორც შეუძლიათ. ძალიან ცუდად გამოსდით. დედაქალაქ უფის მაგალითზე ჩანს, რომ ზოგან განაწილება რეალურ აქტივობას ჰგავს, ზოგან კი თანაბარი „თაროებია“, რაც 1500-2000 ამომრჩევლის მქონე საქალაქო უბნებისთვის არარეალურია“.
ასევე ნახეთ
არჩევნები პუტინის "სუვერენულ დემოკრატიაში"მედიაპროექტ „ასპექტი-ბაშკირსტანის" გამომცემელი რუსლან ვალიევი მიიჩნევს, რომ „აქტივობის ხელოვნურად გაზრდის პარალელურად, „ერთიანი რუსეთის“ სასარგებლოდ, სულ მცირე, ხმების 30% ჩაიყარა“.
„ეჭვს იწვევს ერთსა და იმავე საათზე სხვადასხვა უბანზე აქტივობის თანაბარი მაჩვენებელი, - უთხრა ვალიევმა რადიო თავისუფლების ბაშკირულ რედაქციას, - ამას გარდა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უბნის საარჩევნო კომისიების წევრების ნაცნობებისგან, რომლებიც ბიულეტენებს ყრიდნენ და ამის შესახებ თავად გვითხრეს გულწრფელად. არჩევნების ჩატარებაში მრავალწლიანი გამოცდილებიდან ვიცი, რომ სამდღიანი კენჭისყრის პირველ დღეებში აქტივობის ხელოვნურად გაზრდისას ბიულეტენებს, როგორც წესი, სწორედ „ერთიანი რუსეთის“ სასარგებლოდ ყრიან. პირობითად რომ ვთქვათ, მათ ეუბნებიან, რომ ორი დღის შედეგებით აქტივობა 65% უნდა იყოს. ისინი რეალურ აქტივობას აკვირდებიან, ითვლიან, რამდენი პროცენტი აკლიათ, იღებენ ბიულეტენების შეკვრას და ყრიან „ერთიანი რუსეთის“ სასარგებლოდ. სხვა პარტიებისთვის საჭირო კორექტირება უკვე ბოლოს, ხმების დათვლისას ხორციელდება, ოქმების მარტივად გაყალბების გზით“.
ვალიევის თქმით, გაყალბებებს „ძალიან შეუწყო ხელი დამოუკიდებელი დამკვირვებლობის არარსებობამ“. დამოუკიდებელ ექსპერტთა პროექტმა „არჩევნების ატლასმა“ კი განაცხადა, რომ „2026 წლის არჩევნები, ფაქტობრივად, სპეციალური საარჩევნო ოპერაციის რეჟიმში ჩატარდა“.
„რუსეთის საპარლამენტო არჩევნები არასოდეს ჩატარებულა ქვეყნისთვის ასე რთულ შიდა და საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში, - აღნიშნეს ექსპერტებმა, - რუსეთში არსებულ საერთო მილიტარიზებულ ფონს, პოლიტიკასა და ეკონომიკაში მართვის საგანგებო და რეპრესიულ მეთოდებს აუცილებლად უნდა დაემჩნია საკუთარი კვალი არჩევნებზე. უკვე შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ეს არჩევნები ექსტრაორდინარული იყო კანდიდატებზე, დამკვირვებლებსა და, უპირველესად, ამომრჩევლებზე ზეწოლის მასშტაბით“.
რუსლან აისინი
პოლიტოლოგ რუსლან აისინის მტკიცებით, 2026 წლის არჩევნები „წინა არჩევნებზე ბევრად უარესი და ბინძური“ იყო.
„ეს ომიანობის პირობებში ჩატარებული არჩევნებია და ხელისუფლება მას განიხილავდა პუტინის პოლიტიკისადმი (როგორც საგარეო, ისე საშინაო) ნდობის პლებისციტად, - უთხრა აისინმა რადიო თავისუფლებას, - ამიტომ ამ არჩევნების ჩატარების მანერა და ხასიათი შეესაბამება იმ რეჟიმისა და ქვეყნის მდგომარეობას, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს და შიდა რეპრესიებს აძლიერებს. სწორედ ასეთი პოლიტიკის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და არჩევნებზე სასურველი შედეგების მისაღწევად იქნა მიღებული ბოლო წლებში ამდენი ამკრძალავი ზომა და კანონი“.
მოსკოვს ელექტრონული არჩევნების არ სჯერა
არჩევნების დამოუკიდებელი ექსპერტები არ მიიჩნევენ მართებულად რუსეთის ცესკოს მიერ გამოცხადებული მონაცემების სერიოზულად განხილვას, რადგან, მათი თქმით, ეს მონაცემები ვერ აკმაყოფილებენ სანდოობის მინიმალურ სტანდარტსაც კი. მათი თქმით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები ჩატარდა ოპოზიციონერი და ომის მოწინააღმდეგე კანდიდატების არდაშვების, პარტია „იაბლოკოს“ არჩევნებიდან მოხსნისა და მისი კანდიდატების დაკავებების პირობებში, რასაც დაემატა ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა და ხისტი ზეწოლა საბიუჯეტო სფეროს მილიონობით თანამშრომელზე. არჩევნები ასევე ჩატარდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, სადაც არჩევნები სამხედრო ფორმაში ჩაცმული და შეიარაღებული პირების თანდასწრებით ტარდებოდა.
მონაცემთა ანალიტიკოსი ბორის ოვჩინიკოვი, დამკვირვებელთა პორტალებისა და უბნის საარჩევნო კომისიების ოქმების მონაცემებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ „ერთიანი რუსეთისთვის“ მიცემულ ხმებში გაყალბებული ხმების წილი შესაძლოა 55%-მდე აღწევდეს.
არჩევნების კიდევ ერთი ექსპერტის, რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული მოძრაობის, „გოლოსის“ ყოფილი თავმჯდომარის, სტანისლავ ანდრეიჩუკის შეფასებით, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე რეალური აქტივობა ცესკოს მიერ გამოცხადებულზე (59,3%) დაახლოებით 1,5-ჯერ ნაკლები იყო, ხოლო „ერთიანი რუსეთის“ მიერ მიღებული ხმები 35-40%-ია და არა ცესკოს მიერ გამოცხადებული 57,8%.
„ამ არჩევნების მთავარი განსხვავება ის არის, რომ რეჟიმი გაცილებით უფრო რეპრესიული გახდა. ვხედავთ, რამდენად გაიზარდა „უცხოეთის აგენტების“, „არასასურველი ორგანიზაციების“ რაოდენობა, რამდენი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა კანდიდატების წინააღმდეგ, რამდენად გაიზარდა სასჯელის ვადები და ა. შ. ყველამ დაინახა, რა საფუძვლით მოხსნეს „იაბლოკო“, ყველას ესმის, რომ ამ საფუძველს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამბობს ექსპერტი, რომლის თქმითაც, ამ პირობებში ბევრი ადამიანი უბრალოდ არ წავიდა არჩევნებზე:
„იმ კანდიდატების რაოდენობაც კი, რომლებმაც უბრალოდ გადაწყვიტეს საკუთარი კანდიდატურის წამოყენება, ყველა დონის წინა არჩევნებთან შედარებით დაახლოებით 20%-ით შემცირდა ანუ ადამიანებს უბრალოდ აღარ სურთ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ესმით, რომ შეიძლება პრობლემები შეექმნათ“.
ასევე ნახეთ
"ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააფუჭა" - პუტინის ბიოგრაფი ფილიპ შორტიანდრეიჩუკი და პროექტ „მოჟემ ობიასნიტის“ მთავარი რედაქტორი მაქსიმ გლიკინი ასევე საუბრობენ მოსკოვში გამოყენებულ ახალ საარჩევნო ტექნოლოგიაზე: “ბევრ უბანზე „მოულოდნელად“ ილეოდა ქაღალდის ბიულეტენები და ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს ელექტრონული ფორმით ხმის მიცემისკენ მოუწოდებდნენ. ადამიანები ამას არ თანხმდებოდნენ, რადგან ელექტრონულ კენჭისყრას არ ენდობოდნენ და საბოლოოდ საათობით იდგნენ რიგებში”.
„ეს, ალბათ, მთავარი სიურპრიზია ამ არჩევნებზე: ქაღალდის ბიულეტენების მასობრივი არგაცემა, მათი გაცემის გაჭიანურება, გაცემაზე მასობრივი უარი - ასეთი რამ არასოდეს ყოფილა. მაგრამ მანამდე არც ის არ ყოფილა, რომ მოსკოველები, რომლებსაც ნამდვილად სურდათ ქაღალდის ბიულეტენების საშუალებით თავიანთი „არა“ ეთქვათ, რიგში მდგარიყვნენ“, - ამბობს მაქსიმ გლიკინი.
„ამ უბნებზე აქტივობა მაღალი იყო - 60% და სწორედ იქ მივიდა ხმის მისაცემად საპროტესტო ელექტორატი და სწორედ მას არ აძლევდნენ ქაღალდის ბიულეტენებს, - განმარტავს გლიკინი, - თუ ეს ხდება იქ, სადაც მაღალი აქტივობაა და ბევრი გაბრაზებული ადამიანი მოდის, ამ ადგილას სისტემა იშლება და უბნებზე რეალური შედეგები ჩნდება. სხვათა შორის, მოსკოვის ზოგიერთ უბანზე „ერთიანმა რუსეთმა“ 12-22% მიიღო. მეზობელ უბნებზე კი, სადაც აქტივობა არ ყოფილა, დაახლოებით 35% მიიღეს. არის ისეთი უბნებიც, სადაც აშკარაა არა უბრალოდ გაყალბება, არამედ ის, რომ ყველაფერი თავიდან გადაწერეს, „ერთიან რუსეთს“ („ედინნაია როსსიას“) ზუსტად 50% დაუწერეს“.
„ჩვენ ვხედავდით უზარმაზარ რიგებს ადამიანებისა, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ იმისთვის, რომ ქაღალდის ბიულეტენი მიეღოთ. ეს რეალურად უნიკალური პოლიტიკური აქციაა, რომელიც ხელისუფლების ხელით შეიქმნა, თუმცა კი გამოვიდა ოპოზიციური, - ამბობს სტანისლავ ანდრეიჩუკი, - რადგან ადამიანები მივიდნენ და ამით თქვეს: „ჩვენ არ ვენდობით თქვენს ელექტრონულ კენჭისყრას და, ამავდროულად, საკუთარ ხმას იმდენად ვაფასებთ, რომ მზად ვართ, რამდენიმე საათი ქუჩაში, ყველას თვალწინ ვიდგეთ“. ეს ერთგვარი „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ გამოვიდა, ოღონდ არა ოპოზიციის, არამედ მოსკოვის საქალაქო საარჩევნო კომისიისა და მოსკოვის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელით გაკეთებული“.