ბათუმში მიმდინარე პროცესზე, რომელიც ახსნა-განმარტებების ეტაპზეა გადასული, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ქართული ოცნების“ სარჩელი „პოლიტიკურ მანიპულაციად“ შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძვლად გამოიყენოს არჩევნების შედეგების არაღიარება, ხელისუფლების კრიტიკა, ოპოზიციური გაერთიანებების შექმნა და წარსულში მომხდარი დანაშაულები.
„დღეს აქ, ამ დარბაზში, საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში არ წყდება მხოლოდ ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხი. აქ წყდება ბევრად უფრო დიდი საკითხი - სად გადის ზღვარი სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას, დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი და სახელმწიფოს უფლებამოსილებას შორის, გამოიყენოს მთელი ეს პროცესი სამართლისა და პოლიტიკური ისტორიის გადასაწერად და პოლიტიკური ოპონენტების გასაქრობად“, - განაცხადა მან.
პარტიების აკრძალვის საერთაშორისო პრაქტიკა
წითლიძემ ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საერთაშორისო პრაქტიკაზე. მისი თქმით, მოსარჩელე არასწორად განმარტავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომებს და ცდილობს, პოლიტიკური პარტიების აკრძალვისთვის დადგენილი მაღალი სტანდარტი ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს.
წითლიძის განცხადებით, უკრაინასა და მოლდოვაში პარტიების აკრძალვის საფუძვლებს შორის იყო რუსეთთან თანამშრომლობა, აგრესორი სახელმწიფოსგან პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედება.
ასევე ნახეთ
როგორ აკრძალეს ოლიგარქის პრორუსული პარტია მოლდოვაშიესპანეთის მაგალითზე მან ისაუბრა პარტია „ბატასუნაზე“, რომლის აკრძალვაც დაკავშირებული იყო ტერორისტულ ორგანიზაცია ETA-სთან მის კავშირებსა და ძალადობის მხარდაჭერასთან.
წითლიძის შეფასებით, აღნიშნული შემთხვევების შედარება საქართველოში ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელთან სამართლებრივად გაუმართლებელია.
მან ასევე გააკრიტიკა სარჩელის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ძალადობის მხარდაჭერად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, თუ პოლიტიკური პარტია საჯაროდ არ გაემიჯნება სხვა პოლიტიკური ძალის ძალადობრივ მოწოდებებს.
ასევე ნახეთ
„ოცნება“ პარტიების აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად მათ მიერ მოვლენებისგან „გამიჯვნაზე უარის თქმას“ ასახელებს„მოდი, მაინც გავყვეთ მოსარჩელის ლოგიკას და მთავარ ბრალდებას, რომ დუმილი არის დანაშაული. და ვკითხოთ მოსარჩელე მხარეს, როდის გაემიჯნა გახარიას გავრილოვის ღამეს? უფრო მეტიც, არათუ არ გამიჯნიან, პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს“, - განაცხადა წითლიძემ.
ოპოზიციური კოალიციები და „ქართული ოცნების“ მაგალითი
ანა წითლიძემ სარჩელის კიდევ ერთ არგუმენტად დაასახელა ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობა და საერთო პოლიტიკური მიზნების გარშემო გაერთიანება.
მისი თქმით, მოსარჩელე ანტიკონსტიტუციური საქმიანობის ერთ-ერთ გამოვლინებად განიხილავს ოპოზიციური ალიანსების შექმნას, მათ შორის 2026 წლის 2 მარტს დაფუძნებულ ოპოზიციურ გაერთიანებას.
ამ კონტექსტში წითლიძემ თავად „ქართული ოცნების“ ისტორია გაიხსენა - 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ კოალიციაში რამდენიმე პოლიტიკური პარტია გაერთიანდა, რომელთა საერთო მიზანი მაშინდელი ხელისუფლების - „ნაციონალური მოძრაობის“ - დამარცხება იყო.
ანა წითლიძე
„როდესაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კოალიციამ შექმნეს გაერთიანება და ხელისუფლებაში მოსვლა მოითხოვეს, ეს დემოკრატიული ცვლილებაა, ხოლო როდესაც დღეს ოპოზიციური პარტიები ქმნიან კოალიციურ ერთობას და ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ პროტესტს აფიქსირებენ, ეს თურმე ანტიკონსტიტუციური საბოტაჟი ყოფილა“, - განაცხადა წითლიძემ.
მან ასევე ისაუბრა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობაზე, რასაც მოსარჩელე მხარე პარტიების საერთო არაკონსტიტუციური მიზნების ერთ-ერთ დასტურად განიხილავს.
ნუგზარ ფუტკარაძის საქმე და მოსამართლის გაფრთხილება
2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მოვლენებზე საუბრისას ანა წითლიძემ ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება გაიხსენა.
მისი მტკიცებით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოებში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციონერ დეპუტატებზე ზეწოლას ცდილობდნენ.
წითლიძემ განაცხადა, რომ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და „ქართული ოცნების“ მხარეს გადასვლის სანაცვლოდ.
„როდესაც აქ ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს...“, - თქვა წითლიძემ, რის შემდეგაც იგი სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ შეაჩერა.
„რას ნიშნავს ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს? დაფიქრდით საკუთარ განცხადებებზე. ძალიან მძიმე ბრალდებაა. როგორ შეიძლება ასე ილაპარაკოთ სასამართლოს ტრიბუნიდან?“ - მიმართა მოსამართლემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს.
მოგვიანებით წითლიძემ თქვა, რომ ნადარაიას შენიშვნა გაითვალისწინა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ წევრად 2021 წლის ოქტომბერში აირჩიეს. იგი იმავე წლის ნოემბერში გარდაიცვალა სისხლში შაქრის დონის მკვეთრი მატების შედეგად.
ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, პარტიის ინფორმაციით, თავად ფუტკარაძემ ფარულად ჩაიწერა. ჩანაწერში ორი პირი მესამეს, სავარაუდოდ, ფუტკარაძეს, სთავაზობს, დატოვოს ოპოზიციური პარტია და ბათუმის საკრებულოში მუშაობა დამოუკიდებელ წევრად გააგრძელოს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანაპარტიელის გარდაცვალება მასზე განხორციელებულ ზეწოლას დაუკავშირა და განაცხადა, რომ მის გადაბირებას ყოფილი პოლიციელები ცდილობდნენ აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძისა და მისი მამის, დავით რიჟვაძის დავალებით. თორნიკე რიჟვაძემ ეს ბრალდებები უარყო და ოპოზიციური პარტია ცილისწამებაში დაადანაშაულა.
ასევე ნახეთ
"ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს ბათუმის საკრებულოს წევრის გარდაცვალების მიზეზთა დროულ გამოძიებას„თუ პარტიას ბევრი ამომრჩეველი ჰყავს, ის საფრთხეა“
ანა წითლიძემ სარჩელის იმ ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ხუთი პარტიის გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიების მომავალში შესაძლო აკრძალვას ეხება.
წითლიძის შეფასებით, ამგვარი მიდგომა აჩვენებს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი დამოკიდებული ხდება არა მათი საქმიანობის კონსტიტუციურობაზე, არამედ საარჩევნო მხარდაჭერასა და პოლიტიკურ გავლენაზე.
„თუ პოლიტიკურ პარტიას ბევრი ამომრჩეველი ჰყავს, პოლიტიკურ პროცესზე არსებითი გავლენა აქვს და რეიტინგი გააჩნია, მაშინ მოსარჩელის აზრით, ის საფრთხეა და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აკრძალოს. ხოლო თუ პარტიას ჰყავს ნაკლები მხარდამჭერი, მაშინ შეგვიძლია ვაპატიოთ, არ ავკრძალოთ და მოგვიანებით, თუ გაეზრდებათ რეიტინგი, შემდეგ ავკრძალოთ“, - განაცხადა მან.
წითლიძემ ასევე გააკრიტიკა სარჩელის ის ნაწილი, რომელშიც საუბარია სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელების წარსულ კავშირებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
საპასუხოდ მან დაასახელა პოლიტიკოსები, რომლებიც, მისი თქმით, წარსულში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყვნენ დაკავშირებული, მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გახდნენ.
მათ შორის მან ახსენა თენგიზ შარმანაშვილი, გიორგი კახიანი, მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გივი მიქანაძე, ზურაბ პატარაძე, გოჩა ენუქიძე, დავით სონღულაშვილი, ნათია თურნავა და ანზორ ბოლქვაძე.
ასევე ნახეთ
"სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება წულუკიანის კომისიის დასკვნაა" - "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სარჩელზე„ვარდების რევოლუცია“, აჭარის მოვლენები და გახმაურებული საქმეები
გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი წითლიძემ დაუთმო წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის, ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნას.
წითლიძემ ყურადღება გაამახვილა დოკუმენტში 2003 წლის „ვარდების რევოლუციისა“ და 2004 წლის აჭარის მოვლენების შეფასებებზე.
„2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ სახელმწიფო გადატრიალება კი არა, ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება იყო“, - თქვა წითლიძემ.
მისივე თქმით, 2004 წელს აჭარაში აღდგა საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი და დასრულდა ასლან აბაშიძის მმართველობა.
„რომ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, დღეს საქართველოს ადმინისტრაციული საზღვარი დასრულდებოდა ჩაქვთან. რომ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პატივცემულო მოსამართლეებო, დღეს აქ, ამ დიდებულ შენობაშიც ვერ ვიქნებოდით და ვერ იქნებოდით თქვენ“, - მიმართა მან სასამართლოს.
წითლიძე შეეხო იმ საქმეებსაც, რომლებიც „ქართული ოცნების“ სარჩელში და საგამოძიებო კომისიის დასკვნაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილი სისტემური დანაშაულების დასასაბუთებლად არის გამოყენებული, მათ შორის სანდრო გირგვლიანისა და როინ შავაძის საქმეები. მან აღნიშნა, რომ გირგვლიანის საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, რომელიც მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, უვადოდ გამწესდა მოსამართლის თანამდებობაზე. შავაძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კი წითლიძემ ახსენა რესან კონცელიძე, რომელიც 2020-2024 წლებში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო.
მან ასევე ისაუბრა იური ვაზაგაშვილისა და გურამ შარაძის მკვლელობებზე და აღნიშნა, რომ ამ საქმეებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელებისთვის შესაბამისი ბრალდება არ წარუდგენიათ.
ასევე ნახეთ
სოსანაშვილის საქმე7 ნოემბერი და 2007 წლის კოდორის სპეცოპერაცია
წითლიძე შეეხო 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებსაც, რომლებიც სარჩელში ასევე ფიგურირებს.
მისი თქმით, მაშინ განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეაგირება მოჰყვა - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.
წითლიძემ ეს შეადარა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საპროტესტო აქციების დაშლას, მათ შორის 2019 წლის 20 ივნისისა და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებს. მან ხელისუფლება ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულა.
გამოსვლისას წითლიძემ ასევე ახსენა კობა დავითაშვილისა და ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტები. მან აღნიშნა, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დადგომა არ ნიშნავს მთელი პოლიტიკური პარტიის კოლექტიურ პასუხისმგებლობას.
წითლიძემ საპასუხოდ გაიხსენა ლევან ხაბეიშვილის, დავით ქაცარავას, გურამ როგავას, მაკა ჩიხლაძისა და სხვა მოქალაქეების მიმართ ძალადობის შემთხვევები.
ასევე ნახეთ
გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს მათზე ძალადობის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელების იდენტიფიცირების სიზუსტეში ეჭვი ეპარებათწითლიძემ ყურადღება გაამახვილა 2007 წელს კოდორის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზეც, რომელიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია განხილული.
მისი შეფასებით, ეს იყო წარმატებული სამხედრო ოპერაცია რუსული დივერსიული ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც კოდორის ხეობაში ტერორისტულ აქტებს გეგმავდა.
წითლიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში სპეცოპერაციის ყველა მონაწილე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.
„დღეს კოდორის სპეცოპერაციის არცერთი მონაწილე არ არის ცოცხალი. და რა იყო ეს საქმე და სად არის სიმართლე? თავისუფალი საგამოძიებო ორგანოების პირობებში აუცილებლად გამოიძიებს ქართული სახელმწიფო“, - განაცხადა წითლიძემ.
ასევე ნახეთ
აფეთქება სასროლეთში და კოდორის სპეცოპერაციის კიდევ ერთი მონაწილის "უცნაური" სიკვდილიმურუსიძე, ჩინჩალაძე და როინიშვილი
ანა წითლიძემ აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სასამართლო სისტემაში პრობლემები არსებობდა, თუმცა „ქართული ოცნება“ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, თუკი წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემის საქმიანობა პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ერთ-ერთი საფუძველია, გაუგებარია, რატომ შეინარჩუნეს გავლენიანი თანამდებობები ლევან მურუსიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ.
წითლიძემ ასევე ახსენა ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომლის საქმიანობაც, მისი თქმით, სარჩელში არაერთხელ არის მოხსენიებული. ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილზე, რომელიც ადეიშვილის მთავარი პროკურორობის დროს მისი მოადგილე იყო.
ასევე ნახეთ
ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც 5 პარტიის აკრძალვას განიხილავენ„როგორ შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი ლოგიკა იმაში, რომ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მყავს ნანახი ზურაბ ადეიშვილი, ამიკრძალოთ მისი ნამოქმედარის გამო მე პოლიტიკური საქმიანობა და პარტია აკრძალოთ და იმავე მინისტრის უშუალო საკადრო დასაყრდენი და შემსრულებელი ამავე დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს“, - განაცხადა წითლიძემ.
წითლიძემ კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებსაც უპასუხა და ამჯერად თავად „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები - ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე გაიხსენა.
„ოქროს ზოდები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ვერ აღმოუჩინეს და ვერც აღმოუჩენენ, მაგრამ მათი ორგზის პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლში აღმოაჩინეს“, - განაცხადა მან.
წითლიძემ ასევე მიმოიხილა ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაში მოყვანილი სხვა ჩვენებები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულების დასადასტურებლად არის გამოყენებული. მან ეს ჩვენებები „აბსურდულად“ შეაფასა და მათი სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა.
ასევე ნახეთ
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა2008 წლის ომი და ევროპის საბჭოს რეზოლუცია
ანა წითლიძემ ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზეც. მისი თქმით, სარჩელში მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მაშინდელი ხელისუფლების რიტორიკა და მოქმედებები მშვიდობიან პოლიტიკას ხელს უშლიდა, რითაც ფაქტობრივად საქართველოს აკისრებს პასუხისმგებლობას ომის დაწყებაზე.
მან ეს შეფასება რუსეთის პოზიციების გამეორებად მიიჩნია და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მოქმედებდა.
წითლიძე შეეხო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 1633-ე რეზოლუციასაც, რომლის მხარდაჭერასაც „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ედავება. მან ყურადღება გაამახვილა დოკუმენტის იმ ნაწილებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ადასტურებს და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გმობს.
ასევე ნახეთ
წიგნად აკინძავენ, თარგმნიან, დაარიგებენ - "წულუკიანის კომისია" ოპოზიციის წინააღმდეგ, 460-გვერდიანი დასკვნითწითლიძემ ასევე უარყო მოსარჩელის არგუმენტი, თითქოს 2007 წელს ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნით ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრები აღდგა. მისი თქმით, შეიქმნა დროებითი ადმინისტრაციული ერთეული და არა ავტონომიური ოლქი. მან აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონმდებლობა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც შეინარჩუნა და მის საფუძველზე თანამდებობის პირებს ნიშნავდა.
ასევე ნახეთ
"სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის" ლიკვიდაციით თბილისი ცხინვალზე "ჰიბრიდული ზეგავლენის მექანიზმს" კარგავს?არჩევნების შედეგების არაღიარება და 4 ოქტომბრის საქმე
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას, წითლიძემ ყურადღება გაამახვილა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშზე, რომელშიც საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვანი ხარვეზებია აღწერილი. მისი განცხადებით, არჩევნების შედეგების არაღიარება და ბოიკოტი პოლიტიკური პარტიის უფლებაა და მისი აკრძალვის საფუძველი ვერ გახდება.
წითლიძე შეეხო 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებსაც. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების მოთხოვნა ძალადობრივი დამხობის მოწოდებასთან გააიგივოს.
„მშვიდობიანი პროტესტი არ არის ტერორიზმი“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკური პროტესტი არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივ დამხობად.
გამოსვლის დასასრულს წითლიძემ სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა:
„მე არ გთხოვთ თქვენ, რომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ. საქართველოს ისტორია არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი. ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც. ჩვენ გვყავდა ილიაც და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას აირჩევთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია“.
გორდულაძის შეფასება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სასამართლო სხდომაზე არაერთი სიცრუე გააჟღერეს. მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ „ამდენი ტყუილის, ამდენი სიცრუის მოსმენა უწევს“.
„სხდომის მიმდინარეობის დროსაც ისინი ყოველ წამს და ყოველ წუთს ამტკიცებენ, რომ მათი მიზანი არ შეცვლილა - მათგან მომავალი საფრთხე არის მყისიერი და ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ, ზუსტად ისევე დაამხობენ კონსტიტუციურ წყობილებას, ისევე გათელავენ ადამიანის უფლებებს, ისევე ფეხქვეშ გაიგდებენ ადამიანებს და სისხლის კალოებს დაატრიალებენ. მათ ახლა წარბიც კი არ უტოკდებათ და სხდომის მიმდინარეობის დროსაც კი არ ამბობენ, რომ ისინი ინანიებენ თავიანთ ჩადენილ დანაშაულებს. პირიქით, ამბობენ, რომ დემოკრატიის შუქურა იყო თურმე საქართველო 2004-2012 წლებში“, - თქვა გორდულაძემ.
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ, მათ შორის ერთი „ქართული ოცნებაა“, დანარჩენი ოთხის („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო - ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“) აკრძალვას კი ის თავად მოითხოვს.
დამატებით, სარჩელი შეეხება „ფედერალისტებსაც“, რომლებიც სასამართლო განხილვებში არ მონაწილეობენ.