„ეს იყო პოლიტიკური პროცესი და მე ვიყავი ამ ე.წ. პრემიერ-მინისტრის [ირაკლი კობახიძის], მორიგი სათამაშოს, რეჟიმის ტყვე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გათავისუფლების შემდეგ დიტო ჩუბინიძემ.
ჟურნალისტი ფიქრობს, რომ მისი რესპონდენტი, ლაზარე ჯორბენაძე, რომელთანაც ინტერვიუ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ჩაწერა, მოკლულია:
„ჩემი ღრმა რწმენით, მოკლულია. ამ საქმეზე უნდა დაიკითხოს [მამუკა] მდინარაძე (სუსის ყოფილი უფროსი) და ირაკლი კობახიძე (პრემიერ-მინისტრი)...“
ჟურნალისტი ვალდებულია, გირაოდ შეფარდებული თანხა, 4000 ლარი, ერთი თვის ვადაში გადაიხადოს.
რას ამბობს ადვოკატი?
ჟურნალისტის უფლებებს იცავს "ადვოკატთა ასოციაციის" ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი ზაზა ხატიაშვილი. იგი ამბობს, რომ ბრალის დადგენილება, რომელშიც საუბარია, რომ ჩუბინიძე დააკავეს ჩაწერილი ინტერვიუს გამო, საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნა:
„ამ საქმეში სამართლებრივი აბსურდი იყო: პრემიერ-მინისტრი არ იყო დაზარალებული და ეწერა, რომ მესამე პირს - დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის წევრს - მიადგა ზიანი... მსგავსი საქმე განხილული აქვს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და ნათქვამი აქვს, რომ საფუძვლიანი ეჭვი არ არსებობდა... ამაზე ავაგე მთელი ჩემი სააპელაციო სარჩელი“.
მისი შეფასებით, მოსამართლემ „სანახევროდ სამართლიანი“ გადაწყვეტილება მიიღო - ადვოკატი ჟურნალისტის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას მოითხოვდა.
რატომ დააკავეს „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტი?
დიტო ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავეს. მას პროკურატურა ედავება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.
„ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპონდენტის - ლაზარე ჯორბენაძის - გარდაცვალება არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი [ირაკლი კობახიძის] მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით“, - განაცხადა პროკურორმა, საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ ბექა კვიციანმა.
მიმდინარე წლის დასაწყისში დიტო (დომენტი) ჩუბინიძემ ჩაწერა ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ „დავით-გარეჯი გაყიდულია“ და მსგავსი დოკუმენტი საკუთარი თვალით აქვს ნანახი. ამ ინტერვიუში ის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საქმიანობას აკრიტიკებდა, პატიმრობაში მყოფ წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს კი, დადებითად წარმოაჩენდა.
ჟურნალისტს ბრალი წაუყენეს სამშობლოს ღალატის - საბოტაჟის მუხლით. პროკურორის თქმით, ჩუბინიძემ „ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.
ასევე ნახეთ
„ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტი სამშობლოს ღალატის მუხლით დააკავეს23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. წაყენებული ბრალი ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ
„არა ვარ მე საშიში კაცი“ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდარა ეწერა ამ ინტერვიუში?
სტატია, რომლის შესახებაც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა, „ასავალ-დასავალში“ 2 თებერვალს გამოქვეყნდა. მასში ჩუბინიძის რესპონდენტია ღარიბაშვილის მიერ ნახსენები ლაზარე ჯორბენაძე. ის ამტკიცებდა, რომ „დავით-გარეჯი გაყიდულია“:
„პრემიერმა კობახიძემ შარშან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და აზერბაიჯანს გადასცა დავით-გარეჯის ის ნაწილი, რომლის გადაცემასაც [მიხეილ] სააკაშვილი ალიევს [აზერბაიჯანის პრეზიდენტს] დაჰპირდა“.
ამონარიდები „ასავალ-დასავლის“ 2-8 თებერვლის ნომრიდან, რომლის შესახებაც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს.
- დავით გარეჯის საკითხზე - საქართველოს საზიანოდ საზღვრის მონაკვეთების შეთანხმების მცდელობის საქმე პროკურატურაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2020 წლის აგვისტოში გაგზავნილი წერილის საფუძველზე დაიწყო. მაშინ ის პრემიერის თანამდებობას იკავებდა;
- გამოძიების დაწყებიდან 2 თვეში და საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე დააკავეს აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ორი წევრი: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა;
- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარეს და 2021 წლის 28 იანვარს 20-20-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მოქალაქეებმა ეს თანხა მათ რამდენიმე საათში შეუგროვეს.
კარტოგრაფების საქმეზე რადიო თავისუფლების მასალები წაიკითხეთ აქ.
როგორ გახდა ამ ინტერვიუს შესახებ ცნობილი?
17 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც კორუფციული ბრალდება აღიარა და 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა საპროცესო შეთანხმებით, გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა და ციხიდან წერილების გამოგზავნა დაიწყო.
მეხუთე წერილში, რომელიც 1 სექტემბერს მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა, შეკითხვა დასვა „ასავალ-დასავლის“ იმ რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე, რომელთან ინტერვიუც დიტო ჩუბინიძემ ჩაწერა. ღარიბაშვილი გულისხმობდა 2 თებერვლის ინტერვიუს, რომელშიც რესპონდენტი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მას აქებდა, მოქმედ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს კი, აკრიტიკებდა.
ექსპრემიერის თქმით, „12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია“.
- „გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი - ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან... ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები“.
- „მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თავი მოიკლა… პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“
ასევე ნახეთ
ღარიბაშვილს კითხვები აქვს „ასავალ-დასავალის“ იმ რესპონდენტის გარდაცვალებაზე, რომელიც მას აქებდა და კობახიძეს კი აკრიტიკებდაკობახიძის პასუხი ღარიბაშვილს
კობახიძემ მის მიმართ გაჩენილ კითხვებს 7 სექტემბერს მოკლე კომენტარით უპასუხა:
„ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო და ტრაგიკული. უფრო მეტ სიღრმეში არ შევალ, მარტივი ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე... იმდენად არასერიოზულია თავად ამ წერილების შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რაიმე კომენტარის გაკეთების საშუალებას“.
ასევე ნახეთ
შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დავიდა, ტრაგიკულია - კობახიძე ღარიბაშვილზედავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი გაააქტიურა მმართველმა გუნდმა.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 7 ოქტომბერს, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, დააკავა. ამ დროს პროსახელისუფლებო მედიამ დაიწყო კამპანია „გარეჯი საქართველოა“. ორივე მათგანი არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე თვეში, იანვარში გირაოთი გაათავისუფლეს, სასამართლო განხილვები კი გაურკვეველი ვადით არის შეწყვეტილი.
„ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს განვაახლეთ მუშაობა ამ მიმართულებით... ჩემი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღვადგინეთ სრული სურათი, შევისწავლეთ წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები. გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკების გამოყენებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ, კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ“, - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა მე-9 წერილში, რომელიც 20 სექტემბერს გამოქვეყნდა.