ამ დრომდე ირაკლი ღარიბაშვილი უარს აცხადებდა, დასწრებოდა სასამართლო პროცესებს. „მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში!“ – წერილობით განაცხადა მან 25 აგვისტოს, ბრალის წარდგენის შემდეგ.
2 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კი ექსპრემიერმა განაცხადა:
„მე მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და დიდი მნიშვნელობა აქვს, პროცესი ჩატარდეს გამჭვირვალედ“.
სასამართლო სხდომა სრულად დაიხურა.
„აუცილებელია, სრულად დაიხუროს“ – პროკურორი
პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა სხდომის დახურვა მოითხოვა, რაც მოსამართლემ მხარეთა არგუმენტების მოსმენის შემდეგ დააკმაყოფილა.
პროკურორმა მიზეზად დაასახელა „პერსონალური მონაცემების დაცვისა“ და „ოჯახის პირადი უსაფრთხოების დაცვის“ მოტივები.
მან ასევე თქვა, რომ მაღალჩინოსნები უნდა გამოიკითხონ და მათ მიერ გაჟღერებულმა ინფორმაციამ შესაძლოა დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები.
„აუცილებელია, სხდომა სრულად დაიხუროს“, – დააზუსტა პროკურორმა ლეკიაშვილმა.
დაცვის მხარის არგუმენტები
„დაცვის მხარე კატეგორიულად წინააღმდეგია“, - თქვა ერთ-ერთმა ადვოკატმა. მან გაიხსენა, რომ მსგავსი შუამდგომლობა წინა სხდომაზეც დააყენა პროკურორმა, – რაც მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა და შუამდგომლობას დაუსაბუთებელი უწოდა.
ადვოკატის თანახმადვე, თუკი არ არსებობდა ჯუანშერ ბურჭულაძის სხდომის დახურვის საფუძველი, არც ღარიბაშვილის საქმე არ უნდა დაიხუროს, რადგან ამ საქმეების თითქმის სრული მოცულობა იდენტურია.
ასევე ნახეთ
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო არ დაიხურა„ერთადერთი, რაც შეიცვალა, მისი გამოცხადებაა“ - ადვოკატი
კიდევ ერთმა ადვოკატმა განაცხადა, რომ წინა სასამართლო პროცესის შემდეგ ერთადერთი, რაც შეიცვალა, არის ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სხდომაზე გამოცხადდა.
„დღევანდელი შუამდგომლობა იმით არის განპირობებული, რომ არ სურთ, ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ ისაუბროს“, – თქვა მან.
„საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, პირდაპირ ჰქონდეს შეხება იმ პროცესებთან, რაც ეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა ადვოკატმა ლალი აფციაურმა.
მან ასევე თქვა, რომ თუკი რომელიმე მოწმის ჩვენება საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს, პროკურატურას შეუძლია, კონკრეტული მოწმის ჩვენებისას მოითხოვოს სხდომის ნაწილობრივ დახურვა.
რა თქვა ღარიბაშვილმა
„პატივცემულო მოსამართლევ, მოგესალმებით, მსურს განმარტებები გავაკეთო“, – დაიწყო სიტყვა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუმცა მოსამართლემ გააწყვეტინა.
„შეგაწყვეტინებთ, ამ წუთში განვიხილავთ სხდომის დახურვის შუამდგომლობას“.
„სხვა საკითხზე არ შემიძლია გავაკეთო?.. გასაგებია...“ – უპასუხა ღარიბაშვილმა და დასძინა:
„ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას... კატეგორიულად ვეწინააღმდეგები და მოგმართავთ თხოვნით, არ დაკმაყოფილდეს“.
მას აღარ მისცემია პოლიტიკური განცხადების გაკეთებას შესაძლებლობა. მოსამართლემ ადგილზე თათბირით გამოაცხადა სხდომა დახურულად და დარბაზი დაითხოვა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი
საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს
„ერისკაცს გაუმარჯოს!“ – შესძახა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, მოჭიდავე ლუკა კურტანიძემ დაგვიანებით შემოყვანილი ირაკლი ღარიბაშვილის დანახვისას.
ღარიბაშვილს ნათესავები და ახლობლები აპლოდისმენტებით მიესალმნენ. სხდომაზე მივიდნენ მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი, უფროსი ვაჟი, ცოლისძმა ალექსანდრე (ლექსო) თამაზაშვილი, მისი ბიძა ზურაბ გონაშვილი (მეტსახელად „კაკაშა“), ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძე და სხვები.
„სად ხართ, ვერ გავიგე?!.. თავი შეიკავეთ, პროცესი უნდა დავიწყო“, – მიმართა მოსამართლემ ლუკა კურტანიძეს.
2 ნოემბერი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის პირველი დღეა. საქმე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს დაეწერა.
„ირაკლი ტარიელის ძე ღარიბაშვილი“, – მოსამართლის მიმართვის შემდეგ წარმოთქვა საკუთარი სახელი ორგზის ექსპრემიერმა.
მისი ადვოკატები ნათია თამაზაშვილი, ლალი აფციაური და ლილი გელაშვილი არიან.
„ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ აღნიშნულ ბრალდებაში?“ – ჰკითხა მას მოსამართლემ.
„არა“ – უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ
ღარიბაშვილს კითხვები აქვს „ასავალ-დასავალის“ იმ რესპონდენტის გარდაცვალებაზე, რომელიც მას აქებდა და კობახიძეს კი აკრიტიკებდა5 წელი საპროცესო შეთანხმებით - პირველი საქმე
- ირაკლი ღარიბაშვილი 2026 წლის 12 იანვრიდან 5-წლიან სასჯელს იხდის – მან ფულის გათეთრების ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმება 12 იანვარს გაუფორმეს.
- საპროცესო შეთანხმებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის [ფულის გათეთრება] სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა;
- საპროცესოს გარეშე, წაყენებული ბრალით მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
ასევე ნახეთ
ღარიბაშვილს ქრთამის აღების ბრალდება წარუდგინეს ექსმინისტრ ბურჭულაძის საქმეზემეორე ბრალდება - ქრთამის აღება
პატიმრობის ვადის მოხდისას, 2026 წლის 24 აგვისტოს მას ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- გამოძიების თანახმად, - თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, - მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
- მოგვიანებით ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა: ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას ასევე დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა.
ბურჭულაძე, ღარიბაშვილი და რატი ბრეგაძე მეგობრები იყვნენ. სხდომის შემდეგ რატი ბრეგაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ შეაფასებს ბურჭულაძის მიერ ღარიბაშვილისთვის ხელის დადებას, რაზეც უპასუხა, რომ მას „არავის შეფასება“ არ სურს და „ღმერთია ყველას მსაჯული“. მან მხოლოდ ის თქვა, რომ სასამართლოში იყო მეგობრის სანახავად, რომელიც ძალიან მოენატრა: „მინდა, მას მხნეობა ვუსურვო, რომ ძალიან მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს“,- თქვა ბრეგაძემ.
ასევე ნახეთ
„გამოძიებასთან თანამშრომლობის“ მოტივით ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა- ახალი ბრალდება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს, რომლებშიც იგი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობდა, - რაც „ქართულ ოცნებაში“ უარყვეს.
- 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში ღარიბაშვილი ამბობდა, რომ „მუქარის“ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო – „[ბიძინა] ივანიშვილის დავალებით“;
ასევე ნახეთ
პრევენციას ცდილობდა - კალაძე ღარიბაშვილის ახალ ბრალსა და წერილებზე- 27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ მოულოდნელად ბრიფინგი გამართა და თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს ღარიბაშვილის ბრალდებებს არ უკავშირდებოდა;
- მისი თქმით, ამის შესახებ ესაუბრა პრემიერ ირაკლი კობახიძეს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“.