ტრამპის წარმომადგენლები ზელენსკის შეხვდნენ. მოლაპარაკების მომდევნო რაუნდს ევროპელები შეუერთდებიან

დუბლინში სტივენ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან(მარცხენა მხარეს) უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ესწრებოდა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი რუსტემ უმეროვი, რომელიც აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე კიევის დელეგაციას ხელმძღვანელობს.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, სადაც ზელენსკი ვიზიტით იმყოფება.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები დუბლინში 12 ნოემბერს საღამოს ჩავიდნენ მოსკოვიდან, სადაც მოლაპარაკება გამართეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მანამდე, 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.

უიტკოფსა და კუშნერთან დუბლინში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის იქნება ტყვეთა დიდი გაცვლა.

მხარეებს შორის ბოლო კონტაქტების კიდევ ერთ შედეგად უკრაინის პრეზიდენტმა ის დაასახელა, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მონაწილეობას ევროპელებიც მიიღებენ. აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა და სიძემ, ჯარედ კუშნერმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ევროპელებიც იქნებიან.

კიევი ყოველთვის ემხრობოდა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ევროპის ჩართვას, რასაც მოსკოვი ეწინააღმდეგებოდა.

უკრაინაში ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების განახლების ზუსტი დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე ნახეთ

პუტინი უკრაინასთან კომპრომისზე არ წავა, მაგრამ ხანმოკლე ზავზე ერთ ქალაქში თანახმაა

კუშნერის შემაჯამებელი განცხადება

12 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა დუბლინში კონსულტაციები გამართეს მრჩევლებთანაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში უკრაინიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, პოლონეთიდან და ევროკავშირიდან. ეს ჯარედ კუშნერმა დაწერა აბუ-დაბიში, მოსკოვსა და დუბლინში გამართული შეხვედრების შემაჯამებელ ტექსტში, რომელიც სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

კუშნერის თანახმად, ორივე მხარე დასთანხმდა მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გაფართოებას და მასში ევროპელი პარტნიორების ჩართვას, რაც შესაძლებელს გახდის, განიხილონ ომის შემდეგ ევროპის უსაფრთხოების გაცილებით ფართო მექანიზმები უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ ტერიტორიულ პრობლემებთან ერთად.

კუშნერის ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეთანხმდნენ მჭიდრო კონტაქტის გაგრძელებაზე და დაადასტურეს, რომ ევროპის უსაფრთხოების არანაირი უფრო ფართო შეთანხმებები არ იქნება უსაფრთხოების სფეროში უკრაინის შეშფოთებების გათვალისწინების გარეშე და ჰუმანიტარული საკითხების გარდა, არცერთი საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდება ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევამდე.

კუშნერის თანახმად, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ომის განმავლობაში ტყვეთა უდიდეს გაცვლაზე.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კვლავ გაუსვა ხაზი დონალდ ტრამპის განზრახვას, დაასრულოს ეს საშინელი ომი. ჯარედ კუშნერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის კვლავ არსებითი უთანხმოებებია, მიღწეული პროგრესი იმედისმომცემია და გააგრძელებენ ყველა საჭირო რთულ დიპლომატიურ სამუშაოს, რათა მიაღწიონ გარღვევას საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად და შეიქმნას საფუძველი მყარი მშვიდობისთვის, სუვერენული და უსაფრთხო უკრაინისა და უფრო სტაბილური ევროპისთვის.

ასევე ნახეთ

ნატოს ხელმძღვანელი: „ძალიან რთული სათქმელია“, მიუახლოვდა თუ არა უკრაინა მშვიდობას

რა თქვა კრემლმა კუშნერსა და უიტკოფთან პუტინის შეხვედრის შემდეგ

12 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ კრემლმა გაავრცელა პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის კომენტარი შეხვედრის შედეგების შესახებ.

ამ კომენტარის მიხედვით:

ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა „აქტიურად დაუჭირეს“ მხარი პუტინის წინადადებას, რომ ოლეშკიში „წარმატებით ჩატარებული ჰუმანიტარული ოპერაციის პრაქტიკა გავრცელდეს“ ქალაქ კონსტანტინოვკაზეც.

  • ეს ქალაქი რუსეთის მიერ დიდწილად ოკუპირებულ დონეცკის ოლქშია. 2026 წლის ზაფხულში რუსეთის გენშტაბმა განაცხადა, რომ კონსტანტინოვკასაც სრულად აკონტროლებენ, რაც უკრაინამ უარყო.

უშაკოვის განცხადებით, რუსეთის მიერ შეთავაზებული ჰუმანიტარული აქცია „ყველას დაარწმუნებს, რეალურად ვის კონტროლქვეშაა ეს პუნქტი“.

რუსეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ამერიკული მხარის იდეას, რომ რუსეთის და უკრაინის უსაფრთხოების საკითხები უნდა გადაწყდეს „ევროპული უსაფრთხოების მომავალი პოსტკონფლიქტური სისტემის ფორმირების სფეროში“.

რუსეთი ისევ მოითხოვს, რომ ნატო არ გაფართოვდეს და რუსეთის საზღვრებთან არ განთავსდეს მისთვის საფრთხის შემცველი შეიარაღების სისტემები.

რაც შეეხება აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ევროპელების ჩართვას, უშაკოვის თანახმად, პუტინმა ამერიკელებს უთხრა, რომ ევროპელები უნდა ჩამოყალიბდნენ, მშვიდობა სურთ თუ ომის გაგრძელება და ჯერჯერობით მათი „პრაქტიკული მოქმედებები" მეტყველებს, რომ ომის გაგრძელება სურთ. კრემლი ამის ერთ-ერთ მაგალითად მიიჩნევს „მსურველთა კოალიციის“ ინიციატივას, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ უკრაინაში უცხოური კონტინგენტი განთავსდეს. ეს რუსეთის აზრით, „დაუსრულებელი ომის რეცეპტია“.

კრემლი მხარს უჭერს აბუ-დაბიში 10-11 ნოემბრის სამმხრივ მოლაპარაკებაზე განხილულ ინიციატივას „სამხედრო ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლის“ შესახებ, რომლის პარამეტრები ამჟამად შეთანხმების ეტაპზეა.

ასევე ნახეთ

როგორ იცვლება რუსეთის ავიაბაზები უკრაინული დრონების დარტყმების საპასუხოდ