იობის მოთმინება ამოიწურა - რა ძალა აქვს მიტროპოლიტის სიტყვას "ოცნების" ხელისუფლებისთვის?

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა [აქიაშვილი] "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამბიონიდან გააკრიტიკა. ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპაშვილი, იობი აქიაშვილი (მარჯვნიდან მარცხნივ). ფოტოკოლაჟი

გავლენიანმა მიტროპოლიტმა 10 ნოემბერს, ქადაგებისას, “ქართულ ოცნებას” ეკლესიის დამანგრეველი პოლიტიკის გატარებაში დასდო ბრალი და თქვა, რომ ხელისუფლებამ "შესაძლებლობები სრულად ამოწურა” და ახალი ხელისუფლების არჩევაა საჭირო. "ქართულმა ოცნებამ" მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს კრიტიკით უპასუხა.

ეს დაპირისპირება მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა იმის გამოც, რომ, წლების განმავლობაში, "ქართული ოცნება" ოპონენტებს უწოდებდა „ეკლესიის მტრებს”, „ეკლესიის მაგინებლებს“, "ანტიეკლესიურებს", ახლა კი წმინდა სინოდის ავტორიტეტიანმა წევრმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს სააკაშვილის ოპოზიციის ღია მხარდამჭერი იყო, "ურწმუნო" და "არაეკლესიური" თავად “ოცნების” ხელისუფლებას უწოდა.

თეოლოგების თქმით, მიტროპოლიტი იობი [ელგუჯა აქიაშვილი] ეკლესიასა და მრევლში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, 142-ე პატრიარქის არჩევისას, 2026 წლის მაისში მიტროპოლიტმა იობმა, მიტროპოლიტ შიოს [22] შემდეგ, ყველაზე მეტი ხმა [9] მიიღო. ამ არჩევნების წინ მიტროპოლიტმა იობმა განაცხადა, რომ მას არჩევნებში მონაწილეობისთვის მნიშვნელოვანი დიპლომი მოჰპარეს. დოკუმენტის აღსადგენად დამატებითი ძალისხმევა გახდა საჭირო.

“ღმერთმა შეუნდოს”, - თქვა მიტროპოლიტის შესახებ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა; მისი თანაგუნდელები კი - მიტროპოლიტს ამბიონის პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოყენებისთვის დაუპირისპირდნენ; თქვეს, რომ მან მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.

მიტროპოლიტის წინააღმდეგ მიმართული ლანძღვა-გინების, დამუნათებისა და ბრალდებების ავტორთა შორის - “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ადამიანები არიან.

15 ნოემბერს, მიტროპოლიტმა, ისევ ამბიონიდან, ქადაგებისას თქვა, რომ "ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო" და "ვინ ვინ არის, უკვე გამოჩნდა”.

რა თქვა მიტროპოლიტმა?

“განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. დავრწმუნდით იმაშიც, რომ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა - ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები ასევე, უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ რომ არ იგრძნობა, ეროვნული ინტერესები აღარ არის ქვეყანაში”, - თქვა,10 ნოემბერს, რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, იობმა.

  • “ჩვენს ქვეყანას სჭირდება ბრძენი ხელისუფალი”.
  • “ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის”.

მიტროპოლიტის თქმით, “ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი”, რადგან “ძირითადად სახელმწიფოდან ფინანსდება ეკლესია”.

“დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის”.

  • “როდესაც კომფორტი იქმნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება”;
  • “სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა, თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით”;

“მრევლისთვის რთული გასაგებია - ქადაგებ, რომ გაჭირვებაა, ქადაგებ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ - აი, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები. ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“, - თქვა ამბიონიდან რუის ურბნისის ეპარქიის მმართველმა.

ქადაგებაში არაერთი პრობლემაა ჩამოთვლილი:

  • “განარკომანდა ძალიან დიდი ნაწილი ახალგაზრდების";
  • "გაძლიერდა ლუდომანია, კაზინოების დაარსებით და ამისი ხელშეწყობით";

ასევე ნახეთ

საპატრიარქო განზე ვერ დარჩება - ჯაღმაიძე სამორინეებში „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ დაშვების ინიციატივაზე
  • "არც მეფეს, არც ხელისუფლებას, არც პატრიარქს არ აქვს უფლება ქართული მიწები გაყიდოს".
  • "იყიდება ეს მიწები და ე.ი. ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება".
  • "ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სამაგიეროდ, სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში… თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ჩვენ სულ რამდენიმე წელიწადში, უმცირესობაში აღმოვჩნდეთ”.
  • “ხომ შეიძლება სამუშაო ადგილები შეიქმნას საქართველოში დასაქმდნენ ახალგაზრდები!”
  • "ვტრაბახობთ, რომ 100 მილიარდამდე გაიზარდა შემოსავლები საქართველოში, ვის ხმარდება? ხომ ხედავთ რეები ხდება?"

ასევე ნახეთ

“ჩართეთ უცებ”, - როგორ წყვეტს სუს-ი, ვის მოუსმინოს 

ახსენა ბიძინა ივანიშვილიც.

მიტროპოლიტმა იობმა “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ცალკე , “სუსის” კრებსების კონტექსტში ახსენა.

“[სუსის კრებსები] - ლახვარი იყო ეკლესიაზე ჩაცემული, რომ ეკლესია უნდა გაენადგურებინათ, უნდა შეელახათ მისი იმიჯი და მანამდე, სანამ ამას [სუსის კრებსებს] გამოსცემდნენ, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომ პატრიარქის კრიტიკაც შეიძლება, პატრიარქიც ადამიანია, შეიძლება მასაც შეცდომები ჰქონდეს სწორედ ამას მოჰყვა მერე „სუსის კრებსები“ და ამას მოჰყვა სწორედ სუს-ის კრებსები”, - მიტროპოლიტის თქმით, ამან “ბევრი ხალხი დააბრკოლა, ბევრმა აღარ დაიწყო ეკლესიაში სიარული”; ხოლო დაპირებული გამოძიების შედეგები არ არის.

მსგავსი განცხადება ივანიშვილმა 2014 წელს, პრესკონფერენციაზე გააკეთა

“სუსის კრებსებად”,"სუსის ფაილებად" ცნობილი ფარული ჩანაწერები, 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა, ანონიმური წყაროს მიერ. ათასობით ფაილში სასულიერო პირების, ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თუ სამოქალაქო აქტივისტების კერძო საუბრების ტექსტები და პირადი ცხოვრების დეტალებია თავმოყრილი. საუბრებში მონაწილეთა ნაწილმა, მათ შორის ჟურნალისტებმა, მალევე დაადასტურეს, რომ ფაილები სრული სიზუსტით ასახავდა მათი საუბრების შინაარსს. ფაილებში ჩანდა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს - დიპლომატებსაც უსმენდნენ.

“ქართული ოცნების” მმართველობის შედეგების შესახებ მიტროპოლიტმა ასევე თქვა:

მიტროპოლიტი აკრიტიკებს საეკლესიო შესაწირის კონტროლის ახალ გეგმასაც.

“ახლა თანდათანობით შემოგვაპარეს ისიც, რომ ტერმინალები დაიგეგმა ეკლესიებში, რომ შესაწირიო იმ ტერმინალით უნდა გადაიხადოს ადამიანმა და ესეც ისეთი ეკლესიის კონტროლი იქნება - რამდენი შესაწირი და რამდენი ვისგან შენაწირი არის ეკლესიაში თანხა - აი სწორედ ამის გაკონტროლება უნდათ", - აღნიშნა მიტროპოლიტმა”.

რა უპასუხეს მიტროპოლიტს "ოცნებამ" და მისმა მხარდამჭერებმა?

მიტროპოლიტი იობი, 10 ნოემბრის ქადაგების გამო, "ოცნების" წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

"იობ ტვაიუ მაწ რა... (რუსული შრიფტი გაიჭედა და ასე მომიწია დაწერა)" - ფეისბუკზე ქართული შრიფტით რუსულად შეაგინა სასულიერო პირს "ოცნების” მხარდამჭერმა და, წლების მანძილზე, ივანიშვილის პარტიის პიარ-კონსულტანტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა.

ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ფეისბუკის ბევრმა მომხმარებელმა მიმართა შსს-ს - სამინისტროს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“, რომელსაც მოქალაქეთა ნაწილი „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს" უწოდებს, საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი ევალება. ფეისბუკპოსტების გამო ათობით ადამიანი ან დაჯარიმდა, ან დააკავეს, მათ შორისაა - ტელეკომპანია "ფორმულის" ჟურნალისტი, ვახო სანაია, რომელიც ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო მეორედ იხდის საპატიმრო სასჯელს.

„ბილწსიტყვაობა ცუდია და კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს“ - დაწერა სოციალურ ქსელში სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა. ტექსტში არც მიტროპოლიტი უხსენებია და არც ის, თუ ვინ გამოირჩევა ბილწსიტყვაობით.

14 ნოემბერს შსს-მ განაცხადა, რომ ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გინების გამო, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

ასევე ნახეთ

შსს ლაშა ნაცვლიშვილს უჩივის ფეისბუკში მეუფე იობის გინების გამო - სხდომა ჩაინიშნა

მიტროპოლიტს ცილისწამებაში დასდო ბრალი "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ, 13 ნოემბერს, ტელეკომპანია „ჯორჯიან ტაიმსის“ გადაცემაში - „რეალური პოლიტიკა“ და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მიტროპოლიტის განცხადებებს "ნული გავლენა" აქვს საზოგადოებაზე.

ხაინდრავას შეფასებით, მიტროპოლიტ იობის განცხადებები პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და გარე დაკვეთად განიხილავს, უმაღლესი იერარქიის სხვა სასულიერო პირების მიერ ამ დღეებში გაკეთებულ განცხადებებთან ერთად.

"მაინცდამაინც ანაფორები რომ გაცვიათ და ის დიდი ისენი რომ - ასე ვთქვათ, ზიზილ-პიპილოები რომ გაქვთ გარშემო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმას ვერ წვდება ჩვეულებრივი მრევლის წევრი, [რომ] ჩვეულებრივი ადამიანი ვერ ხვდება, რა ხდება", - თქვა ხაინდრავამ.

ირონიული ტონი, დაცინვა, ბრალდებები - მიტროპოლიტს სოციალურ ქსელებში, ცნობილი თუ უცნობი ანგარიშებიდან დაუპირისპირდნენ; მათ შორის მრავლად არიან ტროლებიც.

“რუსეთზე მეტი მიწა აქვს ოკუპირებული” - მიტროპოლიტის კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთების გრძელი ჩამონათვალი პროსახელისუფლებო”იმედის” სიუჟეტშიც მოხვდა.

“სამწუხაროა, რომ მავანნი ცდილობენ ადამიანის პირადი, მემკვიდრეობით მიღებული და კანონიერი ქონების თემით მანიპულირებას და ამ გზით საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების გაღვივებას”, - დაწერა ფეისბუკზე რუის-ურბნისის ეპარქიამ. იქვე იყო განმარტება, რომ მიტროპოლიტმა ყაზბეგში არსებული მიწების დიდი ნაწილი “მემკვიდრეობის გზით მიიღო საკუთარი დედის - აწ განსვენებული მონაზონ მართას (ელოშვილის) გარდაცვალების შემდეგ” და ასევე სხვა მიწის ნაკვეთებიც - “არის სრულიად კანონიერი გზით, ოჯახური მემკვიდრეობით მიღებული ან საეკლესიო-სამეურნეო დანიშნულებით შეძენილი და რეგისტრირებული ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება ეპარქიის საჭიროებებს”.

ეპარქიის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული მიტროპოლიტ იობის ხმაურიანი ქადაგების ვიდეოჩანაწერიც.

“ქართული ოცნების” მოკავშირეებმა და მხარდამჭერებმა მიტროპოლიტს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებებით დესტაბილიზაციის მცდელობაშიც დასდეს ბრალი და მისი ქმედებები “ნაციონალურ მოძრაობას” დაუკავშირეს.

"მთავრობის „ურწმუნოდ“ და „არაეკლესიურად“ მოხსენიება, ხოლო შემდეგ პირდაპირი მოწოდება, რომ „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“ და „ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“, ფაქტობრივად, ამბიონიდან ხელისუფლების შეცვლისკენ ღია პოლიტიკური მოწოდებაა", - დაწერა ფეისბუკზე "ქართული ოცნების” განაყოფი პარტიის - “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა, თამთა მეგრელიშვილმა და მისი პოსტი აქტიურად გაავრცელეს ხელისუფლების მხარდამჭერმა მედიასაშუალებებმა.

მმართველი პარტიის მხარდამჭერმა ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ მიტროპოლიტის ქადაგება 28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას დაუკავშირა.

“დააკვირდით, მეუფე იობმა თავის ოპუსი (მე ასე ვუწოდებ) გამოაქვეყნა იმ დროს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის პროცესი ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტ განაყოფების აკრძალვაზე. დროში დამთხვევა შემთხვევითია? მე ამის არ მჯერა. ის რომ მეუფე იობის ეს განცხადება გაკეთდა 28 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებული მასშტაბური აქციის წინ, არც ეს მგონია შემთხვევითი, და არც ის მგონია შემთხვევითი, ასე ორგანიზებულად რომ შეუერთდნენ მის მოწოდებას ცალკეული მღვდელთმთავრები”, - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მიტროპოლიტ იობს ღიად დაუჭირა მხარი მიტროპოლიტმა ილარიონმა (მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია); საჯაროდ გამოხატა სოლიდარობა ეპისკოპოსმა გიორგიმ (მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია; იობის შეურაცხყოფა დაგმეს ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია) და დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ (საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი)

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მიტროპოლიტ იობს ამბიონის პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოყენებაში დასდეს ბრალი.

“სამწუხაროა, როდესაც ამბიონის გამოყენება ხდება არაზუსტი, არასწორი ინფორმაციის გასავრცელებლად და უკეთესი იქნებოდა, თუ რაიმე კითხვა არსებობს სასულიერო პირის მხრიდან, შესაბამისი კომუნიკაცია მოხდეს და თითოეულ კითხვას გაეცემა პასუხი, მით უმეტეს, როდესაც მთელ რიგ შემთხვევებში არასწორი ინფორმაციის გავრცელება მოხდა”, - თქვა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, 12 ნოემბერს.

ასევე ნახეთ

"ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო" - მიტროპოლიტი იობი ახალ ქადაგებაში

არის თუ არა მიტროპოლიტი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა, 13 ნოემბერს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ - მიტროპოლიტი იობი “არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და, პირიქით, ის ხშირად აკრიტიკებდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ბეჟაშვილმა ასევე თქვა, რომ ეთანხმება მიტროპოლიტის ბოლო ქადაგებაში გამოთქმულ მოსაზრებებს.

საჯარო წყაროებში ადვილად იძებნება წლების განმავლობაში მიტროპოლიტ იობის მიერ “ქართული ოცნების” მხარდაჭერის დამადასტურებელი განცხადებები.

2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, ის ასევე ამბიონიდან მოუწოდებდა მრევლს, არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილება მიეღოთ და "უარესებში უკეთესი ავირჩიეთ" - თქვა მიტროპოლიტმა 2026 წლის 10 ნოემბრის ქადაგებაში.

“ზვიად გამსახურდიას შემდეგ, მეორეა ეს მთავრობა, რომელმაც ეროვნულ პლატფორმაზე დააყენა ეს ქვეყანა”, “ჩვენ გვებრძვიან როგორც შიდა, ისე გარე მტრები”, “როგორ შეიძლება ამ შავსა და თეთრს შორის განსხვავება ვერ დაინახო“, - თქვა მიტროპოლიტმა იობმა 2024 წლის დეკემბერში, ასევე ამბიონიდან, თბილისში პროევროპული აქციების მწვავე ფაზის დროს და ეს განცხადება “იმედის” არქივშიც იძებნება. მიტროპოლიტი მაშინ აკრიტიკებდა მომიტინგეებს და მათ მხარდამჭერ სასულიერო პირებსაც.

ასევე ნახეთ

სპეცრაზმის სანქცირებულმა ექსუფროსმა „ხარებამ“ ტაძრის აშენება დააფინანსა

2025 წლის 7 დეკემბერს, მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა), ისევ ამბიონიდან ქადაგებისას, მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის, „სპეცრაზმის“) ყოფილ უფროსს, მშვიდობიანი აქციების ძალადობით ჩახშობის გამო აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ზვიად („ხარება“) ხარაზიშვილს - სოფელ საღოლაშენის წმ. ეკატერინეს ტაძრის მშენებლობისთვის.

ამავე ტაძარში წირვის დროს - მიტროპოლიტმა იობმა „ხარებასთან“ ერთად „ქტიტორად“, ანუ ეკლესიის მაშენებლად - ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილიც დაასახელა, მათ მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ - “ადამიანს ირჩევს უფალი, რომ ტაძარი ააშენოს და რაღაც დამსახურება აქვს ალბათ ღვთის წინაშე ასეთ ადამიანებს“.

ამ წირვას ზვიად ხარაზიშვილთან ერთად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ასევე აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ვახტანგ გომელაური ესწრებოდა.

ვინ არის “ეკლესიის მტერი”?

საპატრიარქოს თუ ცალკეული სასულიერო პირების კრიტიკოსებს ხელისუფლება წლების განმავლობაში შერაცხავდა “ეკლესიის მტრებად” და “ეკლესიის მაგინებლებად”.

ტოლერანტობის ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, თეოლოგ ბექა მინდიაშვილს “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ სხვადასხვა დროს არაერთხელ უწოდა “ეკლესიის მტერი” - მაშინაც, როდესაც მინდიაშვილმა სტალინის გამოსახულებიანი მატრონას ხატის სამების ტაძარში შეტანა გააპროტესტა.

“წლების განმავლობაში, მათ [ხელისუფლებას] პოლიტიკურ იარაღად აქვთ ქცეული რელიგიური რიტორიკა, რაც მათ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად სჭირდებათ… მიტროპოლიტმა იობმა კი, მათ “ფარისევლობის ნიღაბი ჩამოხსნა… ხელისუფლება შეაფასა როგორც ანტიეკლესიური, ურწმუნო, რომელიც ისწრაფვის სწორედ იქითკენ, რომ ეკლესია გამოიყენოს საკუთარ პოლიტიკურ იარაღად - მისი [მიტროპოლიტის] მხილების ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ეს იყო”, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

ასევე ნახეთ

ისევ "ანტიქრისტიანებზე", "ეკლესიის მაგინებლებზე" - საპატრიარქო და პოლიტიკა საქართველოში

მინდიაშვილი მიტროპოლიტ იობს პირადად იცნობს, ჯერ კიდევ იმ დროიდან როდესაც სასულიერო პირი მარტყოფის მონასტრის არქიმანდრიტი იყო.

“ამ მონასტერში ვცხოვრობდი 90-იანი წლების დასაწყისში. მიტროპოლიტი იობი არის აბსოლუტურად ასკეტური ადამიანი, თავისი სამართლიანობის წესებით, თავისი გაგება ეკლესიისა და ერისა და ის ამ ყველაფრის ერთგულია. კონსერვატორული შეხედულებები აქვს - შეიძლება ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ ის უაღრესად თავმდაბალი ადამიანია და რასაც ის ამბობს, ამბობს გულწრფელად”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბექა მინდიაშვილი.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი საქართველოს პატრიარქობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი იყო, პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ 2026 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ არჩევნებზე.

ასევე ნახეთ

სამ საპატრიარქო კანდიდატს შორის - მიტროპოლიტი იობი და რაც მასზე ვიცით

"არსად წერია, რომ ხმის ამოღების უფლება არ გვაქვს"

“კანონის წინაშე მეუფე იობი არ არის დამნაშავე. სად წერია, რომ - ამბიონიდან უკმაყოფილების გამოხატვა არ შეუძლია მღვდელმთავარს ან მღვდელს? “ოცნების” დეპუტატები ამბობენ - ამბიონს პოლიტიკისთვის იყენებსო … როდესაც, მაგალითად, მიტროპოლიტი სტეფანე ამბიონიდან აქებდა და ადიდებდა მთავრობას, ხოლო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პროტესტის გამო ქუჩაში დაწამლეს და სცემეს, ეძახდა ლგბტ-ს წარმომადგენლებს - ევროპაში უნდათო გათხოვებაო - ეს მოწონდა “ქართულ ოცნებას”?! შერჩევითია [ეს მიდგომა] და არსად არ წერია, რომ ხმის ამოღების უფლება არ გვაქვს… ამ შემთხვევაში მე არ ვიცავ მეუფე იობს, მე სიმართლეს ვიცავ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელსაც, პროევროპული აქციის მხარდაჭერისთვის და გაკეთებული განცხადებებისთვის, ამ ეტაპზე მღვდელმსახურება შეჩერებული აქვს.

მანამდე, არქიმანდრიტს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

სასულიერო პირი ჩვენთან საუბრისას იხსენებს, თუ როგორ უწოდა მას “გოთვერანი” “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ. არქიმანდრიტს მან “ანაფორაში გამოპარჭყული ნაციც” უწოდა.

“მე მარტო ქრისტე მიცავს” - ასე პასუხობს ყურაშვილი შეკითხვას - გამოესარჩლა თუ არა მიტროპოლიტი იობი, როდესაც მას მღვდელმსახურება შეუჩერეს.

“მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მის მისამართით, რომელიც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს. საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი”, - დაწერა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფეისბუკგვერდზე სამსახურის უფროსმა - დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ამბობს, რომ მიტროპოლიტ იობის დიდი ავტორიტეტის გათვალისწინებით, საპატრიარქო იძულებული გახდა ასეთი განცხადება მაინც გამოექვეყნებინა; თუმცა ის შენიშნავს ასევე, რომ ტექსტი ზოგადია და არ ჩანს, კონკრეტულად ვისკენაც არის ეს სიტყვები მიმართული.

კონკრეტული იყო სინოდის კიდევ ერთი წევრი, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი [ქიტიაშვილი]:

“ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ზურგს აქცევს და ერის გამანადგურებელ პროცესებს უწყობს ხელს, თავადვე შორდება საღვთო მადლს”, - დაწერა მან და დაეთანხმა რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტს, რომ “ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით”.

ბექა მინდიაშვილი ვარაუდობს, რომ მიტროპოლიტის 10 ნოემბრის ქადაგება "თავზარდამცემი" იქნებოდა “ქართული ოცნებისთვის”, რადგან იობი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი სასულიერო პირია, მხარდამჭერების დიდი არმიით - "რომლებსაც, შესაძლოა, ამ ქადაგებით აეხილათ თვალი".

ასევე ნახეთ

„პატრიარქის მისაკუთრება“ არაბუნებრივი ერთობით - ზღვა ხალხი, გამომშვიდობება საშვებით და გარეთ დარჩენილები