მიტროპოლიტი გრიგოლი, პატრიარქობის კანდიდატი: რაც საჯაროდ ცნობილია

ფოთისა და ხონის მიტროპოლიტი გრიგოლი

2026 წლის 28 აპრილს გამართულ სინოდის სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოვლინდა.

მათ შორისაა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში - გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილიც.

„მეორე ილია II ვეღარ გვეყოლება“

სინოდის მიერ პატრიარქობის კანდიდატად დასახელებამდე ორი დღით ადრე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა, რომ დასრულდა პატრიარქის ეპოქა და რომ "მეორე ილია II ვეღარ გვეყოლება“ და ახლა ვინც არ უნდა გახდეს პატრიარქი, მისთვის ეს იქნება გოლგოთა, რადგან „პატრიარქობა დიდი ტვირთია“.

რა ვიცით მასზე?

მიტროპოლიტი გრიგოლი - გურამ ბერბიჭაშვილი - ფილოსოფიის დოქტორი და პროფესორია.

საპატრიარქოში ის გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტს თავმჯდომარეობს.

დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს თბილისში. დაამთავრა 134-ე საშუალო სკოლა და შემდეგ სწავლობდა უკრაინაში, ქალაქ კრივოი-როგის სამოქალაქო ავიაციის სასწავლებელში.

ასევე ნახეთ

პატრიარქობის კანდიდატები არიან შიო მუჯირი, იობ აქიაშვილი და გრიგოლ ბერბიჭაშვილი

გზა ეკლესიისკენ

  • 1986-1987 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი თბილისის დიდმოწამე ბარბარეს (ქვემო) ეკლესიაში ჯერ სტიქაროსანი იყო, შემდეგ მნათე.
  • 1988-1991 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა სწავლა, 1991-1994 წლებში – თბილისის სასულიერო აკადემიაში.
  • 1989 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველში დიაკვნად აკურთხეს და ბათუმის საკათედრო ტაძარში გაამწესეს მსახურებისთვის.
  • 1990 წლის 24 მარტს კი - მღვდლად, რის მერეც ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვარი გახდა.
  • 1991 წლის 6 მაისიდან კი, პარალელურად, ახალამოქმედებული აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

1993 წლის ივლისში ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა, ხოლო 1994 წლის თებერვალში მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. სამი წლის შემდეგ ბერად აღიკვეცა და სახელად გრიგოლი ეწოდა. იმავე წელს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა და მიტრისა და გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.

1996 წლის 24 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთის ეპისკოპოსად აკურთხა.

წინა დღით, 23 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში თავის გამოსვლაში თქვა, რომ მისი სურვილი იყო თავის ეპარქიაში ეკლესია-მონასტრების აღდგენა და საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობის გაგრძელება.

“ღრმად მწამს, რომ შეიძლება ადამიანი ეკლესიის გარეშე ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდეს, ზრდილობიანიც იყოს, პატიოსანიც, სახარებასაც კითხულობდეს და ქადაგებდეს, დიდ ღვაწლში იყოს, შესაძლოა წამებითაც კი აღესრულოს, მაგრამ მე არ მწამს, რომ დედა-ეკლესიის გარეშე შესაძლებელია ცხონება. ასეთი მემკვიდრეობა მიგვიღია მოციქულთაგან და ვეცდები არც რამე დავაკლო მას და არც რამე ადამიანური სიბრძნის ნაყოფი დავუმატო, არამედ ვიქადაგო და ვასწავლო ის, რაც მოციქულთაგან მიგვიღია ჩაწერილი თუ ზეპირი გადმოცემის სახით”.

2003 წლის 7 სექტემბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება.

2007 წლის 3 ივნისს კი ებოძა მიტროპოლიტის წოდება.

ასევე ნახეთ

39 ეპისკოპოსი სინოდიდან - ვის აქვს პატრიარქობის შანსი და ამბიცია?

საგანმანათლებლო საქმეები

  • 1991-1996 წლებში გამოსცემდა მართლმადიდებელ ქრისტიანთა ჟურნალ „წყაროს“. 1995 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით დაინიშნა ოზურგეთის ახლად დაარსებული წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის რექტორად.
  • 2005-2008 წლებში ხელმძღვანელობდა სახელმწიფოსთან განათლების საკითხებში ურთიერთობის საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლობით კომისიას.
  • 2010 წლის 9 ნოემბრიდან ხდება საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ "უფლის ციხის" მთავარი რედაქტორი.
  • 2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი თეოლოგიის მიმართულებით.

2017 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში თემაზე: „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ბოლო ქადაგება - ქალის როლზე აქცენტით

26 აპრილით დათარიღებულ ბოლო ქადაგებაში, რომელსაც ფოთისა და ხონის ეპარქიის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს, მიტროპოლიტი გრიგოლი ქალის როლზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, ქალი თუ საზოგადოებაში დაფასებული არ არის, ის საზოგადოება ვერ არის დიდი ღირებულების მატარებელი თავის თავში და ვერც შექმნის რაიმე ღირებულსო.

„ისტორიულ წარსულში, საქართველოში ქალებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ; მაგრამ დღესდღეობით მთლად ასე არ არის საქმე: მომრავლებულია ძალადობა ქალების მიმართ; ბევრი ოჯახის უღელი დღეს ქალის მხრებზეა და, სამწუხაროდ, ვგონებ, მამაკაციც მიეჩვია ამას და არცთუ იშვიათად ვხედავთ, რომ წარმატებითაც კი ირგებს იგი ამ როლს.

თანამედროვე ცხოვრების დინამიკა ქალისგან თითქოს ითხოვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას, მაგრამ დავფიქრდეთ, განა ქალი თავისი დედობის ფუნქციით და შესაბამისი ტვირთით, ნაკლებად არის ჩართული მასში? ნაკლებად ახდენს გავლენას საზოგადოების ცხოვრებაზე; ან კიდევ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ნაკლები შესაძლებლობა აქვს გავლენა მოახდინოს სამყაროზე?!“

მიტროპოლიტის ქადაგებაში ნათქვამია, რომ ქალი, რომელსაც „სუსტი სქესის წარმომადგენლად მოვიხსენიებთ ხოლმე, განუზომლად დიდი და ხანგრძლივი ტვირთზიდვის უნარით არის დაჯილდოვებული, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ამის წარმოდგენა".

სხვა ცნობილი განცხადებები: რუსეთსა და ოკუპაციაზე

გრიგოლი ხშირად ეხმაურება რუსეთის და ზოგადად, ოკუპაციის თემას.

2018 წლის თებერვალში, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ბრძოლაში დაღუპულთა სულებისთვის გადახდილი პანაშვიდის დასრულებისას, მიტროპოლიტმა გრიგოლმა ასეთი რამ თქვა:

„1921 წლის 25-მა თებერვალმა შეცვალა საქართველოს ისტორიის ვექტორი: დამოუკიდებელმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა; საქართველო, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, გაქრა მსოფლიო რუკიდან. ეს მზაკვრული და ვერაგული აქტი განახორციელა ჩრდილოელმა მეზობელმა, რომელმაც მცირე ხნის წინ სცნო საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა... დიდება და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ დღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარსული შეიძლება დაბრუნდეს და თუ ეს მოხდა, მოხდება უფრო უარესი ფორმით, ვიდრე ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ.

ჩვენ ვხედავთ გარკვეულ მცდელობებს, რომლის მიზანიც არის ჩვენს საზოგადოებაში ჩაახშოს (ან მოადუნოს) ახალაღმოცენებული ნერგი კრიტიკული აზროვნებისა. ბრძოლა გრძელდება“...

ასევე ნახეთ

"უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი მინდა გავხდე" - შეიძლება ეკლესიის შეცვლა?

„პრობლემას ვაღრმავებთ“ - კრეტის კრებაზე წაუსვლელობაზე

მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი იყო იმ სასულიერო პირებს შორის, რომლებმაც 2016 წელს, ივნისში, სინოდის სხდომაზე განაცხადეს, რომ კრეტის კრებაზე არწასვლით, ეკლესია აძლიერებდა საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს, რომ ის რუსეთის ორბიტაზე რჩება.

„მიმაჩნია, რომ კრებაზე არწასვლით ჩვენ პრობლემას არათუ ვაგვარებთ, არამედ ვაღრმავებთ კიდეც“, - თქვა მაშინ მიტროპოლიტმა.

თუმცა მაშინ სინოდის გადაწყვეტილებით, თავდაპირველი გადაწყვეტილება შეიცვალა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კრეტის კრებაზე არ წავიდა.

უკრაინაზე - „თავისუფლებას უპირისპირდება დიქტატურა“

2022 წლის 10 აპრილის ქადაგებაში მიტროპოლიტი გრიგოლი ახსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც წარსულს მისტირიან და რუსეთის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება. მისტირიან იმ რუსეთს, ამბობს ის, „სადაც თავს კომფორტულად გრძნობდნენ, რაც დიდი შეცდომა არის“:

მიტროპოლიტის თქმით, უკრაინაში „დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირისაგან მიწისა წაშლის მცდელობაა“ და მისი შეფასებით, „ჭეშმარიტება იმაშია, რომ თავისუფლებას უპირისპირდება დიქტატურა“.

უფრო ადრე, 2019 წლის თებერვალში, როდესაც "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს ჰკითხეს, რამდენად რეალურ საფრთხედ მიიჩნევს რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიის უფლებების შეზღუდვას, მან უპასუხა, რომ რუსეთი, თუ საჭიროდ ჩათვლის, „ჩაერევა ამ საკითხში, მისი ინტერესებიდან გამომდინარე“, თუმცა, მისი აზრით, ამ საკითხის დაკავშირება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან არ იქნებოდა სწორი, რადგან:

„რუსეთის ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება იქცეს ჩვენი პოზიციების განმაპირობებლად. ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ თუ კონიუნქტურის მხარეს? ერთია სიფრთხილე, მაგრამ ეს ტერიტორიები, ფაქტობრივად, არ კონტროლდება საქართველოს მიერ. იქ რუსული ჯარი დგას და ვიდრე ეს ასეა, მე არაფერ განსაკუთრებულ სიკეთეს არ ველი საქართველოსთვის“.

ასევე ნახეთ

მიდის პეტრეს გზა მონასტრისკენ?

სასულიერო პირებზე - პეტრე ცაავას განკვეთასა თუ დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე

როცა 2019 წელს, სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განკვეთეს, მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა საჯაროდ თქვა, რომ მღვდელმთავრის განყენებას „მეტი ინფორმაცია და მოსამზადებელი სამუშაო სჭირდებოდა“. თავად ის იმ სხდომას არ ესწრებოდა.

ხოლო კითხვაზე, თავად რომ ყოფილიყო სინოდის სხდომაზე, მისცემდა თუ არა ხმას მეუფე პეტრეს წინააღმდეგ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა უპასუხა, რომ თავად არავის წინააღმდეგ მისცემდა ხმას.

2019 წლის ოქტომბერში გრიგოლ ბერბიჭაშვილი „ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ მაშინ, როცა ზოგი ადამიანის შეწყალების გამო "ქვეყანა თუხთუხებს", დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაც „არ უნდა ყოფილიყო პრობლემაო“.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია. თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე ნახეთ

მეუფე გრიგოლი: მამა გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო

კორონავირუსსა და შეზღუდვებზე

2020 წლის 26 მარტს, ახალი კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში, ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საგანგებო წერილი გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ მრევლის ყველა წევრი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია, დაემორჩილოს საგანგებო მდგომარეობით გამოცხადებულ წესებს. მან მორწმუნეებს მოუწოდა, „არ გამოსცადონ ღმერთი და მეტი ადგილი დაუთმონ საღ აზრს“.

მან თქვა, რომ უჭირს იმის დაჯერება, რომ ვინმე სასულიერო პირთაგან მიიჩნევდეს, რომ თითქოს არსებული მდგომარეობა და მისგან მომდინარე საფრთხისგან მრევლის დაცვა და განრიდება „ჯვარცმული ქრისტესა და ქრისტიანობის ღალატს ნიშნავს“.

მაშინ მიტროპოლიტმა თვისი ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს რეკომენდაციებით მიმართა და ურჩია, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, მორიდებოდნენ ზედმეტად სახლიდან გასვლას, ხოლო ადამიანებთან ურთიერთობისას დაეცვათ ე.წ. სოციალური დისტანცია, მათ შორის ეკლესიაში ყოფნისას.

ნინოწმინდის პანსიონზე: შეიძლება საქმე აქამდე არ მისულიყო, კარი თავის დროზე რომ გაეღოთ

2021 წლის ივნისში, როცა ნინოწმინდის პანსიონის ამბავი გახმაურდა და გავრცელდა ინფორმაცია იქ მყოფ ბავშვებზე ძალადობაზე, მიტროპოლიტმა გრიგოლმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პანსიონის კარის დახურვამ, სამართლიანად იყო დახურული თუ უსამართლოდ, ძალიან ბევრი ეჭვი აღძრა.

„შეიძლება საქმე აქამდე არ მისულიყო, კარი თავის დროზე რომ გაეღოთ“, - თქვა მან.

მაშინ ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელები ღიად ალაპარაკდნენ პანსიონში არსებულ გაუსაძლის პირობებზე.

ასევე ნახეთ

ნინოწმინდის პანსიონი ერთი წლის შემდეგ: უპასუხო კითხვები და ბავშვზე ზრუნვის „ჩამოშლილი სისტემა“

სააკაშვილის ციხეში ყოფნაზე

„ჩვენ გვმართებს მიმდინარე მოვლენების აღქმა მასშტაბურად, ისტორიულ ჭრილში და არა ფრაგმენტულად“, - დაწერა 2021 წლის 13 ოქტომბერს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ეპარქიის ფეისბუკგვერდზე, როცა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს გამოეხმაურა, - „საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს“.

მიტროპოლიტის აზრით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა:

„და ეს, უწინარეს ყოვლისა, სჭირდება არა მას, მიხეილ სააკაშვილს, არამედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების სამომავლო ინტერესებს".

სუსის „კრებსებზე“

"ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე", - ასე გამოეხმაურა მიტროპოლიტი გრიგოლი 2021 წლის სექტემბერს, საპატრიარქოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალების საჯაროდ გავრცელების ამბავს.

მისივე თქმით, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში "ტოტალურად ყველას უსმენენ".

„როცა ვახსენე მე საბჭოთა პერიოდი, მაშინ ყველას უსმენდნენ, მაგრამ ასეთი რამეები ნაკლებად კი არა და, მგონი, არ ხდებოდა... მე იმედი მაქვს, რომ უკეთეს შემთხვევაში ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული გაკვეთილი იქნება სამომავლოდ. თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავიტანეთ ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ზემოქმედების გარეშე. ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე. იმიტომ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში უნდობლობის გაჩენა, მეტი დაპირისპირება", - განაცხადა მაშინ მიტროპოლიტმა.

ასევე ნახეთ

5 ივლისი: რატომ მოიხსნა ჯგუფური ძალადობის ბრალდება

„არ არის მოსაწონი“ - "თბილისი პრაიდის" კონტრაქციაზე თავდასხმაზე

2021 წლის 10 ივლისს მან ღიად დაგმო 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მონაწილეებზე ძალადობა და თქვა, რომ „ნებისმიერი სახის ძალადობა ქრისტიანთაგან არ არის მოსაწონი და, პირიქით, დასაგმობიც არის“. მიტროპოლიტის სიტყვებით, გასარკვევი ის არის, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ - ეს კითხვები კი, საპატრიარქოს შესაბამისი კომისიაზე უნდა დაისვასო.

მიტროპოლიტი 15 წლის ლუკა სირაძის სიკვდილზე

„ლუკას ამბავმა ჩვენ უნდა გამოგვაფხიზლოს“, - განაცხადა 2019 წლის დეკემბერში მიტროპოლიტმა გრიგოლმა და 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს მიუსამძიმრა.

„ასეთ დროს ალბათ დუმილი გვმართებს, თუმცა არა დადუმება იმის გამო, რაც მსგავს უბედურებებს იწვევს... ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გეპატრონეთ, ვერ გაგიფრთხილდით, ვერ გულისხმა ვყავით შენი ძახილი და ვერ დაგიცავით“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ

აქ იყო ლუკა - 15 წლის ბიჭის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ

ლუკა სირაძე 2019 წლის დეკემბერში კლინიკაში მძიმე ტრავმებით გარდაიცვალა, მალევე ამ ამბიდან ქუჩებში გაჩნდა წარწერები: “ამ ცხოვრების დედაც." ლუკას სიკვდილის ფაქტით შეძრული საზოგადოება მსჯელობდა იმაზე, რომ ლუკა პოლიციაში სწორედ ამ ფრაზის გამო მოხვდა, რომელიც ყოფილი სკოლის კედლებზე მიაწერა, თვითმკვლელობის გადაწყვეტილება კი დაკითხვის სისასტიკემ მიაღებინა

პროტესტში მყოფ ახალგაზრდებსა და „სადავო კანონებზე“

2024 წლის მაისში, როცა ახალგაზრდობა რუსული ყაიდის „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ქუჩაში გავიდა, მიტროპოლიტი აცხადებდა, რომ უსამართლობა იყო ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დატუქსვა და განკითხვა.

„მათზე მსჯელობისას, განზოგადოებულად იმის თქმა, რომ მათ არ გააჩნიათ ღირებულებები, რომ არიან ურწმუნონი, რომ არიან უხეშები, რადგან ყოველგვარი რევერანსების გარეშე გამოხატავენ თავის აზრს, ვფიქრობ, არასწორია და ასეთი რიტორიკა არის უკუშედეგის მომტანი“, - მიტროპოლიტ გრიგოლის სიტყვებით, საქართველოში დღეს იზრდება ჯანსაღი თაობა, რომელსაც არც თავისუფალი აზროვნება არ უჭირს, არც გულწრფელობა არ აკლია და „ჩვენგან განსხვავებით - არც გამბედაობა“.

მანამდე, 2024 აპრილში კი, ხალხმრავალი საპროტესტო აქციებისას მიტროპოლიტი გრიგოლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, ამ პროტესტის გათვალისწინებით, შეეწყვიტა საქართველოს პარლამენტში სადავო კანონპროექტის განხილვა და ამით უარი ეთქვა „დაძაბულობის ესკალაციის რისკზე“.

ასევე ნახეთ

მიტროპოლიტი გრიგოლი ხელისუფლებას სადავო კანონპროექტის განხილვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

"მიმაჩნია, რომ ეს გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას, ხოლო ჩვენს სამშობლოს ააცილებს იმ საფრთხეს, რასაც დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს და შექმნილ ვითარებაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას“, - ასე მიმართავდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი საქართველოს მთავრობას.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე

„ვფიქრობ, ეს საკითხი დაჩქარებულ განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს. პირადად მე არ შევედი განხილვაში და არც ვაპირებ შესვლას, რადგან მეტი სიდინჯით მიდგომა სჭირდება, მეტი აწონ-დაწონვა და არ მიმაჩნია, რომ დღეს სახელდახელოდ, სასწრაფო იყოს ამის განხილვა“, - ასე გამოეხმაურა მიტროპოლიტი გრიგოლი 2024 წლის აგვისტოში მმართველი პარტიის იდეის განხილვას საპატრიარქოში, სადაც ეპისკოპოსები მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განსახილველად შეკრიბეს.

ასევე ნახეთ

მიტროპოლიტ გრიგოლის თქმით, პატრიარქის სურვილია, დაჩქარებულად არ განიხილონ „ქართული ოცნების“ იდეა

ეს მხოლოდ ნაწილია მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილის საჯაროდ გამოხატული პოზიციებისა. შარშან ამ დროს მან ისიც თქვა, „ ქართველის ერის სახელმწიფოებრივი ცნობიერება დიდ საფრთხეშიაო“.

ასევე ნახეთ

სინოდის სხდომა დაიწყო - დღეს პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ

როდის აირჩევენ ახალ პატრიარქს?

2026 წლის 17 მაისამდე ახალი პატრიარქი უკვე არჩეული უნდა იყოს.

ახალი პატრიარქი დღეს გამორჩეული სამი კანდიდატურიდან ირჩევა.

გამარჯვებისთვის საჭიროა მინიმუმ 20 ხმა - კრების მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირმა კანდიდატების კენჭისყრისას მიიღო 20 ხმა. მიტროპოლიტებმა გრიგოლმა და იობმა 7-7.

საერთო კრებისას, რომელიც 17 მაისამდე უნდა გაიმართოს, თუკი საბოლოო კენჭისყრით ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ხელმეორე კენჭისყრა გაიმართება.

აქ კენჭს უყრიან მხოლოდ ორი კანდიდატს, რომელთაც პირველ ჯერზე ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

რა კრიტერიუმებით აირჩევენ?

პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა - ამ კრიტერიუმს სინოდის 39-დან 30 წევრი აკმაყოფილებს.

პატრიარქობისთვის აუცილებელია საღვთისმეტყველო განათლება - ასეთია ასევე 30 წევრი (მათ რუსეთსა და საქართველოში სასულიერო სემინარიებსა და აკადემიაში აქვთ განათლება მიღებული).

გამორჩეული მღვდელმსახურების გამოსაკვეთად შეიძლება გამოდგეს მათთვის პატრიარქის მინიჭებული უმაღლესი ჯილდო, სკუფიაზე [მღვდელმსახურის თავსაბურავი] ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, - 2026 წლის 17 მარტს, ჰოსპიტალიზაციის მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, იგი თითქმის ნახევარი საუკუნე უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.