7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები საგანგებო ყურადღებას იპყრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც: არჩევნების წინ მოსკოვი ერევანს ომითაც დაემუქრა. აშშ კი ფაშინიანის მმართველობას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს.
საბოლოო ჯამში უნდა გადაწყდეს - გააგრძელებს სომხეთი სვლას ევროკავშირისკენ თუ ისევ რუსეთის ორბიტაზე გაიმყარებს ადგილს?
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტიის ძირითადი კონკურენტები პრორუსული ძალები არიან. მათ რიგებშია კრემლის რჩეული - დაპატიმრებული მილიარდერის სამველ კარაპეტიანის პოლიტიკური ალიანსი.
ფაშინიანის პარტია ლიდერობს ბოლო კვლევებითაც [32%]. კონკურენტებს გაცილებით დაბალი მხარდაჭერა აქვთ, თუმცა “სამოქალაქო კონტრაქტის” მაჩვენებლებიც არასახარბიელოა 5 წლის წინანდელი ვადამდელი არჩევნების შედეგებთან შედარებით. არჩევნებს არაპროგნოზირებადს ხდის - ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლების სიმრავლე.
დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა
“რუსები სულაც არ არიან ბედნიერები ჩვენი იქ [სომხეთში] ყოფნით”; “არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ სურთ მოქმედი პრემიერ-მინისტრის [ნიკოლ ფაშინიანის] დამარცხება არჩევნებში, აშშ-თან მზარდი ურთიერთობების შედეგად“ - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, 3 ივნისს; ხაზი გაუსვა, რომ - აშშ სომხეთის სუვერენიტეტს არ ეხება და არც სხვა ქვეყნებისგან მის გამიჯვნას ცდილობს.
ასევე ნახეთ
აშშ მხარს უჭერს სომხეთის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი - სახელმწიფო დეპარტამენტი არჩევნებამდე 2 დღით ადრე“ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ მათთან ურთიერთობა გვქონდეს, რაც მხოლოდ მშვიდობაზე არ არის დაფუძნებული“, - სომხეთთან სამომავლო პერსპექტივებს მარკო რუბიო კვლავ TRIPP-ს უკავშირებს - აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით შექმნილ პროექტს - „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის [TRIPP]”.
რუბიო სიკეთეებს ჩამოთვლის:
- “მშვიდობა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია”.
- “ამერიკული კომპანიები და ამერიკელი დასაქმებულები მიიღებენ სარგებელს, თუმცა მთავარ სარგებელს სომეხი ხალხი მიიღებს, ამ დერეფნის გახსნით”.
- “[TRIPP-ს] შესწევს ძალა, ძალიან მძლავრად გარდაქმნას სომხეთის ეკონომიკა“.
„ეს [TRIPP] ნამდვილად იძლევა შესაძლებლობას, რევოლუციურად შეიცვალოს სომხეთის სტრატეგიული მდებარეობა და ის გახდეს მთავარი სავაჭრო ჰაბი რეგიონში” - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
ასევე ნახეთ
ტრამპმა ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადაასევე ნახეთ
ევროკავშირი სომხეთს მხარდაჭერას ჰპირდება, რუსეთის მხრიდან ზეწოლის ფონზეფაშინიანის მთავრობას მხარს უჭერენ ბრიუსელიდან - ევროკავშირთან დაახლოებისკენ ერევნის მკაფიო მისწრაფების ფონზე. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ერევანს გამოუყოფს 50 მილიონ ევროზე მეტს და დაეხმარება ევროპის ბაზარზე სომხური პროდუქციის შეტანაში, რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვების ფონზე.
ფაშინიანის მთავრობა ჰპირდება სომხეთის მოქალაქეებს, რომ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას 2 წელიწადში შეძლებენ.
- 1 ივნისს, ფაშინიანმა უარყო მოსკოვის მოწოდება, ჩაატაროს რეფერენდუმი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე;
- ფაშინიანი თვლის, რომ რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერევანი ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურად შეიტანს განაცხადს.
სომხეთის პრემიერის შეფასებით - რუსეთთან ურთიერთობები „გარდაქმნის ფაზაშია“.
ნიკოლ ფაშინიანი
რუსეთის მუქარა
„ტრამპის გზის“ ერთ-ერთი მიზანი ირანის საზღვრებთან ამერიკული სამხედრო და სადაზვერვო ყოფნის უზრუნველყოფაა - განაცხადა 5 ივნისს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალექსეი შევცოვმა.
მის სიტყვებში იყო მუქარა- ირანის მხრიდან რეაგირების კონტექსტში - და კითხვა: “აუცილებელია თუ არა უცხოური [აშშ] სამხედრო ყოფნა, თუნდაც კერძო სამხედრო კომპანიის სახით, ვთქვათ, საქართველოსთვის ან აზერბაიჯანისთვის?”.
მანამდე, თავად პუტინიც დაემუქრა სომხეთს.
"უკრაინაში კრიზისი, ოდესღაც, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობით დაიწყო", - ბევრმა სწორედ ომის დაწყების მუქარად აღიქვა რუსეთის პრეზიდენტის, სიტყვები - წარმოთქმული, 29 მაისს, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრაზე, ასტანაში.
ასევე ნახეთ
ევრაზიული კავშირი იმუქრება, რომ სომხეთს წევრობას შეუჩერებს და მას რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდებსასევე ნახეთ
ფაშინიანის თქმით, სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს“სომხეთის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ქვეყანა ხელოვნური არჩევანის წინაშე დააყენა - რომ ძალდატანებით გაკეთდეს არჩევანი ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის”, - თქვა 5 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. “იზვესტიასთან” პესკოვი ფაშინიანის ხელისუფლების არჩევანს ილუზიასაც უწოდებს და ამატებს, რომ - "თუკი სასწორის ერთ მხარეს ევროპული ინტეგრაცია იქნება, ხოლო მეორე მხარეს ევრაზიული, მაშინ ეს უკანასკნელი აღმოჩნდება უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო სომხეთისთვის”.
რუსეთთან ერთად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები - ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები მოუწოდებენ სომხეთს, ჩაატაროს რეფერენდუმი შეკითხვით - ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი. 29 მაისს, ასტანაში გამართული სამიტის შემდეგ სპეციალური განცხადება სომხეთის ვიცე-პრემიერ გრიგორიანს გადაეცა. ის სამიტზე პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ნაცვლად იმყოფებოდა.
4 ივნისს, რუსეთის საგარეო უწყების სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ არავის აწყობს სომხეთის „ორ სკამზე ჯდომა“ და რუსეთი მით უფრო არ აპირებს - ევრაზიულ კავშირში მიღებული სარგებლით - სომხეთს „ევროკავშირისკენ გზა დაუფინანსოს“.
„ეს გაერთიანება [ევროკავშირი] ატარებს ღიად მტრულ ხაზს ჩვენი ქვეყნისა და სხვა ქვეყნების მიმართ, მხარს უჭერს კიეველ ტერორისტებს“, - თქვა ზახაროვამ და ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის არჩევნებში არ ერევა რუსეთი.
მაგრამ ყველასათვის შესამჩნევია, რომ სწორედ არჩევნების თემატიკა იყო დაპირისპირების მთავარი საკითხი - პუტინსა და ფაშინიანს შორის, 1 აპრილს გამართული დაძაბული შეხვედრის დროს.
ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი მოსკოვში. 2026 წლის 1 აპრილი
რუსეთის პრეზიდენტმა ღიად დაუჭირა მხარი პრორუსულ ძალებს სომხეთში და განსაკუთრებით - „რუს ოლიგარქად“ წოდებულ სამველ კარაპეტიანს.
ფაშინიანმა მკაფიოდ და მკაცრად უპასუხა პუტინს, რომ კარაპეტიანი მოქმედ პოლიტიკურ ფიგურად არ განიხილება და ადამიანი რუსული პასპორტით [ორმაგი მოქალაქე] სომხეთში ვერ გახდება ვერც დეპუტატი და ვერც - პრემიერ-მინისტრი.
ამის შემდეგ, მალევე - კიდევ უფრო გამკაცრდა მოსკოვის ტონი და გაძლიერდა სადამსჯელო ბერკეტებიც. რუსეთმა დაიწყო სომხური პროდუქციის დაწუნება და თანდათანობითი აკრძალვა.
ასევე ნახეთ
სომხური კალმახი და ყველი რუსეთს ისევ აღარ მოსწონს - პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრის შემდეგსამველ კარაპეტიანი - პუტინის რჩეული ოლიგარქის მხარდამჭერი ბლოკი ფაშინიანის პარტიის მთავარი კონკურენტია.
სწორედ "ძლიერი სომხეთისთვის" რეგისტრაციის გაუქმების საკითხზე მსჯელობდა სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე დღე-ნახევრით ადრე, 5 ივნისს, ღამით გამართულ სხდომაზე, რომელიც უარყოფითი გადაწყვეტილებით დასრულდა.
„2026 წლის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, არჩევნებში მონაწილე პარტიათა ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ და მასთან დაკავშირებული პირების მიერ, მათი ნებართვით, წახალისებით ან თანხმობით, სავარაუდოდ, განხორციელდა ამომრჩევლის მოსყიდვისა და სხვაგვარი ფარული ქონებრივი დაინტერესებისკენ მიმართული მრავალი ქმედება“, - ეწერა ცესკოში პარტია “რესპუბლიკის” მიერ წარდგენილ განაცხადში. პარტიაში აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნა ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციას ეყრდნობა.
ბოლო პერიოდში, ათეულობით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ. ამ საქმეების უდიდესი ნაწილი სამველ კარაპეტიანის ბლოკის წარმომადგენლებს შეეხება და ბრალდებათა დიდი ნაწილი ამომრჩეველთა მოსყიდვას უკავშირდება.
პარტია „ძლიერი სომხეთი“ უარყოფს ამომრჩეველთა მოსყიდვას ანდა ასეთი განზრახვის არსებობას.
ცესკოს უარის შემდეგ, მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა - სასამართლოა. განაცხადის შეტანისას ითქვა, რომ, ცესკოს უარის შემდეგ სასამართლოსაც მიმართავენ. თუმცა, ჯერ არ ჩანს - რამდენად მოესწრება ეს პროცედურა.
სამველ კარაპეტიანი
"წარმავალი ფაშინიანი ხვდება, რომ კარგავს ძალაუფლებას, ამიტომ გადაერთვება შოუზე, საკუთარი სატელიტი ძალის ორგანიზებით. რაც უფრო ვძლიერდებით, მით უფრო იზრდება შიში ჩვენი მცირე ჯგუფის მიმართ. მზად ვართ ყველა სცენარისთვის. ეს ყველაფერი ორ დღეში დასრულდება. საზოგადოებრივ ტელევიზიაში დამარცხებული ფაშინიანი მალე არჩევნებშიც წააგებს“, - განაცხადა “ძლიერმა სომხეთმა” მალევე, რაც მათი გაუქმების მოთხოვნით ცესკოს “რესპუბლიკურმა პარტიამ” მიმართა.
- ამას წინ უსწრებდა სატელევიზიო დებატები [4 ივნისს], სწორედ რომლის დროსაც ილაპარაკეს “ძლიერი სომხეთისგან” მომავალი საფრთხეების შესახებ: ფაშინიანმა ურჩია ოპოზიციონერებს, მათ შორის - რესპუბლიკური პარტიის ლიდერს - სარგსიანს მიემართათ ცესკოსთვის ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. სამველ კარაპეტიანის ალიანსის - “ძლიერი სომხეთის” გარდა, საუბარი შეეხებოდა რობერტ ქოჩარიანის ალიანსს - “სომხეთი”.
- თუმცა როგორც რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს სარგსიანის თანამებრძოლმა, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგორ არაქელიანმა უთხრა - ცესკოში შეტანილი განაცხადით, რეგისტრაციიდან მხოლოდ კარაპეტიანის პარტიის მოხსნა მოითხოვეს.
"ძლიერ სომხეთს" ახლა სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი, ნარეკ კარაპეტიანი ხელმძღვანელობს, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში - ქვეყნის სათავეში პარტია სწორედ მილიარდერი ოლიგარქის მოყვანას შეეცდება.
სამველ კარაპეტიანი დაკავებულია 2025 წლის ივნისის შემდეგ. მას ბრალად ედება ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა და ფულის გათეთრება. 7 თვე მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საპატიმროში გაატარა, შემდეგ კი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. კარაპეტიანი დააპატიმრეს სომხური სამოციქულო ეკლესიის დასაცავად გაკეთებული განცხადებების გამო, ეკლესიასა და ფაშინიანის მთავრობას შორის გამწვავებული დაძაბულობის ფონზე.
“ძლიერი სომხეთი” მეორე ადგილზეა - 6%-იანი მაჩვენებლით [IRI].
„სამოქალაქო კონტრაქტის“ მთავარ კონკურენტებად ასევე სახელდებიან პრორუსული პოლიტიკური ძალები:
- სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის „სომხეთი“ - 3% [IRI]
- ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის „აყვავებულ სომხეთი“ – 1% [IRI]
რობერტ ქოჩარიანი
„გარანტიას გაძლევთ, რომ ომი არ იქნება“ - განაცხადა 4 ივნისს, სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანიმა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას.
“გპირდებით, რომ გვექნება ყველაზე ძლიერი, სტაბილური ქვეყანა, საინტერესო თავისი შინაარსით, დაფუძნებული ფასეულობათა ეროვნულ სისტემაზე, სადაც მოქალაქე არ იქნება შეწუხებული უსაფრთხოების საკითხებით, ამით ხელისუფლება უნდა დაკავდეს და არა მოქალაქე”, - ქოჩარიანის სიტყვებს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ციტირებს.
ყოფილი პრეზიდენტი რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების მომხრეა. რუსეთს ის სომხეთის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფის მთავარ გარანტორად თვლის, ხოლო მთავარ მეტოქედ - თურქეთს განიხილავს.
„მთავარი საკითხი - დარჩება თუ არა სომხეთი სომხურ სახელმწიფოდ. ეს არჩევნები გადაწყვეტს - შევინარჩუნებთ თუ არა ჩვენს სუვერენიტეტს თუ გავხდებით თურქული სამყაროს დანამატი და შევასრულებთ მათ ნებას“.
ალიანსი „სომხეთი“, ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ხელმძღვანელობით, 2021 წლის ვადამდელი არჩევნების შემდეგ, სომხეთში მთავარი ოპოზიციური ძალა გახდა, მაგრამ 2022 წელს დაიშალა. ახლა კი ქოჩარიანის გუნდი ახალი შემადგენლობით აქტიურობს პოლიტიკურ ველზე. „სომხეთი“ რეიტინგებით მესამე ადგილზეა - 3%-იანი მაჩვენებლით [IRI].
ომი და მშვიდობა
ომისა და მშვიდობის თემა სომხეთის დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ლაიტმოტივი იყო.
პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სამ მთავარ ოპოზიციურ ძალას „ომის სამთავიან პარტიად“ მოიხსენიებდა. არაერთხელ განაცხადა, რომ - სექტემბერში ომი დაიწყება, თუკი მისი პარტია - „სამოქალაქო კონტრაქტი“ ამ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მიიღებს.
ასევე ნახეთ
ომის შიში - მსგავსი სიტყვები, განსხვავებული შინაარსი სომხეთსა და საქართველოშიასეთ პროგნოზს საფუძვლიანად თვლიან ექსპერტთა წრეშიც. რადიო თავისუფლებას არაერთმა სომეხმა ექსპერტმა დაუდასტურა, რომ ასეთი საფრთხე რეალურია, რადგან პრორუსული ძალები მთიანი ყარაბაღის საკითხზე კრემლისთვის ხელსაყრელი სცენარის შესაბამისად მანიპულირებენ.
მესამე პოლიტიკური ძალა, რომელსაც - 2026 წლის არჩევნებში პრორუსული ვექტორის მხარდაჭერით მონაწილეობს - ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის ბლოკი - „აყვავებული სომხეთია“. ის სომეხ ამომრჩეველს აყვავებასა და აღორძინებას ჰპირდება.
გაგიკ წარუკიანი
სომხეთში ბევრს ლაპარაკობენ წარუკიანის განსაკუთრებულ კავშირებზე რუსეთსა თუ ბელარუსში.
წარუკიანს ნათქვამი აქვს, რომ სომხეთისათვის „უმთავრეს საფრთხეს“ წარმოადგენენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი „ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი“.
წარუკიანს ეკუთვნის ქრისტეს "მსოფლიოში უდიდესი" მონუმენტის ინიციატივა, რომელსაც ერევნიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, ჰატისის მთის მწვერვალზე აგებენ. წარუკიანმა განაცხადა, რომ ააშენებს ნოეს კიდობნის მემორიალსაც, იესო ქრისტეს ქანდაკების დასრულების შემდეგ.
ასევე ნახეთ
ის (თითქმის) აღიმართა: სომხეთში „მსოფლიოში უდიდეს“ იესოს აქანდაკებენ"ეს არის პირველი გეოპოლიტიზებული არჩევნები სომხეთის დამოუკიდებლობის ისტორიაში” - ეუბნება სააგენტო როიტერსს დემოკრატიისა და უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის (კვლევითი ორგანიზაციის) დირექტორი, ერევანში - ტიგრან გრიგორიანი და მიზეზსაც ასახელებს: “ყველა მთავარ შიდა აქტორს აქვს საკუთარი გეოპოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური არჩევანი და ყველა გარე აქტორს აქვს თავისი ინტერესი ამ საარჩევნო რბოლაში”.
პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის პოლიტიკას ანალიტიკოსი “დივერსიფიკაციის პოლიტიკას” უწოდებს; მიზნად კი - “რუსეთზე ცალმხრივი დამოკიდებულების შემცირებასა და ახალ პარტნიორებთან კავშირის დამყარებას” ასახელებს და თვლის, რომ ჯერჯერობით ამ პოლიტიკამ მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლა.
„ევროკავშირისთვის სომხეთი ერთადერთი დარჩენილი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და იქ არსებული შიდა მდგომარეობის გათვალისწინებით. როდესაც ფაშინიანის მთავარი ალტერნატივა აქაც ეს პრორუსული ძალებია, ისინი (ევროკავშირი) სხვა არჩევანს უბრალოდ ვერ ხედავენ”, - ამბობს ტიგრან გრიგორიანი.
ასევე ნახეთ
ფაშინიანის პარტია და პრორუსი კონკურენტები - ერთი კვირა არჩევნებამდეწინასაარჩევნო კამპანია სომხეთში შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამდენი დაკავება სომხეთში არცერთი არჩევნების წინ არ ახსოვთ.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) დამკვირვებელთა მიერ 22 მაისს გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის თანახმად, „სომხეთის საპარლამენტო არჩევნები პოლარიზაციის პირობებში მიმდინარეობს”.