11 წელი, მე-6 უფროსი - რატომ ვერ ასრულებენ სუსის უფროსები 6-წლიან ვადას?

სუსის უფროსები ბოლო 11 წლის მანძილზე - ფოტოილუსტრაცია

თამაზ ბორაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სუსის უკვე მე-6 უფროსია. უსაფრთხოების სამსახურის არცერთ უფროსს არ ამოუწურავს კანონით განსაზღვრული 6-წლიანი ვადა. 6 უფროსიდან ერთი მსჯავრდადებულია - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, მათ შორის - ქოლცენტრების მფარველობისთვის.
  • ყველაზე დიდხანს პოსტზე სწორედ ამჟამად მსჯავრდადებული გრიგოლ ლილუაშვილი დარჩა - 5 წელი და 6 თვე [2019 წლის ოქტომბერი -2025 წლის აპრილი];
  • ყველაზე მცირე ხნით - ანრი ოხანაშვილი, არასრული ხუთი თვით [2025 წლის აპრილიდან აგვისტომდე] და გელა გელაძე - ასევე არასრული 5 თვით [2026 წლის აპრილიდან სექტემბრამდე];
  • ყველაზე მეტი წოდება - გენერალ-მაიორის ჩინამდე, არასრულ 8 თვეში მამუკა მდინარაძემ მიიღო [პოსტზე იყო 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილის ბოლომდე];
  • პირველი - სუსის უფროსის პოსტზე ვახტანგ გომელაური დაინიშნა [2015 წლის ივლისი -2019 წლის სექტემბერი], მოგვიანებით ის აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირეს;
  • “პირველი კარიერული წარმომადგენელი” სუსის უფროსად - ასე წარადგინა “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სუსის ამჟამინდელი უფროსი თამაზ ბორაშვილი.

ოფიციალური ვერსიით, სუსის არცერთი უფროსი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ. თუმცა ყოველი გადადგომა თუ გადაყვანა იწვევდა ეჭვებს - წავიდა თუ გაუშვეს? რატომ დააქვეითეს?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) 2015 წელს შეიქმნა და საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაშია. სუსის საქმიანობა მოიცავს კონსტიტუციური წყობილების, ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვასა და ტერორიზმთან ბრძოლას.

აქ ვიხსენებთ, რით გამოირჩეოდნენ “ქართული ოცნების” ხელისუფლების სუსის უფროსები? რით დაამახსოვრეს თავი სისტემას, საქართველოს მოქალაქეებს და რას აპირებენ მომავალში? რა მოვლენებს ემთხვევა პოსტიდან მათი წასვლა?

#6 - თამაზ ბორაშვილი

სუსის უფროსად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას "ქართული ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტში 16 სექტემბერს 83 ხმით დაუჭირა მხარი. ის მანამდე, 2025 წლის სექტემბრიდან უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ამ პოსტზე ის ყოფილმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, კიდევ სხვა სამ მოადგილესთან ერთად წარადგინა.

2026 წლის 15 სექტემბერს, სუსის უფროსის კანდიდატად დასახელების შემდეგ, ბორაშვილს მდინარაძე არ უხსენებია - მადლობა მან მხოლოდ წინამორბედს, გელა (გეკა) გელაძეს, გადაუხადა, რომლის მოადგილედაც არასრული 5 თვის მანძილზე მუშაობდა.

ასევე ნახეთ

მდინარაძემ 4 ახალი მოადგილე წარადგინა - მათგან ერთი ენმ-ის დროინდელი პოლიციელია

თამაზ ბორაშვილის პირველი მადლობა 15 სექტემბერს ირაკლი კობახიძეს ხვდა წილად - “გამოცხადებული ნდობისთვის”. თავად კობახიძემ კი თქვა, რომ, ბორაშვილის სახით, სუსის უფროსად პირველი “კარიერული წარმომადგენლის” შერჩევა “მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაში”.

16 სექტემბერს, როდესაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში კანდიდატის მოსმენა იმართებოდა, კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ თქვა, რომ სუსის თანამშრომლები ბორაშვილს ძალიან გულშემატკივრობენ.

ასევე ნახეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი დაამტკიცეს

კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ბორაშვილმა რუსეთი და მისი ანექსიის გეგმა ახსენა. თქვა, რომ: "საქართველოს სახელმწიფო ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან განიცდის" და, აქედან გამომდინარე, სუსის პრიორიტეტად დარჩება “რეაგირება ისეთ გამოწვევებზე, როგორიც არის საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებული ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები”.

პრიორიტეტებს შორის, მან ასევე დაასახელა:

  • საფრთხეების ადრეული გამოვლენა, პრევენცია და აღკვეთა;
  • მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში;
  • თანამშრომლობა საქართველოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან;
  • კონტრდაზვერვითი საქმიანობის გაუმჯობესება;
  • სეპარატიზმის, ნაციონალიზმის, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების მცდელობების აღკვეთა;
  • კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემების განვითარება;
  • კორუფციასთან ბრძოლა.

თამაზ ბორაშვილმა ასევე თქვა, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობდა "ინტენსიური ზეწოლა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მხრიდან". ვის გულისხმობდა - არ დაუკონკრეტებია.

თამაზ ბორაშვილი 20 წლის განმავლობაში უსაფრთხოების სამსახურისა და შსს-ს სისტემაში მუშაობდა.

ახლა ის უსაფრთხოების სამსახურის მე-6 უფროსად 6 წლის ვადით არის დამტკიცებული. ეს ვადა სამსახურის შექმნის დღიდან არცერთ უფროსს არ დაუსრულებია.

#5 - გელა [გეკა] გელაძე

14 სექტემბერს, პოსტიდან გადადგომის დროს, სუსის მე-5 უფროსმა, გელა (გეკა) გელაძემ, განსაკუთრებული მადლობა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, გადაუხადა.

წასვლის გადაწყვეტილება ფეისბუკზე წერილობით გამოაქვეყნა. მიზეზი არ დაუსახელებია; თუმცა აღნიშნა, რომ ეს "პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგი" იყო.

ასევე ნახეთ

სუსის უფროსი გელა გელაძე გადადგა

გელაძის უფროსობის პერიოდს უკავშირდება რამდენიმე სახელმწიფოსა და მათ შორის ევროპის სახელმწიფოს ჯაშუშების დაკავების ამბების გახმაურება.

ამ საკითხზე, გელაძის ნაცვლად, მედიას მამუკა მდინარაძე ელაპარაკა - იმხანად სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. მან საქართველოს სახელმწიფოს მიერ სუვერენიტეტის "უპრეცედენტო" დაცვაზე გაამახვილა ყურადღება.

1 ივნისს მდინარაძემ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია “იმედს” ირიბად დაუდასტურა, რომ ევროპული ქვეყანა, რომლის ჯაშუშიც დააკავეს, საფრანგეთი იყო.

2026 წლის 9 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, პარიზში, კოსმოსის პირველი საერთაშორისო სამიტის (International Space Summit) ფარგლებში შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის მნიშვნელოვან ფორუმზე მიწვევისთვის.

ასევე ნახეთ

„ევროპის ჯაშუშის“ საიდუმლო საქმე - ვისთვის რას ნიშნავს უძილაურის დაკავება?

ასევე ნახეთ

რას ებრძვის "ქართული ოცნება", როდესაც ამბობს, რომ ებრძვის რუსოფობიას?

გელაძის სუსის უფროსობის პერიოდის ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება რუსოფობიის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ გაძლიერებულ კამპანიას უკავშირდება.

5 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მუხლით - "საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით". ეს საქმე შეეხება სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშებიდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საქართველოში რუსი ტურისტებისთვის სახიფათო გარემოა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მუშაობას მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიების დროული გამოვლენისა და მათგან მომდინარე საფრთხეების პრევენციის მიზნით; გარე თუ შიდა ძალებისგან მართულ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას, სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციას, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას ან ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენებას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, - იტყობინებოდა სუსი 5 აგვისტოს.

ამავე პერიოდში გაძლიერდა “ქართული ოცნების” ვერბალური ბრძოლა რუსოფობიის წინააღმდეგ საქართველოში. ლიდერების განმარტებით - საქართველოში რუსოფობია არ არსებობს და შუღლს რადიკალური ოპოზიცია გარე დაკვეთით აღვივებს.

ასევე ნახეთ

შარდი ხინკალში და მიტოვება ტყეში - ვინ ავრცელებს "ფეიკებს" რუს ტურისტებზე?

გელა (გეკა) გელაძეს უკავშირდება საბოტაჟის მუხლით [სისხლის სამართლის კოდექსი - 318-ე მუხლი] დაწყებული კიდევ ერთი გამოძიება.

2025 წლის 27 ივლისს გამოძიება დაიწყო მთელი საქართველოს ზედიზედ რამდენჯერმე ჩაბნელების გამო. სუსში განაცხადეს, რომ იკვლევენ 24-25 ივლისის ფაქტებს - “ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვას”. ამის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში, საქართველო მესამედაც ჩაბნელდა.

უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება - ამის შემდეგ სუსს განცხადება აღარ გაუვრცელებია.

როდესაც გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, გელა (გეკა) გელაძე სულ ახალი დაბრუნებული იყო ჩინეთიდან, სადაც ის უსაფრთხოების ფორუმს დაესწრო და ორმხრივი შეხვედრები გამართა.

სუსის უფროსობამდე, გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ახლა ის შსს-ში მინისტრის მოადგილედ დაბრუნდა.

გელა (გეკა) გელაძე მამუკა მდინარაძის მეგობარია.

#4 - მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა ლიდერმა და ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, სუსის უფროსად არჩევის მეორე დღესვე ოთხი ახალი მოადგილე დანიშნა და მათთან ერთად არასრული 8 თვე იმუშავა [2025 წლის სექტემბერი - 2026 წლის აპრილი].

მდინარაძემ პოსტი უსაფრთხოების გენერალ-მაიორის ჩინით დატოვა.

თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მიღწევად ფარული მოსმენების რაოდენობისა და სუსში ამ მოსმენების შედეგად შესული ინფორმაციის მოცულობის გაზრდა დაასახელა.

“[თუ ერთი წლის წინ] შედიოდა, პირობითად, 100 ინფორმაცია, ახლა შედის 3000-ზე მეტი... დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე... ორჯერ და ორ-ნახევარჯერ გაიზარდა განჩინებები, ესეც გაზრდილი მუშაობის შედეგია. პირობითად, [ადრე] 100 ტელეფონს უსმენდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, [ახლა] უსმენენ, პირობითად, 250-ს. სამაგიეროდ, ინფორმაციის ნაკადი გაიზარდა 30-ჯერ“, - ამბობდა მდინარაძე 2025 წლის აპრილში.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძის თქმით, სუსში „მოსმენები გაზრდილია"

სუსის უფროსობისას მდინარაძე, რომელიც მანამდე და შემდეგაც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო, კამერების წინ სულ რამდენჯერმე გამოჩნდა. 2025 წლის ოქტომბერში საზოგადოებას მან 4 ოქტომბრის “მშვიდობიანი დამხობის” სქემის წინასწარ გაშიფვრა და ქვეყნის “ძალიან დიდ უბედურებას” გადარჩენა აუწყა.

ასევე ნახეთ

4 ოქტომბრის საქმე სააპელაციოშია - საპროცესო გაუფორმდება კიდევ ერთ მსჯავრდადებულს

2025 წლის 4 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

ასევე ნახეთ

„ყველა კითხვას გაეცა პასუხი“ - მამუკა მდინარაძე ტრამპი-პუტინის შეხვედრას ეხმაურება

2026 წლის თებერვალში სუსმა ოფიციალურად დაადასტურა მამუკა მდინარაძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. განცხადებებში აღნიშნული იყო, რომ შეხვედრები კოლეგებთან ტერორიზმთან ბრძოლასა და ტრანსნაციონალურ საფრთხეებთან გამკლავებას შეეხებოდა. მანამდე ამ ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

2026 წლის მარტში, მდინარაძის უფროსობისას, ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კრიტიკული კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, სუსში დაიწყო გამოძიება საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის „მზარდი გავლენების“ შესახებ. დაკითხეს კვლევის ავტორები და ის ექსპერტები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამ გავლენაზე საუბრობდნენ. 2026 წლის მარტში, რადიო თავისუფლებას სუსმა ირანთან დაკავშირებული თემის გაშუქებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ასევე ნახეთ

მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ - სახელმწიფო უწყებები ჟურნალისტებს

მდინარაძის სუსის უფროსობას ემთხვევა “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილის [2025 წლის დეკემბერი], ირაკლი ღარიბაშვილის [2026 წლის იანვარი], ჯუანშერ ბურჭულაძის [2025 წლის სექტემბერი] დაკავება.

მამუკა მდინარაძე ახსენა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელშიც ის ამბობდა, რომ მდინარაძემ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, 2026 წლის ივლისში ციხეში წერილი შეუგზავნა და კორუფციული დანაშაულის აღიარება სთხოვა.

მდინარაძე ამ დროს უკვე სახელმწიფო მინისტრი იყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. მან ბრალდება უარყო და თქვა, რომ წერილი ცხოვრებაში არავისთვის მიუწერია.

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მუშაობისას, მამუკა მდინარაძემ 18 მაისს პირველმა გააჟღერა შსს-ს სისტემაში “სისტემური მონიტორინგის” სპეციალური სამმართველოს შექმნის გეგმა. ეს არის "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო", რომელსაც საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი “სქროლვა-სქრინვის” სამმართველოს უწოდებს და რომლის საქმიანობის შედეგად უკვე ათეულობით ადამიანი დააჯარიმეს და დააკავეს. ამ სააგენტოს მუშაობას აშშ-ის კრიტიკა მოჰყვა.

აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ “ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევენ ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და „მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურას“. ეს იმ ფონზე, როდესაც “ქართული ოცნება” აშშ-სთან ურთიერთობების “სუფთა ფურცლიდან დაწყების” სურვილისა და მოლოდინის რეჟიმში რჩება.

ასევე ნახეთ

მდინარაძის წასვლა - პოსტიდან პოსტზე გადასვლის შემდეგ

#3 - ანრი ოხანაშვილი

არასრული 5-თვიანი მუშაობის შემდეგ, „ქართული ოცნების“ სუსის მე-3 უფროსი - ანრი ოხანაშვილი - 2025 წლის 23 აგვისტოს, არასამუშაო დღეს, შაბათს, გადადგა ფეისბუკზე გავრცელებული პოსტით. იმავე პერიოდში ითქვა, რომ ის უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად გადაიყვანეს, თუმცა მას შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა.

ოხანაშვილის დროის ყველაზე ხმაურიანი საქმე უკავშირდება „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილის პირად ფინანსისტს, გიორგი ბაჩიაშვილს, რომელიც საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა ციხიდან, თუმცა პატიმრობის დროს თავს ივანიშვილის “პირად ტყვედ” მიიჩნევდა. ბაჩიაშვილი ასევე ჰყვებოდა, რომ ის დააკავეს არა საზღვრის მწვანე ზონაში, როგორც სუსმა გამოაცხადა, არამედ ძალის გამოყენებით, მალულად უცხო ქვეყნიდან თვითმფრინავით ჩამოიყვანეს და ამ თვითმფრინავის ბორტზე თავად ოხანაშვილიც იყო.

ასევე ნახეთ

ზღაპრებს ჰყვება, მაგრამ თუ გამოძიებას კითხვები აქვს, მზად ვარ მივიდე - ოხანაშვილი ბაჩიაშვილზე

“ზღაპრებს ჰყვება”, - თქვა ანრი ოხანაშვილმა 2025 წლის 24 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას და ისიც დაამატა, რომ მზად არის პასუხის გასაცემად “ნებისმიერ შეკითხვაზე, მათ შორის - პროკურატურას თუ ექნება”. ცნობები პროკურატურაში მისი გამოკითხვის შესახებ არ გავრცელებულა.

მოგვიანებით “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ნაწილობრივ დაადასტურა ბაჩიაშვილის მონათხრობი, როდესაც თქვა, რომ ის მართლაც უცხო ქვეყნიდან ჩამოიყვანეს.

“ეს ვერსია… სუსის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს“, - ბაჩიაშვილის ნაამბობს ასე გამოეხმაურა იმხანად „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რომელიც ბაჩიაშვილის მონათხრობს აბსურდს უწოდებდა.

“ანრი მაგარი ბიჭია. მადლობა მას. მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. შიგნით დაალაგა, ცოტა ქაოსი იყო”, - თქვა უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ზარქუამ, როდესაც ოხანაშვილი გადადგა.

  • "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" [DRI] დაკვირვებით, ღია ჩანაწერი დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეებზე სუსის ანგარიშში პირველად 2024 წელს გაჩნდა და ეს ანგარიში ოხანაშვილის დროს მომზადდა.
  • 2025 წლის ივნისში, ოხანაშვილის დროს, გაიზარდა სუსის ფუნქციები. სუსს დაუქვემდებარეს ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ გადაკეთებული დაზვერვის სამსახური - რომელიც მანამდე პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იყო.


ოხანაშვილის პოსტიდან წასვლას მალევე მოჰყვა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერა, ძირითადად კორუფციული ბრალდებებით. ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ შესაძლოა ოხანაშვილი სწორედ ამ პროცესს გაერიდა ან ეს პროცესი მას არ ანდვეს.

ოხანაშვილმა პოსტი 2025 წლის აგვისტოში დატოვა, ოქტომბერში გაჩხრიკეს მისი წინამორბედის, გრიგოლ ლილუაშვილისა და „ქართული ოცნების“ ორგზის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლები.

#2 გრიგოლ ლილუაშვილი

2026 წლის 16 სექტემბერს, იმ დღეს, როდესაც პარლამენტმა სუსის მე-6 უფროსი დაამტკიცა, სუსის რიგით მე-2 უფროსს - გრიგოლ ლილუაშვილს - სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების არაერთ ეპიზოდში ედავებოდნენ; მათ შორის - ქოლცენტრების მფარველობის პროცესში აღებულ 1 356 000 დოლარს. ლილუაშვილს ბრალი არ უღიარებია.

2022 წელს, ქოლცენტრების მფარველობასთან დაკავშირებული ბრალდების გამო, ლილუაშვილმა კრიტიკულ მედიასა და ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივლა და ყველა პროცესი მოიგო.

ასევე ნახეთ

მილიონები ჩანთაში, ქოლცენტრები და „ღვთის ნება” - რის გამო გაასამართლეს გრიგოლ ლილუაშვილი?

2019 წლის 17 ოქტომბერს, პარლამენტმა სუსის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი 85 ხმით დაამტკიცა. 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე, ლილუაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება პოსტიდან გადადგომის შესახებ.

ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 2 აპრილს თქვა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა; ხოლო 4 აპრილს მანვე განაცხადა, რომ “განსხვავებული მიდგომების” გამო, ეს აღარ მოხდებოდა. 4 აპრილს პარლამენტმა ცნობად მიიღო ლილუაშვილის გადადგომის განცხადება. იმავე დღეს ის ანრი ოხანაშვილით შეცვალეს.

რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტი 2026 წლის ივლისში მამუკა მდინარაძესაც შესთავაზეს და ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა კიდეც, ვიდრე პოლიტიკიდან წავიდოდა. 2026 წლის 16 სექტემბერს, სადავო პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას ამ სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კვლავ შეერთების შესახებ.

ასევე ნახეთ

სუსის მტკიცებით, პრეზიდენტის არჩევნების ხელშესაშლელად "2-3 ადამიანის მსხვერპლს" გამოიყენებენ

პოლიტიკის ექსპერტები და ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები მიუთითებდნენ, რომ ლილუაშვილის პერიოდი გამოირჩეოდა სუსის გავლენების გაძლიერებით ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე, დაწყებული გამოძიებების სიმრავლითა და ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით.

  • 2021 წლის ოქტომბერში - თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ იძიებს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტს.
  • 2021 წლის ნოემბერში - სუსმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები განიხილავენ “ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც”.
  • 2023 წლის სექტემბერში - სუსმა განაცხადა, რომ „უცხო ქვეყნების დაფინანსებით“ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება, „მაიდნის სცენარით".
  • 2024 წლის ოქტომბერში - საპარლამენტო არჩევნებამდე, სუსმა საზოგადოება გააფრთხილა, არ წამოჰგებოდა „ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დამონტაჟებულ, ფალსიფიცირებულ“ ჩანაწერებს - რომლებიც თითქოს დესტაბილიზაციის მიზნით უნდა გავრცელებულიყო. ლილუაშვილმა მოგვიანებით განმარტა, რომ განცხადება პრევენციისთვის გაკეთდა.
  • 2024 წლის დეკემბერში - ვიდრე “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია არაპირდაპირი გზით აირჩევდა პრეზიდენტს, სუსმა განაცხადა, რომ "დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები” გეგმავენ არეულობას, “რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი”.

ეს და სხვა ბრალდებები სამართლებრივად არ დადასტურებულა.

ასევე ნახეთ

გამოძიებისთვის სათანადო მტკიცებულებები არ არის - ლილუაშვილი კობახიძე-ვარჰეის საუბარზე

2024 წლის მაისში, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ბრალი დასდო მკვლელობის "მუქარაში". 2024 წლის ივნისში გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კობახიძის მიერ გახმაურებულ ინფორმაციაში არ იყო საკმარისი საფუძველი გამოძიების დასაწყებად და ივარაუდა, რომ ევროკომისრის მხრიდან იყო "მეგობრული გაფრთხილება" და არა მუქარა.

რამდენიმე კვირაში ცნობილი გახდა, რომ სუსში მიმდინარეობდა გამოძიება ტერორისტული აქტის, მათ შორის “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის “მკვლელობის მომზადებისა” და “სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე”. კობახიძემ მაშინ თქვა, რომ შესაძლოა ევროკომისარი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საფრთხეზე მიანიშნებდა. ითქვა, რომ ივანიშვილის მკვლელობა “გლობალურ პოლიტიკურ ძალებს” სურდათ.

ასევე ნახეთ

კალაძის თქმით, სუს-ი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს და "თუ საჭიროა", დიპლომატებსაც მოუსმინონ

გრიგოლ ლილუაშვილის უფროსობის დროს გავრცელდა "სუსის ფაილებად" ცნობილი ფარული ჩანაწერები, 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ათასობით ფაილში სასულიერო პირების, ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თუ სამოქალაქო აქტივისტების კერძო საუბრების ტექსტები და პირადი ცხოვრების დეტალებია თავმოყრილი.

საუბრებში მონაწილეთა ნაწილმა, მათ შორის ჟურნალისტებმა, მალევე დაადასტურეს, რომ ფაილები სრული სიზუსტით ასახავდა მათი საუბრების შინაარსს.

ფაილებში ჩანდა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს - დიპლომატებსაც უსმენდნენ.

2021 წლის დეკემბერში ლილუაშვილმა თქვა, რომ ეს [ინფორმაციის გასაჯაროება] იყო “დაგეგმილი პროვოკაცია”.

2022 წელს პროკურატურამ ფარული მიყურადების ობიექტებს - ათობით ჟურნალისტს, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს - მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი.

სუსის უფროსობამდეც და მას შემდეგაც, ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის ახლო წრის წარმომადგენლად და ზედმიწევნით ერთგულ ფიგურად მიიჩნეოდა. 2016 წელს ის პარლამენტის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი გახდა [ვანი და ხონი], ხოლო 2017 წლის დეკემბრიდან სუსში ვახტანგ გომელაურის მოადგილე იყო.

#1 - ვახტანგ გომელაური

სუსის პირველი უფროსი იყო ვახტანგ გომელაური - “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი. მისი კანდიდატურა პარლამენტმა 2015 წლის ივლისში 83 ხმით დაამტკიცა.

სუსს გომელაური 2015-2019 წლებში ხელმძღვანელობდა. გადაიყვანეს შსს-მინისტრად და ვიცე-პრემიერად. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. სახელმწიფო სამსახურიდან 2025 წლის მაისში გადადგა.

გადადგომას წინ უძღოდა თბილისში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების დაშლისას გადამეტებული ძალის გამოყენების შემდეგ, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები.

2024 წლის 19 დეკემბერს, ვახტანგ გომელაურს ფინანსური სანქციები დაუწესა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, მისი სამინისტროს სხვა არაერთ მაღალჩინოსანთან ერთად. იმავე დღეს გომელაურს სანქციები დაუწესა აშშ-მაც - „გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულებათა აქტის” შესაბამისად. ასეთ სანქციებს “ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების ჩამდენ პირებს“ უწესებენ. გომელაურისთვის სავიზო შეზღუდვები დაწესებული აქვს ასევე არაერთ ევროპულ სახელმწიფოს.

2025 წელს გომელაურმა თქვა, რომ 2019 წელს მაშინდელმა შს მინისტრმა და ამჟამად ოპოზიციონერმა ლიდერმა გიორგი გახარიამ საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგო ისე ააშენა, რომ ამის შესახებ სუსს არაფერი გაუგია.

"ჩორჩანის საქმეზე" ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას აღკვეთის ღონისძიებად, დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. გახარიას ქვეყანა დატოვებული აქვს, მისი პარტია "საქართველოსთვის" კი 14 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სარჩელს დაამატა, რომლითაც ძირითადი ოპოზიციური პარტიების გაუქმებას ითხოვს.

ასევე ნახეთ

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში - დამაჯერებელია ეს?

სუსმა განსაკუთრებული ძალაუფლება და ზეგავლენები ვახტანგ გომელაურის დროს მოიპოვა. 2017 წლიდან ე.წ. ფარული მოსმენების გასაღები ხელმისაწვდომი გახდა სუსის დაქვემდებარებული სტრუქტურის - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის.

2022 წლის 15 სექტემბერს, სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, 2023 წლიდან პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ დროსაც უკანონოდ უსმენენ. 2015-2018 წლებში გოგაშვილი გომელაურის მოადგილე იყო. გომელაურმა ეს ბრალდებები უარყო.

სოსო გოგაშვილის თანახმად, ასევე გომელაურმა საკუთარი ბრალი მას შეაწმინდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეშიც, როდესაც 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, 19 წლის ახალგაზრდა საკუთარ ლოგინში სასიკვდილოდ დაჭრეს. ოჯახი დამნაშავედ თვლის როგორც ვახტანგ გომელაურს, ასევე სოსო გოგაშვილსა და სხვა თანამდებობის პირებს.

2016 წლის 25 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ხელი მოაწერა შეთანხმებას „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“; ხოლო 2017 წლის 18 დეკემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“.

ამ ამბავმა საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში დიდი ხმაური გამოიწვია - ექსპერტები სარისკოდ თვლიდნენ მსგავს გარიგებას რუსეთის მოკავშირე ბელარუსთან. 2022 წლის შემდეგ, ბელარუსი რუსეთის მთავარი მოკავშირეა უკრაინასთან ომში.

ასევე ნახეთ

სტრასბურგის სასამართლომ აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ დარღვევები დაადგინა

ვახტანგ გომელაურის დროს, კიდევ ერთი გახმაურებული საქმე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებას უკავშირდებოდა. ბაქოს მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა და 30 მაისს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

ვახტანგ გომელაური იმეორებდა ბაქოს ვერსიას, რომ მუხთარლი აზერბაიჯანულმა მხარემ "მწვანე საზღვრის კვეთის დროს" დააკავა. მუხთარლის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დარღვევები დაადგინა.