„ჩვენ არაფრის ლობირებას არ ვაპირებთ და არ ვსაჭიროებთ“, - პასუხობენ „ქართულ ოცნებაში“ „ფრონტერას“ დამფუძნებლის მიერ კონგრესმენებისთვის გაგზავნილი წერილების შესახებ ახალ ცნობებს.
„Megobari აქტის“ წინააღმდეგ
სტივ ნიკანდროსმა, - რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული, - 2026 წლის იანვარში წერილი გაუგზავნა კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის სულ მცირე ერთ რესპუბლიკელ წევრს.
გამოცემა კონგრესმენის ვინაობას არ ასახელებს წყაროების დაცვის მოტივით, თუმცა ამბობს, რომ ამ წერილით ნიკადროსი კონგრესმენს „MEGOBARI აქტის“ წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდა.
ამ წერილში ნიკანდროსი მიუთითებს, რომ მისი კომპანია გეგმავს $100 მლნ-ის ინვესტიციას საქართველოში მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
ასევე ამბობს, რომ რომ „MEGOBARI აქტი“ და საქართველოსთვის სანქციების დაწესების „სხვა მცდელობები“ ზიანს მიაყენებს ამერიკულ ბიზნესებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ.
წერილს თან ერთვის ნიკანდროსის ავტორობითვე დაწერილი 6-გვერდიანი სტატია, რომელშიც ტეხასელი ბიზნესმენი:
- ეწინააღმდეგება საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომ საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი;
- იცავს „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას;
- ასევე ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიური მოკავშირეა, რომელიც მხარდაჭერას იმსახურებს.
ნიკანდროსმა მორიგი წერილი თავისი ერთ-ერთი სხვა კომპანიის, TXN Energy Holdings Inc.-ის სახელით გაგზავნა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტივ ნიკანდროსი „ქართული ოცნების“ ინტერესებისთვის მუშაობს.
ასევე ნახეთ სენატის უმრავლესობის ლიდერმა „MEGOBARI აქტის“ NDAA-ში ჩართვაზე უარი უთხრა სპიკერ ჯონსონს - The Hillმაიკ ჯონსონი vs ჯონ ტუნი
2025 წლის შემოდგომაზე აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ ტუნმა უარით გაისტუმრა ქვედა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენის, მაიკ ჯონსონის თხოვნა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) „MEGOBARI აქტის“ ჩართვის შესახებ.
ეს ინფორმაციაც თავდაპირველად Hill-მა გაავრცელა დეკემბერში.
„ჰილის“ წყაროების თანახმად, სპიკერმა ჯონსონმა ჯონ ტუნს ნოემბერში მიმართა პირადი თხოვნით.
და, გამოცემის ცნობითვე, ჯონ ტუნმა „მანამდე ოკლაჰომელი სენატორის, მარკვეინ მალინის თხოვნით დაბლოკა „მეგობარი აქტის“ ჩართვა NDAA-ში, რითაც გააწბილა კანონპროექტის ორპარტიული მხარდამჭერები“.
მარკვეინ მალინი
კიდევ უფრო ადრე, 2025 წლის ოქტომბერში, ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო „როიტერსი“ იუწყებოდა, რომ „ფრონტერას“ თანადამფუძნებელი ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესმენებთან კერძო კომუნიკაციისას „ქართული ოცნების“ სასარგებლო ლობირებას ეწეოდა.
მალინი და „ფრონტერა“ წარსულში არაერთხელ გადაკვეთილან.
ასევე ნახეთ სენატორი მალინი „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ: „ფრონტერა“ და „ოცნების“ დავიწყებული კრიტიკაოკლაჰომელი რესპუბლიკელი სენატორის, მარკვეინ მალინის აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, კონგრესმენ ჯო უილსონის ინიციატივის - „მეგობარი აქტის“ - „ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ (NDAA) ჩართვა ვერ მოხერხდა.
2025 წლის 12 დეკემბერს კი საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა მაკვეინ მალინთან.
საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები განიხილეს.
მალინი, - რომელიც წარსულში თბილისს აკრიტიკებდა ტეხასურ ნავთობკომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით, - ამბობს, რომ მისი ახლანდელი პოზიცია არ უკავშირდება „ფრონტერას“ გაუმჯობესებულ ურთიერთობებს მთავრობასთან.
ასევე ნახეთ ელჩი ტალიაშვილი შეხვდა სენატორს, რომელიც აბრკოლებს "მეგობარი აქტის" მიღებას„ლობირება არ გვჭირდება“
The Hill-ის ახალ სტატიაში განმეორებულ ცნობებს დღესვე უპასუხეს „ქართულ ოცნებაში“.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვერ გეტყვით, რას ეფუძნება ეს ცნობები, მაგრამ „საქართველოს ხელისუფლების სახელით შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ არაფრის ლობირებას არ ვაპირებთ და არ ვსაჭიროებთო“.
პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი არანაირ დაცვას არ საჭიროებს და ქართველი ხალხის მთავარი დამცველი არის ის საქმე, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში საქართველოს გაუკეთებია.
„ქართველ ხალხს ბევრი აქვს გაკეთებული, რათა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ეჩვენებინა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც სურს არა მხოლოდ სარგებლის მიღება... არამედ მზად არის, მხარში დაუდგეს მას, ვისთანაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს“, - განაცხადა მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ჩვენ ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და ქართველი ხალხი არანაირ დაცვას და წარმოდგენას არ საჭიროებს“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ასევე ნახეთ „ფრონტერას“ დამფუძნებელი ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესში „ოცნების“ სასარგებლოდ ლობირებს - Reuters- „ფრონტერასთან“ მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავის დასრულებისა და მილიონობით აშშ დოლარის დახარჯვის შემდეგ, 2020 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ თავდაპირველად კონტრაქტის შეწყვეტა დააპირა;
- საბოლოოდ, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება აღარ მიიღო და მოლაპარაკებები გააგრძელა.
- ამჟამად ამერიკულ კომპანიას საქართველოს მთავრობისათვის გადასახდელი აქვს 15,4 მილიონი ლარი, - ამ თანხას სახელმწიფო კორპორაცია „ამოუღებლად“ მიიჩნევს.
„ტრამპის მარშრუტი“
The Hill-თან საუბრისას „მეგობარი აქტის“ თანაავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ ამ აქტის მიღება საჭიროა „სამხრეთ კავკასიაში დონალდ ტრამპის ძალისხმევის გასაძლიერებლად“, - მათ შორის „ტრამპის მარშრუტის“ მხარდასაჭერად.
ასევე ნახეთ ტრამპმა არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა კონგრესმენ უილსონს, რომელსაც „ოცნება“ „დიპ სტეიტის აგენტს“ უწოდებს- 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, ტრამპი-ალიევი-ფაშინიანის სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP);
- 13 იანვარს, სამშაბათის საღამოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო შეთანხმება“.
- 22 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა შეხვედრა გამართეს.
- შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ჩამოდის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რეგიონული ვიზიტისას საქართველოში, აცხადებს, რომ ვიზიტი „კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება“.
ასევე ნახეთ ჯეი დი ვენსი თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა - ტრამპიკობახიძეს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, საქართველოც ხომ არის სატრანზიტო მარშრუტის ნაწილი, რატომ არ ხვდება ქვეყანა შეერთებული შტატების დღის წესრიგში:
„ეს არის მათი გადასაწყვეტი“, - განაცხადა მან.
„თქვენ იცით, როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი. ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ეს კონტექსტი „შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ“.
ასევე ნახეთ „ლოგიკურია“ - კობახიძე ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში დაგეგმილ ვიზიტზე„ომი დიპ სტეიტთან“ და ტრამპი
2026 წლის 26 იანვარს თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „არ ჩანს“, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიპ სტეიტი დაამარცხა“.
„დღეს ნამდვილად არ ჩანს, რომ ან ომი იყოს დასრულებული, ან მან „დიპ სტეიტი“ დაამარცხა. არც ერთი არის, არც მეორე, ამიტომ ვართ მოლოდინის რეჟიმში“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ არ ჩანს, რომ „დიპ სტეიტი“ დაამარცხა, ვართ მოლოდინის რეჟიმში - კალაძე ტრამპზედონალდ ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ, - ვაშინგტონი-თბილისის უპრეცედენტო განხეთქილების ფონზე, - „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ფიგურების მიერ განვითარებულ შეთქმულების თეორიაში „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ ჩაანაცვლა ტერმინმა „დიპ სტეიტმა“, - რასაც ტრამპი და მისი გუნდი ასევე ხშირად ახსენებდა, - თუმცა, ექსპერტების თანახმად, განსხვავებული მნიშვნელობით.
ასევე ნახეთ ალიევმა $1,5-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა BlackRock-თან, რომელიც „გლოპზე“ „ოცნების“ შეთქმულების თეორიის ეპიცენტრშიაირაკლი კობახიძემ იმავე დღეს, 26 იანვარს ისაუბრა „ჰელსინკის კომისიაში“ 28 იანვრისთვის დაგეგმილ მოსმენაზე, - სადაც ლორა თორნტონი (მაკკეინის ინსტიტუტის „გლობალური დემოკრატიის პროგრამის“ დირექტორი) და კიდევ ორი ექსპერტი უნდა გამოსულიყვნენ სიტყვით.
„ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას“, - თქვა კობახიძემ მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ლორა თორნტონს უწოდა „დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი“.
საბოლოოდ, ჰელსინკის კომისიაში ბრიფინგი, რომელიც „ქართული ოცნების მიერ „განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობის“ შესახებ იგეგმებოდა, აშშ-ში უამინდობის გამო გადაიდო.
ასევე ნახეთ ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი გადაიდო