ქრონიკა: სახელმწიფოს და ეკლესიის “საგანგებო” ურთიერთობა პანდემიისას

21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას წინ უსწრებდა სინოდის სხდომა, სადაც მღვდელმთავრებმა დაადგინეს, რომ „ეკლესიის წევრებისთვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.“ ამავე დღეს გადაწყდა, რომ პანდემიის მიუხედავად, ღვთისმსახურება ჩვეულებრივი ფორმით და განრიგით გაგრძელდებოდა და მრევლი გაითვალისწინებდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას დისტანციის დაცვის შესახებ. სინოდის ოქმში ნათქვამია, რომ ეპიდემია განსაცდელია, რომელიც ღმერთთან დაშორების გამო მოგვევლინა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, როცა პრემიერ-მინისტრმა ახსენა 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ შეზღუდვა, თქვა, რომ ეს შეზღუდვა, ეკლესიასაც შეეხებოდა. ამ განცხადების შემდეგ გიორგი გახარია საპატრიარქოში წავიდა. შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოს პრესმდივანმა ახსნა, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10 კაციანი შეკრების პრინციპი “ბუკვალურად გასაგები არ იყო.”

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ქრისტიანებისთვის მძიმე მარხვას და აღდგომის დღესასწაულს, შესაბამისად, ინტენსიური მღვდელმსახურების პერიოდს დაემთხვა. მთელი ამ დროის განმავლობაში ეკლესიებში მღვდელმსახურება არ შეწყვეტილა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მეორე დღეს, 22 მარტს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში უთხრა, რომ, ეკლესიაში „პატრული მოვიდა და წავიდა, მისი საქმე არაა აქ, სახელმწიფოს არ გავაკონტროლირებინებ.”

შეზღუდვები, რომელიც აღმოჩნდა, რომ ეკლესიის მიღმა არსებობს, გახდა მიზეზი დაწყებულიყო საუბარი შერჩევით სამართალსა და პოლიტიკური ნების არარსებობაზე, დაეცვა მოქალაქეები რეალური საფრთხისგან, რაც მრევლის თანდასწრებით ტრადიციული ღვთისმსახურების გაგრძელებას ახლდა თან.

ასევე ნახეთ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამონაკლისები არ უნდა არსებობდეს - პარტიები ხელისუფლებას აკრიტიკებენ

23 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ, გიორგი გახარიამ თქვა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირებაზე საუბარი პოლიტიკური სპეკულირების თემაა.

„როდესაც ვიღაცებს უნდათ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე გამოიყენონ მთავრობას, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება, ესეც პოლიტიკური სპეკულირების თემაა. არსებობს გარკვეული სენსიტიური საკითხები, რომელიც მარტივად გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა მოქალაქის, თუ მრევლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ჩვენთვის ყველაზე მაღალი ფასეულობა, მაშინ არაფერს ნიშნავს და არაფრად ღირს 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, რომელიც შეუძლია, როგორც სახელმწიფოს, ასევე, ეკლესიასაც."

25 მარტს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ “ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები.”

29 მარტს, პატრიარქის თანამესაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ საკვირაო ქადაგებისას ეპიდემიის მიზეზები დაასახელა და თქვა, რომ ყველაფერი, რაც ხდება, აბორტების და “სოდომიის” შედეგია.

„ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო, რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა.“

30 მარტს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა ეკლესიაზე და თქვა, რომ კომუნიკაცია გრძელდებოდა და კომპრომისს ეძებენ.

“ჩვენ ამ კომუნიკაციას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ – ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. მე, როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის”, – თქვა გახარიამ.

1 აპრილს ილია მეორემ წერილი გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ეკლესიის კარი არ დაიკეტებოდა:

"მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს", — წერდა ილია მეორე.

4 აპრილს პრემიერმა თქვა, რომ სააღდგომო წირვას ეკლესიაში არ დასწრებოდა და თვალყურს სახლიდან ადევნებდა.

“მე, როგორც ერთი ქრისტიანი, ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან ტელევიზორით, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ასევე როგორც მთავრობის ხელმძღვანელის და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, ყველა მოვიქცეთ ასე. ჩვენი რწმენა შეგვიძლია აღვასრულოთ ისე, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, მშობლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, აქაც ვიპოვით ისეთ გამოსავალს, როგორიც ჩვენს ისტორიას, ეკლესიას და დღევანდელობას შეეფერება"

ამავე დღეს მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბევრს სურს სენსიტიურ საკითხში "დაპირისპირების მომენტების შემოტანა", თუმცა, ხელისუფლება იპოვის "დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება, და ასევე ჩვენი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს".

7 აპრილს ცნობილი გახდა, რომ covid-19-ით დაინფიცირდა ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანი.

წირვა 7 აპრილს

9 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრმაც გასცა ეკლესიისა და სახელმწიფოს აღდგომის მღვდელმსახურების საკითხზე “შეჯერების” პირობა და თქვა, რომ ეკლესია აქამდე კანონს არათუ არ არღვევდა, ყველაზე კარგად ასრულებდა არსებულ რეკომენდაციებს.

"კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონსო", - თქვა გომელაურმა.

ამავე დღეს პრემიერმა თქვა, რომ ეკლესიის საკითხებზე დასმულ კითხვებს პასუხი რამდენჯერმე გასცა და აღარ უპასუხებდა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენი ძირითადი ამოცანაა ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე და რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა იმოქმედებს და თითოეული მთავრობის წარმომადგენელი იმოქმედებს ამ მიზნის მისაღწევად. და რა თქმა უნდა, ყველასთან ვილაპარაკებთ ამასთან დაკავშირებით“, - ესაა გიორგი გახარიას 9 აპრილს გაკეთებული კომენტარი.

ამ დროისთვის უკვე არსებობდა პროტოკოლში ჩანაწერი, რომ სასულიერო პირები მაღალი რისკის ქვეშ არიან და მათ შესაძლოა ტესტირება ჩაუტარდეთ.

ასევე ნახეთ არის კი ღმერთი დიდი და ვირუსი პატარა? - ინტერვიუ ყოფილ დეკანოზ ბასილ კობახიძესთან

12 აპრილს, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიებში კვლავ ხალხმრავლობა იყო. ხელისუფლება კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის სამიზნე საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული წესების შერჩევითად დაცვის გამო.

12 აპრილს სამების ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრემ მრევლს უთხრა, რომ ეკლესიებში სააღდგომო ღვთისმსახურება ღამის 10 საათზე დაიწყებოდა, ანუ მაშინ, როცა კომენდანტის საათია, 11 საათზე პატრიარქი მივიდოდა ეკლესიაში, 00:00-ზე კი ლიტანიობა დაიწყებოდა.

13 აპრილს პარლამენტარმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბზობას არაერთ ადგილას დაირღვა საგანგებო მდგომარეობის წესები და ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნებოდა. ამავე დღეს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ.

13 აპრილსვე მმართველი პარტიის წევრმა, პარლამენტის წევრმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ ეკლესიის კარები არ დაიკეტება და მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპაკებები.

“ მთავარია, უმაღლესი სასულიერო პირების კურთხევა, დაცული იყოს ის რეკომენდაციები, რომელიც გასცეს საკმაოდ ავტორიტეტულმა ადამიანებმა. მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები. მთავარი ამოსავალი წერტილია - დავიცვათ ერთმანეთი და დავიცვათ ეკლესია, მრევლი და მაღალი სასულიერო პირებიც ” - ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა.

14 აპრილს დადასტურდა, რომ კორონა ვირუსით დაინფიცირდა ერთ-ერთი სასულიერო პირი და მისი ოჯახების წევრები. კოვიდ-19 დაუდასტურდა საპატრიარქოს დაცვის წევრსაც.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება, როგორ, ამის შესახებ საპატრიარქო 15 აპრილს გააკეთებს განცხადებას.

14 აპრილსვე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 10 მაისამდე გეგმავს. მან ასევე თქვა, რომ ამ ვითარებიდან ისე უნდა გამოვიდეთ, რომ არც სახელმწიფო დავანგრიოთ და არც ეკლესია.

"სახელმწიფოს ესმის, რომ ჩვენ ამ ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობასაც. რთული გამოწვევაა და აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს არავის.

არ მინდა ამ თემაში ღრმად, დეტალებში წასვლა. მინდა დაგარწმუნოთ, სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც სრულად აქვს გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, ასევე, სახელმწიფოს ინსტიტუტების მნიშვნელობის ნაწილში, ისევე როგორც ეკლესიის ფუნქციონირების ნაწილში და კანონის დარღვევის მნიშვნელობის ნაწილში, ისევე როგორც ეკლესიის ფუნქციონირების ნაწილში. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. გამოწვევა გახლავთ, ვიპოვოთ ის ოქროს ბალანსი, რომელზეც ახლა ერთობლივად, თითქმის ყოველდღიურად ვმუშაობთ. პირველ რიგში არის ადამიანების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, სახლმწიფო ინსტიტუტები და კანონი. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკლესია არ დაიხუროს. ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა, ყოველთვის ასე გვიწევდა ბალანსის პოვნა და ვიპოვნით ეკლესიასთან ერთად"- განაცხადა გიორგი გახარიამ 14 აპრილს.