Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა


მოსკოვი-თბილისის პირდაპირი ავიარეისის მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
მოსკოვი-თბილისის პირდაპირი ავიარეისის მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
ეს რეისები ჯერ დატანილი არაა არც აეროპორტში გამოკრულ პლაკატებსა და არც ცნობათა ბიუროს ბილბორდებზე. სხვა ქვეყნებისა და ქალაქების ჩამონათვალში მოსკოვი მითითებული არ არის. მხოლოდ პატარა მონიტორზე, რომელიც სინათლის სხივებს ირეკლავს და ჩამოფრენა-გაფრენის გრაფიკს მონაცვლეობით აჩვენებს, პატარა ასოებით წერია: დომოდედოვო, ს7955, 13:10. დომოდედოვო მოსკოვის აეროპორტია, ს7955 - ფრენის ნომერი, 13:10 -ჩამოფრენის დრო - დრო, როცა ჟურნალისტები თბილისის აეროპორტში მწკრივში დგებიან ჩართული კამერებით. თუმცა 20 წუთი გადის… ვიზებს მგზავრები ადგილზე იღებენო. ალბათ ამიტომ, პროცედურაც იწელება.

კარები იხსნება და ჩნდებიან პირველები - ისინი, ვინც მოსკოვ-თბილისს შორის საჰაერო გზა შემოვლის გარეშე გაჭრა. თქვენი თავი წარმოიდგინეთ: ჩამოხვედით და სანამ ახლობელთან მისვლას მოახერხებთ, ბარგით დატვირთულს კამერებით განათებული კორდონის გავლა გიწევთ. გაიღიმეთ, თქვენ კადრში ხართ.

არც ისე განსაკუთრებულად ძნელი იყო ერევნიდან ფრენა, თუმცა მთავარი ეს არაა - საიდან მიფრინავ, ერევნიდან თუ საიდანღაც, არამედ ის, რომ შენ მიფრინავ როგორც თავისუფალი ადამიანი ...
რამდენად მნიშვნელოვანი და რამდენად პრაქტიკულია ეს თქვენთვის? ბილეთზე რა აზრის ხართ? ძვირი იყო თუ მისაღები ფასია? რამდენად კომფორტულად იმგზავრეთ და რას ფიქრობთ, რომ….?

ირკვევა, რომ ფასები შემოვლითი გზით მგზავრობაზე მაღალია, თუმცა დრო მგზავრობაში ნაკლები იხარჯება - სამამდე საათი და თბილისში ხართ. კომფორტი ფული ღირსო, მგზავრებმა… ამიტომაც უმრავლესობა პასუხებისა იყო:

„პირდაპირი რეისი საუკეთესოა...“

თითქმის პარალელურ რეჟიმში, მოსკოვისკენ გაფრენისთვის ემზადებიან. იმავე თვითმფრინავმა მგზავრები პირდაპირ მოსკოვში უნდა ჩაიყვანოს, იმავე დომოდედოვოს აეროპორტში. აქ თქვენს ბარგს, თქვენს პასპორტს, თქვენს სურათს... მოკლედ, ყველა პროცედურას ისევ ტელეკამერების წინ გადიხართ…

„არც ისე განსაკუთრებულად ძნელი იყო ერევნიდან ფრენა, თუმცა მთავარი ეს არაა - საიდან მიფრინავ, ერევნიდან თუ საიდანღაც, არამედ ის, რომ შენ მიფრინავ როგორც თავისუფალი ადამიანი, ნორმალურად, ყოველგვარი ჩახლართულობების გარეშე. ამაში არაა სრულიად თავისუფალი ურთიერთობის სილამაზე…“

ორივე - იქითა და აქეთა - ფრენას დღეს რუსული კომპანია „სიბირი“ ახორციელებს. ავიაკომპანიამ ფრენები 30 ოქტომბრის ჩათვლით უკვე დაგეგმა. სახელად „ჩარტერი“ ჰქვია ჯერ, რაც ნიშნავს: „შეკვეთით“. თუმცა შეკვეთა, 30 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში სამ დღეს - ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს - შეგიძლიათ, რაც არა ჩარტერს, არამედ უფრო რეგულარულ ფრენას ჰგავს… თუმცა...

„სიბირის“ ს7 აირლაინის წარმომადგენელი ვახტანგ თხელიძე გაზეთ „24 საათისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამას არარეგულარულ ფრენებს უწოდებს:

”თუ ჩვენი მუშაობა კარგად წარიმართა, ბუნებრივია, რეგულარულ რეისებზე გადავალთ.”

როგორც „სიბირის“ წარმომადგენელი ამბობს, ნებართვა მათ ორივე სამთავრობო მხარისგან მიიღეს:

”მოსკოვის ფრენის ნებართვა საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვეთ, რომელიც ამას მიესალმა და თანხმობა განგვიცხადა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგივე ნებართვა რუსეთის ხელისუფლების მხრიდანაც მივიღეთ.

„სიბირის“ ავიახაზებზე უახლოესი ბილეთი 972 ლარი ღირს. ეს ერთი გზის ფასია ...
პირდაპირ „აირზენაც“ იფრენს 25 აგვისტოდან, თუმცა აქ გრაფიკი, მართლაც, ჩარტერულს ჰგავს. დღეისათვის ბილეთის დაჯავშნა 15 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ, თუმცა ისიც, თუ გაგიმართლათ: ბილეთების ძირითადი ნაწილი უკვე გაყიდულია. მდგომარეობა ისეთივეა „სიბირის“ ავიახაზებზეც…

„ახლა აგვისტოში ვნახულობ. არც ერთ რიცხვზე ადგილი არ არის. თავისუფალი ადგილი არის ათი სექტემბრისთვის მხოლოდ.“

იმას, რომ ბაზარზე გაჩენილი მიწოდება ჯერჯერობით მოთხოვნასთან საბაზრო თანხვედრაში არაა, ბილეთის ფასებიც აჩვენებს.

„სიბირის“ ავიახაზებზე უახლოესი ბილეთი 972 ლარი ღირს. ეს ერთი გზის ფასია… 972 ლარი… მაშინ, როცა ყველაფერი დაჯავშნულია, რაოდენობა მცირდება, მოთხოვნა იზრდება და, შესაბამისად, ფასიც. მარტივი საბაზრო პრინციპია…

ასევე საბაზროს და ღიას ჰგავს, წინა აღდგენებისგან განსხვავებით, დღევანდელი სიტუაციაც… აქ არ დგანან ხელისუფლების ან ავიაკომპანიების ხელმძღვანელები ჰალსტუხებით და არ იძლევიან ფრენების კონცეპტუალურ მნიშვნელობაზე კომენტარებს. ყველაფერი ისეა, როგორიც უნდა იყოს. ხალხი მიდის, ხალხი მოდის…მოკლედ, ნება გაჩნდა და პოლიტიკა ყოველდღიურმა მოთხოვნილებამ ჩაანაცვლა…შეგიძლიათ იფრინოთ პირდაპირ, თუმცა, თუ არ გეჩქარებათ, თანხის დასაზოგად ისევ შემოვლითი გზა ჯობს…მაგრამ ეს, ბუნებრივია, მეტ დროს მოითხოვს… ან იმ დროს დაელოდეთ, როდესაც მოთხოვნაში დარწმუნებული ავიაკომპანიები ფრენებს დაამატებენ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მწვანე შუქის პირობებში. ყოველ შემთხვევაში, მოვლენების ნორმალური განვითარების პირობებში ყველაფერი აქეთკენ მიდის… „სიბირის“ წარმომადგენელთა თქმით, მათ სურთ საჰაერო სიხშირის პირვანდელი მდგომარეობა აღადგინონ ავიარეისების დანიშვნით არა მარტო თბილისში, არამედ ქუთაისსა და ბათუმშიც.
XS
SM
MD
LG