Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში მიმდინარე პროცესებს ცხინვალში აქტიურად აკვირდებიან


ლეონიდ თიბილოვი
ლეონიდ თიბილოვი
სოხუმში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აქტიურად აკირდებიან ცხინვლაშიც. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში ხშირად ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა აქაც იგივე განმეორდეს? ზოგიერთი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი სოხუმისა და ცხინვალის პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური ვითარების შედარებისას ბევრ მსგავსებას ხედავს. ოსი პოლიტიკოსი კოსტა კოშტე მიიჩნევს, რომ აფხაზეთში შექმნილი კრიზისი დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა. დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება სისტემური რეფორმების, მოდერნიზაციის, ადმინისტრაციული საკადრო ცვლილებების შესახებ მოთხოვნებს ყურადღებას არ აქცევდა. კოშტეს აზრით, ამ საკითხში ბევრი მსგავსებაა. ჩვენს რადიოსთან საუბარში იგი აცხადებს, რომ 2011 წელს ცხინვალშიც იყო სახალხო მღელვარება, მაგრამ ადგილობრივმა მთავრობამ დასკვნები ვერ გამოიტანა - ვითარება უკეთესობისკენ არ შეცვლილა. მისი აზრით, პრობლემების წყარო სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური მოწყობის საკითხია, რაც ახალი აფეთქების მომწიფებას ხელს უწყობს. მისი თქმით, როცა ძალაუფლება ერთი პირის ხელში ექცევა და ის, ერთდროულად, მეფეც ხდება, ღმერთიც და მმართველიც, ეს სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას იწვევს. კოშტეს აზრით, პირველ რიგში კონსტიტუციური რეფორმები უნდა გატარდეს, რათა ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი ალან ჯუსოევი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ აფხაზეთის მსგავსი ვითარება სამხრეთ ოსეთში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ვერ შეიქმნება. მისი აზრით, ბევრი პრობლემაა, რომლებიც გადაწყვეტას საჭიროებს, მაგრამ ვერც ერთი პარტია ამ პრობლემებს ვერ გადაჭრის, რადგან საამისო ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნიათ.

სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარების წინააღმდეგია, თუმცა მიიჩნევს, რომ აქტიური სამოქალაქო პროტესტი ცხინვალშიც საჭიროა.

რუსი ექსპერტის ევგენი კრუტიკოვის აზრით, ვითარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მკვეთრად განსხვავდება. ერთადერთი მსგავსება, მისი აზრით, ის არის, რომ რუსეთმა, როგორც ამ თვითაღიარებული რესპუბლიკების პატრონმა, ხელი ჩაიქნია მათ განვითარებაზე, რადგან ძალები არ ჰყოფნის ერთდოულად მიხედოს ყირიმს, უკრაინას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. კრუტიკოვის აზრით, სოხუმის მსგავსი სცენარის ცხინვალში განვითარება არჩევნების ჩატარებამდე მოსალოდნელი არ არის, მაგრამ თუ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან, არჩევნების შემდეგ სკამებს შეინარჩუნებენ, მაშინ მღელვარებაც დაიწყება. ამჟამად კი არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არ გააჩნია შესაბამისი ძალები და რესურსები, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს.

კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ ცხინვალსა და სოხუმში არეულობა ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელი ახლა რუსეთისთვისაა, რასაც აფხაზეთში სურკოვისა და ნურგალიევის სწრაფი ვიზიტიც ადასტურებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ხაჯინბას მიმართ დადებითად არის განწყობილი, ახლა ნამდვილად ხელს არ აძლევთ არაღიარებულ რესპუბლიკებში ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა. კანაშვილის აზრით, თითქოს ცხინვალში უფრო მეტი უკმაყოფილება უნდა იყოს კორუფციისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული რუსული ფინანსური დახმარების გამო, მაგრამ ცხინვალში პოლიტიკურ-სამოქალაქო მოძრაობები სუსტია და, გარდა ამისა, თიბილოვი სხვადასხვა კლანების დაბალანსებას ახერხებს.

ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ, ანქვაბისგან განსხვავებით, თიბილოვი კომპრომისული ფიგურაა, რომელმაც დე ფაქტო რესპუბლიკაში ყველა პოლიტიკური ძალისა და კლანის ინტერესები დააკმაყოფილა, როცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ თანამდებობები ჩამოურიგა. ახლაც ამბიციების მქონე პარტიების ლიდერები და ხელისუფლებაში მყოფი გავლენიანი ფიგურები სხვადასხვა პარტიის პროპორციულ სიებში პირველ ხუთეულებში არიან გადანაწილებულნი. ამიტომ ცხინვალში პოლიტიკური პროცესების რევოლუციურ განვითარებას ზოგიერთი ექსპერტი გამორიცხავს, თუმცა ძნელი სათქმელია, რა იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 ივნისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG